"ასე მოტყუებით მიმიყვანეს ეიფელთან... მეგონა, ერთ-ერთი ფილმის კადრს ვუყურებდი"
ეს ის ადგილია, სადაც ყველაფერი მავიწყდება და თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ... ამჟამად კი ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტზე..." - ამბობს ნინი გელხაური...
- ბავშვობა ძალიან ლამაზი და ლაღი მქონდა, ახლაც ვერ გამოვდივარ იმ წლებიდან... საუკეთესო გარემოში ვიზრდებოდი, კარგად მახსოვს ბაღის ასაკი და შემდეგ პირველ კლასში შესვლის განცდები, ემოციები, მეგობრები, არდადეგების პერიოდი... ამ სასიამოვნო მოგონებებს თან სდევს სევდა, რადგან 10 წლის ასაკში მამა გარდამეცვალა, რამაც დიდი დაღი დააჩნია ჩემს ბავშვობას და ეს განცდა დღემდე მომყვება... ბაღიდან მოყოლებული, რაც თავი მახსოვს, ვცეკვავ... ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, სცენაზე სუხიშვილების ანსამბლის სახელით გამოვსულიყავი. ეს ის ადგილია, სადაც ყველაფერი მავიწყდება და თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ... ამჟამად კი ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტზე.
- სკოლის პერიოდზე რას იტყვით?
- გარკვეული მიზეზების გამო, სკოლა რამდენჯერმე გამოვიცვალე... ბოლო შვიდი წელი კერძო სკოლაში, "მთაწმინდელებში" ვსწავლობდი, ეს სკოლა დავამთავრე... შეიძლებოდა სკოლა გამეცდინა, მაგრამ ცეკვას ვერ ვღალატობდი. დღესაც ასე ვარ, არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რეპეტიცია რომ გავაცდინო. ჩემი ცხოვრების ძირითადი საფიქრალი და სიხარული ცეკვასა და სცენასთან ასოცირდება.
- როგორ გახსენდებათ პირველად დიდ სცენაზე გასვლა საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ?
- ვიდრე დიდ სცენაზე გავიდოდი, დიდი შრომა დამჭირდა. ასევე იყო ბევრი განცდა, ნერვიულობა... ჩემი პირველი კონცერტი ახალი წლის საღამოს დაემთხვა და იმ დღეს განსაკუთრებულად ვიხსენებ. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს არაჩვეულებრივ პედაგოგებს - ტატა გომელაურს და ნინო ნიკოლაიშვილს. საქართველოს ფარგლებს გარეთ ჯერ არ გავსულვარ, მაგრამ ბევრ ქალაქში მიცეკვია, გასვლითი კონცერტებიც გვქონია, რაც ჩემთვის არანაკლებ საპასუხისმგებლოა... გასვლითი კონცერტები რამდენადაც სასიამოვნოა, იმდენად დამღლელი და საპასუხისმგებლოა. საჭიროა ფიზიკური მზაობა. ასევე, ქალაქგარეთ გასვლაში ყველაზე რთული ისაა, რამე დეტალი რომ დაგრჩეს, ვერავინ მოგიტანს. ყურადღებით უნდა იყო. საკმაოდ დამღლელია, მით უმეტეს, თუ იმ დღესვე უკან ვბრუნდებით, მაგრამ ამავდროულად ძალიან კარგ დროს ვატარებთ, ყველა ერთად ვართ, ვმღერით, ვთამაშობთ, ვლაპარაკობთ, ვიცინით და ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, ვგიჟდები ჩემს საქმიანობაზე...
ნამდვილად მეამაყება, ამ არაჩვეულებრივი ანსამბლის წევრი რომ ვარ! ჯერ კიდევ დიდი ნინო და ილიკო მეამაყება. იმ დარბაზში რომ ავიდგი ფეხი, სადაც მათი ნაფეხურებია, სადაც მრავალი თაობა აღზრდილა, მერე საქართველოს სახელი შორს გაუტანიათ და დღესაც ასე გრძელდება... თამასა დაბლა არ დაწეულა, სულ წინ მივდივართ! მიყვარს ჩემი "სუხიშვილები"... ადვილი არ არის იყო ამ ანსამბლის წევრი, წარმატებები დიდ შრომასთანაა დაკავშირებული. ჩვენთან პასუხისმგებლობაა ძირითადი პრიორიტეტი, ასევე წესრიგი. ყველამ ვიცით რას ვაკეთებთ, რთულია ერთი ცეკვის შემდეგ ახალი სამოსის ჩაცმა, როცა ძალიან მცირე დროში გვიწევს გამოცვლა, მაგრამ ვახერხებთ. გვიყვარს ჩვენი საქმე, ერთმანეთს ყოველთვის მხარში ვუდგავართ.
