"ჩემთან ერთად მოგზაურობის შანსი არ აქვთ" - გზაპრესი

"ჩემთან ერთად მოგზაურობის შანსი არ აქვთ"

სალომე კოკუაშვილის პერსონაჟი - სოფია დიდი განსაცდელის წინაშეა: მეუღლე ციხეში ჰყავს. რაკი სკოლის დამთავრებისთანავე გათხოვდა, განათლება ან სამუშაო გამოცდილება არ აქვს. შესაბამისად, ახლა რთული პერიოდი უდგას და მაქსიმალურად ცდილობს, სიტუაციიდან ისე "გამოძვრეს", რომ მისი ერთადერთი შვილი არ დაზარალდეს. თავად მსახიობს მშვენიერი ცხოვრება აქვს: ახლახან მოგზაურობიდან დაბრუნდა და უკვე მომავალი მოგზაურობაც დაგეგმილი აქვს...

- ჩემთვის მოგზაურობა ყველაფერია. ალბათ, ამაზე მეტად არაფერი მიყვარს. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მსოფლიოს გარშემო მემოგზაურა.

- რამდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი?

- დაახლოებით, 17-ში. ზოგ ქვეყანაში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, მაგრამ - სხვადასხვა ადგილას.

- ყველაზე ხშირად რომელ ქვეყანას სტუმრობ?

- ყველაზე ბევრჯერ საბერძნეთში ვარ ნამყოფი, რადგან ბევრი კუნძულია. იტალიასა და საფრანგეთში სამჯერ ვიყავი, მალდივებზე - ორჯერ... თან, ბიუჯეტი ხელს უნდა მიწყობდეს - ამის მიხედვით ვწყვეტ, სად გავემგზავრო.

- ძირითადად, მოგზაურობისთვის წელიწადის რომელ დროს ამჯობინებ?

- საერთოდ, ზამთარი, სიცივე არ მიყვარს. ამიტომ ზამთარში აუცილებლად ისეთ ქვეყანაში მივდივარ, სადაც ზაფხულია და ზაფხულშიც - ისეთში, სადაც ზაფხულია (იცინის).

- ბოლოს სად იმოგზაურე?

- 1 კვირის წინ დავბრუნდი მალდივებიდან. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, სერფინგზე დავმდგარიყავი. სხვათა შორის, ისეთი რთული არ არის, როგორც ამბობენ. უბრალოდ, ყველაზე რთული სწორი ტალღის "დაჭერაა". ასე რომ, შემდეგ მოგზაურობაზეც ალბათ, "სერფინგის კამპზე" წავალ, რადგან ჩემი ახალი ჰობი სერფინგი გახდა.

- მოგზაურობა რომელი ასაკიდან დაიწყე?

- პირველად ქვეყანა რომ დავტოვე, სკოლის მოსწავლე, 13 წლის ვიყავი. თურქეთში ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი იმართებოდა... მაშინ მივხვდი, რომ მოგზაურობა მომწონდა. 17 წლის ვიყავი, როცა საბერძნეთში სამოგზაუროდ დამოუკიდებლად წავედი. შემაშფოთებელი და სანერვიულო ის იყო, რომ იმ პერიოდში, სავიზო რეჟიმი გვქონდა. არასრულწლოვანი ვიყავი. მიუხედავად ამისა, რამდენიმე სამსახური მქონდა - "რუსთავი 2"-ში, რამდენიმე პროექტზე ვმუშაობდი. ვიზა რთულად ავიღე - ჩემი ასაკის გამო... ვიზის აღება ძალიან გამიხარდა. უახლოესი პერიოდის ავიაბილეთები აღარ იყო (იაფფასიანს ვგულისხმობ, თორემ - ძვირად ყველაფერს იპოვი), მაგრამ გამგზავრება ისე ძალიან მინდოდა, რომ ავტობუსით წავედი (იცინის). შემდეგ, უკან თვითმფრინავით გამოვემგზავრე... რა თქმა უნდა, პირველი მოგზაურობა სასწაული გამოცდილება იყო! კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ჩასვლა "გზრდის", სხვანაირი შთაბეჭდილებებით სავსე, სიახლეების სურვილებით შეპყრობილი ბრუნდები და მოთხოვნილება გიჩნდება, რომ მეტი და მეტი ნახო, გაიგო, რაც განვითარებაში გეხმარება ადამიანს...

- საბერძნეთში მარტო გაემგზავრე?

- კი. მამიდა და მამიდაშვილი საბერძნეთში ცხოვრობდნენ. გარკვეული პერიოდი მათთან ვიყავი, თუმცა ძირითადად, მარტო ვმოგზაურობდი.

- მოგზაურობისას დროს რას უთმობ ხოლმე?

