"მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი, ყველაფერი მიხაროდა" - გზაპრესი

"მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი, ყველაფერი მიხაროდა"

მორწმუნე ადამიანი ვარ, დედა კი ის ადამიანია, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, მას არაფერს ვუმალავ", - ამბობს მსახიობი აკაკი დარბაიძე. რა არის მისი სუსტი წერტილი, როგორი გოგონები მოსწონს, რას საყვედურობენ, რა ვერ ისწავლა დღემდე, რას გააკეთებდა ძალიან ბევრი ფული რომ ჰქონდეს და როგორი ადამიანები აკვირვებენ ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1997 წლის 22 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ძიუდოისტი, არქიტექტორი. ბავშვობაში მსახიობობაზე არ ვოცნებობდი, რაღაცები გამომდიოდა, მაგრამ ამ პროფესიაზე სერიოზულად არ ვფიქრობდი.

- სერიოზულად როდის დაფიქრდი?

- გარდატეხის ასაკში.

- ჩემზე ამბობენ...

- ...უხასიათოა, მაგრამ არ ვეთანხმები.

- რატომ რჩებათ ასეთი შთაბეჭდილება?

- ხანდახან ძალიან სერიოზული ვარ და ალბათ ამიტომ. რომ გამიცნობენ, მერე შთაბეჭდილება ეცვლებათ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...თავიდან არ დავიწყებდი, უფრო სწორად, არაფერს შევცვლიდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...მახსოვს, "კეთილების“ გადაღება დაახლოებით ერთ თვის დაწყებული გვქონდა, სამ დღეში სამი არხიდან დაგვირეკეს. ჩვენი სამსახურში აყვანა უნდოდათ, ერთდროულად სამი შემოთავაზება მივიღეთ.

- გადაწყვეტილება რთული მისაღები აღმოჩნდა?

- ძალიან.

- გადამწყვეტი ფაქტორი რა იყო?

- ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ. გვინდოდა, სადაც წავიდოდით, ყველანი ერთად წავსულიყავით. ერთმა ტელევიზიამ გვითხრა, 3 ადამიანს აგიყვანთო, მეორეგან გვითხრეს, ხუთსო. "კომედი შოუში" გვითხრეს, ყველას აგიყვანთო და იქ წავედით.

- ახლა რაზე მუშაობ?

- "კეთილების" მეოთხე სეზონს ვიღებთ. სხვა გეგმებიც გვაქვს, მაგრამ ყველაფერი დროსთან არის დაკავშირებული.

- "კეთილების" ეს სეზონი რით იქნება გამორჩეული?

- სცენარით, გადაღების ტექნიკით. რაც დროს გადის, ჩვენ უფრო და უფრო ვიხვეწებით. კინოში ხომ ნაკლები გამოცდილება გვქონდა. "კეთილების" ყველა სეზონი წინას სჯობს, იმედია, ამჯერადაც მესამე სეზონზე უკეთესი გამოგვივა. ჩვენ ყველას აზრით ვინტერესდებით, ვსწავლობთ და ვცდილობთ განვვითარდეთ.

- ახალი პერსონაჟები იქნებიან?

- აუცილებლად. ინტერნეტში ივნისში აიტვირთება.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...საკუთარ თავს, შრომის სიყვარულს, მერე ოჯახს და მეგობრებს. საკუთარ თავზე ძალიან ბევრი მაქვს ნამუშევარი და დღესაც ვაგრძელებ მუშაობას.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მაქვს ყველაფერი იმისთვის, რათა ნორმალურად ვიცხოვრო და საკუთარი თავი სხვადასხვა სიტუაციაში გამოვცადო. ბედნიერი ვარ, რომ მყავს კარგი ოჯახი და კარგი მეგობრები.

- განსახიერებული პერსონაჟებიდან თუ არის რომელიმე? მაგალითად, ლუიზა.

- ლუიზაც არის, ტანჯულაც არის... ჩემი სავიზიტო ბარათი თავად ვარ.

- ამ პერსონაჟებიდან შენთან უფრო ახლოს რომელია?

- ალბათ, ტანჯულა. ლუიზა რთული როლია. სირთულე თამაშში ნაკლებად არის, უფრო გარდასახვის მომენტშია.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...მეგობრებთან ერთად ყოფნის და დროის გატარების. ეს ის არის, რაც არასდროს მეზარება და უკან არ ვიხევ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ადამიანების პატივისცემა და შრომისმოყვარეობა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...სულსწრაფი ვარ.

- ეს თვისება ხელს ბევრ რამეში გიშლის?

- რა თქმა უნდა, სიამოვნებით გამოვასწორებდი.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ ადამიანებს ბრმად არ უნდა ვენდო.

- საკუთარ შეცდომებზე ვერ ვისწავლე...

- ...როგორ დავძლიო ჩემში სულსწრაფობა.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი ბოლომდე ინანიებს იმას, რაც დააშავა, მაგრამ ყველაფერს ვერ ვპატიობ, რაღაც ზღვარი არსებობს. შეიძლება გულში კი ვაპატიო, მაგრამ ის ადამიანი მომავალში ჩემთან ერთად ვეღარ იქნება.

- ადამიანისთვის ერთხელ რომ გიპატიებია, მეორეჯერ იგივე ტკივილი მოუყენებია?

- სამწუხაროდ, კი.

- თავად ბოდიშის მოხდა გიჭირს?

- თუ გავაცნობიერებ, რომ რაღაც შემეშალა, ბოდიშს ვიხდი. შეცდომებს ხომ ყველანი ვუშვებთ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...რეალურს არასდროს ვფიქრობ, სულ ვოცნებობ.

- შენი ოცნებები ხდება?

- როგორ არა, ხდება.

