"თითქოს მივეჩვიე, რომ ნებისმიერი შეჯიბრებიდან შინ გამარჯვებული უნდა დავბრუნდე" - გზაპრესი

"თითქოს მივეჩვიე, რომ ნებისმიერი შეჯიბრებიდან შინ გამარჯვებული უნდა დავბრუნდე"

ის ჯერ 10 წლისაა და უკვე არაერთგზის პრიზიორია აკრობატიკაში: სამგზის შტატების ჩემპიონი, სამგზის რეგიონული ჩემპიონი, ორგზის ნაციონალური ჩემპიონი და ერთგზის საერთაშორისო პანამერიკის თამაშების ოქროს მედალოსანია. გოგონას წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებენ და ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები მისით ძალიან ამაყობენ. ვფიქრობ, მას საქართველოშიც უნდა იცნობდნენ და გულშემატკივრობდნენ...

- რას ნიშნავს შენთვის სპორტული ტანვარჯიში? რამდენი წელია რაც ვარჯიშობ და როგორ ფიქრობ, ეს ის საქმეა, რომლის კეთებაც ყოველთვის გენდომება?

- ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი უკავია აკრობატიკას, ტანვარჯიშს, რადგან ის ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი და საყვარელი საქმეა. ბავშვობიდან აქტიურად ვარ დაკავებული აკრობატიკით და თითქმის ყოველდღე, სკოლის შემდეგ, 4 საათი დარბაზში ვვარჯიშობ. ჩემი მწვრთნელები არიან ლას-ვეგასში ცნობილი შოუს "სირკუს დე სოლეის" ყოფილი სოლისტები. მე უკვე 5 წელია, ამ სპორტს მივდევ და უამრავი გამარჯვება მოვიპოვე. სწორედ ეს არის ჩემი ცხოვრების მიზანი, რომ ვიყო ყველაზე წარმატებული ჩემს სფეროში.

60113ba4-cd9e-43a8-b7b2-40d8730407a3-1717395667.jpg

- შენს წარმატებებზე მესაუბრე. ალბათ პირველი წარმატება გამორჩეული იყო, ხომ?

- პირველი გამარჯვება 5 წლის ასაკში მოვიპოვე, მაგრამ არ მახსოვს დეტალები, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. ახლა კი ყოველი გამარჯვება ჩემთვის დასამახსოვრებელია. თითქოს მივეჩვიე, რომ ნებისმიერი შეჯიბრებიდან შინ გამარჯვებული უნდა დავბრუნდე.

- შენთან ერთად ტანვარჯიშზე სხვა ქართველი ბავშვებიც თუ დადიან? ამერიკელი მეგობრები რომ გეყოლება, ეს გასაგებია, მაგრამ ქართველ ბავშვებთან თუ გაქვს ურთიერთობა?

- ძალიან ბევრი ამერიკელი მეგობარი მყავს. სამწუხაროდ, ლას-ვეგასში ქართველი ბავშვები არ არიან, მაგრამ ბევრი ქართველი მეგობარი და ნათესავი მყავს სამშობლოში, რომლებიც ჩემით ამაყობენ და შორიდან ყოველთვის მგულშემატკივრობენ, მე ამას სულ ვგრძნობ და ვაფასებ, ეს ყველაფერი დიდ მოტივაციას მაძლევს.

- ამერიკაში დაიბადე და იქ იზრდები. საინტერესოა, რას ნიშნავს ამერიკა შენთვის და რას - საქართველო?

- ძალიან მიყვარს საქართველო, მუდამ მენატრება იქ ჩასვლა და ჩემი ნათესავების ნახვა. თითქმის ყოველ ზაფხულს საქართველოში ვატარებთ. ყოველთვის სიამაყით ვამბობ, რომ ქართველი ვარ.

- რას ეტყვი იმ ხალხს, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს და შენი გულშემატკივარი გახდება?

- დიდი მადლობა ყველას, რომ დაინტერესდით და ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერს ან მომავალში მიგულშემატკივრებს. ვეცდები, კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ.

las-vegasis-mertan-ertad-1717395656.jpg

ნინა გოგიჩაშვილი, ნატალის დედა:

- ნატალი 2013 წელს დაიბადა, ახლა 10 წლის არის. 4 წლის იყო, როცა აკრობატიკაზე, სპორტულ ტანვარჯიშზე მივიყვანეთ და უკვე ძალიან წარმატებულია ამ სფეროში... ახალი მიყვანილი მყავდა, როცა მწვრთნელებმა მითხრეს, - ნატალის განსაკუთრებული ნიჭი აქვს და გვინდა, გაძლიერებულ ჯგუფში ავიყვანოთ, საწინააღმდეგო თუ არაფერი გექნებათო. დავთანხმდით და ახლა ნატალი შტატების სამგზის ჩემპიონი, სამგზის რეგიონული ჩემპიონი, ორგზის ნაციონალური ჩემპიონი და ერთგზის საერთაშორისო პანამერიკის თამაშების ოქროს მედალოსანია. ჩვენ ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ ერთად. გასულ კვირას სან-ფრანცისკოში გაიმარჯვა, რეგიონული ჩემპიონი გახდა და ივნისში მივემგზავრებით ბოლო დასკვნით შეჯიბრებაზე მინეაპოლისში, ნაციონალურ ჩემპიონატზე და ამ სეზონს ასე დავხურავთ...

- ამერიკაში როდის წახვედით?

- უკვე 16 წელია ამერიკაში, კერძოდ ლას-ვეგასში ვცხოვრობ. ფაქტობრივად, აქ გავთხოვდი. ჩემი მეუღლეც ქართველია და უკვე 27 წელია, თავის ოჯახთან ერთად ამერიკაშია. საქართველოში გვქონდა ჯვრისწერა და ქორწილი, შემდეგ აქ წამოვედით.

ამერიკაში რომ ჩამოვედი, ინგლისური თითქმის არ ვიცოდი და თავიდან ცოტა გამიჭირდა შეჩვევა აქაურობასთან, მაგრამ მივეჩვიე... შემდეგ შეგვეძინა შვილები და ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ნატალის გარდა, მყავს ვაჟი - 15 წლის დეივიდი, რომელსაც დათუჩას ვეძახით... ვფიქრობ, შევძლებთ და შვილებს ღირსეულ ქართველებად აღვზრდით აქ, ამ უცხო მიწაზე...

- დაბოლოს, ისევ ნატალიზე გკითხავთ... მის მწვრთნელებს რა გეგმები აქვთ?

- ნატალის კიდევ ბევრ წარმატებას და კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ვნახოთ... მჯერა, ის აუცილებლად გვასახელებს.

ლიკა ქაჯაია