- ის ადამიანი არ ვარ, ვისაც ღამის გართობა უყვარს. შესაბამისად, საზღვარგარეთ ყოფნისას, ჩემი დილა აუცილებლად 6 საათზე იწყება. თუ ევროპაში ვარ, ღირსშესანიშნაობებს ვნახულობ, თუ - აზიაში, მაქსიმალურად ბევრი სპორტული აქტივობით ვარ დაკავებული. განსხვავებული კულტურის გაცნობა ძალიან მიყვარს... საზღვარგარეთ ძირითადად, საღამოს 10 საათზე ან 11-ის ნახევარზე ვიძინებ (იცინის). ღამის ცხოვრება არც საქართველოში მიყვარს.

- გამგზავრებას რამდენი ხნით ადრე გეგმავ?

- საერთოდ, 7-8 თვით ადრე ვგეგმავ, რომ ფინანსები სწორად გავანაწილო, თუმცა ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა ძალიან იაფად საინტერესო ტური შემოუთავაზებიათ და სპონტანურად გავმგზავრებულვარ.

- ჩემოდნის ჩასალაგებლად რამდენი დრო გჭირდება?

- სხვათა შორის, მნიშვნელობა არ აქვს, მოგზაურობას 8 თვით თუ 1 კვირით ადრე დავგეგმავ, ჩემოდანს მაინც გამგზავრებამდე 2 საათით ადრე ვალაგებ.

- ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაც მნიშვნელოვნის წაღება დაგვიწყებია?

- არა, თუმცა იყო შემთხვევა, როცა ხუთშაბათს მივფრინავდი, მაგრამ მეგონა, რომ ფრენა პარასკევს მქონდა. დასაძინებლად ვემზადებოდი, როცა მეგობრებმა დამირეკეს - სად ხარო? - რავი, ვწვები-მეთქი. - რას წვები, გოგო? აეროპორტში უნდა იყოო!.. ეს ის შემთხვევა იყო, როცა მართლა არ ვიცი, 15 წუთში რა ჩავყარე ჩემოდანში, რა მოხდა და საერთოდ, აეროპორტში როგორ მოვხვდი. ეს დეტალები არ მახსოვს. ჩასხდომის ბოლო წუთებს მივასწარი... მთელი გზა შოკში ვიყავი - ეს როგორ დამემართა-მეთქი?! ტაილანდში ძალიან კარგი დრო გავატარე, მაგრამ რაკი ბარგი სწრაფად ჩავალაგე, შესაბამისი ტანსაცმელი არ მქონდა, რის გამოც უკვე კატარის აეროპორტში, კონდიციონერისგან გაცივებულ-გაყინული ვიყავი. დასვენების ნახევარი პერიოდი ანტიბიოტიკებს ვსვამდი და ვიწექი. მიუხედავად ამისა, მაინც კარგი დრო გავატარე (იცინის). თავდაპირველად, ცოცხალი თავით არ ვწვებოდი. მეგობრები მეუბნებოდნენ, - მოდი, 1 დღე ჩაწექი, გამოშუშდები და მეორე დღეს კარგად იქნებიო. - არა-მეთქი! - ვპასუხობდი. სადაც მიდიოდნენ, ყველა ექსკურსიაზე მივყვებოდი, ოღონდ - ექსკურსიის პერიოდში, ავტობუსში უსულგულოდ მიგდებული ვიყავი...

- ტაილანდს მას მერე თუ ესტუმრე?

- არა, მაგრამ მინდა წავიდე, რადგან ვირუსის გამო, ბევრი რაღაც ვერ ვნახე... აუცილებლად კიდევ გავემგზავრები.

- მოგზაურობისას სამზარეულოთი თუ ინტერესდები? რომელი ქვეყნის კერძები მოგწონს განსაკუთრებულად?

- საერთოდ, ჭამა ძალიან მიყვარს, მაგრამ როგორც მივხვდი, დიდად გურმანი არ ვარ, რადგან ვერ ვიტყვი, ახალი გემოების აღმოჩენა ძალიან მიყვარს-მეთქი. იტალიური სამზარეულო ჩემთვის ყველაზე საყვარელია, ყველა ქვეყანაში - პიცა, პასტა, ლაზანია ყველგან შემიძლია ვჭამო... როცა რომელიმე ქვეყანაში ჩავდივარ, იქაურ ტრადიციულ კერძს აუცილებლად ვსინჯავ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ბურგერით, პიცით და პასტათი შემოვიფარგლები...

- ქართული სამზარეულოსთვის უჩვეულო რა გაგისინჯავს?

- არანაირი ინტერესი არ მაქვს, რომ მაგალითად, შემწვარი ხვლიკები და ტარაკანები გავსინჯო. მომზადებული მინახავს, მაგრამ გასინჯვის სურვილი არ გამჩენია (იცინის)...

- საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თუ ხარ ნამყოფი?

- აბსოლუტურად ყველგან ვარ ნამყოფი. ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს. ვფიქრობ, მოგზაურობა ნამდვილად ჩვენი ქვეყნიდან უნდა დავიწყოთ. არ მინახავს და სულ მინდა, ვნახო, თუმცა თავი ვერ მოვაბი, მაღალმთიანი აჭარაა. ასევე, თუშეთში არ ვარ ნამყოფი. სხვა კუთხეებში ყველგან ვყოფილვარ. ჩემი ფავორიტი ადგილი მარტვილის კანიონია, რადგან წყლის, კლდის შერწყმა შოკს მმართებს, ისეთი საოცარია!..

