"თითქოს ბიძაჩემმა მიშვილა. დედა მუდმივად დეპრესიაში იყო..." - გზაპრესი

"თითქოს ბიძაჩემმა მიშვილა. დედა მუდმივად დეპრესიაში იყო..."

ამჯერად, კესო "პრაიმ ჰაუსის" ბოლო, შემაჯამებელ სეზონშიც მონაწილეობდა. პროექტი გასულ კვირას დატოვა, კმაყოფილმა და ბედნიერმა. როგორც გვითხრა, მიზანს მიაღწია... მართალია, საზოგადოება კესო ბერუაშვილს უკვე იცნობს, მაგრამ ჩვენს ინტერვიუში თავისი ცხოვრების ბევრ ისეთ დეტალზე გვესაუბრა, რის შესახებაც წინათ არ უთქვამს...

- საკუთარ თავთან გამარჯვებულად ვგრძნობ თავს, რადგან პროექტში მოსაგებად არ შევსულვარ და რეალურად, ვერც მოვიგებდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საზოგადოებას საკუთარი თავი ასე დავანახვე... პირველ სეზონში მონაწილეობამ ცოტათი დამაკომპლექსა და დეპრესიაც გამიჩინა - მაყურებლებზე არასწორი შთაბეჭდილება დავტოვე... ვფიქრობ, ახლა საკუთარი თავის სწორად პრეზენტაცია მოვახერხე - "პრაიმ ჰაუსში" ამიტომ შევბრუნდი. თუ დააკვირდით, ის ადამიანები, ვინც პროექტის დაწყებიდან პირველ კვირას "დისლაიქებს" მიწერდნენ და ჩემ მიმართ ცუდად განწყობილი იყვნენ, თითქოს ბოლოს მხარში ამომიდგნენ... შეიძლება კადრში ბევრი რამ არ ჩანდა, მაგრამ ჩემ მიმართ მონაწილეების დამოკიდებულება დადებითად იცვლებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ალბათ, ისეთი ცუდი ადამიანი არ ვარ, როგორიც დასაწყისში სხვებს ვეგონე. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, იმას მივაღწიე, რაც მინდოდა. მიმაჩნია, რომ კრისტი შოუსთვის უფრო საჭიროა, ვიდრე მე. ამ ეტაპზე, დიასა რომ ლიდერია, ყველამ ვიცოდით... ძალიან მიყვარს და წარმატებას ვუსურვებ. ყველა მონაწილე შემიყვარდა. მხარში დგომისთვის ყველას უღრმეს მადლობას ვუხდი და წარმატებას ვუსურვებ!

- თითქოს პაატა თედიაშვილის მიმართ უსამართლობის განცდა გქონდა...

- არა მხოლოდ პაატას მიმართ: პროექტში კიდევ ისეთი რაღაცები ხდებოდა, ეთერში არ გადიოდა... მე და პაატა ჩვენს კონფლიქტს მოვრჩებოდით, თუ ეთერში ყველაფერი ისე გავიდოდა და "შეიფუთებოდა", როგორც უნდა "შეფუთულიყო", რადგან კონფლიქტი ხშირად გვქონდა. უბრალოდ, ეკრანზე არ გადიოდა. მერე, პატარა ეპიზოდები რომ გადიოდა, ხალხი გაოგნებული იყო - თქვენ რა გაჩხუბებთო (იცინის)? ვერ ხვდებოდნენ, რეალურად რა ხდებოდა. მე და პაატა სულ "ვკონფლიქტობდით", შემდეგ - ვრიგდებოდით... უსამართლობის ძლიერი განცდა მქონდა, თუმცა პროექტში ყოფნის ბოლო ღამეს კრისტი, პაატა და მიშო ჩემს ოთახში იყვნენ და ერთად ვჭორაობდით. ცუდად ნამდვილად არ დაგვიმთავრებია. ვერ ვიტყვი, რომ პაატაზე გაბრაზებული ან ნაწყენი ვარ. ეს თამაშია და ვფიქრობ, პაატა საინტერესოდ თამაშობს. ამ ეტაპზე, პროექტს ასეთი მოთამაშე ნამდვილად სჭირდება.

