"ისტორია დაწერილია! გაგრძელება იქნება..." - გზაპრესი

"ისტორია დაწერილია! გაგრძელება იქნება..."

სამშობლოში დაბრუნებულს აეროპორტში ბევრი ადამიანი დახვდა და მას ეს დიდი გამარჯვება ოვაციებით მიულოცეს. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს არის გიორგი დაბადებული და იუბილეს ასეთი სიხარულით შეხვდა. "თუ გაინტერესებთ როგორია საუკეთესო დაბადების დღე, მე გეტყვით, გილოცავთ ყველას 26 მაისს, დიდხანს გვეცხოვროს დამოუკიდებელ საქართველოში... ზღაპრის ბოლო კეთილია", - დაწერა "ფეისბუკ"-გვერდზე გიორგი სარდალაშვილმა.

შეგახსენებთ, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი 19-24 მაისს ჩატარდა და პირველივე დღეს ტატამზე 20 წლის გიორგი სარდალაშვილი გავიდა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან საწყის წრეში ჩრდილოკორეელ კვან ჯინ ჩაეს ვაზარით აჯობა, მერვედფინალში ტაიპეელ ჩონ იუ ლინს ზუსტად 15 წამში იპონით მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვს შეხვდა. ბაირამოვი შეხვედრაში ვაზარით დაწინაურდა, თუმცა სარდალაშვილმა ჯერ ვაზარითვე გაათანაბრა, ბოლო წუთზე კი მეტოქე შებოჭვაზე დაიჭირა და ნახევარფინალის მონაწილე გახდა, სადაც ვაზარით იაპონელ ტაიკი ნაკამურასაც აჯობა და ასე მოიპოვა ფინალის საგზური. ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ოქროს მედლისთვის ტაიპეის წარმომადგენელ ვეი იანგ იუნს შეხვდა. ფინალური ბრძოლა დაძაბული იყო. გიორგი 4 წუთი თავდაუზოგავად იბრძოდა, გამარჯვებისთვის და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ახალგაზრდა სპორტსმენი შარშანაც ასპარეზობდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, არც შარშან დაბრუნებულა იქიდან ხელცარიელი. შარშან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და წელს უკვე ოქროს მედლით დაბრუნდა. რაც მთავარია, ამ გამარჯვებით 20 წლის ასაკში გიორგი სარდალაშვილმა ოცნება აისრულა და მიზანს მიაღწია. ამ დიდ გამარჯვებამდე სხვა ბევრი მიღწევა და გამარჯვება იყო. გიორგი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახლდათ, ოღონდ ახალგაზრდულში. მანამდე 2020 წელს, ანტალიაში ჭაბუკებს შორის გამართულ ევროპის თასზე პირველი ადგილი დაიკავა 50 კგ წონით კატეგორიაში. ერთი წლის შემდეგ პრაღაში გამართულ ევროპის თასზე (ახალგაზრდული) 60 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილის მოპოვება მოახერხა. მეორე ადგილი დაიკავა ლუქსემბურგში გამართულ 2021 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (60 კგ). 2022 წელს პირველი ადგილის დაკავება მოახერხა ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართულ ევროპის თასზე (ახალგაზრდული). ამავე წელს მეორე ადგილი დაიკავა თბილისის გრანდ-სლემზე. 2022 წლის ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც გუაიაკილში, ეკვადორში ჩატარდა, სარდალაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა. არის 2022 წლის ზაგრების გრან-პრის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი.

გიორგი სარდალაშვილი დედოფლისწყაროს სოფელ სამთაწყაროში დაიბადა. 5 წლის იყო, მისი მშობლები საცხოვრებლად რუსთავში რომ გადავიდნენ. იქ დაიწყო მისი სპორტული კარიერაც. სამშობლოში დაბრუნებულ სპორტსმენს რუსთავის მერმაც მოუწყო შეხვედრა და ეს დიდი გამარჯვება მიულოცა.

- გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას. გვიამბე შენზე, როგორი იყო შენი პირველი ნაბიჯები ძიუდოში?

- მადლობა მოლოცვისთვის. 7 წლის ვიყავი, როცა ძიუდოზე დავიწყე სიარული მშობლების სურვილით. ჩემი პირველი მწვრთნელი ქალაქ რუსთავში, ხვიჩა კაპანაძე იყო, რომელიც სულ ჩემ გვერდით იდგა და მას დიდი წვლილი მიუძღვის ამ წარმატებაში. ვარჯიშს, რა თქმა უნდა, დიდ დროს ვუთმობ. ბოლო ორი წელია, ლამის თვეში ერთი დღე მიწევს სახლში ყოფნა. როცა შინ ვარ, მაქსიმალურად ვცდილობ, დრო ოჯახის წევრებს დავუთმო, ხოლო როცა შეკრებაზე ვარ, დილა ვარჯიშით იწყება, შემდეგ საჭმელი, დასვენება და ისევ ვარჯიში... ოჯახს დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში. როცა პატარა ვიყავი, ვარჯიშზე სულ დედა დამყვებოდა, მამაჩემიც აქტიურად იყო ჩართული ამ ყველაფერში. ისინი მუდამ მხარს მიჭერდნენ და დღეს ამ შედეგით უზომოდ ბედნიერები არიან. როცა შეჯიბრებაზე მივდივარ და წონის დაკლებას ვცდილობ, დიეტაზე ყოფნა მიწევს და ამ დროს მთელი ოჯახი დიეტას იცავს, რომ მოტივაციაც მეტი მქონდეს (იღიმის). ცდილობენ სახლში ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ დამეხმარონ.

