ქალი, რომელსაც სახლში „ვეფხისტყაოსნის“ „პერსონაჟები“ ჰყავს - გზაპრესი

ქალი, რომელსაც სახლში „ვეფხისტყაოსნის“ „პერსონაჟები“ ჰყავს

ოღონდ აქ მხოლოდ ისაა გამოსაკვეთი და გასაოცარი, რომ ყველაფერს გულვარდი მასწავლებელი ცალი ხელით ახერხებს...

არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის, მაღალმთიან აჭარას განუმეორებელი ბუნება აქვს, ხალხიც სულ სხვაგვარია: მშრომელი, უპრეტენზიო და სიყვარულით სავსეო. სვანეთისა და თუშეთის ბუნების მერე თუ რამე გამაოცებდა, არ მეგონა. ბათუმიდან ხულოსკენ რამდენი საათი ვიარეთ მანქანით, არ მახსოვს, დაღლასაც ვერ ვგრძნობდი, რადგან ყველა წამი ლამაზი კადრების ცვლა იყო. ხულოში ძალიან ბევრ მასწავლებელს უნდა შევხვედროდი, მათ თავიანთი და სპეციფიკური პრობლემები აქვთ: ნაკლები ხელმისაწვდომობა სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, პროფესიულ გამოწვევების დასაძლევ სტრატეგიებზე... იმ დღის ქრონიკა ერთი დიდი წიგნისთვის საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ახლა ხულოელ მასწავლებელს, გულვარდი ბოლქვაძეს გაგაცნობთ თავისივე მონათხრობით...

„იდგა 1976 წლის ვარდობის თვე, მაღალმთიანი აჭარის ულამაზეს და ისტორულ სოფელ თხილვანაში, ბოლქვაძეების ოჯახში, რომელიც დიდი სიხარულით ელოდებოდა მეოთხე შვილს, მოვევლინე მე, გულვარდი ბოლქვაძე. დიდი სიყვარულით ვიზრდებოდი და-ძმასთან ერთად, მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ხუთი წლის გავხდი, უდარდელად. როგორც ყველა ბავშვს, მეც მიყვარდა ცეკვა-თამაში. დადგა ავადსახსენებელი 1981 წლის ნოემბერი. მეზობლის აივანზე ბავშვები ვთამაშობდით, როდესაც გადავვარდი. მოვიტეხე მარჯვენა ხელი, მიუხედავად ექიმების ბრძოლისა, რომ შეენარჩუნებინათ ხელი, თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაწყდა ჩემი ბედი. ექიმმა, რომელმაც ჩემს მშობლებს განუცხადა, თუ სასწრაფოდ არ მოვკვეთთ ხელს, მოკვდებაო (დედაჩემის რეაქცია ასეთი ყოფილა: გოგოა და ცალხელა არ მინდა! სად უნდა წავიყვანო? თუ მოკვდება, წაიყოლიოს თავისი მარჯვენა, თუ გადარჩება, ორივე ხელი ჰქონდესო. მამაჩემმა, ბიძაჩემთან შეთანხმებით, დედა გაუშვა მაღაზიაში და ხელი მოაწერა თანხმობის საბუთს ხელის მოკვეთის თაობაზე, - ოღონდ ცოცხალი იყოს და ხელის პროთეზს მერეც გავუკეთებთო. ეს თავად მითხრეს, როდესაც დედა გავხდი). მომკვეთეს მარჯვენა ხელი. არასოდეს დამავიწყდება დედიკოს განადგურებული სახე, როცა საოპერაციოდან გამომიყვანეს და გონს მოვედი. მანამდე თავზე თეთრი მანდილი ეხურა, იმ დღეს კი თეთრი შავით შეცვლილიყო და ასე დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. ტირილით შეშუპებული, ჩასისხლიანებული თვალები ცოცხალ-მკვდარი შემომციცინებდა თვალებში და მეუბნებოდა: „მთავარია, ცოცხალი ხარ, დე, დანარჩენს ეშველება“. ჩემი ხელის მოკვეთა თავზარდამცემი იყო ნათესავებისათვის, განსაკუთრებით, ჩემი მშობლებისათვის. როცა ყველაფერი დასრულდა, გამომწერეს, წამომიყვანეს თბილისიდან ხულოსკენ. მიხაროდა ოჯახში დაბრუნება. ვიცოდი, რომ დიდი სიყვარულით მელოდებოდნენ ჩემები: და-ძმა, ბებია-ბაბუა და მთელი სოფელი. გადიოდა დღეები, თვეები, ყველა მე მეფერებოდა და თავს მევლებოდა - დიდ-პატარა, ქალი და კაცი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, რაც ძალიან მსიამოვნებდა, სანამ გავითავისებდი ყოველივეს. მოვიდა სექტემბერი, ბავშვებმა სკოლაში სიარული დაიწყეს, მე კი არ წავსულვარ. დედამ მამას უთხრა, ჯერ ჭრილობა არ აქვს მოშუშებული და წელს არ გავუშვათო, თან მარცხენა ხელით ვერ მოახერხებს წერასო.

სწავლა თითქმის 20 დღის დაწყებული იყო. ერთ მშვენიერ დღეს ბიცოლასთან გამიშვა დედამ, რაღაც გამატანა (აღარ მახსოვს, რა). როცა ჩავედი, მათი ქალიშვილი, რომელიც ჩემი თანატოლი იყო, სკოლაში გახლდათ. ბიცოლას ვუთხარი, სახლში მივდივარ-მეთქი და სკოლაში გავიპარე. დავიმალე სკოლის გვერდით შენობასთან, რადგან არ მინდოდა დავენახე ჩემს და-ძმას, მეშინოდა, სახლში არ წავეყვანე. ზარი დაირეკა თუ არა, დავინახე ჩემი ბიძაშვილი ლია, დავუძახე და კლასში მალულად შევიპარეთ. მასწავლებელმა უცხო რომ დამინახა, მოვიდა ჩემთან, თავზე ხელი გადამისვა. მომეფერა, შემდეგ დაჯდა მისთვის განკუთვნილ ადგილას, ფურცელზე რაღაც დაწერა, დაკეცა, მომცა ხელში და მითხრა, ეს წერილი მამაშენს მიეციო. გამომიყვანა საკლასო ოთახიდან და გამიშვა სახლში. მამაჩემი რაიონში მუშაობდა. საღამოს, როცა სახლში მოვიდა, მასწავლებლის წერილი მივეცი. ვაკვირდებოდი მამიკოს სახეს, ცრემლები როგორ სცვიოდა წყვილ-წყვილად. მიკვირდა, - ნეტავ, რა მისწერა იმ უცხო ქალმა-მეთქი? დაასრულა წერილის კითხვა, დაუძახა დედაჩემს და უთხრა, ხვალიდან გულვარდი სკოლაში წავაო! მეორე დღიდან დაიწყო ჩემთვის ახალი ცხოვრება, პირველ კლასში ვსწავლობდით 22 მოსწავლე. მე ღუმელთან ახლოს დამსვა მასწავლებელმა, ვაჟთან ერთად. რადგან აჭარის მაღალმთიან სოფელში ვცხოვრობდით, მკაcრი ზამთარი იცოდა და რომ არ შემციvებოდა, მით უმეტეს, ჭრილობასაც გაფრთხილება უნდოდა. ჩემს კლასში სწავლობდა ჩემი ბიძაშვილი, რომელთანაც ვმეგობრობდი, დანარჩენებს ერიდებოდათ ახლოს მოსვლა, - უნებურად არ გავეკაროთ და არ ვატკინოთ ხელიო. მე არ მახსოვს არავისგან, ეთქვათ ან ეგრძნობინებინათ ჩემთვის, რომ განსხვავებული ვიყავი. ასე გავიდა თითქმის ოთხი წელი. გადავედით მეხუთე კლასში და ჩემი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვალა. ქართულ ენასა და ლიტერატურას გვასწავლიდა ქალბატონი ჟუჟუნა მამულაძე, რომელმაც ჩემზე ისეთი ზეგავლენა მოახდინა, დღეს ვინმემ რომ მკითხოს, შენი იდეალი ადამიანი ვინ არისო, არ დავიღლები და ვიტყვი, რომ ეს ჩემი ჟუჟუნა მასწავლებელი იყო, არის და იქნება (სწორედ მისდამი დიდმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა მასწავლებლობა. მეხუთე კლასში უკვე ვიცოდი რა უნდა ამერჩია, რომ გავიზრდებოდი, ჟუჟუნა მასწავლებელივით საყვარელი ადამიანი და თან, მასწავლებელი უნდა გამოვსულიყავი). ერთხელ წავიქეცი და ერთი კვირის განმავლობაში არ მივლია სკოლაში, რადგანაც ჭრილობა გამეხსნა. როცა სკოლაში მივედი, მთელი კლასი - გოგონები და ვაჟები ჩემ გარეშე ნაბიჯს არ დგამდნენ (ეს ჩემი ჟუჟუნა მასწავლებლის დამსახურება იყო). სკოლებს შორის ტარდებოდა ამხანაგური შეჯიბრებები. ძალიან ბევრჯერ მითქვამს ჩემი ფიზიკური მდგომარეობის გამო შეჯიბრებებში მონაწილეობაზე უარი, მაგრამ კლასელებისა და მასწავლებლების თხოვნით, უბრალო მონაწილე კი არა, თითქმის ყოველთვის გუნდის კაპიტანი ვიყავი. თუ იქნებოდა ისეთი აქტივობა, სადაც მე გამიჭირდებოდა, იმ აქტივობის მონაწილეები ისე დაჯგუფდებოდნენ, ნახევარი რომ მიიღებდა მონაწილეობას, მე ჩამსვამდნენ შუაში და ნაწილი ჩემ შემდეგ მონაწილეობდა, ხან გამარჯვებული ვბრუნდებოდით, ხან - დამარცხებული. ამ მდგომარეობამ ძალიან დამაფიქრა და ჩემს თავს მივეცი პირობა (რომელსაც არ ვივიწყებ უკვე 43 წელია!), რომ უნდა მებრძოლა; მებრძოლა ისე, რომ სხვა თუ ორი ხელით აკეთებდა, მეც არ უნდა გამჭირვებოდა რამის გაკეთება, არამცთუ თამაში და თუ გამიჭირდებოდა, არ გამომივიდოდა პირველ ჯერზე, უნდა გამეკეთებინა მეორედ, მესამედ, მეოთხედ, თუნდაც მეათედ. გაუკეთებელი, შეუძლებელი არაფერი იყო, ამას ვხედავდი და ვეცდებოდი რომ გამომსვლოდა...

