"ზოგი სკოლიდანვე გათხოვდა, ზოგი - უნივერსიტეტში სწავლისას" - გზაპრესი

"ზოგი სკოლიდანვე გათხოვდა, ზოგი - უნივერსიტეტში სწავლისას"

მალე ალბანეთში, კონკურსზე - Miss Summer World გაემგზავრება, ამჯერად - საერთაშორისო ჟიურის წევრის ამპლუაში... ახლახან ანი საქორწინო კაბების ჩვენებაში მონაწილეობდა...

- ეს გახლდათ საქორწინო კაბების გამოფენა, რომელზეც ქეთი კვაჭანტირაძის ბრენდის კაბების ჩვენება გავხსენი და დავხურე. წლებია, ამ ბრენდთან ვთანამშრომლობ - მისი სახე ვარ. პირველი ნაბიჯების გადადგმაც ერთად დავიწყეთ. სილამაზის პირველ კონკურსზეც სწორედ ამ ბრენდის კაბა მეცვა, მას მერე ერთად მოვდივართ...

- კონკრეტულად, საქორწინო კაბა მანამდე თუ გცმია?

- კი. მგონი, 16 წლის ვიყავი, როცა ბრენდის დამფუძნებელმა მითხრა, - საქორწინო კაბაში გამოწყობილს ფოტოსესიაში მონაწილეობა მიმეღო. მაშინ ძალიან გაშლილი, ბრჭყვიალა დეტალებით გაფორმებული კაბა ჩავიცვი. ძალიან მიხაროდა... საერთოდ, როცა თეთრი კაბა მაცვია, სულ მიხარია - თავს "დისნეის" პრინცესად ვგრძნობ. ხშირად ვამბობ, - იმდენი საქორწინო კაბა მეცვა, ჩემს ქორწილში როგორი ჩავიცვა-მეთქი (იღიმის)?

- შენს ცხოვრებაში უკვე გაჩნდა შეკითხვები - როდის თხოვდები, რატომ არ ოჯახდებიო?..

- სხვათა შორის, ხშირად მეკითხებიან, მაგრამ როგორც ყოველთვის, ჩემს პირად ცხოვრებაზე საუბარი დიდად არ მიყვარს. ისედაც არ მაქვს გადაწყვეტილი, როდის უნდა გავთხოვდე, ამ საკითხში ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ.

- 18 წლის გოგოსთვის დაოჯახებასთან დაკავშირებული შეკითხვების დასმა ნორმალურად მიგაჩნია?

- 18-ის ვარ, მაგრამ ხალხს უფრო დიდი ვგონივარ... ხანდახან ცოტათი შემაწუხებელია ბევრი კითხვის მოსმენა, მით უმეტეს - ერთი და იგივესი, მაგრამ რას ვიზამთ? ადამიანები არიან და აინტერესებთ. ჩემთვის ეს დიდი პრობლემა არ არის.

- შენი ხასიათის თვისებების შესახებ გვითხარი - რომელი გეამაყება და რომელი მიგაჩნია უარყოფითად?

- მეამაყება, რომ მეამბოხე ვარ, ყველაფრისთვის ბოლომდე ვიბრძვი. მაგალითად, როცა რამდენიმე საქმეს ვაკეთებ, ჩემთვის ყველა ერთნაირად პრიორიტეტულია. კიდევ, ჩემს დადებით თვისებად მივიჩნევ, რომ ადამიანის პატიება შემიძლია, თუმცა ჩემი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, პატიების მიუხედავად, ადამიანს მთელი ცხოვრება გავახსენებ იმ შეცდომებს, რაც ჩემთან დაუშვა - ეს უკვე ჩემს უარყოფით თვისებად მიმაჩნია. ასევე, ხასიათი მეცვლება ხოლმე: შემიძლია, მთელი დღე და ღამეც კარგ ხასიათზე ვიყო, მაგრამ უეცრად, სრულიად უმიზეზოდ, განწყობა შემეცვალოს, ცოტათი მოვიწყინო ან რაღაცაზე გავბრაზდე. მაგალითად, შეიძლება გამახსენდეს რომ ადრე ცეკვის რომელიღაც ილეთს ვერ ვასრულებდი (იცინის)...

