ადელინას შუშხუნა ემოციები და წითელი ხაზები პროფესიაში
რა აბედნიერებს ყველაზე მეტად, რას ნანობს, როგორ იქცევა მაშინ, როდესაც რთული პერიოდი აქვს და რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1982 წლის 2 მარტი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. ჩემი ბევრი კოლეგისგან გამიგია, სპექტაკლი ვნახე და სურვილი გამიჩნდა, მსახიობი გავმხდარიყავიო. ჩემს შემთხვევაში ასე არ მომხდარა. რაც თავი მახსოვს, სულ მსახიობობა მინდოდა, შეიძლება ეს ბებიის - ადელინა თაყაიშვილის გავლენაც იყო, მას სურდა აერჩია ეს პროფესია და აუხდენელ ოცნებად დარჩა. სულ მსახიობებზე მელაპარაკებოდა.
- თვლი, რომ პროფესიაში სწორი არჩევანი გააკეთე?
- ასე ვფიქრობ, რადგან ზუსტად ვიცი, რა პროფესიაც უნდა ამერჩია, როგორი წარმატებულიც უნდა ვყოფილიყავი სხვა საქმეში, ზუსტად ვიცი, სინანული მექნებოდა, მსახიობი რატომ არ გამოვედი-მეთქი?! მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესია დიდ სიხარულთან ერთად, სირთულეებთან, ტკივილთან, დაუფასებლობასთან არის დაკავშირებული, მაინც ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
- ჩემზე ამბობენ...
- ...თბილი და ყურადღებიანიაო, ეს ბევრჯერ გამიგია.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...არაფერს შევცვლიდი. წარსულში სირთულეებიც ყოფილა, ტკივილიც, მაგრამ მაინც არაფერს შევცლიდი. ყველა სირთულე პიროვნულ ზრდაში, განმტკიცებაში, გაძლიერებაში დამეხმარა. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ღირსება, რომელსაც არ ვაბიჯებთ, თორემ ემოციებს რომ აჰყვეთ, ემოციები ყოველთვის შუშხუნაა.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...ოჯახს, მათგან უდიდესი ხელშეწყობა მქონდა და მაქვს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს არაჩვეულებრივი შვილი, ნიკოლოზი უკვე 13 წლის არის.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...ღიმილი.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...გავაბედნიერო ადამიანები და ვიშოპინგო.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ღირსება. უღირს საქციელს არასდროს ჩავიდენ.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...ხანდახან ზარმაცი ვარ. ჩემში ამ თვისებას სულ ვებრძვი. ვთქვათ, რაღაც მაქვს გასაკეთებელი და შემიძლია, ის საქმე მთელი დღის განმავლობაში ვაკეთო, მე ყოველთვის ბოლო წუთამდე მიმყავს. ჩემში ეს თვისება არ მომწონს და სულ ვცდილობ, გამოვსწორდე.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ადამიანი გამიღიმებს, თბილად მომექცევა.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...ჩემი ფიქრები ნიკოლოზის ბედნიერებას უკავშირდება. ის რომ ბედნიერი იქნება, მე ორმაგი ბედნიერება მექნება და ამ განცდას ორივე გავიზიარებთ.
- ვიბნევი...
- ...და მეუხერხულება, როცა ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან, - მეცნობიო და მერე იხსენებენ, საიდან ვახსოვარ. ეს მოლოდინი, რომელიც სიტყვებს - "რატომ მეცნობი?" მოჰყვება, უხერხულობას ხშირად მიქმნის.
- ვნანობ...
- ...სტუდენტობის წლები უფრო ნაყოფიერად რომ არ გამოვიყენე და ინსტიტუტის დასრულებისთანავე არ ვიზრუნე, თეატრში ვყოფილიყავი. ახლა ვარ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, მაგრამ ცოტათი გვიან მომიწია მისვლამ. სერიალებში თამაშის პარალელურად რომ მეთამაშა, გაცილებით კარგი იქნებოდა.
- გადასაღები მოედანი თუ თეატრი, სად უფრო მეტია პროფესიული აღმაფრენა?