- კლასიკურ ცეკვებში უფრო კარგად გრძნობთ თავს თუ თანამედროვეში?
- ცეკვის ყველა ჟანრი მომწონს... ჩემთვის ყველას თავისი დატვირთვა აქვს, მაგრამ ჩემი ქართული ყველაზე ძალიან მიყვარს, რომელიც შესანიშნავი მუსიკის ფონზე სრულდება.
- ფოტოსესიებშიც მონაწილეობთ...
- დიახ, რამდენიმე ფოტოსესიაში მივიღე მონაწილეობა. სხვადასხვა ბრენდთან თანამშრომლობა, მათი მრავალფეროვნება და გადაღების პროცესი ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა. აუცილებლად გამოვარჩევ ქართული ეროვნული სამოსის მწარმოებლებს, მათი გადაღებებიდან შინ ყოველთვის დადებითი ემოციებით ვბრუნდები...
- ამდენი კონცერტის შემდეგ ალბათ, ბევრი დაუვიწყარი მოგონებაც გაქვთ...
- ისევ პირველ კონცერტს გავიხსენებ: კონცერტისთვის რომ ვემზადებოდით, რეპეტიციის დროს ფეხი ვიღრძე. საკმაოდ რთული ტრავმა იყო, მაგრამ მაინც კონცერტზე მეფიქრებოდა და ექიმებს ვთხოვდი, რამე ეღონათ. ჩემი პირველი კონცერტი იყო და ძალ-ღონეს არ დავიშურებდი, ყველაფერს ვიზამდი, ოღონდ ამ კონცერტზე მეცეკვა... ჩემდა საბედნიეროდ კონცერტი გადაიდო. თან მიხაროდა, თან მწყინდა, მაგრამ დიდხანს არ გადადებულა და ორი კვირის შემდეგ დადგა ეს საოცნებო დღე. მე სუხიშვილების ანსამბლის სახელით გამოვედი სცენაზე! ეს დღე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.
- ნინო და ილიკო სუხიშვილებზე რას გვეტყვით?
- მათ დამსახურებაზე საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ნინო და ილიკო საოცარი ადამიანები არიან. რასაც აკეთებენ, ეს ყველაფერი ჩემთვის ნამდვილად შეუფასებელია...
- ხელოვნებაზე ამდენად შეყვარებულმა სრულიად განსხვავებული პროფესია რატომ აირჩიეთ?
- ზოგადად, არ მიყვარს ერთფეროვნება, ძალიან მალე მბეზრდება, ამიტომ ავირჩიე სოციოლოგია. მეცნიერება, რომელიც საზოგადოებასა და მრავალფეროვნებასთან ასოცირდება. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია არსებობს... ვინც მიცნობს, ყველამ იცის, როგორი კომუნიკაბელური ვარ, ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს და სოციოლოგია სწორედ ამაში გვეხმარება, საზოგადოების უკეთესად შეცნობაში.
- ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად რამდენად რთულია ორივე პროფესიას ემსახურო?
- ფსიქოლოგიურად, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ საბოლოოდ მთავარი მონდომებაა. თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოვა! სიმართლე გითხრათ, ფიზიკურად უფრო დამღლელია, მაგრამ სასიამოვნოდ დამღლელი. იყო პერიოდი, როცა ყოველდღე უნივერსიტეტსა და რეპეტიციაზე მიწევდა სიარული. არ მოგატყუებთ და ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა ლექცია, სტუდიაში რომ წავსულიყავი...
- ხელოვანისთვის დღეს რამდენად ხელსაყრელი გარემოა საქართველოში სამოღვაწეოდ და თუ გიფიქრიათ საზღვარგარეთ წასვლა?