- რა თვისებები უნდა ახასიათებდეს ბიჭს, რომ შენი ყურადღება მიიპყროს?

- კარგი ხასიათი უნდა ჰქონდეს. ჩემი და მისი ხასიათი თითქმის ერთნაირი უნდა იყოს, რომ კარგად გავუგოთ. ასევე, აუცილებლად განათლებული უნდა იყოს, რადგან კომუნიკაბელურობა მნიშვნელოვანია, ანუ თავდაპირველად ურთიერთობა საუბრით იწყება. საკუთარ მიზნებზე, მომავალზე უნდა მესაუბროს... საინტერესო, შემდგარი პიროვნება უნდა იყოს, ვინც კარგი ცხოვრებისთვის იბრძვის, საკუთარი შემოსავალი აქვს, რადგან ეს აუცილებელია. ალბათ, გარეგნობასაც მივაქცევ ყურადღებას, რადგან ისეთი დაბალი ბიჭები მწერენ ხოლმე, რომ გაოცებისგან პირი ღია მრჩება (იცინის).

- შენი სიმაღლე რამდენია?

- 180 სმ. 160 ან 171-172 სმ სიმაღლის ბიჭები მწერენ ხოლმე.

- გამორიცხულია, რომ შენზე დაბალი ბიჭი შეგიყვარდეს?

- არ ვიცი... მაგრამ მინიმუმ, ჩემი სიმაღლის მაინც უნდა იყოს.

- სიმაღლეს რომ თავი დავანებოთ, როგორი მამაკაცი ვერ იქნება შენ გვერდით ვერასდროს?

- ის, ვინც პატივს არ მცემს, თუნდაც - საუბრისას... არ მიყვარს, როცა ბიჭებს საკუთარი თავი ზედმეტად უყვართ და ნარცისობაში გადასდით. ასეთ ადამიანებთან კონტაქტს საერთოდ ვწყვეტ. ჩემთვის მიუღებელია, როცა გოგონებზე მეტად უვლიან თავს. ცოტა კაცური ტიპები მომწონს.

- ყურადღებას აქცევ, ბიჭი ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშაა დაბადებული?

- კი, კი... თავად "მორიელი" ვარ. წამიკითხავს, რომ მორიელის და სასწორის ნიშანი ერთმანეთს ვერ ეწყობიან, მათი ქორწინება არ გამოვა. უმეტესად, რაც წერია, მართალია ხოლმე, მაგრამ ხანდახან სიმართლე შეცვლილია. ერთ-ერთ "სასწორთან" ურთიერთობა მაქვს - წლებია, ერთად მოვდივართ და ისეთი პრობლემური ურთიერთობა არ გვქონია, როგორც "მორიელისა" და "სასწორის" შესახებ წამიკითხავს.

- შეყვარებულები ხართ თუ?..

- 8 წელია, ერთად მოვდივართ. ჩვენი, ასე ვთქვათ, "დეითები" ცეკვის გაკვეთილებზე იყო - ჩემი მეწყვილე გახლდათ. ჩვენი მეგობრობა ნელ-ნელა უფრო სერიოზულ ურთიერთობაში გადადის...

- შენი აზრით, დღესდღეობით, როგორ ბიჭზე ამბობენ, სასურველი სასიძოაო?

- რასაც ვუყურებ, დღევანდელ ცხოვრებაში გოგონები მხოლოდ იმაზე არიან ორიენტირებული, ბიჭი ფინანსურად მყარად დგას თუ არა ფეხზე, ბევრი სახლის, ავტომობილის მფლობელი თუა... ბიჭები ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოსწონთ და მერე უკვე ურთიერთობას იწყებენ, რომელიც ძალიან მალევე სრულდება, რაც ჩემთვის მიუღებელია. ასეთი დამოკიდებულება არ მომწონს... ცოლს გაშორებული მამაკაცის შესახებ ზოგიერთი გოგონა ფიქრობს, - მე ისე არ მომექცევა, როგორც ყოფილ ცოლს მოექცა, გამოცდილია, უკეთ მაცხოვრებსო და ა.შ. ურთიერთობებში სხვანაირი ფანტაზიები უჩნდებათ... ჩემთვის ეს მიუღებელია.

