"კაცი, რომელიც არასდროს არაფერში ჩაჭრილა" - გზაპრესი

"კაცი, რომელიც არასდროს არაფერში ჩაჭრილა"

ორწლინახევრის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. ობლად გაზრდილი ბიჭისთვის ცხოვრების გზა მარტივად გასავლელი არ ყოფილა, მაგრამ ყველა სირთულის დაძლევა ღირსეულად შეძლო. მსახიობობა ბავშვობიდანვე უნდოდა, დედას კლუბში წარმოდგენებზე დაჰყავდა, მერე კი თავად მოიწყო სცენა საკუთარ ეზოში. მოგვიანებით იხსენებდა: დედას სიმინდი, ლობიო, კომბოსტო მოჰყავდა, ბოსტნის ბოლოში ორ ხეს შორის გაჭიმავდა თოკს, იქიდან ისე კარგად ჩანდა კომბოსტოს თავები, პარტერი გეგონებოდათო და ასე მართავდა წარმოდგენებს.

იუმორი ყოველთვის მისი ძლიერი მხარე იყო. ღიმილით ამბობდა, თბილისში რომ ჩამოვედი, სამი დღე თეატრალურ ინსტიტუტს ვეძებდიო.

1980 წლიდან რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობია. ამბობდა, ამ თეატრში მისვლის დღე არასდროს დამავიწყდება, ფოიეში რომ შევედი, დიდი მაგიდის გარშემო ისხდნენ ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, გოგი გეგეჭკორი, სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა, ედიშერ მაღალაშვილი, გოგი ხარაბაძე, კარლო საკანდელიძე, გურამ საღარაძე, ავთო მახარაძე და სხვები... ამან იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, ფარდა გადავწიე, გამოვბრუნდი და ერთი კვირა თეატრში არ მივსულვარ. დირექტორმა რომ დამირეკა და მომიკითხა, ვუთხარი, - ვერ მოვალ, მეშინია, ისეთი არტისტები დამახვედრეთ, მაგათთან რა იმუშავებსო. დროთა განმავლობაში ეს სახელოვანი ხალხი მისი მეგობრები გახდნენ; "ევროპა, ამერიკა და აზია ერთად მოვიარეთ, უამრავ სპექტაკლში, უამრავ სცენაზე ვითამაშეთ და უბედნიერესი ადამიანი ვიყავი ამ დროის განმავლობაში".

ფილმმა "სიყვარული ყველას უნდა" დიდი პოპულარობა მოუტანა; მაშინ ისეთი პოპულარული გამხდარა, თურმე ქუჩაში თავისუფლად ვეღარ დადიოდა, მით უმეტეს - მის საყვარელ ახალდაბაში. "რომ ჩავიდოდი, იწყებოდა გაუთავებელი ქეიფები, რაიკომის პირველი მდივანი, პროკურორი, მილიციის უფროსი, ყველა რეკავდა, მანქანას მიგზავნიდნენ ხოლმე, - ამოდიო".

დავით კვირცხალიას და ტრისტან სარალიძეს მეგობრობის, ურთიერთობის, პარტნიორობის წლები აკავშირებთ.

445034311-488874260159064-8906675017970476358-n-1717399138.jpg

დავით კვირცხალია, მსახიობი:

- გაცნობის პირველივე დღიდანვე, ტრისტანი ჩემი მეგობარი გახდა. მაშინვე ვიგრძენი, რომ იმ საქმეში, რომელსაც ემსახურებოდა, უდიდესი პოტენციალი ჰქონდა. ძალიან დიდი ფანტაზიის უნარით გამოირჩეოდა, მაღალი დონის პროფესიონალი იყო. მას შეეძლო წარმატებით ეთამაშა, როგორც დახვეწილი მანერების მქონე ლორდი, ასევე გლეხი კაცი, კომბლე... ერთნაირად გულწრფელი და შთამბეჭდავი იყო. არ მეგულება ქართველი, არ იცოდეს, ვინ არის ტრისტან სარალიძე, არ უყვარდეს. სხვათა შორის, მან ეს პოპულარობა ძალიან ადრეულ ასაკში მოიპოვა.

- იმ პერიოდიდან, როდესაც ფილმში "სიყვარული ყველას უნდა" გადაიღეს...

- დიახ, ის ყოველთვის მაყურებლის რჩეული იყო. გარდა იმისა, რომ საკუთარ თავზე მუშაობდა, ბედმაც შეუწყო ხელი, ნიჭიერება დააბერტყა. არ არსებობდა ჟანრი, ამპლუა, როლი შთამბეჭდავი რომ არ ყოფილიყო.

- ტრისტან სარალიძე - ამ სახელისა და გვარის გაგონებისას, რა ემოცია მოდის?

- ის იყო შესანიშნავი. კი, სიტყვა "შესანიშნავი" კარგად აღწერს მის პიროვნებას. ტრისტანი იყო კაცი, რომელიც არასდროს არაფერში ჩაჭრილა, მსგავსი შემთხვევა არ მახსენდება. მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება იცით, რა იყო? თუ შეეძლო, შენთვის რამე გაეკეთებინა, ნაცნობობით ან სხვა ფორმით, ხომ ხდება ხოლმე მსგავსი რამ ცხოვრებისეულ ამბებში, ამით ის დიდ სიამოვნებას იღებდა, საოცრად თბილი ადამიანი იყო. 1980 წელს მოვიდა რუსთაველის თეატრში, მე მასზე 5 წლით უფროსი ვარ. უდიდესი სტრესია ჩემთვის ტრისტანის წასვლა. ასე ცუდად არ იყო, ექიმებიც იმედს აძლევდნენ, მაგრამ ეს ვერაგი დაავადება ძალიან მალე პროგრესირდა.

- ტრისტან სარალიძე სუფრასთან, - ეს ცალკე ფენომენი იყო, არა?

- ხშირად ვყოფილვართ ჩვენ თანამეინახეები. არ ვიცი, ამ კაცმა ყველაფერი ასე სად ისწავლა, საოცარი თამადობა იცოდა, ენა უჭრიდა, მღეროდა, უკრავდა, ყველანაირად შემკული კაცი გახლდათ. დიდი ფუფუნება იყო მისთან მეგობრობა. ჩემთან დაბადების დღეზე რომ მოდიოდა, თამადობაზე თუ დამთანხმდებოდა, ბედნიერი კაცი ვიყავი, დღესასწაულს აწყობდა. კარგი, შვილებზე თან გადაყოლილი მამა იყო, თავის მეგობრებად გაზარდა ბიჭები. ყველაფერი კაცურად მოასწრო. უჰ! გული ძალიან, მტკივა...

ბოლოს მაშინ ვნახე, თურქეთში ქიმიის გასაკეთებლად რომ წავიდა. გავამხნევე, თავადაც შემართებით იყო, რას ვიფიქრებდი, ეს საშინელი დღე ასე მალე თუ დადგებოდა.

20638655-1961702317442443-8953104997926340235-n-1717399155.jpg

ბექა სონღულაშვილი, მსახიობი:

- მე რომ რუსთაველის ეროვნულ თეატრში მივედი, რობერტ სტურუა საახალწლო სპექტაკლს დგამდა. ტრისტან სარალიძე ამ სპექტაკლზე მუშაობის დროს გავიცანი. ის ჩემთვის უძვირფასესი პიროვნება იყო, იუმორით აღსავსე. ყოველთვის ცდილობდა, მეორე ადამიანი გაეხალისებინა, ადამიანებისთვის კარგი განწყობა შეექმნა. თეატრში რომ შემოდიოდა, ყოველთვის სიხარული შემოჰქონდა. სცენაზე, რეპეტიციაზე, სუფრასთან - ყველანაირ ურთიერთობაში იუმორით ცხოვრობდა. ბევრ ადამიანს ახარებდა. ჩვენი თეატრისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის მისი წასვლა უდიდესი დანაკლისი იქნება.

- არა მხოლოდ თეატრისთვის...

- რა თქმა უნდა. მართლა დიდი არტისტი იყო, უამრავი სახასიათო გმირი აჩუქა საქართველოს, როგორც კინოში, ასევე - თეატრში.

- იუმორი ახსენეთ, კიდევ რით იყო ის სხვებისგან გამორჩეული?

- თეატრში ახალგაზრდა თაობა რომ მიდის, ის ხომ ბევრ რამეს უფროსებისგან სწავლობს. ტრისტან სარალიძე ყოველთვის მოწესრიგებული, პროფესიონალიზმითა და მზრუნველობით გამორჩეული იყო, განსაკუთრებით - ახალი თაობის მიმართ.

- პროფესიულ, ცხოვრებისეულ რჩევებს გაძლევდათ?

- ძალიან ხშირად. ტრისტანი უმამოდ იყო გაზრდილი, ბევრი რამ ჰქონდა გადატანილი და ნანახი. თან ძალიან ახალგაზრდა გახდა პოპულარული. დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი იყო, დიდი კონტაქტები ჰქონდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, ყოველთვის კარგ და სწორ რჩევებს იძლეოდა.

იმ სუფრასთან, სადაც ტრისტან სარალიძე იმყოფებოდა, ჩვეულებრივი არაფერი იყო, არც სადღეგრძელო, არც იუმორი...

- მას შემდეგ, რაც მძიმე დიაგნოზის შესახებ შეიტყო, თეატრში იყო მოსული?

- თურქეთიდან პირველად რომ ჩამოვიდა, თეატრში მოვიდა. ყველანი დაძაბულები ვიყავით, რა უნდა ჰკითხო ამ დროს ადამიანს, როგორ უნდა დაელაპარაკო... ტრისტანი ჩვეული იუმორით შემოვიდა, შებოჭილობა წამში მოგვიხსნა, გავთავისუფლდით. მან იცოდა საკუთარი დიაგნოზი და სჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მოგვიყვა თურქეთის ამბებს, რომ იქ ძალიან კარგ კლინიკაში მოხვდა, რომ მას ძალიან აფასებდნენ, რომ იქ ბევრი ქართველი ნახა და გაიცნო. თავის ექიმს საჩუქარიც კი გაუკეთა, საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოსვლა ნდომებია და ტრისტანს მოწვევა გაუგზავნია.

თურქეთში მეორედ რომ მიდიოდა, ტელეფონით ველაპარაკე. მითხრა, მივდივარ, ქიმიას გავიკეთებ და ჩამოვალო. მერეც სულ გვქონდა მიმოწერა. ჩვენ ვძმაკაცობდით. მე, ნიკუშა ქაცარიძე და ბატონი ტრისტანი ხშირად ვიყავით ერთად.

იუმორი რთულ დღეებშიც არ დაუკარგავს, თეატრში რომ მოვიდა, თავის საყვარელ კატაზე, ფუფუნიაზე გვიყვებოდა; 1 კვირა ხომ მივატოვე ფუფუნია, თურქეთიდან რომ ჩამოვედი, შემომხედა, მიყურა, მიყურა, მიყურა, მერე კი თავი დახარა და წავიდა, გაბრაზებული იყო ჩემზეო. მერე მივედი, მივეფერე, - ფუფუნია, ფუფუნია-მეთქი, მაგრამ არ მომეკარაო. ახლა უნდა წავიდე ახალდაბაში და უნდა შემოვირიგო, ასე არ გამოვაო.

- ბოლო როლი სპექტაკლში "მიჯაჭვული პრომეთე" ითამაშა, არა?

- დიახ, მეორეd თუ მესამედ რომ ვითამაშეთ ეს სპექტაკლი, თამაშის შემდეგ თქვა, სუნთქვა მიჭირსო, თან ახველებდა. ექიმთან რომ წავიდა, ცუდი დიაგნოზი დაუსვეს. არ დაყოვნებულა, მეორე დღესვე თურქეთში წავიდა, მაგრამ... ჩვენ იმედიანად ვიყავით, ტრისტანი კარგად გვეყოლებოდა. რამდენიმე დღის წინ, რეპეტიციაზე შევიტყვეთ, ძალიან ცუდად არისო. ექიმებმა გამოწერეს, აზრი აღარ ჰქონდა იქ გაჩერებას, მეტასტაზი თავზეც აღმოაჩნდა. სიცოცხლის ბოლო რამდენიმე დღე საქართველოში იყო.

444833848-488926210153869-131103148890057025-n-1717399166.jpg

ბესო ბარათაშვილი, მსახიობი:

- ტრისტანის ამბავი ძალიან განვიცადე, გავნადგურდი კაცი.

- თქვენ წლების განმავლობაში პარტნიორები იყავით იუმორისტულ სერიალში, მასთან პირველ შეხვედრას როგორ გაიხსენებთ?

- ტრისტანს ადრეც ვიცნობდი. როდესაც პროექტზე "სიცილის ზონა" მუშაობა უნდა დამეწყო, მითხრეს, შენ და ტრისტანი პარტნიორები უნდა იყოთო, რამაც ძალიან გამახარა. უნიჭიერესი კაცი იყო და მსახიობისთვის ნიჭიერი პარტნიორი დიდი ბედნიერებაა. ჩვენ ძალიან მალე დავმეგობრდით, დავძმაკაცდით.

- რა პიროვნული თვისებებით იყო გამორჩეული?

- ძალიან წესიერი კაცი იყო, პატიოსანი, კარგი მეგობარი, მამა, ძმაკაცი, მეუღლე, მოქალაქე, ქართველი... ახლა ძალიან მიჭირს მასზე ლაპარაკი.

- ბოლოს როდის ნახეთ?

- 1 კვირის წინ ვიყავი მასთან მისული, ძალიან ცუდად იყო. ნახევარი კაცი იყო დარჩენილი, სიარული, ლაპარაკიც უჭირდა. ქიმიის კურსი პირველად რომ გაიკეთა, მაშინ მხნედ იყო. მეუბნებოდა, ტკივილები აღარ მაქვს, ჭამაც დავიწყეო. ეს დაავადება ძალიან სწრაფად პროგრესირდა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

ბატონ ტრისტანს ერთხელ ჰკითხეს, - როცა განვlილ ცხოვრებას გადახედავთ, ყველაზე მეტად რა გაკვირვებთ? - მოთმინება, რამდენი რამ მომითმენია, - იყო მისი პასუხი.

მსახიობი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჟურნალის - "გზა" რედაქცია სამძიმარს უცხადებს ტრისტან სარალიძის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს...

თამუნა კვინიკაძე