"სათამაშო მანქანის დანახვას მერჩივნა, ჩემთვის მწერი მოეყვანათ" - გზაპრესი

"სათამაშო მანქანის დანახვას მერჩივნა, ჩემთვის მწერი მოეყვანათ"

ჯერ 9 წლისაა, მაგრამ უკვე მომავალს გეგმავს, სადაც მწერებზე ზრუნვა, მათზე დაკვირვებაც იქნება მისი მუდმივი საზრუნავი. ალექსანდრეს უყვარს ის არსებები, რომლებსაც ბევრი ჩვენგანი ამრეზით უყურებს და უფრო მეტიც, უამრავი წვრილმანიც კი იცის მწერებზე, მათ ცხოვრებაზე. მუდმივად კითხულობს წიგნებს, უყურებს ვიდეოებს, რომ არაფერი გამორჩეს და ეს ცოდნა კიდევ უფრო მეტად გაიღრმავოს.

- მწერები ძალიან საინტერესო არსებები არიან. სულ მომწონდა ბუნებაში სეირნობა და მათზე დაკვირვება, მაგრამ ერთხელ, როცა მშობლებთან ერთად სტუმრად ვიყავი, იქ მაჩუქეს კონტეინერში ჩადებული მკვდარი მწერები: ნემსიყლაპია და პეპელა. ისე მომეწონა, რომ მას მერე მწერების შეგროვება გადავწყვიტე. თან, სახლში უკვე მქონდა წიგნი, სადაც უამრავი ინფორმაციაა თავმოყრილი სხვადასხვა არსებაზე. პარალელურად, "იუთუბზე" ვუყურებ ვიდეოებს, რომ მათზე უფრო მეტი ინფორმაცია მივიღო. როცა გავიგე, რას ჭამდნენ, როგორ ახერხებდნენ არსებობას, მერე უკვე ცოცხალი მწერების შინ მიყვანაც გავრისკე. პირველად მგონი პეპელა მყავდა, აღარ მახსოვს, იმდენი წელი გავიდა მას მერე... ძალიან მომწონდა ჩოქელა, რომელიც მავნებელი მწერებით იკვებება და როცა მისი დაჭერა მოვახერხე, ისიც სახლში წავიყვანე, თავისი "კუთხე" მოვუწყვე და კალიებით ვკვებავდი. თანაც, ჩოქელები და ბევრი სხვა მწერიც კანს იცვლიან და ეს პროცესი ძალიან საინტერესოა.

- როგორ ფიქრობ, რატომ იცვლიან კანს?

- კანს იცვლის, როგორც გველი. როცა იზრდება, რომ არ გამოიცვალოს, შეიძლება საკუთარ კანში გაიჭედოს და მოკვდეს... დაახლოებით 2 წლის წინ ზოოპარკში, ეგზოტარიუმში გველების სანახავად წამიყვანეს და სულ ზედა თაროზე ჩხირულას მოვკარი თვალი. ისე გამიხარდა, შევყვირე. ძალიან მინდოდა ერთი ეგეთი მეც მყოლოდა და ზოოპარკის თანამშრომლებმა უპრობლემოდ მაჩუქეს 2 ცალი. როგორც მივხვდი, ერთი დედალი იყო, მეორე - მამალი.

- ამას როგორ მიხვდი?

- მწერებში მამლები შედარებით პატარები არიან, დედლები - დიდები.

- ამას შენი დაკვირვებით მიხვდი?

- კი, დაკვირვებით და სხვა ბევრი კალკულაციით. ჩოქელებშიც ასე ხდება.

- ჩოქელა დაახლოებით რამხელაა?

- სრულწლოვანი 7-8 სანტიმეტრი იზრდება, სულ პატარა დაახლოებით 1 მილიმეტრია. დედალი დებს ერთ დიდ კვერცხს, რომელშიც 200-დან 500-მდე ჩოქელაა. კვერცხი დაახლოებით 3 სანტიმეტრი მაინცაა.

