"ჩემს სახლში მე უნდა გადავწყვიტო ყველაფერი, აბა, ვინ უნდა მიკარნახოს?"
- რას ფიქრობთ იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება? - ამ შეკითხვით საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მივმართე და ვთხოვე, საკუთარი მოსაზრება ჩვენთვის გაეზიარებინათ.
სოფო გელოვანი, მომღერალი:
- როგორც კი აქციები დაიწყო, მას შემდეგ გარეთ, ხალხთან ერთად ვდგავარ და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სწორ ადგილზე ვარ, იქ, სადაც არ არის სიბინძურე, არიან ბედნიერი, ნათელი, გულანთებული ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მომავალი აინტერესებთ. დიდი იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, ჩვენი სახელმწიფო ჩვენს ტკივილს გაიგებს. ახლა ქუჩაში წარმოუდგენლად დიდი ძალაა, ამის შეჩერება შეუძლებელია.
- კიდევ უფრო რომ არ გამწვავდეს სიტუაცია, ამაში პასუხისმგებლობას ვის აკისრებთ?
- რა თქმა უნდა, მთავრობას ვაკისრებ. როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში, ამდენი ადამიანი გარეთ დგას და გეუბნება, რომ ამ კანონის წინააღმდეგები არიან, ხელისუფლებამ უნდა შეისმინოს. ეს ქვეყანა ხომ ხალხისაა, ჩვენია. უფრო განვითარებული, ძლიერი, ევროპული ქვეყანა გვინდა.
- აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების პასუხისმგებლობას რაში ხედავთ?
- რასაც მე ვუყურებ, ყველა ცდილობს მაქსიმალურად მშვიდობიანი აქცია იყოს და არ მოხდეს დაპირისპირება. ევროპის მოედანზეც ისეთი სიმშვიდე იყო, ასეთი თბილი საქართველო დიდი ხანია არ მინახავს. იქ ყველა თაობა დგას, უკვე უფროსებიც გამოვიდნენ, ეს ერთობა მნიშვნელოვანია. მაქვს განცდა, რომ ახალი საქართველო დაიბადა.
- იყო შემთხვევები, როდესაც პარლამენტის ჭიშკარზე მიიტანეს იერიში, მსგავს ძალადობაზე რა აზრის ხართ?
- ბევრი ახლობელი ჩემგან განსხვავებულ აზრზეა, მე მათაც ვეუბნები, შორიდან ყურებით იმ განწყობას, იმ სიმართლეს ვერ დაინახავთ, რაც იქაა. შიგნით უნდა შეხვიდე და შეხედო ხალხს, როგორი ადამიანები დგანან. ინციდენტი თუ მოხდა, ასეთ დროს ალბათ მსგავსი ამბები ხდება.
- თავადაც აღნიშნე და ხშირია შემთხვევა, როდესაც განსხვავებული აზრის გამო, მეგობრები, ახლობლები სხვადასხვა მხარეს ხვდებიან, ეს ურთიერთობებზე აისახება?
- კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმის, რომ ამის გამო მეგობარი დავკარგო, ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ. მე ჩემი სიმართლე მაქვს და მგონია, რომ სწორ მხარეს ვდგავარ, იმ ადამიანებსაც ჰგონიათ, რომ ისინი დგანან სწორ მხარეს, ამის გამო ერთმანეთს არ უნდა დავუპირისპირდეთ. ეს ეტაპი ხომ უკვე გავიარეთ, როცა პოლიტიკის გამო, ძმა ძმას არ ელაპარაკებოდა, და დას არ ელაპარაკებოდა, მეგობრებმა ერთმანეთი დაკარგეს, ჩვენს მტერს სხვა კი არაფერი უნდა. გასაგებია, რომ ქვეყანაში გრადუსი ძალიან აწეულია, ყველა განცდებშია, ყველა თავისებურად ნერვიულობს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, უნდა ვეცადოთ, ერთმანეთს არ ვატკინოთ გულები! ყველაფერი ჩაივლის, ყველაფერი დალაგდება და გულისტკენას ვერ დავივიწყებთ. ამიტომ ერთმანეთს მოვუფრთხილდეთ! თავისუფლება სწორედ ესაა, პატივს ვცემდეთ ერთმანეთის აზრს და შეხედულებას, როგორ პოზიციებზეც უნდა ვიყოთ.
