სად იღებს გოგა ჩანადირი ყველაზე სევდიან და ლამაზ ფოტოებს? - გზაპრესი

სად იღებს გოგა ჩანადირი ყველაზე სევდიან და ლამაზ ფოტოებს?

საშობაოდ მორთული, დათოვლილი თბილისი, ლურჯად მოლივლივე ფარავნის ტბა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ტაო-კლარჯეთის მშვენიერი, სევდიანი ხედები... - ეს მხოლოდ მცირე ამონარიდია მისი შემოქმედებიდან. ფოტოჟურნალისტს მთელი საქართველო აქვს მოვლილი და ბევრი საინტერესო, ორიგინალური პეიზაჟის ავტორია.

- გოგა, რას ნიშნავს თქვენთვის ფოტოგრაფია?

- დაუფიქრებლად გეტყვით: ჩემთვის ეს თვითგამოხატვის საუკეთესო გზაა. ცუდია, რომ ხატვის ნიჭი არა მაქვს, მაგრამ რასაც ვხედავ, ასე გამოვხატავ. ფოტოაპარატი ჩემთვის ისეთივე საშუალებაა, როგორიც მხატვრისთვის ფუნჯი ან მწერლისთვის - კალმისტარი. ჩვენ განსხვავებულ "იარაღს" ვიყენებთ, მაგრამ იმას გამოვხატავთ, რაც გვიყვარს, რაც გვაინტერესებს, რაც ძალიან მოგვწონს. სხვათა შორის, ფოტოგრაფიით ცოტა მოგვიანებით დავინტერესდი. სკოლის პერიოდში ტექნიკური საგნები მიყვარდა, განსაკუთრებით კარგად ვსწავლობდი მათემატიკას და ჰუმანიტარული საგნებით ბოლო კლასებში დავინტერესდი.

მათემატიკას იმდენად კარგად ვსწავლობდი, რომ მე-4 კლასში ყოფნისას, მერვეკლასელებთან შემიყვანეს და განტოლება ავუხსენი. მაშინ მჯეროდა, რომ განსაკუთრებული მოსწავლე ვიყავი, მაგრამ თანდათან მივხვდი, რომ ეს ამპარტავნoბა იყო. ჩემს თავს ვუთხარი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება-მეთქი და სხვების აღიარება დავიწყე. სკოლის პერიოდში ფოტოგრაფიაზე საერთოდ არ ვფიქრობდი.

anitastan-1717396412.jpg

- როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში ეს დიდი გატაცება?

- გატაცებას ნამდვილად ვერ დავარქმევ: 2000 წელს, "დილის გაზეთში" დავიწყე მუშაობა, როგორც ჟურნალისტმა. ცხადია, ფოტოებზე მუშაობაც მიწევდა. ერთხელ ფოტოგრაფი არ იყო და მის ნაცვლად მე გამგზავნეს, ეს ამბავი მეორედ და მესამედაც განმეორდა, თანდათან ეს საქმე მომეწონა და ასე, ნელ-ნელა ჩამოვყალიბდი ფოტორეპორტიორად. ახლაც ვამბობ, რომ ფოტოჟურნალისტი ვარ და არა - ფოტოგრაფი.

- თქვენს პროფესიაზე რას გვეტყვით?

- თეატრალური ინსტიტუტის კინო-სასცენარო ფაკულტეტი დავამთავრე. თავიდან კოტე მახარაძის ჯგუფში ვსწავლობდი, შემდეგ კი - ერლომ ახვლედიანთან გადავედი და ის მასწავლიდა. თეატრალური 1998 წელს დავამთავრე. ერთწუთიანი ფილმებისთვის სცენარებს დღესაც ვწერ და ეს მომწონს, მაგრამ ჩემი მთავარი საქმე მაინც ფოტოგრაფიაა და ეს არც მიკვირს, რადგან უკვე 24 წელია ამ სფეროში ვარ.

- განსაკუთრებული, რჩეული ფოტოები თუ გაქვთ?

