"ჩემს ოჯახს იმის საშუალებაც არ ჰქონდა, რომ ბანკეტისთვის 50 ლარი გადაგვეხადა"
ამ დღესთან დაკავშირებით, მსახიობსა და მომღერალს - ლაშა რამიშვილს წელს განსაკუთრებული ემოციები დაეუფლა, რადგან მისმა უფროსმა ვაჟმა - ლაშა გიორგიმ სკოლა დაამთავრა. ლაშას ემოციების გაზიარება და იმ პერიოდის გახსენებაც ვთხოვეთ, როცა თავად იყო აბიტურიენტი და "ბოლო ზარს" აღნიშნავდა...
- ლაშა, როგორი განცდაა, როცა უფროსი შვილი სკოლას ამთავრებს?
- ეს მართლა უჩვეულო განცდაა. ფაქტობრივად, სახლში პიროვნება გყავს, რომელსაც უკვე დიდი ხანია, თავისი აზრი გააჩნია. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მას უკვე აბსოლუტურად სხვა შეხედულებები აქვს, როგორც ახალი თაობის ყველა წარმომადგენელს. პირადად მე, არ ველოდი, თუ ჩემი შვილი ამდენს "გაქაჩავდა": ახლაც ვარჯიშზეა, შემდეგ მათემატიკაზე მიდის, მერე - ქართულზე, ინგლისურზე... მოკლედ, შრომობს. "ბოლო ზარი" რომ ჰქონდა, ემოციებით დახუნძლული ვიყავით, თვალზე ცრემლიც კი მომადგა...
- მისი "ბოლო ზარის" ღონისძიებაში თავადაც ხომ არ იყავით ჩართული?
- სკოლა, რომელიც ჩემმა შვილმა დაამთავრა, ძალიან შემოქმედებითია. ისეთ ღონისძიებებს აწყობენ, რომელშიც ბავშვები რეალიზებას ახერხებენ. მოკლედ, ყველაფერი ისე ჰქონდათ მოწყობილი, რომ ჩემი ჩარევა საჭირო აღარ იყო...
- თქვენი სკოლის დამთავრების პერიოდი როგორი იყო?
- მაშინ ჩემს მშობლებს არანაირი ფინანსური სახსრები არ ჰქონდათ. მახსოვს, დედაჩემმა მკერავს "კურტკა" დააჭრევინა, რათა ბანკეტისთვის ჩემთვის კოსტიუმი შეეკერა. ჩემს ოჯახს იმის საშუალებაც არ ჰქონდა, რომ ბანკეტისთვის 50 ლარი გადაგვეხადა. ბოლოს ჩემმა დეიდაშვილმა - სოსო ჯულაყიძემ, რომელიც ახლა მოსკოვშია და იქ შრომობს, რეჟისორია, ბანკეტი კამერით უფასოდ გადაიღო. ფაქტობრივად, ასე "გამოვძვერით", თორემ თანხა არანაირად არ მქონდა, რომ ბანკეტზე წავსულიყავი... რუსთავში 2 სკოლა გამოვიცვალე: დაწყებით კლასებში სხვაგან ვსწავლობდი, სწავლა კი სხვაგან დავასრულე. "ბოლო ზარი" ორივე სკოლას ერთსა და იმავე დღეს ჰქონდა. დაწყებითი კლასების მეგობრები ცოტათი გამინაწყენდნენ, რადგან მათთან მისვლა ვერ მოვასწარი - "ბოლო ზარი" იმ სკოლაში აღვნიშნე, რომელშიც სწავლა დავასრულე.
- ბანკეტზე როგორი დრო გაატარეთ?
- ძალიან მალე წამოვედი, რადგან მეორე დღეს თეატრალურ ინსტიტუტში სახელმწიფო გამოცდა მქონდა. მახსოვს, "ღვინოვ კახურო" უნდა მემღერა. ვუთხარი, - უნდა დავიძინო, წავიდე-მეთქი... დილით რომ გავიღვიძე, ჩემი კლასელები ჩვენი სახლის წინ (ცენტრში ვცხოვრობდით) სიმღერ-სიმღერით მოდიოდნენ და შემომძახეს, - ლაშა, წარმატებები დღეს, სახელმწიფო გამოცდაზეო!..