მერაბ გეგეჭკორი, მსახიობი:
- ურთულესი მდგომარეობაა, არც ვიცი, ღირს თუ არა ამაზე საუბარი.
- ურთულესი მდგომარეობა რომ არის, გეთანხმებით, მაგრამ საუბარი რატომ არ ღირს?
- იმიტომ, რომ ადამიანი შენს პოზიციას არ იცნობს და გლანძღავს, მინდა ახლა ეს ლანძღვა და გინება? აზრი აქვს რამე საუბარს? ხომ მარტივია, დამისვამ შეკითხვას და გაგცემ პასუხს, მაგრამ... ერთ რამეს გეტყვი, ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ (ინტერვიუ ჩაწერილია 12 მაისს), ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ევროკავშირში გაწევრებას მხარს უჭერდნენ და "ევროვიზიაზე" რა მოხდა?
- ამ ორ ამბავს ერთმანეთთან რატომ აკავშირებთ, რას "გეუბნებათ" ეს?
- განწყობას. ქართველებს გვყავდა დიმიტრი უზნაძე, რომელიც ამბობდა: ადამიანის განწყობა განსაზღვრავს სამყაროსადმი ქცევას და საქციელს, ტრადიციას და ცნობიერებას, რწმენას და ურწმუნოებას. შენ რომ მეუბნები, დაგიცავო, ასეთი უნდა დამიცვა, როგორიც ვარ, თუ შენ რომ ხარ, ისეთი უნდა ვიყო, რომ დამიცვა? ეს ყველაფერი ცუდ რამეზე მიმანიშნებს: ვინც მიპყრობდა, ის არ უნდა მიყვარდეს და ვისი იმედიც მქონდა, იმის იმედიც არ უნდა მქონდეს. გუშინ რაც "ევროვიზიამ" აჩვენა, ეს ჩემთვის იმედი არ არის. ხელოვანი ვარ, კულტურას ვემსახურები მეტ-ნაკლებად, ისეთ მასობრივ კულტურას და ისეთ აქტიურს, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ მაყურებელი ორიენტირს აკეთებს, ამის წარმატების დასტურია "იუმორინას" 25-წლიანი ისტორია. როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, გეტყვით, გამოხვედი აქციაზე, დადექი, არანაირად ცუდი რეაქცია არ მაქვს თქვენს შეხედულებაზე, მაგრამ იმან პასუხად რა მოგცა? ანგელოზივით ნუცა ბუზალაძე არ ვარგა და ის ვარგა, ვინც გაიმარჯვა? ბევრი მეგობარი "ნაციონალურ მოძრაობაში" მყავს და ბევრი ძმაკაცი "ქართულ ოცნებაში". არანაირად არ მინდა განვიხილო ისე, რომ მე შენი მტერი ვარ და შენ ჩემი მტერი ხარ, მაგრამ მარტივ შეკითხვას ვსვამ, რაც ჩვენ გუშინ "ევროვიზიაზე" ვნახეთ, ჩვენ ასეთი ევროპა გვინდა? მე როგორც 2 შვილის მამა, ვამბობ, რომ არ მინდა. ევროპა არის პარიზი, ევროპა არის ტაძრები, გერმანიის ოპერის თეატრი, ევროპაა ის, რასაც გოეთე წერდა, შექსპირია ევროპა, მე ასეთ ევროპასთან კავშირი მინდა და არა ეს "ევროვიზია". რატომ აკეთებენ ასე, ეს რა პოლიტიკაა? გინდა თუ არა ჩემი გაუკუღმართებული საზრისი ჩამოიყალიბე, როგორც რწმენა და თავისუფლებაო.
მარტივ შეკითხვას ვსვამ, ის ადამიანები, ვინც კონჩიტას და მისი მსგავსების მოწინააღმდეგეები ვართ, ერთ დღეს ქუჩაში რომ გამოვიდეთ, რამდენი ვიქნებით? მე გეტყვით, მილიონ კაცს მიიღებენ ქუჩაში. შეიძლება მეგობარს ასეთი ფორმით ელაპარაკო? რა არის ეს? რა ფორმაა? ის, რაც "ევროვიზიაზე" ხდება, არ არის ევროპა, ეს ამერიკაში რომ ბრუკლინის უბანია, იმას უფრო ჰგავს.
- თქვენ არ გაქვთ იმედი, რომ ევროპა დაგვიცავს? მეზობლად ხომ დამპყრობელი გვყავს.
- უკრაინა დაიცვა? მაგას თუ დაცვა ჰქვია, მაშინ მე შტერი ვყოფილვარ. ჩვენ ბევრი რთული დღე გვაქვს გამოვლილი. მამარდაშვილი ამბობდა: კანონზომიერად რომ ვთქვათ, ქართველი კაცი უნდა იყოს გაბოროტებული, უნდა იყოს თავის თავში ჩაკეტილი. არადა, ქართველი ადამიანი ღიაა, ლაღიაო. ერთმანეთს რატომ ვუპირისპირებთ? არსებობს პოლიტიკური მოვლენები, რომლებსაც ჩვენ არ შეგვეკითხებიან, მაინც მოხდება. ჩვენ გვინდა თუ არა, ცივილიზაციური გადაჯგუფებები ხდება. 3.5 მილიონი დავრჩით, ეს დიდი ქალაქის ერთი უბანია ჩინეთში.
- თქვენ რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი იყოთ ხელისუფლებაში, რას გააკეთებდით?
- თუ ხელისუფალი ყოველ გამოსვლაზე და აქციაზე უკან დაიხევს, ის ხელისუფლება უკვე აღარ არის. ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები. რამდენი ათასი კაციც უნდა მოვიდეს ოპოზიციის აქციაზე, ფაქტი ბრმა არ არის, ხუთჯერ მეტი გამოჰყავს მთავრობას. რა მოხდა ვენესუელაში, თუ გახსოვთ, 1 მილიონი კაცი გამოვიდა და დაიცვა თავისი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო. ამერიკის მიწოდებული კანდიდატი კი არ დაიცვა, თავად ვინც უნდოდა ქვეყანას, მას დაუდგნენ გვერდით.
- კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" წაკითხული გაქვთ?
- რატომ უნდა მქონდეს წაკითხული? ან ხელოვანმა კაცმა კანონზე რატომ უნდა ვილაპარაკო?
- ამავე დროს, თქვენ ხომ ამ ქვეყნის მოქალაქე ხართ.
- ვარ და ჩემი არჩევანი არჩევნების დღეს გავაკეთე. ოქტომბერშიც წავალ და გავაკეთებ არჩევანს, ყოველდღე პოლიტიკაზე ვილაპარაკო? დღეს საქართველოში რამე ისეთი ხდება, რაც არ ხდება ამერიკაში ან სხვა ქვეყანაში? იქ რაღაც არ მოეწონება ხალხს და ქუჩაში გამოდიან, ასეა აქაც... შენ როგორი აზრიც უნდა გაგაჩნდეს, თუ უმცირესობაში ხარ, კეთილი ინებე და მოითმინე უმრავლესობის პოზიცია, ესაა დემოკრატიის პრინციპი. თუ ძალმომრეობაზეა ლაპარაკი, ღმერთმა დაგიფაროს და ამაშიც ვერ მოერევი სახელმწიფოს. იმ ყველაფერზე, რაც დღეს საქართველოში ხდება, ამ მდგომარეობაზე ვინ იფშვნეტს ხელს? - რუსეთი. ვის უხარია ეს ამბავი? - რუსეთს. პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგად უთხრა ევროპარლამენტარებს: თუ ვიზას არ მომცემ და კიდევ დამბლოკავ, ამით ვის საქმეს გააკეთებ, ჩემსას თუ რუსეთისას?
30 წელია დასავლეთი გვპირდება, აფხაზეთს და სამაჩაბლოს დაგიბრუნებთ და კარგად იქნებით, ჩაგეხუტებით, მხარში ამოგიდგებით, მთელ რესურსს დაგახარჯავთო და რა? ამდენივე წელია რუსეთი გვპირდება დედას გიტირებთო და გვტირობს, რომელს დავუჯეროთ?
საკუთარი თავის რწმენა უნდა გაგვაჩნდეს. სამების ამშენებელს მივეცი ხმა, ამაში დასამალი არაფერია. რამდენი რამ აქვს ქვეყანაში გაკეთებული, ამის დავიწყება შეიძლება? ჩემი გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე და კიდევ ბევრი სხვა სახელოვანი ადამიანი, ყველა სიკეთით ლაპარაკობდა, სხვა წარმოდგენა ბიძინა ივანიშვილზე არც მქონია. ახლა კეთილი ვინებოთ და ვადროვოთ, მიიყვანოს საქმე ბოლომდე. თუ არ მოგვეწონება, ოქტომბერში არჩევნებია და შევცვალოთ.
ჩემს სახლში მე უნდა გადავწყვიტო ყველაფერი, აბა, ვინ უნდა მიკარნახოს? თუ ვინმეს უნდა, კომპლექსი ჩამოგვიყალიბოს, თქვენ ვერ წყვეტთ თქვენს საქმეს და მე ვწყვეტო, მაგის პასუხია - დედიმისისამ!
გემახსოვრებათ, ერთმა ადამიანმა ფილარმონიის წინ რომ დაწერა: "ამ ცხოვრების დედაც!" ხომ გახსოვთ, მთელმა ქვეყანამ რომ აიტაცა. მაშინ რა გააკეთა მისმა უწმინდესობამ? გამოვიდა და ამ ადამიანებს უთხრა, ამ ცხოვრების დედა ღვთისმშობელია, შვილოო...
როცა ადამიანი ადამიანს ებრძვის, უნდა ჩაიდოს თავში აზრი, რომ არსებობს გამოსავალი, ისევ უწმინდესის სიტყვებს მოვიშველიებ, კედელს არ უნდა დავეჯახოთ! რა არის გამოსავალი? ერთმანეთს არ უნდა ვაგინოთ, არ უნდა ვლანძღოთ. ერთმანეთი უნდა დავინდოთ, ღმერთი ხშირად ვახსენოთ, პირჯვარი გადავისახოთ!
სომხეთი არეულია, უკრაინა რა დღეშია, ახლო აღმოსავლეთში საშინელება ხდება და გონიერება გვმართებს. ვისისტიც გინდა, იმისტი იყავი, ეგ ჩემი საქმე არ არის. გულწრფელად გეუბნებით, არავინ მძულს, მიშა სააკაშვილიც კი არ მძულს, როგორ შეიძლება შეიძულო, შეხედე რა დღეშია. ამ მდგომარეობაში შეიძლება კაცმა თავი ჩაიგდოს? გუშინ კაცს ხალხი ხელისგულზე ატარებდა და დღეს რა დღეშია... ძალიან რთულია პოლიტიკაზე ილაპარაკო. კოცონი ანთია მთელ დედამიწაზე, გონიერებას ნუ დავკარგავთ!
- მარტა, სანამ თქვენ დაგირეკავდით, საზოგადოებისთვის ცნობილ ბევრ ადამიანს ველაპარაკე და საკუთარი პოზიციის გაზიარებაზე უარი მითხრეს, რაზე მიანიშნებს ეს?
მარტა ბარამიძე, მსახიობი:
- ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი (განსაკუთრებით დღევანდელ დროს), ყველა თავისთვის ხელსაყრელ პირობებს ეძებს. ჩემი აზრით, ეს ადამიანები ფიქრობენ, ვაიდა ისე მოხდეს, ვაიდა ასე მოხდეს... მათ ხომ შედეგი წინასწარ არ იციან, შესაბამისად, ვინც იქნება გამარჯვებული, ურჩევნიათ, მათ მხარეს იყვნენ, მოვლენების განვითარებას ელოდებიან.
- ზოგიერთმა მითხრა, რომ აქციებზე დადის აქტიურად, მაგრამ არ სურს საკუთარ პოზიციაზე სტატიაში ილაპარაკოს.
- აქციებზე იმიტომ დადის, რომ მორალი, სინდისი აწუხებს, თავის მოქალაქეობრივ პოზიციას გამოხატავს, მაგრამ ამას საჯაროდ თუ დააფიქსირებს, შესაძლოა ხელი შეეშალოს სამსახურში, შეექმნას პრობლემები და ამ ყველაფრისგან თავს იცავენ. სიმამაცე სჭირდება იმას, რომ საკუთარი აზრი ხმამაღლა და დაუფარავად გამოხატო. მათი მესმის, ვერ განვსჯი, ვერც ვერავის მოვუწოდებ, გამოვიდეს და ხმამაღლა ისაუბროს, საკუთარი რისკების და პრობლემების შესახებ თავად უკეთ იციან.
- რას ფიქრობ იმ ყველაფერზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება?
- ეს არის სრული სისასტიკე, სისასტიკე არც წინა ხელისუფლებას დაუკლია. საკითხავია, რისთვის სჭირდებათ? არ მგონია, იმდენად სულელები იყვნენ, ვერ ხვდებოდნენ, რას აკეთებენ. ქუჩაში ამდენი ადამიანის გამოყვანა, დაუსრულებელი აქციები არავის მოსწონს, დღეს პარლამენტში არც ისე ცუდი სტრატეგოსები არიან. არა მგონია, ვერ იაზრებდნენ, რას აკეთებენ. სადღაც "ძაღლის თავი" არის დამარხული, რომელსაც ჯერ ვერ მივაგენით.
- თქვენი ვერსია გაქვთ?
- დაკვირვების პროცესში ვარ. სად არის ჭეშმარიტება, ვერ ვპოულობ, ხელისუფლებას ბუნტი და აქციები ხომ არ აწყობს, თან წინ არჩევნებია, რა ხდება? რა არის ჩაფიქრებული?
- ეს კანონი მხოლოდ საბაბია და რეალურად სხვა რაღაც იმალება?
- შესაძლოა. გავრილოვი რომ ჩამოვიდა, ის ხომ მარტო არ იყო, მარტო დაცვა რამდენი ჰყავდა, არა მგონია, იქ ასულიყო და სკამზე თავისით დამჯდარიყო, პროვოცირებას აქვს ადგილი. რუსეთი, ოკუპაცია, დაკარგული ტერიტორიები, მტკივნეული წერტილია ჩვენთვის და ამ სუსტ წერტილში დარტყმა რატომ აწყობთ, ეს ჯერ ვერ ამოვხსენი.
- რაში ხედავთ გამოსავალს?
- ჩემდა სამწუხაროდ, მე ვერ დავინახე ახალი საიმედო პოლიტიკური ძალა. არჩევანი და ალტერნატივა არ არსებობს. ვერავის ვხედავ, ვისაც ავირჩევდი. არ მინდა ადამიანები ძველი ხელისუფლებიდან, არც ახლანდელი ხელისუფლებიდან, ეს სამწუხარო რეალობაა.
ძალადობის სიმბოლოდ იქცა ხარება, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოდის.
პოლიტიკოსებმა არ გააკეთეს საკმარისი იმისთვის, რომ ახალი ძალა დაგვენახა, ეს მათი შეცდომაა. მაგალითად, ავიღოთ "ლელო", მამუკა ხაზარაძე მაშინ გამოჩნდა, როდესაც მას შეეხო პრობლემები, როდესაც მის ფინანსებს დაარტყეს. როდესაც ბანკი ხალხს ასახლებდა და ქუჩაში ტოვებდა, მაშინ სად იყო? მაშინ არ ჰქონდა პროტესტის გრძნობა? მსგავსი ბევრი პოლიტიკოსია. მე დღეს ვერ ვხვდები, საით გადავიხარო? ზუსტად ვიცი, რომ არ მინდა მობრუნდეს ძველი ხელისუფლება, არც ახლანდელი ხელისუფლება, მაგრამ მესამე, ახალი, გულწრფელი ძალა არ ჩანს და რა უნდა გავაკეთო?
ძალიან მარტივია იყო პოლიტიკოსი. გარკვეული ხნის განმავლობაში "გირჩში" ვმუშაობდი. ჩემთვის ზურა ჯაფარიძე ერთ-ერთი გულწრფელი პოლიტიკოსია. მარტივია გამოხვიდე საჯაროდ და ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებსა და წრეებზე იმანიპულატორო. მესიჯები გზავნო და ის ილაპარაკო, რაც შენ ქულებს დაგიწერს. ლაპარაკი სხვა რამ არის, მოდი, რა, საქციელით მაჩვენე შენი საქმე. პოლიტიკაში ვინ ვისთან არის შეკრული, ვინ ვისთან რას აგვარებს, ჩვენ ხომ შიდაშეთანხმებები არ ვიცით, მოვლენებს გარედან ვაკვირდებით, გარედან კი ზოგჯერ ყველაფერი კარგად არ ჩანს.
თამუნა კვინიკაძე