"აუცილებლად წავალ ამ ქვეყნიდან"
ჩემი შრომით ვუვლი თავს, შვილს და არ მიმაჩნია სწორად, ვინმემ იმის გამო გამაკრიტიკოს, რომ გასართობი გადაცემა მიმყავდა", - ამბობს მსახიობი ანა ამილახვარი. ცნობილია, რომ ის მოქალაქეობრივი პოზიციის გამო, არხის ხელმძღვანელობამ ტელეკომპანია POSTV-დან გაათავისუფლა.
- მე ვარ არტისტი, ხელოვანი, მაგრამ პირველ რიგში - ჩემი ქვეყნის მოქალაქე. ასეთი დამოკიდებულება მაქვს, არასდროს არც ერთ პარტიას არ უნდა მივეკუთვნებოდე, რადგან ხელოვანისთვის ეს ძალიან უხერხულია. რეალურად ხელოვნება ხომ იმას ემსახურება, ამხილოს ყველაფერი, რაც არასწორია. შესაბამისად, ყოველთვის ვიდექი იქ, სადაც საჭიროდ ვთვლიდი, რომ უნდა ვყოფილიყავი, პოზიცია ახლა არ შემიცვლია. ის, რომ POSTV-ში ვმუშაობდი, არ ნიშნავდა იმას, რომ ამ ხელისუფლების მომხრე ან მოწინააღმდეგე ვიყავი. ყოველთვის ვაფიქსირებდი იმას, რაც არ მომწონდა. ამ კანონის გამო, აქციებზე შარშანაც დავდიოდი. წელს, როგორც კი ხელახლა შემოიტანეს, იმ დღესვე აქციაზე გავედი.
თეატრში შემოსავალი არ შეესაბამება იმ ეკონომიკურ რეალობას, რომელიც ქვეყანაში გვაქვს (გაძვირებული პროდუქტები და ა.შ.), ხელოვნება კი უზარმაზარ ენერგიას და დროს მოითხოვს, განსაკუთრებით - თეატრი. ჩვენ შიდა განაწესი გვაქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ შენ ეკუთვნი თეატრს ყველაფრით. არ არის კონკრეტული დრო მოცემული. რეპეტიციები 24 საათის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს ან სულ არ გქონდეს, მაგრამ ელი, სულ ელი შენს დროს. ძალიან რთულია, იყო წარმატებული თეატრში და პარალელურად შეუთავსო სამსახური, რომელიც მატერიალურად მოგაძლიერებს და ხელსაც არ შეუშლის შემოქმედებით პროცესს. ამიტომ რთულია, ასეთი სტაბილური სამსახურის მოძებნა და დაკარგვაც. მოგეხსენებათ, ყველანი მიბმული ვართ ბანკებზე და მილიონი პასუხისმგებლობა გვაქვს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოვიწყვე ცხოვრება ისე, რომ არავისზე არ ვიყო დამოკიდებული (ვგულისხმობ ოჯახს) და ეს ჩვენი პოლიტიკის შედეგი მგონია, რადგან ჩემი მხრიდან ცდა არ დამიკლია. ყველა ბიზნესმენი ვერ იქნება. ამ მიზეზების გამო მაშინვე არ დამიწერია განცხადება წამოსვლაზე. ვიფიქრე, რაღაც შეთანხმება მოხდებოდა, დათმობაზე წავიდოდნენ, რამეს ჩაანაცვლებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ძალადობას ძალადობა დღითი დღე ემატება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქედანაც გასაგებია, რას ემსახურება ეს კანონი. ამ თემაზე საუბარი ღიად, დაუფარავად დავიწყე. იქ, სადაც ვმუშაობდი, ჩემი პოზიცია ყველასთვის უკვე ცხადი იყო. მერე ჩემს სოციალურ ქსელში, საჯაროდ დავწერე, კანონში შემავალ პუნქტებს რომ თავი დავანებოთ, როცა საზოგადოებაში ასეთი განხეთქილებას იწვევს, ეს კანონი უკვე დასაგმობია, არ ვეთანხმები-მეთქი. ამ პოსტის დადებიდან ზუსტად 3 საათში დამიბარეს და ძალიან კორექტულად, მეგობრულად ამიხსნეს, რომ ჩვენ ერთმანეთს არაფერში ვეთანხმებით. თურმე უნდა დაარბიო, სახელმწიფომ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეა და მე რატომ მიკვირს, დღეს რომ ასე ხდება?