გადიოდა წლები და მეც ვიზრდებოდი. მიყვარდა სწავლაც და შრომაც. ზემოთ აღვნიშნე, რომ ვცხოვრობდით სოფელში. როგორც სოფელში მცხოვრები გლეხის ოჯახი, ჩვენც გვყავდა პირუტყვი, გვქონდა როგორც მთა, ისე ბარი. დედასთან ერთად ვუვლიდი პირუტყვს. ვშრომობდი: ყანაში, ჭალაში, ბაღჩაში. ისე გავიზარდე და დავამთავრე სკოლა, რომ არავისგან გამიგონია ეს ფრაზა - „ხელი არ აქვს და ვერ შეძლებს“. პირიქით, მესმოდა: შენ ძლიერი ხარ და შეუძლებელი არაფერია შენთვის, ისეთი მოხერხებული გვყავხარო. ეს სიტყვები მაძლიერებდა და მაძლიერებს დღესაც. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა დავიწყე გონიოს კოოპერაციული ინსტიტუტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. 1994 წელს მუშაობა დავიწყე თხილვანის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1995 წელს ოჯახი შევქმენი, მაგრამ აქ უკვე იჩინა თავი ჩემმა პრობლემამ, - ცალხელა რძალი არ გვინდაო და ცა და ქვეყანა დამექცა თავზე, დამეშალა ოჯახი. ცოცხლად ქვრივის სახელით დავბრუნდი მამის ოჯახში, ფეხმძიმე. არავის ნახვის და საუბრის სურვილი აღარ მქონდა, ტირილში მაღამდებოდა და მათენდებოდა. დადგა აგვისტოს თვე, გავაჩინე შვილი „თამარ ქალი“, მას შემდეგ ჩემს ცხოვრებას მიეცა აზრი და მივხვდი, რომ კი არ უნდა მეტირა, არამედ უნდა მებრძოლა და ძლიერი ვყოფილვიყავი ჩემი შვილისათვის, რომელიც ბნელ ღამეში უგზო-უკვლოდ დარჩენილს მზის სხივივით მინათებდა და მილამაზებდა ყველა დღე-ღამეს.

318460426-831311544819926-653368553026923737-n-copy-1718005525.jpg

იზრდებოდა ჩემი შვილი და მეც უფრო მეტად ვცდილობდი განვვითარებულიყავი. გონიოს კოოპერაციული ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, მოვეწყvე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, პარალელურად ვმუშაობდი სკოლაში. ჩემი შვილი სოფელმა ისე მიიღო, როგორც საკუთარი, ვერც მე ვგრძნობდი იმ დიდ ტკივილს, რასაც ცალხელობა ერქვა. პირიქით, შევძელი შეუძლებელი მშობლების, და-ძმების, თანამშრომლების, მეზობლებისა თუ მეგობრების დახმარებით, რომ მოვიხსენი ის დისკომფორტი, რასაც განსხვავებულობა ერქვა, რის გამოც დამიწუნეს. ამან უფრო მეტად გამაძლიერა!

ვარ უბედნიერესი ადამიანი თუნდაც იმიტომ, რომ ჩემმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, ვარ მასწავლებელი, მიყვარს ჩემი მოსწავლეები და ჩემი საქმე.

2006 წელს მეორედ შევქმენი ოჯახი. მყავს მეუღლე, სამი ვაჟიშვილი: ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი და ქალიშვილი თამარი (მყავს ექვსი შვილიშვილი). მეზობლები სულ მეხუმრებიან, „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები არ აგერევა, სახლში გყავსო.

1981 წლიდან დღემდე გავიდა თითქმის 43 წელი. ბოლოს, რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ნაკლი, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო, რადგანაც უბრძოლველად არაფერი მოდის და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“

როლანდ ხოჯანაშვილი