- ჩემი ხელით გადაღებული ბევრი ფოტო მიყვარს, მაგრამ რომ ვთქვა, ეს ყველაზე კარგია-მეთქი და წერტილი დავუსვა, ასეთი რამ არ მახასიათებს. შეიძლება ერთი მწვერვალი დალაშქრო, მაგრამ წინ უფრო ლამაზი და საინტერესო მწვერვალებია - სწორედ ასე ვუყურებ ჩემს გადაღებულ ფოტოებსაც. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჯერ მთავარი მწვერვალისთვის არ მიმიღწევია. ძალიან მიყვარს ჩვენი ქვეყნის პეიზაჟები, მაგრამ ამავდროულად, სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და ისტორიაც მაინტერესებს. ჩემი სტიქია საჰაერო ფოტოების გადაღებაა: ვფიქრობ, რომ სიმაღლიდან გადაღებულ ფოტოებს სულ სხვა ხიბლი და ეფექტი აქვს. სწორედ ამიტომ, თბილისის ანძაზე სამჯერ ავედი, რომ ჩვენი ქალაქის ხედები სიმაღლიდან გადამეღო.

მიუხედავად ამისა, მაინც მაქვს ერთი გამორჩეული ფოტო, რომელიც 2007 წელს გადავიღე - ამ ფოტოზე ანტისა ხვიჩავაა აღბეჭდილი. მერე ეს ქალბატონი ტელევიზიებმაც გადაიღეს და მარტო საქართველოში კი არა, მთელმა მსოფლიომ გაიცნო, როგორც ყველაზე ხანდაზმული ქალი, რომელიც 132 წლის ასაკში გარდაიცვალა. საერთოდ, ხანდაზმული ადამიანების გადაღება ჩემი საყვარელი მიმართულებაა, რომელმაც 2004 წლიდან გამიტაცა. კიდევ რამდენიმე ასაკოვანი ადამიანის ფოტო მაქვს გადაღებული და ძალიან მომწონს.

ojaxit-1717396424.jpg

- თქვენს ფოტოებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ტაო-კლარჯეთის ხედებს და ეკლესია-მონასტრებს, რატომ?

- ჩემთვის ტაო-კლარჯეთი ის ადგილია, საიდანაც ერთიანი საქართველო დაიბადა, ეს ჩვენი ფესვებია და თუ ფესვებს არ მოვუფრთხილდით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ისტორიას და წარსულსაც არ ვუფრთხილდებით. ამ საოცარ მხარეში წელიწადში რამდენჯერმე ჩავდივარ და იქ რომ ვარ, ასე მგონია, სახლში გახლავართ. თაო-კლარჯეთში ყველა წერტილი, ყველა კუთხე-კუნჭული ვიცი და ყველა ისტორიული ადგილი მიყვარს! მართალია, ჩვენი ძეგლებისა და ტაძრების უმეტესობა ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ მაინც ლამაზია! ვისაც ტაო-კლარჯეთი გვიყვარს, ყველამ ძალიან განვიცადეთ კავკასიძეების ციხის ბედი: იქ წყალსაცავი ააგეს, ციხეც და ტაძარიც წყალში ჩაიძირა. როდესაც წყალსაცავში წყლის დონე მცირდება, კავკასიძეების ციხე მხოლოდ მაშინ ჩანს, მაგრამ როცა წყალი იმატებს, მთლიანად იფარება. ეს ციხე ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიისთვის, ამიტომ, როცა გამოჩნდება, მის ფოტოებს ყოველთვის ვიღებ და ვავრცელებ. ტაო-კლარჯეთში გადაღებულ ჩემს ფოტოებს თან დიდი სევდაც ახლავს, რადგან ეს მხარე თურქეთს ეკუთვნის და იქ ბევრი ძეგლი მისახედია, მათ შორის: ოშკი, არტანუჯი, იშხანი, პარხალი და სხვები... თითოეული ეს ტაძარი ჩვენი უძველესი ისტორიის უტყვი მოწმეა და მიხედვა სჭირდება! რამდენიმე წლის წინ დაიგეგმა, რომ ქართველი სპეციალისტები ოშკის აღდგენას დაიწყებდნენ, მაგრამ ჯერ ამის იმედი არ ჩანს - ამდენი წელია ეს საქმე ადგილიდან ვერ დაიძრა! არადა, ოშკიც და ყველა ტაძარი ტაო-კლარჯეთში დახმარებას ითხოვს!

nathia-1717396395.jpg

- გოგა, თქვენს ოჯახზეც ვისაუბროთ: რა როლს ასრულებს ის თქვენს ცხოვრებაში?