- ანა, ეს დიალოგი ვისთან გქონდათ?
- ამის თქმა არ მინდა, არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. მანამდე მქონდა შემთხვევა, სოციალურ ქსელში პოსტი დავდე და იმ ეკონომიკური თუ ეკოლოგიური პრობლემების გამო, რომელიც პირდაპირ მეხებოდა, უკმაყოფილება გამოვთქვი, მერია და ქალაქის მერი მოვნიშნე. ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე ვარ, არანაირი "პატრონი" და მფარველი არ მყავს, ის მაწუხებს, რაც ყველა მოქალაქეს. მაშინაც დამირეკეს POSTV-დან, ძალიან მეგობრულად მელაპარაკნენ, მითხრეს, - გვიყვარხარ, მაგრამ ჩვენთან ასეთი ამბები არ მოსულა, შენ მაინც ჩვენი სახე ხარ, ჩვენ ამ ხელისუფლების მომხრე ვართ და არ არის ლამაზი, გთხოვთ, გაგვითვალისწინეო. იმდენად მეგობრული ურთიერთობა მაქვს ყველასთან, ამ ზარის ავტორს ანგარიში გავუწიე და პოსტი ავიღე. ამ პოსტს დიდი გამოხმაურებაც არ ჰქონია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი პრობლემა იყო ამ ქვეყანაში. დღეს საქართველოში რაც ხდება, ეს ჩვენი ბრალია. ხმას არ ვიღებთ, სანამ უკიდურესობამდე არ მივალთ. ცხოვრება ძალიან გაძვირებულია, მაღაზიებში კატასტროფული ფასებია. ნეტავ ეს მარტო მე მაწუხებს? მგონი, ყველას აწუხებს.
- ამ პრობლემაზე აქციები არასდროს გამართულა.
- ხმას არავინ იღებს, მე ამ აქციებს ძალიან ველოდები, მაინტერესებს, ვინ მოვა.
- 1 წლის წინ, ამავე კანონის გასაპროტესტებლად, აქციებზე რომ დადიოდით, მაშინაც POSTV -ის თანამშრომელი იყავით?
- არა. მე ვარ რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, დამოუკიდებელი ადამიანი და არ მიმაჩნია სწორად, ხალხმა ვინმეს "მიმაკეროს", თუნდაც ბატონ რუბერტ სტურუას მოსაზრებებს. ეს არ არის დემოკრატიული პროცესი. ამ ქვეყანაში ბევრი ძალადობა ხდება, ყველა მხრიდან ისმის: ამას რატომ არ ამბობ, იმას რატომ არ ამბობ, აბა, სამსახური დატოვე... ეს დემოკრატიაა?
- ეს რუსთაველის ეროვნულ თეატრში ხდება?
- ეს არ ეხება მხოლოდ რუსთაველის თეატრს, ყოველთვის განსხვავებული განწყობა ჰქონდათ თეატრებს, რაც ჩემთვის საკმაოდ უხერხულია.
- ადამიანი, რომელიც რუსთაველის ეროვნულ თეატრს ხელმძღვანელობს, "ქართული ოცნების" პოლიტიკას მხარდაჭერას ღიად უცხადებს. რობერტ სტურუასთან ამ თემაზე ლაპარაკი გქონდათ?
- ვცდილობ, ამ თემაზე თეატრში არ ვისაუბრო. არ მინდა, ამ ნიშნით ვინმესთან კონფლიქტი მქონდეს. თანაც აშკარა უმცირესობაში ვარ, თუმცა ეს ვერ გადამიწყვეტს მათ სიყვარულს. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ სცენაზე და ჩვენ შორის თუ არ იარსებებს კვეთის წერტილი, რომელიც გაგვაერთიანებს, ვერ ვითამაშებთ. ზუსტად იმავე სცენაზე დგას დღეს ჩვენი საზოგადოება.
- POSTV-ის თანამშრომლების რეაქცია როგორი იყო?
- ჩემმა თანაწამყვანებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ ვუყვარვართ. მთავარი პროდიუსერის - თამარ მაჭავარიანის, ასევე შალვა რამიშვილის მხრიდან დიდი გულის წყვეტა იყო. იმის გამო, რომ სხვაგვარად ვფიქრობდი, მათგან არც ერთი წამით, თავი შეურაცხყოფილად არ მიგრძნია. მაგათი "თამაშის" სტილში მსგავსი რამ უბრალოდ არ ხდება, არ ხდება ის, რომ თავისუფლად დადგე და ის ილაპარაკო, რაც გინდა.
სოციალურ ქსელში ჩემს პოსტზე ხალხის გამოხმაურება რომ წავიკითხე, მივხვდი, ამ ქვეყანაში ადამიანების უმრავლესობას პირადი სივრცის იქით ადამიანის აღქმა არა აქვს, ის რომელ მხარესაც უნდა იდგეს. მთელი ცხოვრება პატიოსანი შრომით ვშოულობ საარსებო თანხას. ლაქშერული თუ რამე არსებობს, ეს ბარტერებით და მოლაპარაკებით ხდება. საზოგადოებას დაავიწყდა, რომ ამ ქვეყანაში მსახიობი 20 ლარი ღირს. მე აუცილებლად წავალ ამ ქვეყნიდან. ძალიან მალე ბევრი ადამიანი წავა ამ ქვეყნიდან.
- ეს გამოსავალია?
- აქამდე არ ვთვლიდი, რომ ეს გამოსავალი იყო. 32 წლის ვარ, ბევრჯერ მქონია შანსი, მაგრამ სულ ვფიქრობდი, ეს ჩემი ქვეყანაა და აქ უნდა ვიცხოვრო, ჩემს ხალხთან უნდა ვიყო და ვიმსახურო. დღეს იმით გავხდი ცნობილი, რომ შალვა რამიშვილმა სამსახურიდან გამომიშვა, ის, რომ 9 წელია სცენიდან არ ჩამოვსულვარ და უამრავ სპექტაკლში მითამაშია, ეს არავინ იცის; ისეთი შეურაცხმყოფელი კომენტარები წავიკითხე, რომ... წერდნენ: კარგია, რომ გონს მოეგოო, რომ ვიღაცის მხარეს გადმოვედი. არასდროს არც ერთი პარტიის მხარეს არ გადავალ! 3 დღეა, ჩუმად ვზივარ და კომენტარებს ვკითხულობ, უამრავი შეტყობინება მომდის, მამხნევებენ და იქვე მეკითხებიან, მანდ რატომ მუშაობდიო? ჩემი პასუხია - ვმუშაობდი. ჩემი შრომით ვუვლი თავს, შვილს და არ მიმაჩნია სწორად, ვინმემ იმის გამო გამაკრიტიკოს, რომ გასართობი გადაცემა მიმყავდა. არც ის მიმაჩნია მართებულად, ადამიანებს მოვუწოდო სამსახურის დატოვებისკენ, ისევე, როგორც არ მიმაჩნია ნორმალურად ჩუმად ყოფნა. ზოგადად ყველაფერი არანორმალური ხდება ჩვენს თავს, მაგრამ ყველაზე დიდი უსამართლობა ის არის, რომ შენი აზრის გამო, სამსახურს გატოვებინებენ. ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა, ეს არ არის დემოკრატია, ეს არ არის ჯანსაღი პროცესი. აქ უკვე ეს კანონი ასეთია, ისეთი თუ როგორიც არის, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში ადამიანის ფუნდამენტური უფლება ირღვევა, შრომითი ხელშეკრულება და საერთოდ ყველაფერი. იმიტომ გავიარეთ ამდენი ქარცეცხლი, რომ დღეს ჩვენი აზრის გამო სამსახურებიდან გაგვათავისუფლონ? უკაცრავად, მაგრამ მე ასეთი საქართველო არ მაწყობს.
- იმ ამბებმა, რაც ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ხდება, რა დაგანახვათ, სხვაგვარად რაზე დაგაფიქრათ?
- ადამიანებმა ნამდვილი სახეები გამოაჩინეს. გამოჩნდა, ვინ როგორ აღიქვამს თავისუფლებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ორივე მხრიდან არაჯანსაღი პროცესები ხდება. ყველა მხრიდან ისმის: მონა, მონა! ქოცო! ნაცო! ასე შეიძლება?
