ბავშვობის ახდენილი ოცნება, მონატრება და სინანული
- ამბობს მსახიობი რომან ქერქაძე. რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რას საყვედურობენ, რა ვერ გაბედა დღემდე, რამდენად თამამად მიდის რისკზე, ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი მის წარმატებაში და როგორია ფიცხი გურული მაშინ, როცა აბრაზებენ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1986 წლის 9 დეკემბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ფეხბურთელი, ეს სურვილი ადრეულ ბავშვობაში მქონდა. 10 წლიდან კი მსახიობობა მინდოდა. რაიონში ვიზრდებოდი, იქ ჩამოდიოდნენ "იუმორინას" მსახიობები, კონცერტებს მართავდნენ და ჩემზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ. ამ პროფესიისადმი ინტერესიც თანდათან გამიჩნდა. შეიძლება ითქვას, ბავშვობის ოცნება ავიხდინე, 2017 წლიდან სცენაზე იმ ადამიანების გვერდით ვდგავარ, რომლებმაც ჩემს პროფესიულ არჩევანზე გავლენა იქონიეს.
- ჩემზე ამბობენ...
- ...იმედია, ცუდს არაფერს ამბობენ.
- თავად რა გესმის ყველაზე ხშირად?
- ძალიან უყვარს გურიაო.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...არაფერს შევცვლიდი. უშეცდომოდ ვერც ერთი ადამიანი იცხოვრებს, მაგრამ მთავარია, რომ მტკივნეული შეცდომები არ მაქვს დაშვებული, ისეთი, რომ მათი არიდება მენატროს.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...6 წლის ასაკში ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე გამოვედი, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემი პირველი სერიოზული წარმატება თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება იყო.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...მშობლებს და მეუღლეს. ოჯახის წევრების მხარდაჭერის გარეშე, ამ ქვეყანაში მსახიობობა ძალიან რთულია.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს მეუღლე, 12 და 4 წლის შვილები.
- როგორია ბავშვების რეაქცია, როდესაც მამას ეკრანზე ხედავენ?
- მიჩვეულები არიან, ეს მათთვის ჩვეულებრივი ამბავია.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...გურია და გურული იუმორი.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...მშვიდობა იყოს ქვეყანაში, მსოფლიოში.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...უბრალოება. მორიდებული ხასიათი მაქვს, ეს შეიძლება ერთჯერადად იყოს წამგებიანი, მაგრამ უნდა იცოდე, რომ მომავალში აუცილებლად დაგიფასდება.
- თვისება, რომელიც არ მომწონს ჩემში და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...სიფიცხე. შეიძლება ავღელდე და ადამიანს ისეთი რამ ვუთხრა, მერე ვინერვიულო, რატომ ვუთხარი-მეთქი. ეს თვისება მგონი, ყველა გურულს აქვს.
- ამ მიმართულებით საკუთარ თავზე გიმუშავია?
- მიფიქრია, მაგრამ ვერ დავძლიე.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...რომ ყველა ადამიანის ნდობა არ შეიძლება. მქონია იმედგაცრუებები, გულის ტკენა. ახლა უკვე ვიცი, ყველას მარტივად არ უნდა დავუჯერო.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ის ადამიანი ხვდება ჩადენილ საქციელს და ნანობს.
- თავად პატიების თხოვნა გიჭირს?
- არ მიჭირს, მაგრამ ვცდილობ ისე ვიცხოვრო, რომ ამის საჭიროება არ მქონდეს.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...დარწმუნებული ვარ, რომ მომავალს თავად ვქმნით. არც პესიმისტი ვარ, არც - ოპტიმისტი, რეალისტი გახლავართ და დღეს ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი მომავალი იყოს უზრუნველყოფილი.
- ვიბნევი...
- ...როცა ვხვდები, რომ მატყუებენ.
- ამ დროს რას აკეთებ?
- ვცდილობ, იმ ადამიანს გავერიდო; ამ მომენტს გურული სიფიცხეც თუ დაერთო, მერე უკვე სხვა ამბავია.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...ნებისმიერ ადამიანს.
- რა დროს "ფეთქდები"?
- ღალატის შემთხვევა ძალიან რთულად გადასატანია.
- გაბრაზებული, გურულად გაფიცხებული რომანი როგორია? ამ დროს საკუთარ თავს შეგიძლია გვერდიდან შეხედო?
- გიჟია. გაბრაზების ფაზას გააჩნია, არაადეკვატური ვარ.
- ვნანობ...
- ...რომ უცხო ენები არ ვისწავლე. დღესაც შეიძლება, მაგრამ მგონია, დავაგვიანე. უცხო ენები რომ ვიცოდე, ჩემს პროფესიაში საკუთარი თავის მეტად რეალიზებას მოვახდენდი.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...ბახმაროში ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.
- მეზარება...
- ...უსაქმოდ ყოფნა.
- სიყვარული ეს...
- ...არის განცდა, რის გამოც სიცოცხლე ღირს, რის გამოც ვცხოვრობთ.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ბავშვობაში ბევრი გატაცება იყო, დღეს ეს გოგო მომწონდა, ხვალ - მეორე, რომ წამოვიზარდე და მართლა შემიყვარდა, "გადევედი" ჭკუიდან, 21 წლის ვიყავი. 2 წელი ვცდილობდი, რომ მასაც შევყვარებოდი და მერე კი დავოჯახდით.
- ჩემი მეუღლე...
- ...გახლავთ ნატო ტერელაძე, პროფესიით იურისტი მაგისტრია, იუსტიციის სამინისტროში მუშაობს. რომ დავოჯახდი, 23 წლის ვიყავი, 28 წლიდან ვარ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. მეუღლე ყოველთვის მხარში მედგა, მაშინაც, როცა ენთუზიაზმზე მიწევდა მუშაობა, ხელს მიწყობდა რომ განვვითარებულიყავი. დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, ამაში ჩემი მეუღლის წვლილი ძალიან დიდია.
- ყოველთვის შეუძლიათ, კარგ ხასიათზე დამაყენონ...
- ...შვილებმა.
- მაკვირვებს...
- ...ადამიანების უტიფრობა. ასეთ პიროვნებებს სულ ვერიდები.
- ვრისკავ...
- ...ყოველთვის და თამამად.
- გაუაზრებელ რისკზეც წასულხარ?
- ასეთი შემთხვევაც მქონია და არ მინანია. როცა ვრისკავ, ყოველთვის მიმართლებს.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- ...თხილამურებზე დადგომა. მგონია, რომ წავიქცევი და კისერს მოვიტეხ.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- (ფიქრობს)...
- საკუთარ თავში რას ვერ ერევი?
- უარის თქმა არ შემიძლია. მაგალითად, ხშირად მეპატიჟებიან სუფრასთან და უარს ვერავის ვეუბნები, ამ დროს სულ ვფიქრობ, ისე არ გამიგონ, რომ არ ვაფასებ-მეთქი და ამიტომ მივდივარ.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...თან მიხარია, თან მრცხვენია, თან უხერხულად ვარ... ყველა გულით კი არ გაქებს, ვინც საქებარს სიტყვას გეუბნება, ზოგჯერ პირფერობასაც აქვს ადგილი.
- მეშინია...
- ...არეულობის; მეშინია, ჩემს შვილებს არ მოუწიოთ იმ გზის გავლა, რომელიც მე გავიარე.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...დალევის გამო. მეუბნებიან, თავს გაუფრთხილდი, ჯანმრთელობისთვის კარგი არ არისო. მე კიდევ არას თქმა ვერ ვისწავლე, მიპატიჟებაზე უარს ვერავის ვეუბნები.
- ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია...
- ...ჩემი მეუღლე, შვილები.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...წარბებს, ცხვირს, მაგრამ ამით ვარ მსახიობი და არაფერსაც არ შევცვლიდი.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...ჭკუა.
- ვიტყუები, როცა...
- ...დამნაშავე ვარ.
- ამ შემთხვევაში ტყუილი თავდაცვაა?
- ალბათ ასეა, კეთილ ტყუილს ვამბობ, მაგრამ ესეც ხომ ტყუილია.
- თავისუფლებაა...
- ...როცა თავად იღებ გადაწყვეტილებებს, როცა პასუხს აგებ საკუთარ ქცევებზე და არ ეხები სხვის თავისუფლებას. თავისუფლებაა, როცა შენს თავთან მართალი ხარ. ზღვარს იქით არ უნდა გადახვიდე.
- თავისუფლებას აქვს ჩარჩო?
- რა თქმა უნდა, შენი თავისუფლება იქ სრულდება, როგორც კი ვინმეს თავისუფლებას ეხები. ბევრს თავისუფლება ზღვარგადასულობა ჰგონია. ძილის წინ რომ 2 წუთი გვაქვს, მაშინ სინდისმა არ უნდა შეგვაწუხოს.
- როცა მარტო ვარ...
- ...ვწერ, უმეტესად ლექსებს, რომელსაც შემდეგ სუფრასთან ვამბობ ან სატელევიზიო გადაცემებში ვიყენებ.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ოზურგეთის რაიონში ჩემს მშობლიურ სოფელ ბაილეთში აუცილებლად გავაკეთებდი "დისნეი ლენდს". სიხარულს მოვგვრიდი ადამიანებს, ყველას დავასაქმებდი, ბევრი ტურისტი შემოვიდოდა, აშენდებოდნენ გურულები და ყველანი კარგად ვიქნებოდით.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...ჩემს ღირსებას, ოჯახს, მენტალობას რაც ეწინააღმდეგება, იმ ქცევას არასდროს ჩავიდენ, ვერანაირი თანხა ვერ მაცდუნებს.
- მენატრება...
- ...მამა. თითქმის ერთი წელია, რაც აღარ მყავს (პაუზის შემდეგ), სიმსივნით გარდაიცვალა. ძალიან ვნანობ, სოცოცხლის ბოლო წუთებში მის ოთახში შესვლა ვერ გავბედე.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...მაქსიმალურად ვცდილობ, ცივი გონებით ვიფიქრო, ემოციებს არ ავყვე. ბევრჯერ ცივი გონებით საქმე სასიკეთოთ შემომიტრიალებია.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...დიდი მადლობა ყველას, ვინც დაინტერესდით, დრო გამონახეთ და ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. ადამიანების სიყვარულს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ, მსახიობისთვის ეს ძალიან სასიამოვნოა. ღმერთმა ბედნიერი დღეები არ მოგაკლოთ!
თამუნა კვინიკაძე