კვერცხის დადებისას იმდენ ენერგიას ხარჯავს, რომ მალევე კვდება. სიცოცხლეში დაახლოებით ორი კვერცხის დადებას ასწრებს. ისინი ერთი წელი ცხოვრობენ. ბაია ჩოქელას ჰქვია ნიმფა. 1 კვერცხიდან ხომ ბევრი იბადება, მაგრამ მარტო 10 თუ ახერხებს გადარჩენას. ისეთი პატარები და სუსტები არიან, ერთი საათი რომ ეთამაშო, მოკვდებიან.

- როგორ იზრდებიან და რას აჭმევ მათ?

- ჯერ ქინქლებია, ამიტომ მაგათ ვერაფერს ვაჭმევ. ამ ამბავში "გაჭირვებული" ვარ. ჰოდა, ერთხელ რომ დამეხოცნენ და ჩოქელას მეორე კვერცხიც ჩამივარდა ხელში, ჭკუა ვიხმარე და ის გარეთ, ბუნებაში გავიტანე. იქ როგორღაც ახერხებენ გადარჩენას. იცით, ზოგადად კვერცხიდან ათეულობით, ასეულობით ქინქლი ერთდროულად იჩეკება, მაგრამ იმ კვერცხიდან, რომელიც შინ მქონდა, რატომღაც ლამის თითო-თითოდ გამოიჩეკნენ. როცა მივხვდი, რაღაც კარგად არ იყო, ბუნებაში გავიტანე... ჩემს სახლში ჩოქელამ პირველად რომ კვერცხი დადო, ვეჭვობდი, რომ მისგან რაიმე გამოიჩეკებოდა, რადგან არ მეგონა, შეყვარებული თუ იყო, მაგრამ იმ კვერცხიდან ბაიები რომ გამოვიდნენ, მაგრად გამიხარდა. თავიდან თაფლს ვაჭმევდი, ვცდილობდი მათზე მეზრუნა, მაგრამ დაიხოცნენ... როცა დათბება, ჩოქელებს ისევ მოვიყვან სახლში და ვიდრე კალიები იქნებიან, მათზე ვიზრუნებ.

- ასე რატომ მოგწონს ჩოქელა?

- სასარგებლო მწერია, მავნებლებისგან ათავისუფლებს მცენარეებს. ფაროსანას ბუნებრივი მტერიცაა. უამრავ ქვეყანაში ჩოქელას დიდ პატივს სცემენ. ეს მწერი ვენახში ან ბოსტანში თუ გყავს, ძალიან კარგია. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩოქელას მთელ სხეულზე ყურები აქვს, ძაღლივით კარგად ესმის.

- ახლა ჩხირულაზეც მიამბე...

- როგორც გითხარით, ზოოპარკში მამალი და დედალი ჩხირულა მომცეს, მაგრამ მამალი მალე მოკვდა, დედალი გადარჩა და მივხედე. მერე აღმოჩნდა, რომ ეს ჯიში კვერცხს მამლის გარეშეც დებს. კვერცხები დადო და მერე ისიც მალე მოკვდა. ახლა სამწუხაროდ, ჩხირულა აღარ მყავს.

- კვერცხებიდან პატარა ჩხირულები არ გამოიჩეკნენ?

- სამწუხაროდ, ჯერ არა. ის კვერცხები ისევ ქილაში მიდევს და ველოდები, იქნებ გამოიჩეკოს. ამ ჯიშს 2 თვიდან 1 წლამდე დრო სჭირდება, რომ კვერცხიდან პატარები გამოვიდნენ. 11 თვეა უკვე ველოდები მათ და მაისის ბოლოს თუ არ გამოიჩეკებიან, გამოდის, რომ დედალმა უნაყოფო კვერცხი დადო. ვიფიქრებ, ალბათ ეს ჯიში მამლის გარეშე ცარიელ კვერცხებს დებს-მეთქი... ჩხირულა არაა სასარგებლო მწერი, რადგან ის ფოთლებს ჭამს, თუმცა ისეთი ნელი ტემპით, რომ ბუნებას დიდად ვერ დააზარალებს - 1 წელიწადში მხოლოდ 1 მეტრ ტოტს თუ შეჭამს, ძალიან ნელები არიან. მისთვის ფოთლებს ვიმარაგებდი ხოლმე.

