რადიკალიზმი, აგრესია და ორ ნაწილად გაყოფილი საზოგადოება, ანუ რა გვჭირს? - გზაპრესი

რადიკალიზმი, აგრესია და ორ ნაწილად გაყოფილი საზოგადოება, ანუ რა გვჭირს?

ერთმანეთისთვის მიწებებული იარლიყები, სოციალურ ქსელებში თუ პირად საუბრებში არსებული სიძულვილის ენა... დღეს ასე რომ არის დამკვიდრებული ჩვენს ქვეყანაში, ეს ბევრისთვის ამაღელვებელია. გაგაცნობთ, რას ფიქრობენ ამ მანკიერებებზე ცნობილი ადამიანები...

"ადამიანს ერთ დღეს ვაღმერთებთ და მეორე დღეს მიწასთან ვასწორებთ"

ლევან ყოჩიაშვილი, მსახიობი:

- ორად გაყოფილი საზოგადოება, მიწებებული იარლიყები, სიძულვილის ენა... ამ მანკიერებებზე როგორია თქვენი აზრი?

- საშინელებაა, ამ ქვეყანაში არ იქნა და აღარ დამთავრდა ეს ყველაფერი.

- მგონი, უფრო ძლიერდება, არა?

- ძალიან სამწუხაროა. პატარა ქვეყანა ვართ, ამდენი გამოწვევებით და ჩვენს ენერგიას, დროს რაში ვხარჯავთ.

- თქვენი აზრით, რა კვებავს ამ მანკიერებებს?

- ცოტ-ცოტა ყველაფერი მოქმედებს. თავის წილს პოლიტიკოსებიც სცოდავენ. ჩვენ ვერ შევთანხმდით, რა გვინდა, საით მივდივართ, როგორ უნდა ვიცხოვროთ. ალბათ ვიდრე ამ შეთანხმებას არ მივაღწევთ, მანამდე არაფერი გვეშველება, სულ ასე იქნება.

- დღეს ჩვეულებრივ ამბად იქცა, ადამიანებმა ერთმანეთს უწოდონ "სამშობლოს გამყიდველი", თითქოს ამ სიტყვათშეთანხმების შინაარსი უმძიმესი ბრალდება არ იყოს. რა პრობლემას ხედავთ თითოეულ ჩვენგანში?

- არ შეიძლება ფრაზები ასე ისროლო. ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. ნათქვამია, ყველამ თავის საქმე აკეთოსო, მაგრამ შენს საქმეს ვერ გააკეთებ, როცა ამდენი გარე ფიქრები გაქვს, როცა ბევრი გარემოება ხელის შემშლელია.

- პირადი გამოცდილებით, რა შეგიძლიათ მითხრათ, ასეთი თავდასხმები თქვენზე თუ მომხდარა?

- პირადად მე არ ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში და ვერაფერს ვიტყვი. წარუმატებელი ერები და ქვეყნები შეთანხმდნენ და განვითარდნენ, თან ისეთი წარმატებულები გახდნენ, დღეს ჭკუას რომ ეკითხებიან; კაციჭამიები შეთანხმდნენ, განვითარდნენ და ჩვენ რა გვჭირს?

- თქვენი აზრით, ჩვენთან ასეთი რადიკალიზმი რატომ არის?

- ამას ალბათ სახელმწიფომ უნდა მიხედოს, საზოგადოებას მაგალითი მისცეს. გამოწვევა ბევრი გვაქვს, ქვეყანა პატარაა, სამოთხესავით უნდა გვქონდეს აყვავებული. არ ვიცი, ერთმანეთის ასე "ჭამა" შეიძლება? ამ ქვეყანაში ადამიანებისთვის ერთ დღეს კაცი კარგია, საამაყოა, ქვეყნის სახელი გარეთ გაიტანა, დამსახურებულია, გვასახელა და მეორე დღეს მიწასთან ასწორებენ იმის გამო, რომ რაღაც საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული მისი აზრი არ მოეწონათ. სამწუხაროდ, ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. ქართველები რომ გადავრჩეთ, აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ!

"მგონი, გააფრინეს"

172629938-2907594052893779-5525878196018678182-n-1716728808.jpg

ნინო ლეჟავა, მსახიობი:

- პოლიტიკურ თემებს არც გადაცემებში, არც ბეჭდურ მედიაში პრინციპულად არ ვეხები და არ განვიხილავ. პოლიტიკის გამოა ეს ხალხი გახლეჩილი.

- სიძულვილის ენა, აგრესიული კომენტარები არც მანამდე გვაკლდა, სანამ პარლამენტი გამჭვირვალობის შესახებ კანონს შემოიტანდა, არ მეთანხმებით?