- გადასაღებ მოედანზე თამაშისას რაღაცებს ზღუდავ, თეატრში - არა. სერიალს არ უხდება ზედმეტობა. თეატრში ცოცხალი ურთიერთობაა, ეს სულ სხვა რამ არის.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...ის, ვინც ვარ; იქ, სადაც ვარ. მომწონს ჩემი რეალობა, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ იმ ამბებზე, რომლებიც ჩვენ გარშემო ხდება. ეს გახლეჩილობა, დაძაბულობა არ მინდა იყოს, სიმშვიდეს ვნატრობ.
- აქციებზე დადიხარ?
- აქტიურად ვერ ვახერხებ, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვცდილობ, გავიდე ხოლმე. ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ადამიანებმა განსხვავებული აზრის მოსმენისას, ერთმანეთის შეურაცხყოფა დაიწყეს. ეს გულისტკენები ალბათ დიდხანს დაგვრჩება.
- სიყვარული ეს...
- ...არის ემოცია, რომელიც სულ მინდა თან მდევდეს. სიყვარული მოტივაციაა. ამ შემთხვევაში, მხოლოდ საპირისპირო სქესისადმი სიყვარულს არ ვგულისხმობ. ზოგადად სიყვარულის განცდაა უდიდესი სიხარულისა და ბედნიერების მომტანი. მაბედნიერებენ ადამიანები, რომლებიც ჩემ გვერდით არიან; იმიტომ მაბედნიერებენ, რომ თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს. მაბედნიერებს საქმე, რომელსაც სიყვარულით ვაკეთებ. სულ ვცდილობ, ვინმეს უნებლიეთ არ ვაწყენინო. ურთიერთობებს ვუფრთხილდები, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ძალიან მიყვარს. არც ტელევიზიაში, არც თეატრში ცუდი არასდროს არავისთვის გამიკეთებია.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...იმ სიყვარულის ნაყოფია ჩემი შვილი. მანამდე, რა თქმა უნდა, იყო პატარ-პატარა გატაცებები.
- მაკვირვებენ...
- ...ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ გესლიანები, უწერონ ცუდი კომენტარები იმ პიროვნებებს, რომლებსაც საერთოდ არ იცნობენ. სულ მიკვირს, ამის სურვილი რატომ უჩნდებათ? რამე თუ არ მოგწონს, ხომ შეიძლება გაატარო და გესლი არ ანთხიო.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...შოპინგმა. როცა ხასიათზე ვერ ვარ, საკმარისია, რაღაც ნივთი შევიძინო, იცი, როგორ მიხარია? ძალიან მშველის, ეგრევე ხასიათი გამომიკეთდება ხოლმე. ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს ურთიერთობები დადებით ადამიანებთან, ამით ვიკვებები.
- ვრისკავ...
- ...იშვიათად. ბევრს ვფიქრობ, ძალიან მიჭირს.
- შემდეგ თუ ნანობ, რომ არ გარისკე?
- მქონია ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ თავს ვიმშვიდებ ხოლმე.
- გადაწყვეტილებების მიღებისას უფრო თამამი რომ ყოფილიყავი, როგორ ფიქრობ, დღეს შენი რეალობა ძალიან განსხვავებული იქნებოდა?
- არა. მნიშვნელოვანი ამბები არ გამიტარებია. დღეს სადღაც თუ არ ვარ, ეს იმის დასტურია, რომ რაღაც არ მომწონს, რაც მიუღებელია. რა თქმა უნდა, პროფესიაში არსებობს წითელი ხაზები, რომლებსაც არ ვკვეთ.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...წყენა მალე მავიწყდება. ძალიან მიმნდობი ვარ. ჩემთვის რაც მიუღებელია, მგონია, იმას სხვაც არ იკადრებს. ბევრჯერ ეს ცუდად შემომბრუნებია, ისეთ გაურკვევლობაში მოვხვედრილვარ, საერთოდ არაფერ შუაში რომ არ ვყოფილვარ.
- ვამაყობ...
- ...ჩემი შვილით. მე და ნიკოლოზი ძალიან კარგი მეგობრები ვართ.
- ბოლოს ვიტირე...
- ...ახლახან აქციაზე გადაღებული კადრები ვნახე. ძალიან ვნერვიულობ, ეს ამბები ჩემთვის ემოციურია. არ მინდა ორად გაყოფილი საზოგადოების ხილვა. ხომ შეიძლება, სიმშვიდე იყოს, ჩვენ შორის მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა არსებობდეს?!
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...ძალიან მეუხერხულება, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, შექება რომ არ სიამოვნებდეს, საქებარი სიტყვები თავდაჯერებულობას არ მატებდეს. ადამიანების მადლობელი ვარ, ისეთ სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ, მეტირება ხოლმე. ღმერთისთვის ბევრჯერ მადლობა მითქვამს, სრულიად უცხო ადამიანებს ასე რომ ვუყვარვარ.
- მეშინია...
- ...კალიების. ამის გამო ავარიაშიც მოვყევი, მანქანაში კალია შემომიფრინდა, კისერზე მომახტა და ავილეწე.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...ადამიანების ცნობა.
- ვიტყუები, როცა...
- ...ისეთი სიტუაციაა, საქმე ცუდად მიდის და ჩემმა ტყუილმა შეიძლება უკეთესობისკენ შემოატრიალოს. სხვა შემთხვევაში არ ვიტყუები.
- როგორ იქცევი მაშინ, როცა ხვდები, რომ გატყუებენ?
- სხეულის ენას კარგად ვფლობ და სწორედ ამით ვხვდები, რომ მატყუებს, მაგრამ არ ვიმჩნევ, ეგონოს, რომ მომატყუა, მე ხომ ვიცი სიმართლე რა არის.
- თავისუფლება არის...
- ...როდესაც ფლობ საკუთარ თავს, თან ისე, რომ სხვას ზიანს არ აყენებ.
- როცა მარტო ვარ...
- ...ბევრ რამეზე ვფიქრობ. როცა მარტო ვარ, საკუთარ თავს სრულ ჰარმონიას ვუწყობ, სხეულს და თავს ვუვლი, ყავას მივირთმევ, სურნელოვან ჩხირებს ვანთებ, სასიამოვნო მუსიკას ვრთავ... ასეთ მშვიდ და სასიამოვნო გარემოში ყოფნაა ჩემი ჰარმონია.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ამის დიდი სურვილი მაქვს, რათა გავაბედნიერო ყველა, ვინც ჩემ გარშემო ტრიალებს, ვიმოგზაურო ძალიან ბევრი და ვიშოპინგო.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...სულ ვცდილობ, შვილთან ვიყო. საოცარი ენერგია აქვს, მისი ჩახუტება ყველაზე მეტად მამშვიდებს, მაწყნარებს. როცა რთული პერიოდი მაქვს, საკუთარ თავზე ვმუშაობ, პრობლემამ რომ არ ჩამითრიოს და ხასიათზე არ ამესახოს. გულისტკივილი გარეთ არასდროს გამაქვს. შეიძლება შინაგანად საშინლად ცუდად ვიყო, მაგრამ ამას სხვები ვერასდროს გრძნობენ.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...დიდი მადლობა, დრო რომ გამონახეთ და ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. მადლობა იმ დიდი სიყვარულისთვის, სითბოსთვის, ემოციისთვის, რომელსაც სულ ვგრძნობ.
- ადელიკო, როგორ მოხვდი სერილში "მიხო და მარო"?
- დრუპიმ დამირეკა და მივედი. იქ დამხვდნენ რეჟისორი, შემოქმედებით ჯგუფის სხვა წევრებიც. მითხრეს, რომ სერიალს ახალი პერსონაჟი ემატებოდა და თათკა ლეჩელი უცბად გამოვიგონე, იქვე გავითამაშე პატარა სცენა. ჩემი პერსონაჟი ცანცარა, საყვარელი გოგოა. სულ რაღაც უნდა, სულ ცნობადობისკენ ისწრაფვის, სნობია. როცა სხვას ეუბნება, - წადი, ახალა თავი დამანებეო, საკუთარი მანქანიდან თავად გადადის. წარმოიდგინე, როგორი ქარაფშუტაა. სცენარს რომ ვკითხულობ, თან ვიცინი. მაყურებლისთვის აშკარად სახალისო პერსონაჟია და არა მხოლოდ მაყურებლისთვის, თავადაც ვხალისობ.
თამუნა კვინიკაძე