საჯაროდ პირველად ვამბობ, სანამ ეს მოვლენები დაიწყებოდა, მე და ჩემმა მეგობრებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადავიღეთ. სცენარის ავტორი და რეჟისორი ჯენზი გოგა მამუკელაშვილია. სცენარში მეც ჩავერიე და ფილმში მთავარ როლსაც ვასრულებ. ჩვენს ნამდვილ პოზიციას, განწყობას, დამოკიდებულებას ამ ფილმით გაიგებთ. თავიდან ვფიქრობდით საფესტივალოდ გაგვეკეთებინა, ახლა ვხვდებით, რომ ეს ფილმი ხალხს უნდა ვაჩუქოთ, მაგრამ რა ფორმით, ჯერ არ ვიცით. გაოცებული ვარ, როგორ ვიწინასწარმეტყველეთ ის, რაც დღეს ხდება. თითქოს ვგრძნობდით, რომ ხანგრძლივ სიჩუმეს ხმაური მოჰყვებოდა. პროტესტი დაგროვდა და ამ კანონმა არაჩვეულებრივად შეუწყო ხელი ხალხის "აფეთქებას". ამბობენ, რომ ახალგაზრდებს საკმარისი გამოცდილება არ აქვთ და არ აქვთ თავი "დამძიმებული". სამაგიეროდ, ინტუიცია აქვთ, რომელმაც ეს ფილმი გადაგვაღებინა.
- რა გაქვთ სათქმელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეკრანზე თქვენს გამოჩენას ელოდებოდნენ?
- ვერავინ დამაბრალებს, რომ იმ საქმეს, რასაც ხელი მოვკიდე, რამე დავაკელი. სულ ვცდილობდი, საეთერო დრო სწორად გამომეყენებინა. ძალიან მიყვარს ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ეს პლატფორმა იმის საშუალებას მაძლევდა, რომ მაქსიმალურად გამომეჩინა ეკრანზე სწორი ადამიანები სწორი აზრებით; ყველა ნიჭიერი ადამიანისთვის მიმეცა აზრის გამოთქმის საშუალება; სადმე ლექციაზე რომ წავიდოდი და საინტერესო ადამიანს გავიცნობდი, გადაცემაში აუცილებლად მოვიპატიჟებდი.
- რას ფიქრობთ, წლების შემდეგ, POSTV-ში გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებთ?
- მე მათი მადლიერი ვარ. "ცეკვავენ ვარსკვლავები" რომ დასრულდა, მათგან მივიღე პირველი შემოთავაზება. საქმე ასარჩევად არ მქონია, ერთდროულად 9 ტელევიზია არ დამდგარა რიგში, ოღონდ ჩემთან წამოდიო. მაშინ გადაცემის წაყვანის არანაირი გამოცდილება არ მქონდა, მით უმეტეს - პირდაპირ ეთერში მუშაობის. მახსოვს, პირველ დღეებში როგორი ემოცია მქონდა, მეგონა, გული გამისკდებოდა. მსახიობი ვარ და არ ვიმჩნევ, ვიცი, რაღაც მომენტში თავი როგორ დავიჭირო. POSTV-მ დიდი შანსი და დიდი გამოცდილება მომცა. ახლა ნებისმიერ ეთერს უპრობლემოდ წავიყვან. უკვე 4 სატელევიზიო პროექტის იდეა მაქვს.
- შემოთავაზებები გექნებათ, იმედია.
- მზად ვარ ვიშრომო და ჩემი ენერგია კეთილ საქმეებს მოვახმარო. თუ მუდამ ვიღაცასთან უნდა ვასოცირდებოდე, მაშინ ავიღოთ ხელში ქვები და ვისაც ცოდვა არ აქვს, პირველი იმან ისროლოს.
- მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებას გისურვებთ!
- ახლა არის იმის დრო, ვისაც რა ცოდნა დაგვიგროვებია, ამოვიღოთ და დავდოთ. ვისაც პოლიტიკური ცოდნა აქვს, გამოჩნდით ლიდერები. პატარა გოგონები და ბიჭები აღარ ვართ, თქვენს თავზე პასუხისმგებლობა აიღეთ, გამოჩნდით!
თამუნა კვინიკაძე