თოჯინები, რომელიც ყველა ასაკის ადამიანის მოწონებას იმსახურებს - გზაპრესი

თოჯინები, რომელიც ყველა ასაკის ადამიანის მოწონებას იმსახურებს

"გოგონებს" სახის ნაკვთები არ ჰქონდათ და მათი ვიზუალი ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რაც შემდეგში "დაიბადა" და რა ხაზსაც დღემდე მიჰყვება. ქერა, შავგვრემანი, ჟღალი თუ წაბლისფერთმიანი გოგონები, ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ქსოვილის, დახვეწილი და გამორჩეული გარეგნობის არიან. ისინი დიდი შრომის შედეგად იქმნება და მათი ავტორი ხატია ნაყოფიაა.

- თბილისში ვცხოვრობ, უნივერსიტეტში კავშირგაბმულობის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და სწავლის დასრულების შემდეგ, პროფესიით ვმუშაობ. რაც შეეხება ხელსაქმეს, თავდაპირველად ხელნაკეთი თოჯინები ინტერნეტში ვნახე, თუმცა, არა ისეთი, რომელსაც ახლა მე ვაკეთებ. თოჯინების შექმნის ხელოვნებას ჩავეძიე და რაც უფრო მეტ ნამუშევარს ვნახულობდი, მით უფრო მითრევდა ეს საქმე. ბოლოს გადავწყვიტე, მეც მეცადა და რაც იმ დროს შინ ქსოვილები მომეპოვებოდა, პირველი ნივთი მათგან გავაკეთე. მას შემდეგ არ გავჩერებულვარ და ყოველი მომდევნო ნამუშევარი ნათელი მაგალითი იყო იმის, ნელ-ნელა შედეგს ვხვეწდი.

5-1716727527.jpg

- რა მასალას იყენებთ?

- თავდაპირველად, უნდა აღვნიშნო, რომ ტრიკოტაჟის ქსოვილს, რომელსაც ვიყენებ, ვგრუნტავ. ეს მას სიმყარეს ანიჭებს და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს პლასტმასია. გრუნტის გაშრობის შემდეგ, თოჯინას "მაკიაჟს" ვუკეთებ, შემდეგ თმას ვამაგრებ, რომელსაც სრულად მიაქვს ერთი დღე, რადგან მინდა ისეთი ეფექტი ჰქონდეს, როგორც ადამიანის თავის ქალაზე არსებულ თმას. თავად ვკერავ როგორც თოჯინის სამოსს, ისე ფეხსაცმელებს და ასევე, იმ სათამაშოებს, რომელიც ზოგიერთ თოჯინას აქვს.

- სამუშაო თვალსაზრისით, ბევრი დეტალია და თან, პატარა ნივთების შექმნას გაცილებით მეტი დრო მიაქვს, ვიდრე დიდს...

- ნამდვილად, ასეთი ბევრი ნივთის გაკეთება გამორიცხულია. ერთი თოჯინის შექმნას მინიმუმ 5 დღე სჭირდება. თან, არ მიყვარს, რომ ვჩქარობ, რადგან თუ ისეთი არ გამოვიდა, როგორიც მინდა, თავად არ მომეწონება, სხვას ვერ შევთავაზებ. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, სამუშაოდ რამდენიმე დღე მქონდეს. 3 და 5 წლის ვაჟები მყავს: ნიკოლოზი და ნერსე. შვილები რაც შემეძინა, ამ საქმის კეთებას იმდენად ვეღარ ვახერხებ, როგორც უწინ, თუმცა ვცდილობ და არ ვჩერდები. სულ რამდენიმე წუთს რომ გამოვნახავ, მაშინვე თოჯინას ვაკეთებ, მაგრამ უმთავრესად მაშინ ვმუშაობ, როცა იძინებენ. როცა მივხვდი, რომ ჩემმა თოჯინებმა ისეთ მაღალ ხარისხს მიაღწიეს, რომ სხვებისთვისაც შეიძლებოდა გამეზიარებინა, მაშინ უკვე რეალიზაციაში ჩაშვება გადავწყვიტე. მახსოვს, პირველი ნივთი თბილისში შეიძინეს და ამ ფაქტმა ძალიან გამახარა.

4aa-1716727514.jpg

- ბავშვებისთვის ყიდულობენ თუ დეკორატიული დანიშნულებით?

- როგორც სათამაშო დანიშნულებით, ასევე დეკორატიული ნივთის ფუნქციით. უმთავრესად ბავშვებისთვის, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ზრდასრულები თავისთვის ყიდულობენ. მაგალითად, ერთმა 50 წელს გადაცილებულმა ქალბატონმა 2 თოჯინა შეარჩია, ერთი თავისთვის, ხოლო მეორე - დისთვის. სხვა ქალბატონმა კი მითხრა, ჩემს შვილიშვილს თოჯინებით თამაში არ უყვარს, მინდა შეეჩვიოსო და ბავშვს 4 თოჯინა შეუძინა. გოგონას სათამაშო ისე მოსწონებია, რომ მას შემდეგ სულ იმ თოჯინებით ერთობა. ჩემი შეკერილი ნივთები ყველა უახლოეს მეგობარსა და საყვარელ ადამიანს აქვს. ერთი შექმნის დღიდან გამორჩეულად მიყვარს და ჩემთვის დავიტოვე. როგორც გითხარით, როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ, მაშინვე თოჯინებს ვამზადებ და სამომავლოდაც ამ საქმეს სიამოვნებით გავაგრძელებ.

ანა კალანდაძე