- შეგიძლია გვითხრა, თქვენი კონფლიქტის მიზეზი რა იყო?

- რადგან პროექტმა მიიჩნია, რომ ეს საჯაროდ არ უნდა გაჟღერებულიყო, ამის თქმა ახლა სისულელე იქნება. ჯობია, იქვე დავამთავრო და ყველაფერს მოვრჩე - უკვე გადახარშული თემაა.

- კარგი. პირველ სეზონში შენ შესახებ ხალხს როგორი წარმოდგენა შეექმნა, დეპრესიაში რომ ჩაგაგდო?

- საერთოდ, პირველი სეზონი ყველაზე რთული იყო, რადგან არავინ ვიცოდით, სად ვიყავით (ერთადერთი, ვინც ხვდებოდა, სად იყო, გიორგი ნაზღაიძე გახლდათ და მოიგო კიდეც). შესაბამისად, ჩემთან დაკავშირებით შეიქმნა პერსონაჟი, რომელიც რეალურად, მე არ ვიყავი: მუდმივად მატერიალისტურ რაღაცებზე მასაუბრებდნენ, თითქოს თავი გამოყენებულად ვიგრძენი, ჩემი ნამდვილი სახე არ ჩანდა... ამან პროექტს გარეთ დამაზარალა, რადგან დიდი "ჰეითი" მქონდა. თითქოს ჩემს პიროვნებას ლანძღავდნენ, რომელიც მე არ ვიყავი - უბრალოდ, ეკრანებზე იყო შექმნილი. ეს ძალიან მაწუხებდა. უსამართლობის განცდა გამიჩნდა, რადგან რეალურ ცხოვრებაში სხვანაირი ვარ: ჩემ გარშემო სიძულვილი არაა, ადამიანების მიმართ ყოველთვის გულთბილი დამოკიდებულება მაქვს, ეკრანზე კი "სწერვას" შთაბეჭდილებას ვტოვებდი (იცინის). არადა, არც ქალები მძულს, არც - კაცები. ძალიან ლოიალური ვარ... მერე, კომენტარებს რომ ვკითხულობდი, გული მწყდებოდა და დეპრესია ამან გამიჩინა. საქართველოში ყოფნაც აღარ მინდოდა - სულ გავრბოდი, კომპლექსები მქონდა, ხალხთან გასვლა არ მინდოდა... მოკლედ, ძალიან ცუდად ვიყავი... ჰოდა, ამჯერად ეს პროექტი თავად გამოვიყენე საკუთარი თავის პრეზენტაციისთვის და მათ საშუალებას არ ვაძლევდი, გამოვეყენებინე...

- შენი თმის ფერის, სტილის ცვლილება იმას ხომ არ უკავშირდება, რომ კვლავ იმ პერსონაჟთან არ გაიგივებულიყავი, როგორიც პირველ სეზონში შექმნეს?

- არა, თმა იმიტომ შევიღებე, რომ უბრალოდ, დამეწვა. ქერა თმის ქონა უკვე შეუძლებელი იყო... საერთოდ, გარეგნობას რაც შეეხება, უკვე 31 წლის ვარ და უბრალოდ მინდოდა, სტილი შემეცვალა. თან, სტილს ყოველ წელს ვიცვლი. ამ მხრივ მუდმივად საკუთარი თავის ძიებაში ვარ...

- საერთოდ, რეალითი შოუში მონაწილეობის თავდაპირველი მიზანი რა იყო - პოპულარობა?

- პირველ სეზონში, პოპულარობა ნამდვილად მინდოდა. მივიღე, რაც მსურდა, მაგრამ შემდეგ, პროექტს გარეთ მივხვდი, რომ ასეთი პოპულარობა საერთოდ არ მომწონდა. ვერ გავერთე ამ "ცნობადობით" და ისეთი სიამოვნება ვერ მივიღე, როგორსაც მეგონა, მივიღებდი... ალბათ, საზოგადოებისგან ნეგატიურმა დამოკიდებულებამ და საკუთარი თავის არასწორმა პრეზენტაციამ იმოქმედა. ახლა გაცილებით კარგად ვარ, მაგრამ გარეთ მაინც არ გავდივარ. ალბათ, დასვენება მჭირდება... პროექტში მეორედ შესვლის მიზეზი უკვე გითხარით, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენი ხალხი დამიდგებოდა გვერდით. ისეთ მხარდაჭერას ვგრძნობდი, შოკში ვიყავი. ის შეცდომები გამოვასწორე, რაც პირველ სეზონზე დავუშვი. მონაწილეთა უმრავლესობასთან მეგობრულ ურთიერთობას გარეთ გავაგრძელებ.

- შენი ყოველდღიურობა როგორია?

- ჩემი ყოველდღიურობა ჩემს პირად საქმეებს მოიცავს: უძრავი ქონების პატარა ბიზნესში ვარ, თან ვმოგზაურობ. ყველამ იცის, რომ საზღვარგარეთ ხშირად ვარ. ალბათ, ახლაც სადმე გავფრინდები, დავისვენებ და რომ ჩამოვალ, ცხოვრებას ჩვეულებრივად გავაგრძელებ... შეიძლება დამატებითი ბიზნესი წამოვიწყო....

- პროფესიით ვინ ხარ?

- გრაფიკული დიზაინერი ვარ. ჩემი პროფესიით ვმუშაობდი, მაგრამ უხეშად რომ ვთქვა, ძალიან ჩაკეტილ სივრცეში ვიყავი, ანაზღაურება დაბალი მქონდა. მერე უკვე ჩემი დანაზოგის უძრავ ქონებაში ინვესტირება და აღებული თანხით განათლების მიღება გადავწყვიტე. მინდოდა მემოგზაურა, მეტი შემესწავლა კულტურის შესახებ, კარგ საზოგადოებაში მოვხვედრილიყავი... იმ სოციუმში, სადაც ვიყავი, ვერ ვვითარდებოდი. უცხოეთში ამიტომ ჩავდივარ, რომ სხვადასხვა ფენაში სოციალიზაცია მჭირდება, რადგან საკუთარ თავს სხვა ადგილას გაცილებით განვითარებულს ვხედავ... აქ იმას ვერ ვახერხებ, რასაც ევროპაში ან სხვაგან მოვახერხებ.

- შენი გეგმები უცხოეთს უკავშირდება?

- არ ვიცი. იქ კონტაქტები მჭირდება, რომ აქ უკეთესი პიროვნება ვიყო; იქ რაღაცები ვისწავლო, რომ აქ თუ დავრჩები, სწორად გამოვიყენო, სწორ გზებზე ვიარო... სამომავლოდ, მინდა, რომ უცხოეთში ვიცხოვრო, მაგრამ ეს რთულია, განსაკუთრებით - ევროპაში. ვნახოთ, რა იქნება...

- შენს ბავშვობაზეც გვიამბე: როგორ გარემოში გაიზარდე?

- მშობლები დაშორებულები იყვნენ. შემდეგ უკვე დედამ გამზარდა და თან, სხვის ოჯახშიც ვიზრდებოდი - თითქოს ბიძაჩემმა მიშვილა. ბიძასა და მის მეუღლესთან ვიყავი. დედა მუდმივად დეპრესიაში იყო - ფიზიკურად, ვერ გაგვზრდიდა. ბიძაჩემის ოჯახის წყალობით, ცოტათი განვვითარდი: სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ - უნივერსიტეტში... გარდა ამისა, ჩვენს სახლში გაცვლითი პროგრამით, უცხოელები (ფრანგები, გერმანელები, ამერიკელები...) ჩამოდიოდნენ და მათთან კომუნიკაცია მქონდა. ისინი ინგლისურსაც მასწავლიდნენ. შესაბამისად, როცა გავიზარდე და მათ ვაკვირდებოდი, 18-19 წლის სტუდენტები როგორ მოგზაურობდნენ და არაფრის ეშინოდათ, მინდოდა, მათნაირად მეცხოვრა. თითქოს ბავშვობიდან სხვანაირი, უცნაური ფიქრები მქონდა, რადგან ჩემს სახლში იყო ევროპა და აზია (იცინის)... 18 წლისამ სახლი დავტოვე, საცხოვრებლად ბებიასთან გადავედი და მუშაობა დავიწყე. ჩემი პირველი სამსახური ფილმში - Kეეპ შმილინგ მონაწილება იყო. იქ ბევრი ცნობილი ადამიანი გავიცანი. ეკრანთან პირველი შეხება ძალიან მომეწონა... რეალურად, მივიღე, რაც მინდოდა, რა ოცნებებიც მქონდა... ახლა რაც მინდა, ის არის, რომ ან ევროპაში გადავიდე საცხოვრებლად, ან - რაღაც გრანდიოზული შევქმნა...

- მშობლებთან კონტაქტი გქონდა?

- მიუხედავად იმისა, რომ სხვის ოჯახში ვიზრდებოდი და სხვას ჰქონდა ჩემზე უფლებები, მშობლებთან მაინც ვურთიერთობდი, მაგრამ მათთან რომ მეცხოვრა, ალბათ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა...

- დედამ დეპრესიის დაძლევა მოახერხა?

- რეალურად, ვერ მოახერხა, რადგან მამაჩემი ისევ უყვარდა, თუმცა მამამ სხვა ქალი მოიყვანა ცოლად. მერე, მალევე აღმოჩნდა, რომ დედას კიბო ჰქონდა... მის გარდაცვალებამდე, მამა გარდაიცვალა, რაც დედაჩემისთვის ორმაგი დარტყმა იყო. თითქოს ნერვიულობამ, დარდმა და დეპრესიამ, რასაც კიბოც დაემატა, შეიწირა... სიცოცხლისთვის არც იბრძოდა, თავიდანვე დანებდა... რა თქმა უნდა, მის გვერდით ვიყავით... ასეთი სევდიანი ამბავი ჰქონდა დედაჩემს, სამწუხაროდ...

- როგორ ფიქრობ, მშობლების ამბავმა ტრავმა დაგიტოვა, რამაც შესაძლოა, ზრდასრულობისას იჩინა თავი?

- როცა პატარა ხარ, ვერ ხვდები, შენ გარშემო რა ხდება - საერთოდ ვერ აღიქვამ, რადგან არ იცი, რა არის სიყვარული, რა არის სევდა... ვერც მე ვხვდებოდი, თუმცა მერე, როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ მამის სიყვარული მაკლდა. სულ ვამბობ, - მამის კომპლექსი მაქვს-მეთქი, რადგან ფაქტია, რომ მამა არ მყოლია. ბიძაჩემი უფრო ჩემი მეგობარი იყო, ვიდრე მამა, რადგან საერთოდ სხვა დიალოგები გვქონდა და ისე ვესაუბრებოდი, როგორც ძმას. ბავშვებთან ურთიერთობისას ყველას ხომ თავისი ტაქტიკა აქვს, არა? ბიძა ყოველთვის მასწავლიდა, რომ მაქსიმალურად დამოუკიდებელი უნდა ვყოფილიყავი. მისგან მამის სითბო არ მიგრძნია, უფრო - მეგობრის. თითქოს დამოუკიდებელ ქალად მზრდიდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ 18 წლის რომ გავხდებოდი, მარტო უნდა მეცხოვრა, სამსახური მქონოდა... ეს "გაწერილივით" იყო, რაც მერე დამეხმარა - დამოუკიდებელი ბუნება ჩამომიყალიბდა. "დედიკოს გოგო" და "მამიკოს გოგო" არასოდეს ვყოფილვარ. მამის სითბოს დანაკლისს რაც შეეხება, მერე, პირად თუნდაც, შეყვარებულთან ურთიერთობებში ვხვდებოდი, რომ ბევრი კომპლექსი მქონდა, რადგან ჩემზე უმცროსი ასაკის ბიჭები არასოდეს მომწონდა - ყოველთვის ჩემზე უფროს და ძალიან გამოცდილ მამაკაცთან ურთიერთობა მინდოდა, რომ დაცულობის შეგრძნება უფრო მეტად მქონოდა (იღიმის).