- ანუ მამაკაცს ქორწინებაში ერთხელ თუ არ გაუმართლა, შენთან ურთიერთობის შანსი არა აქვს?

- არა. ასეთიც ბევრი იყო, ვინც ჩემთან ურთიერთობას ცდილობდა, მაგრამ ადამიანი რაღაც შეცდომას რომ დაუშვებს, შემდეგ მეორე გოგოსთან იწყებს ურთიერთობას, მერე - მესამესთან, შეცდომებს მაინც უშვებს. ასეთი "არეული ცხოვრება" არ მინდა. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ - ეს მხოლოდ ჩემი აზრია... თუ კაცს ქორწინებაში ერთხელ არ გაუმართლებს, შემდეგ კი პიროვნულ განვითარებას დაუთმობს დროს და დაოჯახებას ამის მერე გადაწყვეტს, მისაღებია, რადგან ადამიანის ბოლომდე ამოცნობა ყველას არ შეუძლია: ამას თანაცხოვრებისას უკეთ ხვდებიან... ქალები, ვისაც უღალატეს ან ურთიერთობაში სხვა პრობლემა ჰქონდათ და ოჯახი ვერ შეინარჩუნეს, ძალიან ძლიერებად მიმაჩნია, რადგან ოჯახის დანგრევის შემდეგ, მთელ დროს საკუთარ თავს უთმობენ და მეტად ვითარდებიან. უკვე "საოცნებო ქალის" სტატუსსაც იძენენ ჩემს თვალში.

- შენი ქორწილი წარმოდგენილი გაქვს, როგორი იქნება?

- როგორც გითხარი, აღარ ვიცი, როგორი საქორწინო კაბა ჩავიცვა, რადგან საერთოდ, განსხვავებული სამოსის მორგება მიყვარს, მაგრამ ქორწილზე ბევრს ვფიქრობ ხოლმე (თუმცა, ჯერ გათხოვებას არ ვაპირებ): 500-1000-კაციანი საქორწინო სუფრა ჩემთვის ცოტათი მიუღებელია, როცა სტუმრები მხოლოდ ჭამა-სმაზე არიან გადასული და დიდად არც აინტერესებთ, ვისი ქორწილია... მინდა ჩემთვის ძვირფასი ადამიანები მოვიწვიო, ვინც დღეს ჩემ გვერდით არიან და მათთან ერთად, ქორწილი გემზე გადავიხადო. იმედია, ამასთან დაკავშირებით, მე და ჩემს მეორე ნახევარს განსხვავებული აზრები არ გვექნება. ხელის მოწერის ცერემონიას რაც შეეხება, მინდა ეს ზღვის სანაპიროზე შედგეს, ლამაზი გაფორმებით - ხალხის მწკრივები იდგეს, მე კი ლამაზ კაბაში გამოწყობილი შუაში გავივლი და მეორე ნახევართან მივალ... ფანტაზიები ზომაზე მეტი მაქვს (იცინის).

- როგორ ფიქრობ, გათხოვებისთვის იდეალური ასაკი რომელია?

