ლანა გოგისვანიძე - წარმატებული ბალერინა "მის ტალანტის" ტიტულით - გზაპრესი

ლანა გოგისვანიძე - წარმატებული ბალერინა "მის ტალანტის" ტიტულით

ბავშვობაში ბებიას ბალეტისადმი დიდმა სიყვარულმა, მაკა მახარაძის სტუდიის ჯადოსნურმა სამყარომ და ჩემმა მონაცემებმა, რომელსაც სულ ხაზს უსვამდნენ... ფორტეპიანოზეც დავდიოდი და მახსოვს, შედარებას რომ ვახდენდი, ბალეტი მეტად ორგანული იყო ჩემთვის თუ ფორტეპიანო?" - ამბობს თბილისის ოპერისა და ბალეტის მსახიობი ლანა გოგისვანიძე...

- თბილისში, დიდ და მოსიყვარულე ოჯახში დავიბადე. პირველად ბალეტთან შეხება ბაღში - "საპოვნელა" მქონდა, სადაც ჩემი პედაგოგი მაია ალფაიძე იყო. მახსოვს, მოხიბლული ვიყავი მისი გაკვეთილებით... შემდეგ ჩემი სურვილით შემიყვანეს მაკა მახარაძის სტუდიაში "ვერის უბნის მელოდიები", სადაც ზღაპრული სამყარო დამხვდა. უამრავ სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა, ჩემი პირველი სოლო პარტიაც - "კონკია" ამ სტუდიაში სწავლისას შევასრულე. შემდეგ ქალბატონ მაკას რჩევით გადავწყვიტე, ბალეტი პროფესიულ დონეზე შემესწავლა... წარმატებით მოვხვდი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელში, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა პროფესიის არჩევაში. იქ სწავლა ძალიან რთული იყო. სხვა სკოლის მოწაფეებისგან განსხვავებით, კვირაში ექვსი დღე ვსწავლობდი. სავალდებულო საგნებს ბალეტის გაკვეთილები და პროფესიული საგნები ემატებოდა. დროის სიმცირის, დისციპლინისა და დიდი პასუხისმგებლობის გამო, ბავშვობიდან გააზრებული მქონდა, რომ ხშირად მომიწევდა უარის თქმა მეგობრებთან ერთად კინოში, დაბადების დღეებზე და გასართობად წასვლაზე...

"ჭაბუკიანში" სწავლის პერიოდში საუკეთესო პედაგოგები მყავდა. პირველი სამი წელი - მარგარიტა ზერცალოვა და შემდეგ ლარისა ჩხიკვიშვილი... ქალბატონ ლარისასთან სწავლის პერიოდში სხვადასხვა საბალეტო კონკურსში მივიღე მონაწილეობა. თანზოლყმპ (ბერლინი) ჯგუფის ცეკვაში ვერცხლის მედალი და Dომენიცო მოდუგნო (ბარი) ასევე ჯგუფის ცეკვაში - მეორე ადგილი...

- სცენაზე პირველად გასვლა როგორ გახსოვთ?

- სცენაზე იმდენად ღრმა ბავშვობიდან ვდგავარ, რომ პირველად დიდ სცენაზე გასვლის ემოციები არ მახსენდება. თუმცა თეატრთან პირველი სპექტაკლის შესრულება ბევრად საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის.

- როგორ გახსენდებათ პირველი გასტროლები?

- ჩემი პროფესიის ერთ-ერთი მომხიბვლელი მხარეა გასტროლები, რადგან გვეძლევა შანსი, ჩვენი დასი სხვა ქვეყნის მაყურებლებს წარვუდგინოთ. იმ წლების მანძილზე, რაც თეატრში ვმუშაობ, გასტროლებით უამრავი ქვეყანა მაქვს შემოვლილი... გამოვარჩევდი იაპონიის გასტროლს 2017 წელს, რომელიც ჩემთვის რიგით მეორე გასტროლი იყო. მახსოვს, აღფრთოვანებული ვიყავი ტოკიოთი, თავი ზღაპარში მეგონა. ქალბატონი ნინო ანანიაშვილიც ჩვენთან ერთად ცეკვავდა მარსელო გომესთან ერთად. მასთან სცენის გაზიარება ამაღელვებელი და ძალზე საპასუხისმგებლო იყო...

წინა სეზონზე დეკრეტიდან ახალი გამოსული ვიყავი და სრულიად მოულოდნელად ამერიკაში ერთთვიან გასტროლზე მომიხდა წასვლა. ბალანჩინის პროგრამა წავიღეთ, რაც ვფიქრობ, სიმბოლური იყო. ხუთ შტატში ვიცეკვეთ, მაგრამ ნიუ-იორკში გამოსვლას მაინც სხვა ხიბლი ჰქონდა. გვესწრებოდნენ Nეწ Yორკ ჩიტყ ბალლეტ-ის წარმომადგენლები. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წარმატებით ვიცეკვეთ ყველა სპექტაკლი და ჩემი ოცნებაც, დავსწრებოდი “Nეწ Yორკ ჩიტყ Bალლეტ-ის სპექტაკლს, ამიხდა! მართლა დაუვიწყარი გასტროლი იყო.

ამ სეზონზე ვიყავით იტალიასა და გერმანიაში, სადაც ასევე წარმატებულად ჩავატარეთ სპექტაკლები... მომავალ სეზონზე ბევრი საინტერესო გასტროლი იგეგმება, ამიტომ თვალყური გვადევნეთ...

- როდის შექმენით ოჯახი?

- ოჯახი ოთხი წლის წინ შევქმენი... ძალზე რთულია ორივე მხარეს - ოჯახშიც და პროფესიაშიც წარმატებულად და ძლიერად იდგე, თუ ხელშეწყობა არ გაქვს. დედაჩემის და ჩემი მეუღლის თანადგომის გარეშე ალბათ, ამას ვერ შევძლებდი.

- "მის საქართველოს" კონკურსზეც წარმატება გხვდათ წილად...

- 2018 წელს მომეცა შანსი, მონაწილეობა მიმეღო კონკურსში "მის საქართველო"... გულწრფელად გითხრათ, ბევრი არ მიფიქრია, მალევე დავთანხმდი შემოთავაზებას. ვფიქრობდი, რაიმე ახლის ცდა ცუდი არ იქნებოდა... იმ პერიოდში უამრავი ულამაზესი, უსაყვარლესი და კარგი გოგო გავიცანი, რომლებთანაც დღემდე მაქვს ურთიერთობა. მზადების პროცესი ფინალამდე სასიამოვნოდ და ხალისიანად მიდიოდა, საბოლოოდ კი კონკურსში მომენიჭა "მის ტალანტის" წოდება... ვფიქრობ, კარგი გამოცდილება მივიღე.

- შეგეძლოთ სამოდელო სფეროს გაჰყოლოდით, ძალები ამ მიმართულებით არ მოგისინჯავთ?

- არა, რადგან მივხვდი, რომ ჩემი არ იყო...

- არც პოდიუმზე გასვლას, ფოტოსესიებს თანხმდებით?

- მსგავსი შემოთავაზება ბევრი არ მქონია, თუმცა რამდენიმე ფოტოსესიაში ვმონაწილეობდი.

img-5191-1716386772.jpg

- ამბობთ, რომ საბალეტო ხელოვნება უმთავრესია თქვენთვის...

- დიახ, ბალეტი უმთავრესია. მიყვარს სპექტაკლის მზადების პროცესი, სცენაზე ნამუშევრის გატანა და აპლოდისმენტების მიღება. არა აქვს მნიშვნელობა, რას ვცეკვავ, ეს პროცესი მაბედნიერებს. სცენას, როგორც ჩანს, დიდი ძალა აქვს. ერთხელ თუ გახვედი, მეორედ უარს ვეღარ იტყვი. ტრავმებს რაც შეეხება, სერიოზული ტრავმა, რომელსაც ქირურგიული ჩარევა სჭირდება, არ მქონია, თუმცა სხეულის ტკივილი უკვე ყოველდღიურობაშია გადასული (იცინის). ვფიქრობ, სირთულეების დაძლევა ყველა გარემოებაში უნდა შეგეძლოს, ამის გარეშე ცხოვრება თავისი დინებით წაგიყვანს.

- თქვენს თაობას წილად ხვდა ბედნიერება, მსოფლიოში აღიარებული ქართველი პრიმაბალერინა - ნინო ანანიაშვილი ყოფილიყო მათი სამხატვრო ხელმძღვანელი... რას გვეტყვით მასზე?

- სკოლის მოწაფე ვიყავი, ქალბატონი ნინო ანანიაშვილი სცენაზე პირველად რომ ვიხილე სპექტაკლში "გედების ტბა"... მახსოვს, ბილეთი ძლივს ვიყიდეთ, დარბაზი გადაჭედილი იყო. აღფრთოვანებული ვუყურებდი მის შესრულებას, კადრებად დღესაც თვალწინ მიდგას ის საღამო. პირველი შეხვედრაც მახსოვს, სკოლაში გვესტუმრა, მაშინ მე საკმაოდ პატარა ვიყავი, ალბათ 10-11 წლის. ჩემმა თანაკლასელებმა ნახეს, მე კი ვერ მოვახერხე და გული ძალიან დამწყდა. მერე გაკვეთილიდან გასვლა ვითხოვე იმ იმედით, რომ სადმე თვალს მოვკრავდი და მართლაც, კიბესთან შემხვდა. ისე გამიხარდა, დავიბენი, "პაკლონით" მივესალმე და სასწრაფოდ საკლასო ოთახისკენ გავიქეცი... თეატრში რა თქმა უნდა, უფრო ხშირი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა მის რეპეტიციაზე შესვლა მაინც მღელვარებას იწვევს.

მანანა გაბრიჭიძე