- მერე, გამოცდამ როგორ ჩაიარა?
- კარგად. თქვენმა მონა-მორჩილმა უფასოზე ჩავაბარე. მაშინ თეატრალურში უფასოზე ჩაბარება საკმაოდ რთული იყო: ან დიდი ფული უნდა გქონოდა, ან - გავლენიანი ნაცნობი გყოლოდა, ან ნამეტანი ნიჭიერი ყოფილიყავი. პირველი და მეორე ნამდვილად არ მქონდა, მესამეზე კი - რა ვიცი, რა გითხრათ?..
- მალევე გაიაზრეთ, რომელ პროფესიას დაეუფლებოდით?
- კი, კი. არასოდეს მნდომებია, რომ სხვა პროფესიის წარმომადგენელი ვყოფილიყავი - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სხვა არაფერი ვიცოდი. სულ ამ დარგს მივყვებოდი...
- "ბოლო ზარის" დროინდელი, სამახსოვრო წარწერებიანი პერანგი შენახული გაქვთ?
- არა (იცინის). რაღაც ღონისძიება ჩვენც გვქონდა. მახსოვს, "ბოლო ზარზე" სასწავლო ნაწილის გამგის პაროდიას ვაკეთებდი. სხვათა შორის, ახლა საიდუმლო უნდა გაგანდოთ: ერთ-ერთ მასწავლებელზე ისეთი გაბრაზებული ვიყავით, რომ გვინდოდა, ბანკეტზე მისთვის ჭიქაში კუჭის მოქმედების წამალი ჩაგვეყარა. თან, ის კაცი ბევრს სვამდა და ვიფიქრეთ, "გავუჩალიჩებდით", მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაგვივარდა: ერთ-ერთმა მშობლემა გაგვიგო და გვითხრა, - ბავშვებო, ეს როგორ შეიძლება? ასე არ მოიქცეთო. ამიტომ თავი დავანებეთ (იცინის).
- ის მასწავლებელი რატომ არ მოგწონდათ?
- ცუდი კაცი არ გახლდათ, მაგრამ ძალიან მყვირალა იყო, ჩვენ კი ხმამაღალი საუბრები არ გვიყვარდა. ამიტომ ოინის მოწყობა გადავწყვიტეთ, მაგრამ მერე, თავი დავანებეთ...
- დღეს კლასელებთან ურთიერთობა გაქვთ?
- ჩემი კლასელებიდან ბევრი წარმატებული ადამიანია. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ მათთან ურთიერთობა ნამდვილად აღარ მაქვს, თუმცა სოციალურ ქსელში ჩატი გვაქვს და მიწერ-მოწერით, ვირტუალურად ვკონტაქტობთ.
- სკოლის დამთავრების შემდეგ კლასელები არასოდეს შეკრებილხართ?
- არა. აი, ეს არის ჩემი გულის ნაკლი, მით უმეტეს, რომ სკოლაში სწავლის პერიოდში, ჩემს კლასელზე ვიყავი შეყვარებული და მერე, სკოლის დამთავრებიდან პირველ წლებში, ძალიან მაინტერესებდა, სად, როგორ იყო ის ადამიანი, მაგრამ ახლა ამ ბავშვურმა ამბავმა გადამიარა...
- სკოლაში სიყვარულითვე არ გპასუხობდათ?
- მასაც ვუყვარდი...
- აბა, რა მოხდა?
- ერთად ყოფნა ჩვენი ბედი არ იყო.
- შეგიძლიათ, ამ ამბავზე ცოტა მეტი გვითხრათ?
- გინდა, რომ სახლიდან გამაგდონ (იცინის)?
- არ გაგაგდებენ: იშვიათად უყვართ მეუღლე ისე ძლიერ, როგორც თქვენ გიყვართ ბელა.
- მართალია... რა ვიცი, ალბათ, რაღაც ისეთი მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო... ცუდი არაფერი ყოფილა. შეიძლება, გაუგებრობა იყო... მოკლედ, როგორც აღვნიშნე, ჩვენი ერთად ყოფნა ბედი არ იყო, თუმცა - საბედნიეროდ, თორემ ჩემს მეუღლეს არ შევხვდებოდი...
- ლაშა, თქვენს უფროს ვაჟს პროფესია არჩეული აქვს?