- დაზუსტებით ვერ ვიტყვით. ახლახან სოციალურ ქსელში წავიკითხე - საქართველოში ქალისთვის დაოჯახებისთვის იდეალური ასაკი 30 წლიდან იწყებაო, მაგრამ პირადად მე, ეს ასაკი უკვე დაგვიანებულად მიმაჩნია, რადგან რამდენ ასეთ ქალსაც ვიცნობ, ოჯახის შექმნა უკვე უჭირს - ყველა წვრილმანს ყურადღებას აქცევენ, ურთიერთობაში აღარაფერს პატიობენ და შინაგანად უკვე სხვანაირი, მეტად განვითარებულები არიან... ჩემი აზრით, როცა ქალი შემდგარი პიროვნებაა, საკუთარი შემოსავალი, კარიერა აქვს, განვითარებისკენ ისწრაფვის და შეუძლია, ოჯახურ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა აიღოს, მაშინ უნდა დაოჯახდეს. ალბათ, 22-23 წელი დაოჯახებისთვის კარგი ასაკია, რადგან როცა ახალგაზრდები ცხოვრებას ერთმანეთს უკავშირებენ, მათი თანაცხოვრება უფრო პოზიტიურია, ოჯახის სიმყარე კი თავად წყვილზეა დამოკიდებული.

image2-copy-1715542536.jpg

- შენს თანატოლებს შორის დაოჯახებული ბევრია?

- კი, საკმაოდ. ზოგი სკოლიდანვე გათხოვდა, ზოგი - უნივერსიტეტში სწავლისას... ჩემთვის ასეთი თემები მტკივნეულია, რადგან ბიჭები დაინახავენ ლამაზ, ჭკვიან გოგოს, რომელიც სკოლაში წარჩინებული მოსწავლეა, უცბად ხელს მოჰკიდებენ, ბავშვს გააჩენინებენ და მორჩა, გოგონას ცხოვრება იქ ჩერდება - მისთვის ის მომავალი აღარ არსებობს, როგორიც მის გონებაში, ფანტაზიებში იყო, რასაც გეგმავდა და რისთვისაც სკოლაში სწავლობდა. ახლა უკვე იმაზეა კონცენტრირებული, შვილი კარგად აღზარდოს და ქმარი შეინარჩუნოს... ძალიან მწყინს - რატომ ვერ ფიქრობენ, რომ ნაადრევი ქორწინების გამო ცხოვრებას ისე ვეღარ ნახავენ, როგორც უნდა ენახათ...

- და მაინც, როგორ ფიქრობ, გოგონები ადრეულ ასაკში დაოჯახების გადაწყვეტილებას რატომ იღებენ?

- ცხოვრებას ადვილად უყურებენ, მნიშვნელოვან საკითხებს იოლად წყვეტენ, არ ფიქრობენ, თუ რა შეიძლება მომავალში მათ გადაწყვეტილებას მოჰყვეს... ალბათ, მიზეზი ეს არის.

- ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრება შენთვის მისაღებია?

- შეიძლება წყვილმა ყოველი დღე ერთად გაატაროს (ცხადია, თუკი სამსახურში პრობლემა არ შეექმნებათ). თანაცხოვრებისას ადამიანები ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ, მაგრამ ერთ სახლში ცხოვრება აუცილებელი არ არის. ალბათ, ზოგისთვის ქორწინებამდე თანაცხოვრება მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემთვის - დიდად არა...

- საქორწინო კონტრაქტზე რას ფიქრობ?

- ჩემი აზრით, წყვილი ერთმანეთს არ ენდობა და ამ საბუთით ცდილობენ ერთმანეთი იძულებით შეინარჩუნონ... როცა ოჯახი ინგრევა, პასუხისმგებლობა ორივე მხარეს გააჩნია, რომელსაც თავს ვერ აარიდებენ, თუმცა ზოგი მაინც არიდებს, მაგალითად - მამაკაცები ცოლ-შვილს ტოვებენ, მათი ბედი აღარ აინტერესებთ... ეს გულდასაწყვეტია. კანონის ისეთი პუნქტები არსებობს, რითიც პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებენ... საქორწინო ხელშეკრულებას რაც შეეხება, პირადად მე, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ: თუ ადამიანს ცხოვრება დავუკავშირე, ე.ი. ვენდობი და ამას ფურცელზე ხელის მოწერა აღარ სჭირდება...

ეთო ყორღანაშვილი