image0-copy-1716729891.jpg

- ამჟამად, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ამ ეტაპზე - არაფერი. სხვათა შორის, პროექტში მონაწილეობისას, ჩემი ყოფილ შეყვარებული სულ მირეკავდა. არ ვურიგდები, რა თქმა უნდა. "ლაივის" წინ კიდევ დამირეკა, მესაუბრა, - ვინმე ხომ არ გყავსო? არ ვიცი, რატომ არ ნებდება და არც ის ვიცი, რატომ მომწონს, რომ არ ნებდება. არც "ვბლოკავ" - რაღაცნაირად, შენარჩუნებული მყავს. ვნახოთ, შეიძლება, დავუბრუნდე კიდეც, მაგრამ ამ ეტაპზე, მინდა ცოტა ხანი მარტო ვიყო.

- შეგიძლია, გვითხრა, ვინ არის და რა გახდა თქვენი დაშორების მიზეზი?

- გერმანელია. საკმაოდ დიდი მასშტაბის უძრავი ქონების ბიზნესი აქვს გერმანიაში. ერთმანეთი თურქეთში გავიცანით. შემდეგ, გარკვეული პერიოდი, მასთან გერმანიაში ვცხოვრობდი. მერე მოგეხსენებათ, 3 თვეზე მეტხანს ევროპაში ვერ გაჩერდები და საქართველოში ჩამოსვლა გიწევს, რადგან პასპორტი არ "გაგიფუჭდეს". კომუნიკაციას ვაგრძელებდით. თითქოს დისტანციურ ურთიერთობას ვერ ეგუებოდა, მუდმივი კონფლიქტი გვქონდა. 1 თვის შემდეგ, თითქოს ჩემ მიმართ გაცივდა. მერე გავიგე, რომ მიღალატა. ღალატის შესახებ რომ შევიტყვე, ბილეთი დავჯავშნე და დუბაიში გავემგზავრე - იქ ბევრი მეგობარი მყავს. მინდოდა ეეჭვიანა. ვაეჭვიანე და შედეგსაც მივაღწიე. ყოველ შემთხვევაში, ვაგრძნობინე - ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანიც არ ხარ-მეთქი (იღიმის)... სასიყვარულო ფრონტზე კარგი მოთამაშე ვარ... გაგიჟებულმა მთელი ამბები მომიწყო. ვუთხარი, - შენ თუ მღალატობ, მე რატომ უნდა დაგელოდო-მეთქი? მას მერე ასე ვაწვალებ ხოლმე. გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი, საერთოდ ჩემთან დაბრუნება რატომ უნდა. თითქოს მასზე გული ამიცრუვდა, მაგრამ ვნახოთ, მომავალში რა იქნება...

- ღალატის პატიება შეგიძლია?

- ღალატი ვაპატიე. უბრალოდ, რადგან გული აცრუებული მაქვს, იმ ადამიანის მიმართ ის ემოცია, ვნება აღარაა, რაც მანამდე იყო... თავიდანვე, სანამ გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდოდი, ვუთხარი, - თუ გინდა ურთიერთობა ახლავე დავასრულოთ, რადგან ვიცი, დისტანციურ ურთიერთობას ვერ შეძლებ-მეთქი (პირადად მე, მიჩვეული ვარ). შემპირდა - არა, ყველაფერს გავაკეთებო, მაგრამ ვერ გააკეთა. შესაბამისად, დავშორდი... მასზე გული ამიცრუვდა. უბრალოდ, ღალატი ვაპატიე, რა თქმა უნდა და კარგად იყოს, სადაც არის (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი