"ქართულ ეროვნულ სამოსში მეტად თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს" - გზაპრესი

"ქართულ ეროვნულ სამოსში მეტად თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს"

სადაც კონკურსი Miss Summer World ჩატარდა. მარიამი საქართველოს სახელით მონაწილეობდა და "ტოპსამეულშიც" მოხვდა.

- კონკურსში - Miss Summer World 45 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მოდელისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან 6 ნომინაციაში გავიმარჯვე და 2 გვირგვინი ავიღე. საბოლოო ჯამში, ფინალზე მესამე ადგილი დავიკავე. "ტალანტ შოუზე" ქართული ცეკვა წარვადგინე, რომელსაც სხვათა შორის, დიდი მოწონება ხვდა წილად, უბრალოდ, კიდევ ერთ ნომინაციას ვეღარ "წამოვიღებდი“, რადგან დანარჩენ კონკურსანტებთან უხერხული იქნებოდა. ეს მოსაზრება მათივე მხრიდან იყო გაჟღერებული (იცინის). საქართველოში ბედნიერი დავბრუნდი.

- 2 გვირგვინით რისთვის დაგაჯილდოეს?

- 1 გვირგვინი "ტოპსამეულში" მოხვედრის გამო მივიღე, მეორე კი იმიტომ, რომ "ხალხის რჩეული" გავხდი. მთელი საქართველო და ცხადია, ჩემი სამეგობრო, სანაცნობო, სამოდელო სააგენტო "კატრინი" აქტიურობდა, რომ სოციალურ ქსელში ბევრი ხმა დამეგროვებინა და "ხალხის რჩეული" გავმხდარიყავი. ეს რამდენიმე საათში მოხდა. თავადაც გაკვირებული გახლდით. კონკურსზე საკმაოდ დატვირთული განრიგი გვქონდა - "ფეისბუკზე", ჩემს გვერდზე საკონკურსო ფოტოც კი ვერ გავაზიარე, მერე კი უცებ ვნახე, რომ ყველაზე მეტი "მოწონება" ჩემს ფოტოს ჰქონდა. რა თქმა უნდა, უბედნიერესი ვიყავი!..

- გვიამბე, კონკურსზე რა აქტივობებით იყავი დაკავებული?

- ალბანეთში ჩასვლის მეორე დღიდან, 6 დღე დატვირთული განრიგი გვქონდა: გადაღებები, შეხვედრები... მიუხედავად ამისა, საშუალება იყო, იქაური კერძები დაგვეგემოვნებინა, ექსკურსიაზე წავსულიყავით და სხვადასხვა ლამაზი ადგილი გვენახა... საერთოდ, როცა სხვა ქვეყანაში მივემგზავრები, ღირსშესანიშნაობების ნახვის დრო არასდროს მრჩება. სასიამოვნო იყო, რომ ჩვენს განრიგში ლამაზი ადგილების, მუზეუმების მონახულება "გაწერილი" გახლდათ... ფინალური საღამოს ჩატარებიდან მეორე დილას, საქართველოში დავბრუნდი. აქ მთელი ოჯახი მელოდა.

- კონკურენციის დონეს როგორ აფასებ? როგორი მოლოდინი გქონდა, გრან-პრი ვინ აიღო?

- საკმაოდ ძლიერი კონკურენცია იყო, რაც საერთოდ, ძალიან მიყვარს, რადგან თავდაჯერებას, ამბიციას, მოტივაციას მმატებს, რომ მეტი ვიშრომო. ბევრმა კონკურსანტმა საქართველოს შესახებ არც იცოდა, სად მდებარეობდა, როგორი ქვეყანა იყო, თუმცა კვირის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ყველას ისე გავაცანი, რომ უკვე დაინტერესდნენ... კონკურსანტებს შორის, პირადად მე, განსაკუთრებული სიმპათია იტალიელი გოგონას მიმართ გამიჩნდა, რომელმაც გრან-პრი აიღო. ძალიან გამიხარდა! მგონი, პირველი ვიყავი, ვინც ჩავეხუტე და გამარჯვება მივულოცე. ბედნიერებისგან თვალებიც კი ამიცრემლიანდა... ფინალური საღამო საკმაოდ დატვირთული იყო - ღია ცის ქვეშ გაიმართა. წვიმამაც მოგვისწრო, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად ჩატარდა.

- სხვა კონკურსანტებიც მეგობრულად განწყობილი იყვნენ თუ "ქალური შური" მაინც იგრძნობოდა?