- მას ფინანსები, ეკონომიკა აინტერესებს. ბევრს შრომობს, რომ ძალიან მაგარ საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩააბაროს. ერთი პერიოდი, გადაწყვეტილი გვქონდა, რომ სწავლა ჩეხეთში, ევროპის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში გაეგრძელებინა, სადაც თუკი ჩეხურად ისწავლი, სწავლა უფასოა. 1 წელიწადი ჩეხურს "ვსწავლობდით". ჩეხეთში ჩემი მეგობრები ცხოვრობენ... მოკლედ, "ვცდილობდით", როგორმე იქ "ჩაგვებარებინა", მაგრამ მერე კიდევ უფრო კარგი შესაძლებლობები გამოჩნდა... "ვცდილობდით" - ასე რომ ვამბობ, მომწონს, რადგან მასთან ერთად ვცდილობ, რომ სრული ერისშვილობა გასწიოს. მის მიერ არჩეულ უნივერსიტეტს გაცვლითი პროგრამები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს. ამერიკაში რამდენიმე უნივერსიტეტს "ვუმიზნებთ", ოღონდ - თუ გრანტი "ავიღეთ", რა თქმა უნდა... ძალიან მაგრად სწავლობს.
- ბანკეტისთვის როგორ ემზადება?
- ოჰ, საოცრად! თქვა, - უნდა დავლიოო. ვუთხარი, - არ იჩხუბო-მეთქი. - ცოტა უნდა ვიქეიფოთო... - ბევრი იქეიფე, მამა, ღვინოს გაგატან-მეთქი (ახალი მარანი გვაქვს)... მოკლედ, ასეთ ამბებში ვართ. ვცდილობთ, ბანკეტთან დაკავშირებით, როგორმე უფრო "წინ წავიდეს", რაც "დალევას" ნიშნავს (იცინის). საბანკეტო ჩაცმულობიდან დაწყებული, ყველაფერი დაგეგმილი აქვს. ფაქტობრივად, ფინანსური უზრუნველყოფაც აქვს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, ბებია-ბაბუამ დიდი თანხა აჩუქეს. შეჰპირდნენ - ბანკეტი რომ გექნება, რაღაც თანხა კიდევ უნდა გაჩუქოთო. აქეთ მე ვეუბნები, - თუ გამოცდებს ჩააბარებ, ბანკეტის დღეს გარკვეულ თანხას მეც მოგცემ-მეთქი. უნდა, რომ ეს ყველაფერი ანაბარზე შეინახოს და როცა სრულწლოვანი გახდება, დიდი საქმეები აკეთოს. ახლა ჯერ 17 წლის არის, მაგრამ მაგარი ზედმეტსახელი აქვს - ჰალკი. ისეთი დიდი ტანისაა, ხანდახან საყვედურს რომ ვეუბნები, უკან-უკან ვიწევი, რომ ხელი არ შემომკრას (იცინის). ყოველდღე სპორტდარბაზში ვარჯიშობს. 130 კილოს ეწევა. მწვრთნელებმა მითხრეს - არ შეიძლება, ამხელა წონას რომ ეწევაო. მერე მეც ვთხოვე, - მამა, გთხოვ, ამხელა წონას ნუ ეწევი-მეთქი. 17 წლის ბიჭისთვის 130 კილოს აწევა ბევრია. შემდეგ ეს წონა "დააგდო"...
- ძალოსნობითაა დაკავებული თუ უბრალოდ, ვარჯიშობს?
- უბრალოდ, ვარჯიშობს. სპორტის თითქმის ყველა სახეობა ვცადეთ: ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი... საბოლოო ჯამში, არც ერთი არ მოუნდა. "ტექნიკური ტვინი" აქვს ამ კაცს... ჩემი 12 წლის გოგონა - მართა შემოქმედებითად მიიწევს წინ: მალე 2 სიმღერის პრემიერა ექნება სხვადასხვა ტელევიზიაში. უმცროსი ვაჟი - ერეკლე ჯერ ნებივრობს - ჩემი ორივე შვილი ანებივრებს. ღმერთმა ქნას, სასახელო მომავალი ჰქონდეთ!..
- წარმატებას გისურვებთ თქვენც და თქვენს შვილებსაც!..
ეთო ყორღანაშვილი