- ალბათ, ყველასთვის ცნობილი ფაქტია, საქართველოში ხელოვნება რამდენად "ფასდება". ამ შემთხვევაში კონკრეტულად მოცეკვავეზე რომ ვისაუბრო, ფინანსურად შეუძლებელია მხოლოდ ცეკვაზე იყოს დამოკიდებული და თავის ხელფასზე, იმდენად მცირედია, მით უმეტეს, თუ მას ოჯახი ჰყავს... საზღვარგარეთ წასვლაზე კი ხანგრძლივი დროით არასოდეს მიფიქრია, თუმცა მოგზაურობა მიყვარს.
- გვიამბეთ მოგზაურობაზე...
- ჯერ მხოლოდ სამ ქალაქში ვარ ნამყოფი: ვარშავა, ტალინი და პარიზი... რა თქმა უნდა, სამივეს თავისი დატვირთვა და სასიამოვნო მოგონებები აქვს, მაგრამ განსაკუთრებულად მაინც პარიზს გამოვარჩევდი. არასდროს დამავიწყდება ის ემოცია, რაც ჩემი მეგობრების სიურპრიზის შემდეგ მქონდა... ფრანგულად ლაპარაკობდნენ, ჩუმად მივიყვანოთ ეიფელთანო. მე, რა თქმა უნდა, არაფერი მესმოდა და ვეჩხუბებოდი, რომ ქართულად ელაპარაკათ. მპასუხობდნენ, თითქოს ერთმანეთს სახლის გზას ეკითხებოდნენ, თუ საიდან ჯობდა წასვლა... ასე მოტყუებით მიმიყვანეს ეიფელთან და როცა მანქანის ფანჯარა ჩამოიწია, მეგონა, ერთ-ერთი ფილმის კადრს ვუყურებდი, საოცარი წუთები იყო... რა თქმა უნდა, პარიზმა თავისი მომაჯადოებელი ეფექტი დატოვა ჩემში და მომავალში აუცილებლად კიდევ არაერთხელ წავალ...
პირველად ვარშავაში ვიმოგზაურე. იქაც მეგობრებთან ერთად წავედი და ჩვენი ვიზიტი შობას დავამთხვიეთ. სულ ხუთი დღით ვიყავით და აქედან სამი დღე, სამწუხაროდ, ყველაფერი დაკეტილი იყო შობის გამო... მაინც ძალიან კარგი დრო გავატარეთ და რა თქმა უნდა, ყოველთვის სასიამოვნოდ გამახსენდება პოლონური ხუთი დღე...
ტალინს რაც შეეხება, იქაც მეგობრებთან ერთად ვიყავი. ტალინიდანაც გვაქვს პატარ-პატარა სასაცილო ისტორიები, მაგრამ ახლა ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ და გეტყვით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მოგზაურობა იყო ტალინშიც.
- რას იტყვით ქართულ და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოზე?
- რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულო ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე არის და იქნება... თუმცა, ასევე მიყვარს აზიური და იტალიური სამზარეულო. პარიზის კრუასანებს ვერ შევაფასებ, საოცრებაა!
- თავად გიყვართ სამზარეულოში ფუსფუსი?
- ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ძირითადად გარეთ მიწევს ჭამა, მაგრამ როცა სახლში ვარ და ფუსფუსის ხასიათზე, საკუთარ თავსაც და ოჯახსაც ჩემი მომზადებული კერძებით ვანებივრებ.
- გარდა ბუნებრივი მონაცემებისა, როგორ ახერხებთ მუდმივად იდეალურად გამოიყურებოდეთ? როგორია თქვენი თავის მოვლის რუტინა და რა რჩევებს მისცემდით ქალბატონებს?
- პირველ რიგში, დიდი მადლობა ასეთი კომპლიმენტისთვის, მაგრამ განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ფიგურის შენარჩუნება ზოგჯერ ძალიან მიჭირს... მეხმარება ვარჯიში, ასევე ვცდილობ საღამოს არაფერი მივირთვა. ქალბატონებს კი ვურჩევ, რაც შეიძლება ჯანსაღად იცხოვრონ.
- ინიექციების, პლასტიკური ქირურგიის, გარეგნობაში ხელოვნური ჩარევების მომხრე ხართ?
- ამ ყველაფრის დიდად მომხრე არ ვარ, მაგრამ ზომიერების ფარგლებში ყველაფერი კარგია.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- მომავალ გეგმებს რაც შეეხება, ეს უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრება და შემდგომ საყვარელ საქმიანობაში თავიდან ბოლომდე ჩართვაა.
მანანა გაბრიჭიძე