- კონკურსზე ცოტა "ქალური შური" ბუნებრივი ამბავია. ვცდილობდი, ყველას მიმართ დადებითად განწყობილი ვყოფილიყავი, რადგან იმ 1 კვირის განმავლობაში, ჟიური მხოლოდ იმას არ უყურებდა, თუ როგორ დადიხარ სცენაზე კონკურსანტი და როგორი მონაცემები გაქვს. ასევე, დიდ ყურადღებას აქცევდნენ, რამდენად მეგობრული ხარ, სხვებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს, რას იცვამ, როგორ ჭამ და ა.შ. ბუნებით ისედაც უშუალო და მეგობრული ვარ. ასევე, კონკურსის განმავლობაში ვისაც დახმარება სჭირდებოდა, ყველას გულწრფელად ვეხმარებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის კონკურენცია იყო. ვფიქრობ, კონკურსი მხოლოდ ის არ არის, რომ გაიმარჯვო და რაღაც პრიზი ჩამოიტანო - ამ სიტუაციით უნდა ისიამოვნო კიდეც. მიმაჩნია, რომ ეს შევძელი.

- შენს საკონკურსო ჩაცმულობაზე ვინ იზრუნა?

- ნაციონალური სამოსით ნუგზარ კვანტალიანი დამეხმარა. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კონკურსზე მივფრინავ, ბატონი ნუგზარი ყოველ წელს მეხმარება - ქართულ ტრადიციულ სამოსს გულუხვად მატანს. ქართულ სამოსში მეტად თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს. მინდა ისიც "ხმამაღლა" ვთქვა, რომ ყველაზე დახვეწილი ეროვნული სამოსი გვაქვს. საფინალო კაბას რაც შეეხება, მკერავთან ერთად, ჩემი დიზაინით შევქმენი. საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. კაბა მცირე დეტალებით ბებიაჩემმა გააფორმა. როცა სცენაზე ვიდექი, განსაკუთრებული სიამაყით ვივსებოდი... საერთოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გაცვია, სცენაზე როგორ გამოიყურები... როცა თავდაჯერებული ხარ, სხვებსაც მეტად მოსწონხარ... გახსნის ცერემონიალსა და ნახევარფინალზე, ჩემს კაბებზე ერთ-ერთმა კომპანიამ იზრუნა. ასევე, კატრინის პროფესიონალი მოდელის - ანასტასია ბაკურაძის მიერ შექმნილი რამდენიმე კაბაც მქონდა წაღებული, რომელთა ბრჭყვიალებამ კონკურსი უფრო მეტად გაანათა (იღიმის).

- პროფესიით დიზაინერი ხარ?..

- არა. უბრალოდ, ხატვა ბავშვობიდან მიყვარს. განსაკუთრებულად მომინდა, კონკურსზე ჩემი დიზაინით შექმნილი კაბა წამეღო. ალბანეთში, კონკურსის ნაციონალური დირექტორი - ალბანა ჩახშირს ჩვენი ქვეყანა ძალიან უყვარს. სულ ამბობს, - ჩემთვის საქართველო მეორე ქვეყანააო. ალბანეთში მეც განსაკუთრებული განწყობით წავედი...

- ქართული ცეკვა როგორ მოამზადე? ამ სფეროსთან რამე გაკავშირებს?

- ქართულ ცეკვას მთელი ცხოვრება თაყვანს ვცემ, თუმცა პროფესიულ დონეზე არასოდეს მიცეკვია. საკონკურსო ცეკვის მომზადებაში "კატრინის" პროფესიონალი მოდელი - ანი სტეფანიშვილი დამეხმარა, რომელიც მოცეკვავეც გახლავთ. ასევე, სტუდია "ლაჟვარდში" პედაგოგიც არის. ანის ინიციატივა იყო, ცეკვა დაგვედგა. ის Miss Summer World-ის ერთ-ერთი წლის "ვიცე-მისიც" გახლავთ. ამჯერად კონკურსზე ჟიურის წევრად იყო მიწვეული. ცეკვის დადგმა, მუსიკის, სამოსის შერჩევა ანის დამსახურებაა. ყველა დეტალს აკვირდებოდა. საღამოს მეუბნებოდა, რა მოეწონა და რა - არა.

- სამოდელო სფეროში როგორ მოხვდი? კონკურსებში მონაწილეობის რა გამოცდილება გაქვს?

- სამოდელო სფეროში 11 წლიდან აქტიურად ჩართული ვარ, თუმცა მოდელობაზე არასოდეს მიოცნებია. პატარა ასაკშივე ისე უცებ მივiღე შემოთავაზებები, რომ მოდელობის სურვილი გამიჩნდა. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენლები ჩემს სკოლაში მოვიდნენ... სამოდელო სფეროში ჩემი აქტიურობა ბებიაჩემის - ნანა ყველაშვილის დიდმა მოტივაციამ და ამ საქმისადმი მისმა სიყვარულმა განაპირობა - ყოველთვის მხარში მედგა, ყველაფერში აქტიურად მონაწილეობდა. მახსოვს, ერთხელ რომელიღაც სააგენტომ კასტინგი გამოაცხადა. ადგილზე ბევრი ადამიანი დამხვდა. ბებიას ვუთხარი, - კასტინგში ისეთი მაგარი გოგონები მონაწილეობენ, რომ ჩემს აქ დარჩენას აზრი არ აქვს-მეთქი. თუმცა, საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ 200 გოგოს შორის ოცეულში მოვხვდი. ბებია ყოველთვის ჩემ გვერდითაა, ამ სფეროში 11 წლიდან ერთად მოვდივართ... შემდეგ კახი ხაბეიშვილი გავიცანი, რომელიც ქალბატონი ეკას და "კატრინის" პარტნიორია. ის სხვადასხვა კონკურსს ატარებდა. ერთ-ერთი გახლდათ "მის თბილისი", რომელშიც "ვიცე-მის თბილისი" გავხდი. ამის შემდეგ რეგიონულ კონკურსებში ჟიურის წევრი ვიყავი ხოლმე. ბატონი კახისგან ეკა მგალობლიშვილი გავიცანი. გაცნობისთანავე ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაგვიჩნდა. ჩემთვის პირველი საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც ვმონაწილეობდი, Best Model of the Universe იყო: ნომინაციაში - Miss Catwalk გავიმარჯვე. შემდეგ სხვადასხვა „მოდის კვირეულზე" ვიყავი მილანში, დუბაში, სომხეთში... საქართველოშიც აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა "ფეშენვიკსა" და გადაღებაში. მერე უკვე მეორედ გავემგზავრე თურქეთში Top Model of the Universe-ზე, სადაც 3 გრან-პრიდან ერთ-ერთი - Best Model Intercontinental - ავიღე. ასევე, საქართველოში ჩატარდა Queen of Year, რომელშიც მე და ანი სტეფანიშვილმა Best Model Year-ის გრან-პრი ავიღეთ...

- რაკი ახლახან Mისს შუმმერ ჭორლდ-ზე მესამე ადგილი დაიკავე, გვითხარი, - შენთვის ზაფხული რასთან ასოცირდება?

- სხვათა შორის, ალბანეთში ინტერვიუზეც მკითხეს, თუ რას ნიშნავდა ჩემთვის ზაფხული. ეს პერიოდი, მზე ძალიან მიყვარს. "ზღვის გოგო" დიდად არ ვარ - ზაფხულს მთაში ვატარებ მეგობრებთან, ოჯახთან ერთად... წლის ეს დრო ჩემთვის ბევრ დადებით ემოციასთან ასოცირდება.

image-123650291-1718005422.jpg

- კიდევ რას საქმიანობ, რომელიმე პროფესიას ხომ არ ეუფლები?

- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვსწავლობ - მეორე კურსის სტუდენტი ვარ. ჯერჯერობით, სწავლას და მოდელობას ერთმანეთს ვუთავსებ.

- როგორც ვიცი, შეყვარებული ხარ. შენი რჩეული - თორნიკე მარუაშვილი 2023 წელს, "პირველი ვიცე-მისტერ პლანეტა" გახდა. ამ კონკურსში შენი ინიციატივით ხომ არ მონაწილეობდა?

- დიახ, ჩემი დიდი სურვილი და ინიციატივა იყო. მასთან ამ თემაზე საუბარი დაახლოებით 1 თვე. თავად სამოდელო სფეროსთან შეხება არ ჰქონია. იმის კვალობაზე, რომ კონკურსში პირველად მონაწილეობდა - გამოუცდელი გახლდათ, კარგი შედეგი მიიღო. კონკურსში მისი მონაწილეობის დღეები სასიამოვნოდ და სახალისოდ მახსენდება...

- სამოდელო სფეროთი დაინტერესდა?

- არა, სხვათა შორის. ამბობდა, - ალბათ, ასეთ კონკურსში ჩემი მონაწილეობა პირველი და უკანასკნელი იქნებაო. მიუხედავად იმისა, რომ Miss და Mister Universe-ის ორგანიზატორის - ალი გურგუთისგან შემოთავაზება ჰქონდა, კონკურსში მონაწილეობის სურვილი არ გასჩენია - ვეღარ დავიყოლიე (იღიმის)...

- ცოტა რამ შენი ოჯახის შესახებაც გვიამბე...

- ბებია რომ ყოველთვის გვერდით მიდგას, გითხარით. დედა მუსიკოსი გახლავთ. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა 17 წელია. ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. დედას რაც უფრო ემატება ასაკი, მეტად ლამაზდება. ვფიქრობ, რომ შეიძლება, საერთაშორისო კონკურსშიც კი მიიღოს მონაწილეობა. თუ დავიყოლიე, ალბათ, ინტერვიუს დედაც მოგცემთ ხოლმე (იცინის). მამა ყოფილი კალათბურთელია...

ეთო ყორღანაშვილი