- სამოგზაუროდ მეგობრები როგორ შეარჩიე?

- ეს რთული საკითხია. დიდი ხნის განმავლობაში, "სამოგზაურო მეგობარი" არ მყავდა, რადგან მაგალითად, ბავშვობის მეგობარს სხვა ინტერესები აქვს - მისთვის მოგზაურობა პრიორიტეტული არ არის... სოლო მოგზაურობაში 3 არაჩვეულებრივი ქართველი გოგო გავიცანი. მას შემდეგ, საუკეთესო მეგობრები გავხდით, არა მხოლოდ მოგზაურობისას, არამედ - ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი გამართლებაა და ამით ბედნიერი ვარ! თბილისშიც სავახშმოდ ერთად ხშირად დავდივართ. მოკლედ, მართლა კარგი მეგობრები ვართ და არა - მხოლოდ სამოგზაურო პარტნიორები.

- სხვა მეგობრებთან მოგზაურობისას, ისეთი ცუდი გამოცდილება თუ მიგიღია, რომ მათთან მეგობრობა აღარ გაგიგრძელებია?

- არა, მაგრამ მქონია შემთხვევა, როცა რამდენიმე მეგობართან ერთად, საქართველოში დასასვენებლად ვყოფილვარ და მითქვამს, - ჩვენ ერთად დასასვენებლად არასდროს აღარ წავალთ. უბრალოდ, მეგობრები ვიქნებით-მეთქი. ასეთი მეგობრები დღემდე მყავს, ოღონდ ჩემთან ერთად მოგზაურობის შანსი არ აქვთ (იცინის).

- ასეთი რა მოხდა მათთან ერთად დასვენებისას?

- ისეთი არაფერი. უბრალოდ, მე თუ ვისვენებ, მართლა ვისვენებ. მოგზაურობისას პრობლემებზე ლაპარაკი, რაღაცის გარჩევა, თუნდაც - ლოგინის დალაგებასთან დაკავშირებული შენიშვნა არ მიყვარს. ისეთ ადამიანთან ერთად უნდა იმოგზაურო, ვინც შენნაირადაა განწყობილი და არ აწუხებს, რომ მაგალითად, ტანსაცმელი ჩემოდანში მოუწესრიგებლად გაქვს და არა - კარადაში შეწიკწიკებული (იცინის).

- შენს "ანგარიშზე" რამდენი სოლო მოგზაურობაა?

- დაახლოებით, 5.

- სოლო მოგზაურობა უფრო კომფორტულია თუ მეგობრებთან ერთად?

- რეალურად, ინტროვერტი ვარ. მარტო ყოფნა ძალიან მიყვარს და მარტო მოგზაურობაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ასევე, სოლო მოგზაურობისას შეიძლება, ისეთი ადამიანები გაიცნო, რომლებიც შენი საუკეთესო მეგობრები გახდნენ - ძალიან მაგარია! კიდევ, ზუსტად იმას აკეთებ, რაც გინდა. მეგობრებისთვის ანგარიშის გაწევა არ გიწევს, თუნდაც - შოპინგზე, კლუბში თუ რესტორანში წასვლისას. თუკი ზუსტად ისეთი მეგობრები გყავს, როგორიც - მე, მეგობრებთან ერთად მოგზაურობა უფრო სასიამოვნო ხდება, რადგან საერთო ინტერესები გვაქვს...

- მოგზაურობის მსურველებს რას ურჩევ?

- პირველ რიგში, ვურჩევ, რომ სოლო მოგზაურობის არასოდეს შეეშინდეთ, რადგან საშიში არაფერია. თავს მარტოდ ნამდვილად არასდროს იგრძნობთ, რადგან ნებისმიერ ადგილას - კაფეში, მაღაზიაში, ქუჩასა თუ დაგეგმილ ექსკურსიაზე შეგიძლიათ, ადამიანებს ჩვეულებრივად ეკონტაქტოთ. ტურისტები ძალიან კონტაქტურები არიან. სიახლეები, ახალი ადამიანების გაცნობა ძალიან კარგია... ვინც მეგობრებთან ერთად მოგზაურობენ, ვურჩევ - ასეთი მეგობრები არ დაკარგოთ, რადგან მგონია, რომ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია (იღიმის).

- მომავალი მოგზაურობა ხომ არ დაგიგეგმავს?

- დავგეგმე, მაგრამ ამ შემთხვევაში, ძალიან დასასვენებელი ტური მექნება, რადგან ბოლო წლების განმავლობაში, სულ აქტიური მოგზაურობები მქონდა, ბევრ რამეს ვნახულობდი, ბევრი სპორტული აქტივობით ვიყავი დაკავებული... დავიღალე... ამიტომ ჩემი შემდეგი მოგზაურობა თურქეთში იქნება, სადაც უბრალოდ, წამოვწვები, ვიცურავებ, შევჭამ (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი