"ყველამ უნდა აკეთოს ის, რაც მას აბედნიერებს" - გზაპრესი

"ყველამ უნდა აკეთოს ის, რაც მას აბედნიერებს"

რომელიც ფერადი ფურცლებისგან იქმნება. ამ ტექნიკებში თვითნასწავლი ვარ..." - ამბობს მარიამ კოპაძე, რომელიც მე-12 კლასის მოსწავლეა და ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში სწავლობს.

431191938-787942156027329-4308578009174637274-n-1715961031.jpg

- ჩემი ოჯახის დამსახურებით ძალიან საინტერესო და ტკბილი ბავშვობა მქონდა. უფროსი ძმა 100%-იანი გრანტით სწავლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ოჯახში ვართ: მე, დედა, მამა, ბებო და ჩემი ძმა... მათში ძალიან გამიმართლა, ყოველთვის ყველაფერში მხარს მიჭერენ და მაქსიმალურად ხელს მიწყობენ.

ოჯახში არავინ ხატავს. თურმე, ბიძაჩემი ხატავდა, მაგრამ სამწუხაროდ, ის ჩემს დაბადებამდე პაპასთან ერთად ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მეთერთმეტე კლასში ვიყავი, ხატვის წრეზე სიარული რომ გადავწყვიტე. ჩემი პედაგოგი რუსუდან გელაშვილია და სწორედ მისი დამსახურებაა ამ ხელოვნებამ ასე რომ გამიტაცა. ყოველ გაკვეთილზე მაქსიმალურად ცდილობს ჩემს შესაძლებლობებში დამარწმუნოს, რაც უდიდესი მოტივაციის მომცემია... სტუდიიდანაც უამრავი საინტერესო გამოფენა გვქონდა, ასევე ვმონაწილეობდით კონკურს-ფესტივალში - პარიზის ვარსკვლავი", რომელიც საფრანგეთში გაიმართა.

- ქვილინგის ტექნიკით როდის დაინტერესდი?

- დაახლოებით ერთი წლის წინ. პირველად ბიძაშვილის გასახარებლად მოვინდომე ფურცლებისგან ყურძნის მტევნის დამზადება და ბევრი ცდის მერე გამომივიდა. ინფორმაციაც მოვიძიე ამ ტექნიკის შესახებ. ქვილინგი ქაღალდის დახვევის უძველესი ხელოვნებაა. მისი ზუსტი წარმომავლობა უცნობია, თუმცა ითვლება, რომ ძველ ეგვიპტეში მონაზვნები ქვილინგის ტექნოლოგიას აქტიურად იყენებდნენ. ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა, რომელიც ისეთ უნარებს მიძლიერებს, როგორებიცაა ნებისყოფა და გამძლეობა...

431207118-298861573224855-4433075113395566474-n-copy-1715961055.jpg

მართალია აბიტურიენტი ვარ, მაგრამ მაინც ვცდილობ დრო ხელოვნებისთვისაც გამოვნახო. ნამუშევრებს ძირითადად ღამით, 12 საათის შემდეგ ვქმნი, რადგან დღის სხვა მონაკვეთში სწავლის გამო დრო აღარ მრჩება. მუშაობის პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადია. მაქსიმალურად ვცდილობ თითოეულ ნამუშევარში გადმოვცე ჩემი ემოციები და განწყობა. იდეა, დრო, ენერგია და დეტალები ქმნის ნამუშევრის უნიკალურობას...

ამასთან, 3D ორიგამის ტექნიკაზეც ვმუშაობ, რომელიც 2015 წლიდან დავიწყე. ამ ტექნიკაშიც თვითნასწავლი ვარ. არაერთი ღამე მაქვს გათენებული ამ ტექნიკის ათვისების პროცესში: როცა არაფერი გამომდიოდა, იმედგაცრუებული თავიდან ვცდილობდი მიზნის მიღწევას. მჯეროდა, რომ აუცილებლად გამომივიდოდა და ასეც მოხდა. პირველი ნამუშევარი გედი იყო. 3D ორიგამის ნამუშევრების შექმნა მხოლოდ ფერადი ფურცლებით ხდება, წებო არ გამოიყენება. თავდაპირველად ფურცლებს საკანცელარიო დანით ვჭრი, შემდეგ მათ დაკეცვას ვიწყებ და ბოლოს - ნამუშევრის აწყობას. 3D ორიგამი არცთუ ისე პოპულარულია საქართველოში, ამ ტექნიკით ცოტაა დაინტერესებული. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ის უცხოა, ამიტომ გამოფენებზე ბევრი გაოცებული ათვალიერებს და ნამუშევრების შექმნის დეტალებით ინტერესდება. ძალიან ბევრი ვერ ხვდება, როგორ შეიძლება წებოს გარეშე ფურცლების ერთმანეთში ჩაწყობა, ამიტომ ბევრისთვის მიჩვენებია აწყობის პროცესი.

421200696-1038509903917447-846018858689075808-n-1715961043.jpg

- პერსონალური გამოფენაც გქონდა, არა?

- კი, მქონდა ორდღიანი პერსონალური გამოფენაც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელსაც რამდენიმე პროფესიონალი მხატვარიც დაესწრო. ზოგისგან რჩევები მივიღე, ზოგ მხატვარს კი ეგონა, რომ სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ვიყავი; ზოგი ჩემმა ასაკმა გააკვირვა. ქარელის მასშტაბით ვარ ერთ-ერთი პირველი სკოლის მოსწავლე, რომელსაც ამ ასაკში საკუთარი ორგანიზებით ჰქონდა პერსონალური გამოფენა. გამოფენას დაესწრო რამდენიმე სკოლაც, უამრავი მასწავლებელი და მოსწავლე, რომლებმაც ჩემი გამოფენის შესახებ ინტერნეტიდან გაიგეს.

ამ ორი დღის განმავლობაში სრულიად უცხო ხალხისგან მივიღე უამრავი დადებითი ემოცია, უდიდესი სიყვარული და მოტივაცია. სასიამოვნოა, როცა შენი ნამუშევრები ხალხის გაოცებას იწვევს.

რა თქმა უნდა, სამომავლოდ უამრავი გეგმა და მიზანი მაქვს, რომლებსაც მალე რეალობად ვაქცევ. ყველა ადამიანმა უნდა აკეთოს ის, რაც აბედნიერებს და რაც არასდროს მობეზრდება.

მანანა გაბრიჭიძე