- ეს მწერიც ერთ კვერცხს დებს?

- არა, რამდენიმე ჭრელ და პატარა კვერცხს დებს, თითოდან თითო მწერი იბადება...

- ალექსანდრე, ახლა რა მწერები გყავს შინ?

- ამჯერად მხოლოდ მუხლუხოები მყავს.

- მათ როგორ უვლი?

- ხომ იცით, რა არის მუხლუხო? - მწერი, რომელიც მალე პეპლად გადაიქცევა. ჭიაა, რა. ფოთლებს ჭამენ. მუხლუხო ჰქვია ცოტა მოზრდილ მწერს, ხოლო მუხლუხი - პატარას. ყველას სხვადასხვა ფოთოლი უყვარს და ესეც "იუთუბიდან" ვისწავლე. ახლა მუხის ფოთლებს, ბალახებს ვაგროვებ და მიმაქვს ხოლმე შინ. ჩემი მუხლუხოები მალე დაჭუპრდებიან და მერე პეპლებად გადაიქცევიან. ეს ძალიან საინტერესო პროცესია. მერე სახლში გვყავს პეპლები, სხვათა შორის, ღია სივრცეში. მათ თაფლს, შაქრიან წყალს ვაჭმევ. ხომ იცით, სიტკბო უყვართ.

- როცა ეს მწერები შინ მიგყავდა, დედა და მამას ამას როგორ ეგუებოდნენ?

- მგონი, სულ შეგუებული იყვნენ ამას. იმ დღეს, როცა მკვდარი მწერები მომცეს, არ გაუპროტესტებიათ. მერე პეპლებს, ხოჭოებს თუ ვინმე დაიჭერდა, მამას აძლევდნენ და მას ჩემთან მოჰქონდა. იცოდნენ, სათამაშო მანქანის დანახვას მერჩივნა, ჩემთვის მწერი მოეყვანათ (იცინის).

ახლა ისევ ვეძებ ჩხირულას და მშობლებიც ჩაერთვნენ ამ საქმეში, მაგრამ ვერ ვიშოვეთ. თურმე ზოოპარკშიც დაეხოცათ. გავარკვიეთ, რომ საქართველოში მხოლოდ ვაშლოვნის ნაკრძალში შეიძლება ნახო რაღაც ჯიში, მაგრამ მთლად ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ გვყავდა. ზოგადად, ჩხირულა ტროპიკებშია... მოუთმენლად ველოდები, იქნებ შემოიყვანოს ვინმემ...

ერთი პერიოდი ნემსიყლაპიებით ვიყავი გატაცებული და სახლშიც მყავდა, მაგრამ მერე გამიარა. კალიებსაც ვაკვირდებოდი და ორნაირი კალია არსებობს, ჩვეულებრივი და კუტკალია. კუტკალიას აქვს კუდი, პატარა თვალები და იკბინება...

- შენს სამეგობროში ვინმე არის მწერებით გატაცებული?

- კი, რამდენიმეს უყვარს, მაგრამ სახლში არავის ჰყავს. იმათ ეცოდებათ, მე კი ვერ ვხვდები, რატომ უნდა გეცოდებოდეს, თუ მოუვლი, მასზე იზრუნებ? ბოლოს და ბოლოს, დედამიწაზე 13 კვინტილიონი მწერი არსებობს.