- მართალია, არ გვაკლდა. საშინელებაა ეს აგრესიული კომენტარები, ადამიანობადაკარგული, გაბოროტებული, რაც უსაქმურების მიერაა დაწერილი, თავის ცხოვრებას რომ ვერ აწყობენ და სხვისიც შურთ - ეს ჩემი სუბიექტური აზრია, შეიძლება ვცდები და სულ სხვა მიზნები ამოძრავებთ. კომენტარებს არც ვკითხულობ, მაქსიმალურად ვცდილობ, ნეგატივი ავისხლიტო. ნერვები თუ მომეშლება, შეიძლება ვიღაცას პასუხიც კი გავცე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ამ დროს ყველაზე კარგი იარაღი "იგნორია". რაც უფრო "დააიგნორებს" საზოგადოება ამ ადამიანებს, მით უფრო მალე მოჰბეზრდებათ და ერთ მშვენიერ დღეს საერთოდ გადაეჩვევიან.

- რატომ გახდა საზოგადოება დაუნდობელი?

- ახლა რასაც გეტყვი, შეიძლება ამის გამო დამცინონ და ცუდი კომენტარებიც დამიწერონ, მაგრამ ფაქტია, დედამიწის მეგაჰერცები შეიცვალა, უფრო ჩქარა ბრუნავს, უკვე მეხუთე განზომილებაში გადავედით, ვიღაცები ამას ვერ უძლებენ და მგონი, გააფრინეს. არც იმის უგულებელყოფა შეიძლება, რომ ხალხი სოციალურმა გაჭირვებამ, სამსახურის ვერშოვნამ თუ არშოვნამ გააბოროტა. ჩემგან ეს ბოროტება ძალიან შორს არის და იმის ამოხსნა მიჭირს, ასე რატომ ხდება.

- როგორ უნდა დავძლიოთ ეს ყველაფერი?

- მხოლოდ საკუთარ თავთან მუშაობით. ორმოში ჩავარდნილ კაცს ვერ ვუშველით, ხელი თუ არ გამოგვიწოდა. მე როგორ უნდა ვუმკურნალო ადამიანს, შიგნით ღვარძლი და ბოღმა თუ აქვს. ყველამ საკუთარ თავში ვეძებოთ მანკიერება, დილა დავიწყოთ მადლიერებით და კარგის დანახვით.

- თქვით, რომ პოლიტიკაზე შეგნებულად არ ლაპარაკობთ. ბოლო დროს იყო შემთხვევები, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს სთხოვდნენ, ავალდებულებდნენ, საკუთარი მოსაზრება საჯაროდ გამოეხატა. განსაკუთრებით ძლიერი შეტევა ფეხბურთის ნაკრების ბიჭებზე იყო. თქვენ ამას აღიქვამთ, როგორც ძალადობას?

- რა თქმა უნდა, ეს ფსიქოლოგიური ძალადობაა. ნუ დავდებთ თავს იმაზე, რომ ხვალ და ზეგ ამ სიტუაციაში ჩვენც არ აღმოვჩნდებით.

- აზრის საჯაროდ არგამოხატვა, ქვეყნის ღალატთან შეიძლება გაიგივდეს?

- არავითარ შემთხვევაში.

- მსახიობმა პოლიტიკაზე უნდა ილაპარაკოს?

- მხოლოდ მაშინ, როცა ამის სურვილი თავად ექნება. ვისაც უნდა ილაპარაკოს, ვისაც არ უნდა, არ ილაპარაკოს. მუქარას თუ აქვს ადგილი, ეს სხვა თემაა და ამაზე ვერაფერს გეტყვით.

"არასასიამოვნო პოსტებზე ვარ დათაგული და "დამლაიქებლებს" შორის, ჩემი მეგობრები აღმომიჩენია".

326871087-916915396001357-4575142973668528026-n-49725-1716728839.jpg

ნანუკა გულუა, მსახიობი, ტელეწამყვანი:

- ის მდგომარეობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, არანორმალურად მტკივნეულია. ნებისმიერ რადიკალურად განსხვავებულ აზრს პატივისცემით ვეკიდები, შეიძლება ეს აზრი იყოს პოლიტიკური, რელიგიური ან პირად ცხოვრებას ეხებოდეს. ვცდილობ ადამიანებთან ურთიერთობაზე არ იმოქმედოს. შეძრული ვარ იმით, რაც ახლა ხდება: ოჯახის წევრები, მეგობრები ერთმანეთს გადაეკიდნენ და არ ვიცი, ეს რისი ბრალია. განსხვავებული აზრი ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო, მაგრამ ერთმანეთთან ასეთი დაპირისპირებულები არ ვყოფილვართ, ყველანაირ ზღვარს გადავედით. იქ, სადაც იწყება შეურაცხყოფა, მთავრდება აზრის პატივისცემა.

- ეს რადიკალიზმი რამ გამოიწვია?

- ხალხი ძალიან გაღიზიანებულია, საკუთარი მიზნებისკენ ვერ მიდიან ან არ მიდიან. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ წარმატებას იოლად მიაღწიონ, ეს არ ხდება და მერე სხვის წარმატებაზე ღიზიანდებიან. აზრი, რომელიც შენ გაქვს, გგონია ჭეშმარიტება; გგონია, რომ მეორე აზრი არ არსებობს, მაგრამ შენ შენს ჭეშმარიტებას ვერ ამტკიცებ და მერე ღიზიანდები სამყაროზე, ამას პირად დამარცხებად აღიქვამ. ადამიანებს ფსიქიკა ძალიან დაზიანებული აქვთ.

- ნანუკა, პირადი გამოცდილებით, რა შეგიძლიათ თქვათ, აგრესიული თავდასხმები გქონიათ?

- ნაკლებად, მადლობა ღმერთს ამისთვის. ჩვენი საზოგადოება არ არის მომწიფებული ნებისმიერი აზრის მოსასმენად. როცა შენ ბულინგი და გადავლა გტკივა, რაღაცნაირად უნდა შეძლო და სათქმელი მოზომო, მაგრამ არის კატეგორია, რომელთანაც ეს მოზომვაც არ ჭრის, მაინც გადაგივლის. გულსატკენი კომენტარები ჩემზეც დაუწერიათ. შევნიშნე ადამიანები, რომლებიც დაუნდობლები არიან სოციალურ ქსელებში, თავს უფლებას აძლევენ, ჭკუა დაგარიგონ ან გაგლანძღონ, ისინი პირადად რომ გხვდებიან, არაფერს გეუბნებიან, მხნეობა არ ჰყოფნით, იციან, რომ არასწორები არიან.

- როგორ უნდა დაიძლიოს ეს მანკიერება?

- ბევრი სითბოთი, სიყვარულით, მოფერებით. როცა პიროვნება განსაკუთრებით აგრესიულია, ადამიანის მოფრთხილება არ შეუძლია, იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ყველაფერი თავად მას აკლია.

- რა როლს ასრულებს პოლიტიკა საზოგადოების დაპირისპირებაში?

- ამ თემაზე პირველად ვლაპარაკობ. ჩემი მტკიცე გადაწყვეტილებაა, არასდროს არც ერთი პოლიტიკური განცხადება არ გავაკეთო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი მოსაზრება არ გამაჩნია. ძალიან ვფრთხილობ, არ ვარ პოლიტიკაში საფუძვლიანად ჩახედული, არც - ანალიტიკოსი და საკუთარ თავს არ ვაძლევ უფლებას, რომ ჩემი მოსაზრებები მუდმივად ვაფიქსირო. ცვალებადი მაქვს ეს მოსაზრებებიც. მე არ მევალება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. დებატებში ვერ ვიქნები ძლიერი, ამიტომ თავს ვიკავებ. არ მომწონს ჩემი კოლეგები პოლიტიკურად ანგაჟირებულები რომ არიან (არა აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარეა), საჯარო სივრცეებში გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ, პოსტებს დებენ, მერე ვხედავ, მათ პოლიტიკაში როგორ სჯაბნიან. ამიტომ საკითხზე, რომელზეც დილეტანტის მერყევი აზრი მაქვს და კომპეტენცია მაკლია, არ ვარ ვალდებული, ღიად ვილაპარაკო. რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ ევროპისკენ მინდა წავიდეს ეს ქვეყანა; ვიცი, რომ რუსეთი ჩვენი მტერია, ოკუპანტია - ეს ის საკითხებია, რაზეც კითხვის ნიშნები არ მაქვს და ყველგან ყოველთვის ვიტყვი ჩემს მოსაზრებას.

- ადამიანების ერთი ჯგუფისგან იყო ზეწოლა, ცნობილებს პოლიტიკური განცხადებები საჯაროდ გაეკეთებინათ.

- სამეგრელოში 90-იან წლებში გავიზარდე და ფანატიზმის სტრესი მაქვს. ფანატიზმი არ არის სწორი, არ შეიძლება ასე შეპყრობილი იყო. ნებისმიერი ადამიანის მისამართით უპატივცემულობა, მისი მოსაზრების გამოხატვის გამო, არასწორია. ხვიჩა კვარაცხელია რომ შეავიწროეს, არ დაფიქსირდა ის, რაც მათ უნდოდათ. ხვიჩა კვარაცხელიას თავისი საქმე აქვს, რომელსაც დიდებულად აკეთებს. ეს ბიჭი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკური ამინდის შემქმნელი, ის არ არის ვალდებული, საკუთარი აზრი საჯაროდ გამოთქვას.

- ზეწოლა თქვენზე ყოფილა?

- როგორ არ ყოფილა, ზეწოლა ყველაზე არის, ვინც არ გამოხატავს პოლიტიკურ სიმპათიას და არ არის რომელიმე მხარე. მე არ ვარ მხარე და არ მინდა, ისეთ თემაზე ვილაპარაკო, რომელზეც სხვა დამჩაგრავს ან მარტივად გადამარწმუნებს.

- პოლიტიკამ მეგობრები დააპირისპირაო, აღნიშნეთ. მსგავს ფაქტს თქვენს შემთხვევაში ჰქონდა ადგილი?

- თუ რამ მწყინს, ისაა, რომ ზოგიერთი მეგობარი, რომელმაც ზუსტად იცის ჩემი პოზიცია, არასწორად იქცევა.

- უფრო კონკრეტულად?

- არის ხოლმე შემთხვევა, როცა აბსოლუტურად აზრს მოკლებულად და დაუმსახურებლად, არასასიამოვნო პოსტებზე ვარ დათაგული და "დამლაიქებლებს" შორის ჩემი მეგობრები აღმომიჩენია. ისინი ამით მე მაზიანებენ და მორალურად მკლავენ.

- ამ პოსტების შინაარსი რა არის?

- წერენ, რომ მე ვარ სამარცხვინო პოზიციაზე, თუმცა იმ ადამიანებმა ჩემი პოზიცია საერთოდ არ იციან. თუ პოლიტიკურ ტრიბუნაზე არ დგახარ, უკვე მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მდგომად აღგიქვამენ და გარცხვენენ.

- იმ მეგობრებთან, რომლებიც მსგავს პოსტებს იწონებენ, ალბათ ლაპარაკი გქონდათ ამ თემაზე. რა აქვთ მათ თქვენთვის სათქმელი?

- რა თქმა უნდა, მილაპარაკია. მათ სათქმელი არაფერი აქვთ ან სათქმელი ბუნდოვანია. ისინი ვერ მეუბნებიან, რომ ვიმსახურებ იმის თქმას, რაც მოიწონეს.

- ეს ურთიერთობაზე გავლენას არ ახდენს?

- იმ მომენტში ახდენს, იმ წუთში მტკივა, მაგრამ... მერე სიყვარული, მოგონებები წუთიერ ანგაჟირებას ანაცვლებს ხოლმე. ამ დიდ თამაშებში, რომლებიც სადღაც აფიქრდებათ და იწერება, ჩვენ გადამწყვეტ როლს ვერ შევასრულებთ. ერთმანეთთან ჩხუბით და შეურაცხყოფით ვერაფერს შევცვლით!

"პოლიტიკური მოვლენების გამო, საქმეს გულსვეღარ ვუდებ"

40987233-1840341719367318-4445078567658717184-n-1716728878.jpg

რატი დურგლიშვილი, მომღერალი:

- სიძულვილი სიძულვილს შობს, ეს ჭეშმარიტებაა. ნებისმიერ განსხვავებულ აზრს პატივს ვცემ, რადგან ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება, მაგრამ არ შეიძლება ადამიანები ამის გამო მოვიძულოთ. ჩემ გარშემო 100 კაციდან 50 ადამიანს სხვა აზრი გააჩნია და 50-ს სხვა, კამათიც არაერთხელ მოგვსვლია, მაგრამ ერთმანეთის პატივისცემა არ დაგვიკარგავს.

- განსხვავებული აზრის გამო, თავს თუ დაგსხმიან, დაბულინგება თუ უცდიათ?

- თავდასხმად არ აღვიქვამ, რადგან განსხვავებული აზრი ყოველთვის კამათს იწვევს. გარშემო ისეთი სოციუმი არ მყავს, განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთი რომ დავხოცოთ.

- სოციალურ ქსელებში?

- ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ, ყველა ადამიანს საკუთარი შეხედულება აქვს, ვინმეს ჩემი აზრი თუ არ მოსწონს ან პირიქით, ჩვენ ხომ ერთმანეთს ვერ შევცვლით? დიალოგით უფრო ადვილად შეიძლება პრობლემის გადაწყვეტა, ვიდრე ბულინგით. ერთმანეთისადმი პატივისცემა, ოქროს შუალედის მონახვა საუკეთესო გზაა ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ!

პოლიტიკური მოვლენების გამო, საქმეს გულს ვეღარ ვუდებ, თითქოს გაშეშებული ვარ. ეს დაძაბული სიტუაცია ისე მოქმედებს, თითქოს ჩემს ოჯახში ხდებოდეს. ქვეყანა ხომ ოჯახივითაა. ღმერთმა ქნას და მშვიდობა იყოს, ეს აგრესია როგორმე უნდა დავძლიოთ!

თამუნა კვინიკაძე