"აუცილებელია იცოდე საკუთარი სიცოცხლის ფასი" - გზაპრესი

"აუცილებელია იცოდე საკუთარი სიცოცხლის ფასი"

დღესდღეობით ბიზნესლედია შეერთებულ შტატებში და ამერიკის სახელმწიფო მოხელეებთან თანამშრომლობს, ზოგიერთ მათგანთან ახლო ურთიერთობა აქვს. ამბობს, რომ ყოველთვის რთული გზების გავლა უწევდა და დრო უკან რომ დაბრუნდეს, არაფრის შეცვლას არ ისურვებდა, ისევ შეერკინებოდა იმ ბარიერებს, რომლის გადალახვაც მოუხდა, რადგან სწორედ ამ გზით მოპოვებული წარმატება ეგემრიელება.

- მე ჩემს წარსულს ყოველთვის ვეჯიბრები. მინდა, რაც დრო გავა, მით მეტად ვიპოვო საკუთარი თავი. არ მიყვარს ერთფეროვნება და როგორც უნდა გაგიკვირდეთ, იშვიათად ვგეგმავ მომდევნო დღეს. არ ვიცი, ამას გამართლება ჰქვია თუ სხვა რამ, მაგრამ ჩემი ცხოვრება საოცარი სიურპრიზებით არის სავსე, რასაც მე ბედნიერებას დავარქმევდი. არ მიყვარს წუწუნი. რომ ამბობენ, ბედი არ მაქვსო, ეს ჩემთვის მიუღებელია, მსგავსი რამ არავინ არ უნდა თქვას. აი, როცა მანქანით სადმე მიდიხარ და ვერ ახერხებ დასახულ გზამდე მისვლას, ხომ შეცვლი მიმართულებას? ასევე უნდა გააკეთო ცხოვრებაში. წარმატების მთავარი გასაღები ნებისყოფაა და რასაც დაგეგმავ, ის საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო... ჩემი აზრით, ბედნიერი მაშინ ხარ, თუ წარმატებას მიაღწევ ოჯახში. მე თამამად შემიძლია საკუთარ თავს წარმატებული ვუწოდო, რადგან ვარ ძალიან ბედნიერი დედა, ბედნიერი შვილი. ჩემი ოჯახის იდილია მავსებს. ხშირად მახსენდება უახლოესი ამერიკელი მეგობრის, ბატონი მოსეს სიტყვები. როცა ერთ-ერთ ბიზნესშეხვედრაზე ვიყავით, მან მითხრა: ლეილა (ასე მეძახდა. სამწუხაროდ, კოვიდპანდემიის დროს გარდაიცვალა), ჩვენ ახლა რომელ ქუჩაზეც ვიმყოფებით, ეს არის ჩემი კლასელის სახელობის ქუჩაო და დამანახვა მისი მეგობრის დაარსებული სკოლა, ბიბლიოთეკა... - როგორი წარმატებული ადამიანი ყოფილა-მეთქი და, სევდიანად გააქნია თავი: არა, სამწუხაროდ, იგი არ იყო წარმატებულიო. გამიკვირდა, ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. - საოცრად მარტოსული გარდაიცვალა. მან წარმატება ვერ მოიპოვა საკუთარ ოჯახშიო, - მითხრა ბატონმა მოსემ და სევდიანი მზერა მიაპყრო ქუჩას, შემდეგ კი დასძინა: ეს ადამიანი იმდენად დაკავებული იყო საქმეებით, რომ ოჯახისთვის აღარ ეცალაო. წარმატებული მაშინ ხარ, თუ შეძლებ და დროს სწორად გადაანაწილებ ოჯახსა და სამსახურს შორის.

- სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ვერ ვახერხებთ ცხოვრების გიჟური რიტმიდან თუ სხვა მიზეზებიდან გამომდინარე...

- ასეა, მაგრამ მე მოვახერხე და იცით, როგორ? შვილებს შევთავაზე სამსახური ჩემს კომპანიაში და უბედნიერესი ვარ, როცა მათ სამუშაო სივრცეში ყოველდღე ვხვდები. თუმცა, სამსახურში დედა არ ვარ, იქ გუნდის ლიდერი გახლავართ (იღიმის).

- როგორ ფიქრობთ, იღბლიანი ხართ?

- მარტო იღბალს ვერ მიენდობი. თუკი მთელი სულითა და გულით არ მოინდომე, თუ შრომა დაგეზარება, ვერაფერს მიაღწევ. თუმცა, ხშირად მითქვამს, რომ იღბლიანიც ვარ. არ არსებობს საქმე წამოვიწყო და არ გამოვიდეს, რისთვისაც მადლობელი ვარ უფლის. ეს საჩუქარია სამყაროსგან. ნებისმიერ ადამიანს თავისი მისია აქვს, რისთვისაც მოევლინა ქვეყნიერებას. მისი შესრულება არაა დამოკიდებული მატერიალურ ყოფაზე, შეიძლება სიტყვითაც მიაღწიო შედეგს.

- თქვენი მისია რა არის?

- ვფიქრობ, ჩემი მისიაა, ახალ თაობას გავუზიარო გამოცდილება და დავეხმარო მას, ვისაც ეს სჭირდება... ასევე მნიშვნელოვანია, სირთულეების მიუხედავად, ვიპოვოთ ყოველდღიური ბედნიერება. როგორც ჩარლი ჩაპლინი ამბობდა, ცისარტყელას ვერ დაინახავ, თუ ზევით არ აიხედავ. ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის გჯეროდეს და თუ ამას შეძლებ, 80 პროცენტით გამარჯვებული დარჩები ცხოვრებასთან ჭიდილში. როცა წარმატებას მიაღწევ, არ უნდა დაგავიწყდეს საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთო, შეაქო. ოცნებები ხდება, მაგრამ ამის უნდა გჯეროდეს. ადამიანებს შეგვიძლია ჩვენი პოზიტიური ფიქრებით ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ და თუ ფიქრების მართვას შევძლებთ, ბევრი სასაწაული გველოდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იწყებ დილას. ადრე სარკე არ მიყვარდა, საკუთარ თავს სულ ვაკრიტიკებდი. ერთხელ სალონში ქალბატონმა შემაქო, რა ლამაზი ხართო და როცა გავიკვირვე, ხელი ჩამჭიდა: ახლა შენ ჩემთან ერთად წამოხვალ სარკესთანო. ვიფიქრე, ნეტავ რა უნდა-მეთქი? მაგრამ უარი ვერ შევბედე. მეუბნება, ახლა ამ სარკეში ჩაიხედეო და ინგლისურად დაიწყო სიმღერა ტექსტით: "შენ ძალიან ლამაზი ხარ". მერე მთხოვა, ტექსტი გამემეორებინა და ბოლოს დასძინა: შემპირდი, რომ ყოველ დილით ჩაიხედები სარკეში და საკუთარ თავს ეტყვი, რომ ხარ ლამაზი, ძლიერიო. ყოველთვის არა, მაგრამ ამას ხშირად ვაკეთებ. ვამბობ, რომ ვარ ლამაზი, ძლიერი, ბედნიერი... ქალთა გარკვეულ ნაწილს თავდაჯერებულობა აკლია და ეს ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია საიმისოდ, რომ საკუთარი თავის გვჯეროდეს...

- თქვენს საქმიანობაზე მიამბეთ...

- მე არასდროს ვყოფილვარ საქართველოში ბიზნესლედი. ყოველთვის ვემსახურებოდი ჩემს პროფესიას - ჟურნალისტიკას. ძალიან მიყვარს წერა და 17 წლისა უკვე გაზეთის - "პორტრეტი" რედაქტორი ვიყავი და სხვათა შორის, ის ქუთაისში ერთ-ერთი ფერადი გაზეთი იყო. რაც შეეხება ამჟამინდელ საქმიანობას: ვმართავ კომპანიას Dაფფოდილ Hომე ჩარე, რომლის დაფუძნების იდეა იცით, საიდან გაჩნდა? 9 წელი ჰოსპიტალში ვმუშაობდი. იქ ხშირად ვხედავდი მოხუცებს და განსაკუთრებით ყურადღებას იქცევდნენ ემიგრანტები. ერთ დღეს, როცა მორიგე ვიყავი, ქართული საუბარი გავიგონე. ახლა ამერიკაში ბევრი ქართველია, მაშინ კი იშვიათად გაიგონებდი ჩვენს ენას. მოკლედ, ერთი მოხუცი ქართულად ითხოვდა შველას. როდესაც პალატაში შევედი, ვიხილე ექთანები, რომლებსაც პაციენტის სიტყვები არ ესმოდათ. მათ ვუთხარი: მე ვარ ამ ქალბატონის ქვეყნიდან, ვსაუბრობ ქართულად და შემიძლია დაგეხმაროთ-მეთქი. როცა მოხუცებულს დაველაპარაკე, სიხარულისგან აქვითინდა: მოდი, გულში უნდა ჩაგიკრა, ჩემი ხარო. მომეფერა და მას მერე დავმეგობრდით. ქალბატონი მანია ქართველი ებრაელი აღმოჩნდა. მისი შვილი იმ დროს ისრაელში იმყოფებოდა. მანია დეიდა წაქცეულა და ემერჯენსში გადმოუყვანიათ... მას ძალიან უყვარდა საქართველო, განსაკუთრებით - ქუთაისი. ერთხელაც დამირეკა: უნდა გაგიზიარო ჩემი სიხარული, შვილმა სურვილი ამისრულა და საქართველოში, ქუთაისში წამიყვანა. მართალია, ჩემს ყოფილ სახლში, ზედა სართულზე კიბით ვერ ავედი, მაგრამ მაინც ძალზე კმაყოფილი ვარო. მოინახულა მეუღლის საფლავიც.

დეიდა მანიას გაცნობის შემდეგ სულ ვფიქრობდი, რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რაც მოხუცებისთვის ბედნიერების მომტანი იქნებოდა. ამერიკაში არსებობს პროგრამა "ვეივერი" - კერძოდ, პენსილვანიის შტატში, პაციენტს შეუძლია მომვლელად აიყვანოს თავისი ოჯახის წევრი, რომელსაც პაციენტის მოვლისთვის სადაზღვევო კომპანია თანხას გადაუხდის. ამ პროგრამის წყალობით ოჯახის წევრებს საშუალება ეძლევათ, უფრო მეტი დრო გაატარონ ერთად. ჩვენი კომპანია Daffodil Home Care კი თანამშრომლობს სახელმწიფოსთან და უამრავ სასიკეთო საქმეს ვაკეთებთ. მაგალითად, ბევრმა ამერიკელმა არ იცის ამ პროგრამის შესახებ და მათ ჩვენ ვაცნობთ სიახლეს, ვეხმარებით საჭირო პროცედურის გავლაში. როცა ადამიანები გრძნობენ, რომ მათი დახმარება გსურს, მართლა გული შეგტკივა მათზე, ისინი გენდობიან. ჩემი პირველადი პროფესია ამ საქმეში დამეხმარა - ჟურნალისტი ყოველთვის გრძნობს ადამიანის მაჯისცემას, რაც ბიზნესშიც მნიშვნელოვანია.

- ამერიკაში ბიზნესსაქმიანობის აწყობა იოლი არ იქნებოდა...

- როცა ეს კომპანია დავაარსე, ახალი გადმოსული ვიყავი პენსილვანიის შტატში. აქ იმიტომ გადმოვედით, რომ სულის საკვები გვჭირდებოდა მე და ჩემს ოჯახს. როცა მეუფე საბას და ფილადელფიაში არსებული ქართული ტაძრის შესახებ შევიტყვეთ, მე და ჩემმა შვილებმა აქ ჩამოსვლის გადაწყვეტილება უყოყმანოდ მივიღეთ... რაღაც პერიოდის შემდეგ, პენსილვანიის შტატში მცხოვრებ ბიზნესმენებს გავანდე ჩემი გეგმა, რომ Daffodil Home Care-ის გახსნას ვაპირებდი და მითხრეს, ამ სახის ბიზნესის მართვა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებულიო, მაგრამ ვინაიდან საკუთარი შესაძლებლობების ყოველთვის მჯერა, გადავწყვიტე, მიზნისთვის მიმეღწია. ჰოდა, ასეც მოხდა: ვუძღვები საქმეს, რომელსაც სარჩულად სიკეთე უდევს. უფრო მეტად ის მაბედნიერებს, რომ ბევრ ქართველს ჩვენთან დასაქმების საშუალება მიეცა..

- შვილებზე მიამბეთ...

- ორი შვილი მყავს. ანუკი პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, სადაც სენატორ-სპიკერია. ადრე ქართულ ტაძარში გალობდა და იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, რომელიც სტიქაროსანი გახლავთ. მიხარია, რომ ახალგაზრდა წყვილი შვილებს "ქართულად" ზრდის. მაგალითად, ჩემი უფროსი შვილიშვილი ელენა 7 წლისაა და ქართველი ინგლისურად თუ დაუსვამს შეკითხვას, აუცილებლად ქართულად უპასუხებს. ეს რომ შევამჩნიე, ვკითხე: ინგლისურად რატომ არ უპასუხე-მეთქი? - ქართველია და აბა, ინგლისურად რატომ უნდა მეპასუხაო?! შეყვარებულია საქართველოზე. ძალიან კარგად საუბრობს მშობლიურ ენაზე, ცეკვავს ქართულს... იცით, რა მახარებს? აქ დაბადებულ-გაზრდილი ბევრი ქართველი ბავშვი ჩვენს ტრადიციებზე იზრდება და ამაში დიდია მეუფე საბას წვლილი, რომელმაც ქართული სკოლები გახსნა, სადაც ბავშვები ქართულ წერა-კითხვას სწავლობენ, ეცნობიან ქართულ ხელოვნებას, კულტურას, ლიტერატურას...

ჩემი მეორე ქალიშვილი - ნინა 24 წლისაა. ძალიან ხშირად ჩადის საქართველოში, უყვარს იქაურობა. ნინა მუშაობდა ცნობილ ადვოკატთა ოფისში და ქართველ ემიგრანტებს ეხმარებოდა. ის პროექტის - "ჰკითხე ადვოკატს" ავტორია, ანუ ვისაც ადვოკატის აყვანის საშუალება არ ჰქონდა, ამ პროექტის ფარგლებში უწევდნენ დახმარებას... მაგრამ მერე პროფესია შეიცვალა, უნდა ფსიქოლოგი გახდეს; წერს ლექსებს, სიმღერებს, არის ახალგაზრდა კომპოზიტორი და ამჟამად საკუთარ ალბომზე მუშაობს. ისიც პენსილვანიის უნივერსიტეტის სტუდენტია.

275971636-2297799020377589-5698348583999077514-n-1716729053.jpg

- თქვენს არასამთავრობო ორგანიზაციაზეც მიამბეთ...

- ჩამოვაყალიბე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლ ქალებს. აუცილებელია ქალმა იცოდეს საკუთარი სიცოცხლის ფასი, რადგანაც მოძალადის მსხვერპლი, პირველ რიგში, თავის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს... და მოძალადის მსხვერპლი არა მხოლოდ დაზარალებული ქალია, არამედ მოძალადის მიერ შეცდომაში შეყვანილი საზოგადოების ნაწილიც, რომელიც უნებურად მისი თანამოაზრე ხდება. ხშირ შემთხვევაში მოძალადე პროფესიონალურად ირგებს ნიღაბს და საზოგადოებას მსხვერპლის როლში თავად ევლინება. აქედან გამომდინარე, არ უნდა იფიქრო იმაზე, თუ რას იტყვის ხალხი, რადგანაც ხშირად, საზოგადოებამ არ იცის, სინამდვილეში რა ხდება შენს თავს. მინდა თქვენი მეშვეობით ბევრ ქალს მივაწვდინო ხმა (ხომ გითხარით, რომ ადამიანებს სიტყვითაც შეუძლიათ საკუთარი მისიის შესრულება): თუ შენ დღეს ითმენ ძალადობას და გგონია, რომ მარტო ხარ, სხვა გზა არ გაქვს და უნდა მოითმინო, იცოდე, რომ მწარედ ცდები. შენ არასდროს ხარ მარტო. აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან და მოძალადის ბორკილებიდან გაგათავისუფლებენ. თუმცა, პირველ რიგში, შენ უნდა გადადგა ამისკენ ნაბიჯი. უფალმა გვიწყალობა სიცოცხლე და ცხოვრებისეული არჩევანიც.

- არის რაიმე, რისიც გეშინიათ?

- კი, არის... მხოლოდ ერთი რამის შიში მაქვს ამ ცხოვრებაში - დედა არ მოხუცდეს. მსურს სულ ახალგაზრდა, ენერგიული და ჯანმრთელი მყავდეს.

- ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე რას ფიქრობთ?

- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საქართველო ძალიან თბილი ადგილია დედამიწაზე. ეს არის ადგილი, სადაც მართლაც, სხვანაირი ჰაერია და სხვანაირად სუნთქავ. თანაც, სამშობლოს გარეშე არავინ ხარ. ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებმა დამარწმუნა, რომ კარგი თაობა მოდის. ამაყი ვარ ქართველი ახალგაზრდებით. ეროვნული ცეცხლი აგიზგიზდა საქართველოში. კარგა ხანია, ასეთ ცეცხლს მონატრებული ვიყავით. ჩვენმა საამაყო ახალგაზრდებმა მსოფლიოს დაანახვეს, რომ ქართველი არასდროს შეეგუება მონობას და ჩვენ ვართ ერი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და შეინარჩუნა ენა, მამული, სარწმუნოება. აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში. მე და ჩემს ძმას უკვე დაგეგმილი გვაქვს, რომ სიბერეს ერთად, სამშობლოში გავატარებთ. სხვათა შორის, ჩემს შვილებსაც იგივე გეგმა აქვთ და ვნახოთ...

ლიკა ქაჯაია