- შენ იმიტომ მოგყავს, რომ დააკვირდე და მათზე უფრო მეტი ინფორმაცია გქონდეს?

- დაახლოებით ეგ მიზეზია. თანაც, მახარებს მათი ყურება.

pxl-20230607-042316576-1716727786.jpg

- ფრინველები, ცხოველები თუ გიყვარს?

- ფრინველები მიყვარს, მაგრამ ცხოველებს სახლში ვერ ვიყოლიებ. მათ ყოველ წუთას მიხედვა სჭირდებათ და რამე რომ დაემართოთ, არაფერი მეშველება. მწერები კი შედარებით ადვილი მოსავლელია... აი, ჩემი ჩხირულა რომ მოკვდა, კინაღამ ვიტირე, რადგან ეს სერიოზული მწერია.

- კიდევ, რომელი მწერის ყოლაზე ოცნებობ?

- ო, ერთი ასეთი ოცნება კი მაქვს: მინდა ფარშავანგთვალა პეპელა მყავდეს. ეს პეპელა დიდია და ფარშავანგის კუდივით ლამაზი ფრთა აქვს. სხვათა შორის, საქართველოში გავრცელებულ პეპლებს შორის ყველაზე დიდია. ამ მწერზე ყველაფერი ვიცი. ერთხელ 2 ცალი ვიპოვე ჩემს სოფელში, დედალ-მამალი, შეყვარებულები იყვნენ. მერე კვერცხები დადო დედალმა, მუხლუხოებიც გამოვიდნენ, მაგრამ არ ვიცი, როგორ, რაღაცნაირად დაობდნენ. აი, გაფუჭებულ საჭმელზე რომ უცნაური, თეთრი ბეწვივით ობი ჩნდება, დაახლოებით მსგავსი რამ დაემართათ.

- შენი მუხლუხოები როცა დაპეპლდებიან, ბუნებაში გაუშვებ?

- არა, მათ მე უნდა მივხედო. ოთახს ფარდით გადავკეტავ და მერე ვუშვებ. ზოგჯერ ხელზეც მაჯდებიან, იმდენად მეჩვევიან. რაღაც ჯიშის პეპლები მშვიდები არიან, მაგრამ თეთრი პეპელა მყავს, რომელიც ვერაფრით დავიმეგობრე. აი, ყვითელი პეპლები ნამდვილი "ცოფიანები" არიან... კიდევ, სახლში მყავს 1-2 ცალი ობობა, რომელიც მიცნობს.

- ზოგადად, ობობის ქსელს რომ დავინახავთ, ქალები ცოცხით ჩამოვაგდებთ ხოლმე. დედაშენს ეს ეკრძალება?

- აბა რა. მე რომ ობობას დავინახავ, ვეუბნები: არა, ძმაო, ხელს არ გახლებ. შენ დაგარქმევ სახელს და შეჭამე ის სულელი კოღოები, რომლებიც შემოძვრებიან ჩვენს ბინაში-მეთქი. ობობები, რომლებიც ჩვენს სახლში ქსელს აბამენ, გვიცავენ და ის არ უნდა ჩამოვაგდოთ. აბა, რა გირჩევნიათ: ბევრი კოღო და ნაკლები ობობას ქსელი სახლში თუ პირიქით, ნული კოღო და ბევრი ობობა, რომელიც არაფერს დაგიშავებთ, მხოლოდ სიკეთეს მოგიტანთ?

- გარდა კოღოსი, რომელი მწერი არ გიყვარს?

- საშინლად, 100 პროცენტით ვერ ვიტან ბუზს ერთი მარტივი ლოგიკიდან გამომდინარე: შენს საჭმელს ანადგურებენ, სულ ბზუიან და ბუზი ცეცე ხომ საერთოდ, საშინელი ვინმეა: ტიპს შეუძლია დაგაჯდეს და კვერცხები შენს კანში დადოს, ეს საშინელებაა.

ლიკა ქაჯაია