- დღეს რაზე ოცნებობ?

- ამ პერიოდში ძალიან მინდა, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენი ეროვნული ნაკრები რაც შეიძლება შორს წავიდეს.

- ვიბნევი...

- ...როდესაც სამი ადამიანი ერთდროულად მელაპარაკება და სამივეს პასუხი უნდა გავცე.

- ვნანობ...

- ...ბევრი დრო მაქვს ტყუილად გაფლანგული. თავის დროზე რაღაცები არ გავაკეთე.

- რომ გაგეკეთებინა, დღეს შენი რეალობა ბევრად განსხვავებული იქნებოდა?

- უფრო კომფორტულად ვიცხოვრებდი.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ჩემს ძმას. მან ზუსტად იცის, რა არის ჩემი სუსტი წერტილები და გაბრაზებული თუ არის, შეუძლია „დამაჭიროს“. რომ ვბრაზდები, ძალიან ვყვირი.

- მეზარება...

- ...დილით ადრე ადგომა.

- სიყვარული ეს...

- ...ის გრძნობაა, რომელზეც ბევრი დაწერილა და თქმულა. ახალი რა ვთქვა? ჩემი აზრით, მაგისთვის ცხოვრება ღირს. ერთ-ერთი მთავარია, რისთვისაც იბადება ადამიანი.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...(იცინის) ერთად დავდიოდით ისტორიის მასწავლებელთან, ამ საგანს ისედაც კარგად ვსწავლობდი და ის რომ ჩემთან ერთად იყო, ვცდილობდი, უფრო კარგად მესწავლა, თავი გამომეჩინა. მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი, ყველაფერი მიხაროდა.

- ახლა შეყვარებული....

- ...არ ვარ.

- როგორი უნდა იყოს გოგო, რომ დაგაინტერესოს?

- შეგნებული, ჩვენს ტრადიციებს პატივს უნდა სცემდეს, განათლებული (მხოლოდ დიპლომს არ ვგულისხმობ) უნდა იყოს და აუცილებლად გრძელი თმით.

- მაკვირვებს...

- ...ზოგიერთის თავდაჯერებულობა. აი, ეგ თავდაჯერებულობა რომ მომცა...

195371609-4135023386555067-3582863368780635902-n-copy-1641463642-copy-1717397315.jpg

- ყოველთვის შეუძლიათ, კარგ ხასიათზე დამაყენონ...

- ...მეგობრებმა. ეს ყოველთვის კარგად გამოსდის გიო ჩუბინიძეს.

- ვრისკავ...

- ...ხშირად. რისკს არასდროს ვერიდები, ბრმადაც გამირისკავს და გამმართლებია.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ახლობლების დაკარგვის შიშია.

- ვამაყობ...

- ...რომ ქართველი ვარ. ვამაყობ, რომ ჭიათურელი ვარ. ჭიათურა ჩემი სიამაყეა.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ვწითლდები, ძალიან არ მიყვარს, მირჩევნია, პირადად მითხრან, ვიდრე საჯაროდ შემაქონ.

- მეშინია...

- ...ინიექციის გაკეთების.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...სად დაიკარგე, რატომ არ გამოჩნდი, გამოგვიარე, რატომ დაგვივიწყეო?

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- ...არ მახსენდება, რა ვერ გავბედე (პაუზის შემდეგ)? როცა რამის გაკეთება მინდა, შეიძლება დიდხანს ვიფიქრო, მაგრამ ბოლოს მაინც ვაკეთებ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...მადროვე, სარკეში ჩავიხედავ (იცინის). ბავშვობაში ცხვირი გავიტეხე და ეგ რომ არ დამმართოდა, კარგი იქნებოდა. აუზში უნდა ჩავმხტარიყავი, ძალიან შორს გადავხტი და კიდეს ცხვირი ჩამოვარტყი.

- ვუფრთხილდები...

- ...ყველაფერს, რაც მაქვს, განსაკუთრებით - ურთიერთობებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...მოთმინება.

- ვიტყუები, როცა...

- ...არის იმის ალბათობა, რომ იმ კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება სიმართლემ ვინმეს გული ატკინოს.

- თავისუფლებაა...

- ...როცა შენი თავის ბატონ-პატრონი ხარ; როცა არავინ გიწყვეტს, რა სად და როგორ თქვა.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვფიქრობ ძალიან ბევრს. ფიქრი მიყვარს. საკუთარ ქცევებსაც ვუფიქრდები ხოლმე. როცა შინ ვბრუნდები, როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, ვცდილობ 10 წუთით მაინც გადავხედო იმ დღეს და მომავალზე 2 წუთით მაინც დავფიქრდე, ხვალ ან ზეგ რა და როგორ უნდა გავაკეთო.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...შევიძენდი ჭიათურის საფეხბურთო კლუბს და ჩემპიონთა ლიგაზე გავიყვანდი. სპორტი ძალიან მიყვარს, გამორჩეულად - ფეხბურთი.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ძალიან მეხმარება ღმერთი, ეკლესია და დედა. მორწმუნე ვარ, დედა კი ის ადამიანია, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, მას არაფერს ვუმალავ, ყოველთვის ღიად და გახსნილად ველაპარაკები.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...სხვადასხვა დროს ბევრი ადამიანისგან მომისმენია დარიგება. ახლა ბიძაჩემის ნათქვამი გამახსენდა: ყველაფერს სჯობს, პატიოსნად იცხოვროო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. ეს საკუთარ თავზე გამომიცდია. ხშირად მგონებია, ყველაფერი მთავრდება-მეთქი და ერთ წამში ყველაფერი შეცვლილა. ღმერთის გწამდეთ და ყველაფერი კარგად იქნება!

თამუნა კვინიკაძე