- მიზნის მისაღწევად დიდი შრომაა საჭირო...

- დიახ, შრომის გარეშე ვერაფერს მიაღწევ, ამიტომ ეს გამოვიმუშავე პატარაობიდან, ამაში დამეხმარნენ მშობლებიც. მართლა ბევრს ვშრომობ მიზნების მისაღწევად. შეიძლება იყოს მარცხი, მაგრამ როცა შრომობ თავდაუზოგავად, ამას დადებითი შედეგი აუცილებლად მოჰყვება.

- შთამბეჭდავია მიღწეული შედეგები... გაიხსენე შენი პირველი გამარჯვება.

- პირველი გამარჯვება 8 წლისამ ვიგემე და ამან დიდი მოტივაცია მომცა.

- ვინ არის შენთვის მისაბაძი სპორტსმენი ძიუდოში?

- ბევრი გამორჩეული სპორტსმენია და ამჟამად ვინც ჩემთან ერთად არის ძიუდოს ნაკრებში, ყველა მისაბაძია, ყველასგან რაღაცას ვსწავლობ. არა აქვს მნიშვნელობა, სპორტსმენია თუ არა, ადამიანმა ნებისმიერისგან შეგიძლია კარგი თვისება აიღო.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდი, ჩემი ოცნებაა მსოფლიოს ჩემპიონი გავხდეო. 20 წლის ბიჭმა ეს ოცნება უკვე აისრულე. რა განცდაა ეს?

- ეს რომ ვთქვი, მაშინ 13 წლის ვიყავი. 2021 წელს, როცა ახალგაზრდულში მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, ეს ოცნება ნაწილობრივ ასრულდა, მაგრამ ახლა უკვე დიდებში ვარ მსოფლიოს ჩემპიონი და შემიძლია ვთქვა, რომ 100 პროცენტით შესრულებულია მიზანი. თან, 20 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, ამ ასაკში არავის აქვს ეს შედეგი. მიხარია, რომ ვარ პირველი ქართველი, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ამით ვამაყობ.

- ძალიან რთულ რაუნდში გაიმარჯვე. პირველი ემოცია როგორი იყო?

- დიახ, ეს ძალზე რთულად მოპოვებული გამარჯვებაა. ბევრი ვიბრძოლე და პირველ ემოციას გავიხსენებ. შეხვედრიდან რომ გამოვედი, დამხვდა ლაშა გუჯეჯიანი და მეკითხებოდა, - შენ იცი, რა გააკეთეო? უნებურად, ცრემლები წამომივიდა და ჩემი ემოციები კადრებშიც გამოჩნდა, ეს ყველამ ნახა. ჩემი ოჯახი ძალიან მგულშემატკივრობდა საქართველოდან და ერთი სული მქონდა, გამარჯვების შემდეგ, დედ-მამასთან დამერეკა. როცა მათ ვესაუბრე და მათ თვალებში სიხარულის ცრემლები დავინახე, მაშინ დავრწმუნდი, რომ რაღაც დიდს მივაღწიე. ჩემი ძმა მყავდა წაყვანილი და მან ის ემოციები, ის პირველი განცდები ჩემთან ერთად გაიზიარა. ჩემი ძმა ჩემთვის მოტივატორია. ის ჩემზე სამი წლით უფროსი გახლავთ და მაგალითს ყოველთვის მისგან ვიღებ...

რაც შეეხებათ კონკურენტებს - ვინც ასპარეზობს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ამ ჩემპიონატზე ყველა ქვეყანას ჰყავდა 2 წარმომადგენელი; ვინც შეიძლება მოიაზრო ტოპ ძიუდოისტებში, ყველა ასპარეზობდა. აზერბაიჯანის წარმომადგენელთან ვაგებდი, მაგრამ მერე ძალა მოვიკრიბე და გავიმარჯვე. ნახევარფინალში ვისაც დავუპირისპირდი, მასთან ორჯერ მქონდა წაგებული და ახლა მოვუგე. ფინალში ოლიმპიურ ჩემპიონს დავუპირისპირდი და უკვე მეორედ დავამარცხე. სხვათა შორის, 2022 წლის გრანდ-სლემი მოვუგე აბუ-დაბიში, მაშინაც ფინალში.

- მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება სხვა სპორტსმენებისთვის, რადგან შენი გამარჯვებით გაიხსნა მსოფლიოს ჩემპიონატი და პირველივე დღეს გაისმა საქართველოს ჰიმნი.

- დიახ, რაც ძალიან სასიხარულოა. ყოველთვის მინდა ბიჭებს მოტივაცია მივცე ჩემი გამარჯვებით და ბუნებრივია, ამ დადებითმა ემოციებმა, ქართულმა სულმა, ქართულმა ჰიმნმა სხვებზეც იმოქმედა. ბევრი ისტორია დაიწერა ამ მსოფლიოს ჩემპიონატზეც და გამარჯვებულები დავბრუნდით საქართველოში. იმედი მაქვს, ოლიმპიურ თამაშებზეც ასე იქნება, მეც გავიმარჯვებ, ბიჭებსაც გავახარებ, მივცემ მოტივაციას და მათი შედეგებით მეც გავიხარებ.

- რას ეტყვი ახალ თაობას, რომლებიც ახლა იდგამენ ფეხს ამ სპორტში?

- მეამაყება, რომ ჩემი სახელი და გვარი ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში, როგორც ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონის და მინდა მომავალ თაობას მაგალითი მივცე ჩემი მოგებით. მათაც უნდა იბრძოლონ ამ ტიტულის მოსაგებად. მოხარული ვარ, რომ ჩემს სახელსა და გვარს ამ ხალხში მოიხსენიებენ. მიზნის მისაღწევად საჭიროა სწორი მიდგომა, კარგი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, მშობლების მაქსიმალური მხარდაჭერა და რაც მთავარია, შრომა. შრომის გარეშე არაფერი ხდება.

- შენი სამომავლო გეგმები როგორია, ემზადები ოლიმპიური ოქროსთვის?

- 2 თვეში ოლიმპიური თამაშები იწყება და ახლა მაქსიმალურად ვარ გადართული ოლიმპიურ თამაშებზე. აქამდეც ვვარჯიშობდი და მსოფლიოს ჩემპიონატის გამო არანაირად არ შემქმნია დისკომფორტი, პირიქით, მაქსიმალურად ვიტვირთებოდი. ოლიმპიურ ჩემპიონატზეც შევეცდები კიდევ ერთხელ გავახარო გულშემატკივარი.

esec-1717398970.jpg

- აეროპორტში დიდი დახვედრა მოგიწყვეს...

- როცა ჩამოვედი, დიდი ემოციებით დამხვდნენ და ეს საოცარი სიხარული იყო. მთელი ჩემი სანათესავო აეროპორტში გახლდათ. ჩამოსულები იყვნენ ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები, ჩემი ახლო მეგობრები და ყველას უხაროდა. ამაყი ვარ, რომ მათი ბედნიერი და გაღიმებული სახეების მიზეზი მე ვიყავი. ამ შედეგით ამაყობს ჩემი სოფელი და მინდა მადლობა გადავუხადო სამთაწყაროს, მის მოსახლეობას. მადლიერი ვარ ღმერთის, რომ მომცა ნიჭი, ჩემი საქმით, ჩემს ძვირფას ადამიანებს სიხარული მივანიჭო.

- სკოლა ალბათ ხელს გიწყობდა, რომ გევარჯიშა.

- დიახ, ხელს მიწყობდნენ მასწავლებლები, დამრიგებელი, მადლობა მათ ამისთვის. ძალიან დიდი ემოციები იყო, ყველას გაუხარდა ჩემი გამარჯვება.

- ემოცია მოაქვს გულშემატკივრის შეძახილებს სპორტსმენისთვის?

- ყოველთვის გვიხარია გულშემატკივრის ემოციები. ამაყი ვარ, რადგან დავაფასე პირველ რიგში ჩემი შრომა და იმ ადამიანებისაც, ვინც თავდაუზოგავად მეხმარებოდა. უდიდესი მადლობა ჩემს ოჯახსა და უფალს, რომლის მფარველობას სულ ვგრძნობ. არ შემიძლია არ გამოვარჩიო ამ ადამიანების სახელი და გვარები, რადგან ისინი ჩვენთან ერთად გადიან ამ თავდაუზოგავ შრომას და მადლობას გადავუხდი თითოეულს: ძიუდოს ფედერაციას - გიორგი ათაბეგაშვილსა და დავით ქევხიშვილს; პირად მწვრთნელებს - ლექსო ღვინიაშვილსა და ხვიჩა კაპანაძეს; ნაკრების მწვრთნელთა შტაბს - მთავარ მწვრთნელს ლაშა გუჯეჯიანს, გურამ მოდებაძეს, ლომერ ჟორჟოლიანს, ამბაკო ავალიანს, გოგა ბაინდურაშვილსა და ნოდარ მეტრეველს; მწვრთნელებს - ირაკლი ცირეკიძესა და გიორგი ყიზილაშვილს. ნაკრების ექიმებს: გიორგი მგელაძეს, ავთანდილ თელიას, მამუკა გალდავას, დიმა ბაღათურიასა და ზურა კახაბრიშვილს. ასევე მთლიანად საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს და სპარინგ პარტნიორებს. ჩვენ ეს ყველაფერი ერთად შევძელით, მადლობა, ისტორია დაწერილია! გაგრძელება იქნება...

თეა ხურცილავა