- ოჯახი ჩვენი მთავარი დასაყრდენია. ხომ ამბობენ, ყველა მეტ-ნაკლებად წარმატებული კაცის უკან, არანაკლებ ჭკვიანი და წარმატებული ქალი დგასო? - ამ სიტყვებს ბავშვობიდან ვიზიარებდი და მის სიმართლეში ახლა უფრო მეტად დავრწმუნდი. ჩემი მეუღლე, ნათია ნადირაშვილი საოცრად ენერგიული, მშრომელი და დაუცხრომელი ადამიანია. ერთმანეთს ხელს ვუწყობთ, რომ ჩვენი საქმე ორივემ კარგად ვაკეთოთ და შვილსაც არაფერი მოვაკლოთ. ჩემი აზრით, ოჯახში ყველაზე მთავარი თანადგომა და მხარდაჭერაა, ამის წყალობით, დროთა განმავლობაში სულ სხვა დამოკიდებულება ჩნდება. დათმობის უნარიც აუცილებელია, რადგან კომპრომისის გარეშე არაფერი გამოდის.

- როგორ ფიქრობთ, ქალისთვის მიმზიდველი გარეგნობა უფრო მნიშვნელოვანია თუ ჭკუა?

- ჭკუა და განათლება ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან გარეგნობა წარმავალია, ხოლო ჭკუა ყოველთვის ადამიანთან რჩება. განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, სულ ვცდილობ, შვილს წიგნები შევაყვარო. ანიტა ჯერ მხოლოდ 8 წლისაა. ჯერჯერობით, ძალიან დამოკიდებულია ტელეფონსა და გაჯეტებზე, მაგრამ იმედი მაქვს, თანდათან წიგნებსაც შეიყვარებს. ახლა ვფიქრობ, რომ მშობლები ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა მოზარდები ტელეფონს და კომპიუტერს არ მიეჯაჭვონ. ჯობია, ბავშვის პრეტენზიები მოითმინო, მაგრამ ის ელექტრონულ მოწყობილობას არ შეაჩვიო...

- ანიტა ფოტოაპარატისკენაც ხომ არ იწევს?

- საამისოდ ჯერ პატარაა, ადრე ისიც არ მოსწონდა, ფოტოებს რომ ვუღებდი, მაგრამ ახლა ეს ძალიან მოსწონს. ვცდილობ, თავიდანვე შეეჩვიოს აზრს, რომ წარმატების საიდუმლო მხოლოდ შრომასა და სწავლაშია, რომ ადამიანი მუდმივად ახლის ძიებაში უნდა იყოს - სხვა ყველაფერი ტყუილია. ალბათ იღბალსაც თავისი ადგილი აქვს, მაგრამ "შრომა, შრომა და შრომა!" "სწავლა, სწავლა და სწავლა!"- წარმატება მხოლოდ ამ ორი რამის შეთავსებას მოჰყვება.

- დაბოლოს, რას უსურვებთ ჩვენს ხალხს? რა სჭირდება ყველაზე მეტად 21-ე საუკუნის საქართველოს?

- ის, რაც ჩვენს გერბზე წერია, ანუ "ძალა ერთობაშია"! ერთობა დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ერთობა თუ არ გვექნება, მტერს გავახარებთ, მტერი კი მრავალგვარი გვყავს. მეორე - ეს არის განათლება. განათლების გარეშე წელგამართული, ძლიერი სახელმწიფოს შექმნა შეუძლებელია. არანაკლებ მნიშვნელოვანია სამშობლოს და ადამიანის სიყვარულიც - ამ თვისებების გარეშე ფასეულს ვერაფერს შევქმნით - ვერც კარგი მთავრობა გვეყოლება, ვერც კარგი ოპოზიცია და ვერც - ღირსეული საზოგადოება. მხოლოდ დაბალი განათლების მქონე საზოგადოება იყენებს იარაღად აგრესიას, დიქტატურას და ერთპიროვნულ მმართველობას, რადგან განათლებულ ადამიანებს მსგავსი ბერკეტები არ სჭირდებათ. მათ განსხვავებული აზრის მიღებაც შეუძლიათ და გაზიარებაც. ვიღაცას წვიმიანი ამინდი თუ მოსწონს და შენ - მზიანი, ეს არ ნიშნავს, რომ ის შენი მტერი და მზის მოწინააღმდეგეა. სწორედ ამ თვისების არქონის ბრალია, რომ ადამიანებს ჯერ ზეცამდე ავიყვანთ და მერე, როცა დავინახავთ, რომ მისი შეხედულებები ჩვენსას არ ემთხვევა, მიწაზე დავანარცხებთ. განსხვავებული აზრის გამო შენი სისხლი და ხორცი მტრად არ უნდა შერაცხო... სხვისი თუ არა, ჩვენი შეცდომები მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნორმალური სახელმწიფო ავაშენოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე