ცნობილი მშობლები შვილების აქამდე უცნობი ამბებით - გზაპრესი

ცნობილი მშობლები შვილების აქამდე უცნობი ამბებით

ამ ამბავთან დაკავშირებით, ცნობილ მშობლებს ემოციების გაზიარება ვთხოვეთ და შვილების შესახებ საინტერესო ამბებიც მოვაყოლეთ...

"უფალს მადლობას ვუხდიდი, რომ ჩემი გოგონა ასეთი კეთილი ადამიანია"

ფატუნა ბუშიჰედი:

- ჩემი გოგონა - ქელი თითქოს საბავშვო ბაღში გუშინ შევიყვანე, დღეს კი უკვე სკოლა დაამთავრა... წარმოუდგენელი ემოცია მომგვარა იმის გაანალიზებამ, თუ რა სწრაფად გარბის დრო და თურმე, თითოეული წუთი, წამი როგორი ძვირფასია... ბაღის დამთავრების შემდეგ, როცა სკოლაში შევიყვანე, მის ცხოვრებაში უკვე მეორე ეტაპი დაიწყო: ბაღში რომ ლექსებს ამბობდა, უცებ მის ცხოვრებაში კალამი, ფურცელი, რვეული, წიგნი გაჩნდა, სწავლის პროცესი დაიწყო... ეს ისეთი უმშვენიერესი პროცესია, რომ მშობელი ამით უნდა დატკბე. პროფესიის გამო, ზოგჯერ ამ სიამოვნების გამოტოვება მიწევდა - ჩემი სამოსის კოლექციებს მსოფლიოს ვუზიარებდი... როცა ქელი გაიზარდა, მაღალ კლასებში გადავიდა, ნოსტალგია მეუფლებოდა, რადგან მახსენდებოდა, როგორ იზრდებოდა, როგორ სწავლობდა ანბანს. მისი მეცადინეობის პროცესი ფოტოებზე მაქვს ასახული... ახლა უკვე მისი ცხოვრების მესამე და იმავდროულად, პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო: ისეთი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ მწვერვალებზე ავიდეს. რა თქმა უნდა, ეს სტრესს უკავშირდება, თუ რომელ უნივერსიტეტში მოხვდება, სად ჩააბარებს, ისწავლის... ახლა "ბოლო ზარზე", მასთან რომ მივედი, თეთრ პერანგებში გამოწყობილი ულამაზესი მოზარდები ერთმანეთს ულოცავდნენ, სიკეთეს უსურვებდნენ, ერთობოდნენ... სხვათა შორის, სკოლაში ზარის ხანგრძლივად დარეკვას ველოდი. მახსოვს, როდესაც სკოლა დავამთავრე, ყველაზე ხანგრძლივი ზარი ჩართეს და მანამდე არ გამორთეს, სანამ ყურები არ გვეტკინა (იღიმის). ახლა უფრო თანამედროვე ზარებია, რა თქმა უნდა. ემოცია ნამდვილად ძლიერი იყო! ცრემლები მომდიოდა - სიხარულის, ნოსტალგიის, იმედის...

- ქელის პროფესია არჩეული აქვს?

- ადრეულ ბავშვობაში ვეტექიმობა სურდა. ბევრი ძაღლი გვყავს. რამდენიმე თვის წინ, ქელიმ შინ 10 ლეკვი მოიყვანა, რომლებიც დიღომში, მაღაზიასთან უპატრონოდ იყვნენ... მათ გარდა, ჩვენი 7 ძაღლი გვყავდა. 2 ოთახი იზოლირებული გვქონდა, რომ მათ არ ეეჭვიანათ და აგრესია არ გასჩენოდათ ლეკვების მიმართ - ამ საკითხს ვაკონტროლებდით. 10-დან 6 ლეკვი უკვე გავაჩუქეთ. 4 დაგვრჩა - ჩვენთან არიან... ქელი ყველა ცოცხალ არსებას უვლის. სადმე პატარა ჭიანჭველას რომ დაინახავს, მაგალითად - გარეთ წვიმის შემდეგ ან აბაზანაში, ყურის საწმენდი ჩხირით აჰყავს და აშრობს. მოკლედ, ჭიანჭველები გამიმრავლა. უკვე აღარ ვიცოდი, რა მექნა და ძალიან ცუდად მოვიქეცი... ასევე, ჩვენს აგარაკზე მინდორია, საიდანაც ჩვენთან მინდვრის თაგვები შემოდიან ხოლმე. ერთ დღესაც ხაფანგი - დასაკრობი სილიკონი გვაჩუქეს, რომელიც თურმე, საშინელებაა - მასზე დაკრობილი ცოცხალი არსება ტანჯვით კვდება, რის შესახებაც არ ვიცოდი... თურმე, ამ ხაფანგს 2 პატარა მინდვრის თაგვი დაუჭერია. ჩემმა შვილმა ხელთათმანები გაიკეთა და ზეითუნის ზეთით, თაგვები ხაფანგიდან ნელ-ნელა ააძრო - გადაარჩინა (იცინის). ცხოველების მიმართ იმაზე მეტი სიკეთე აქვს გაკეთებული, ვიდრე ვყვები... 2-3 კვირის წინ, სახლში დაბრუნებულს ტირილით შემომეგება. მიზეზით რომ დავინტერესდი, მითხრა, რომ დედა კატამ 2 კნუტი დატოვა და ვერ პოულობდა. უბრალოდ, მათი ხმა ესმოდა. ვიდრე კნუტები მოძებნა, ვიტამინებიანი საკვები გაუმზადა, რომ დედის რძესთან მიმსგავსებული ყოფილიყო, კნუტები დაიხოცნენ... ძალიან განიცადა. მოკლედ, ცხოველების მიმართ უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარული აქვს გულში... შემდეგ მოინდომა, რომ ზოგადი ქირურგი გახდეს. სხვათა შორის, საკუთარი სურვილით, 2 კლინიკაში პრაქტიკებზე დადიოდა, ოპერაციებსაც ესწრებოდა. ალბათ, ძალიან გამიბრაზდება, როცა ამ ინტერვიუს ნახავს, მაგრამ არ შემიძლია, რომ არ ვთქვა: კლინიკაში ძალიან მოხუცი პაციენტი იწვა. იმ საბრალოს ახლობლები არ პატრონობდნენ. ქელიმ ეს რომ გაიგო, მოხუცს ყველა საჭირო ნივთი შეუძინა. პაციენტს ტირილი აუტყდა. ჩემი შვილი გულში ჩაიკრა, ეფერებოდა - როგორი ღვთისნიერი ხარო... ქელიც ტიროდა... ამის შესახებ ჩემთვის ქელის არ უთქვამს - მისმა იქაურმა, ასე ვთქვათ, კოლეგებმა მიამბეს. ქელი ექიმიც არ ყოფილა. უბრალოდ, სურვილი ჰქონდა, ავადმყოფისთვის მოევლო, გაეწმინდა, გამოეცვალა... სათანადოდ მოჰქცეოდა, როგორც შეეძლო... ამაყი და ემოციებით დატვირთული ვიყავი. უფალს მადლობას ვუხდიდი, რომ ჩემი გოგონა ასეთი კეთილი ადამიანია. ასეთი ამბები გადამდები უნდა იყოს - სხვა რომ დაინახავს, მანაც იგივე გააკეთოს. იქნებ ერთმანეთის სიყვარული ასე მაინც გადავარჩინოთ... ქელი ბევრს სწავლობს, რომ ზოგადი ქირურგი გახდეს. მოგეხსენებათ, ამერიკელი ინდიელი, ჩეროკების ტომის წარმომადგენელი გახლავთ. ჩეროკების ანბანი მისმა დიდმა ბაბუამ დაწერა. ბებია ფრანგი არისტოკრატი ქალბატონი, ელენ რეიმონდი განათლებული გახლდათ, 7 ენას ფლობდა... ოჯახი საფრანგეთში ცხოვრობდა, მაგრამ საფრანგეთის რევოლუციის დროს, ამერიკაში გაემგზავრნენ და ლუიზიანას შტატში დასახლდნენ... ბუშიჰედი ინდიელების გვარია, მაგრამ ქელი გიორგაძე-ბუშიჰედი გახლავთ - ქართული გვარი არ დავუკარგე. პლუს, საქართველოში გავზარდე (შვილები აქ გავაჩინე)... მინდოდა, ქართული ენა სცოდნოდა, აქ გაზრდილიყო, მეგობრები ჰყოლოდა საქართველოში... უკვე საქართველოს მოქალაქეც არის.

- განათლების მიღებას უცხოეთში აპირებს?

- ისურვა, პედაგოგები აქ ჰყავდეს. თუ სურვილი ექნება, საზღვარგარეთ, დაფინანსებით ისწავლის - თავად უნდა იყოჩაღოს, რომ გრანტი მოიპოვოს და ამერიკაში ან ევროპაში, რომელიმე უნივერსიტეტში ისწავლოს. მისი ყველაზე დიდი ნატვრა (რომლის შესახებაც ბავშვობიდან მეუბნება) ის არის, რომ როცა ექიმი გახდება, პაციენტის გულშემატკივრების წინაშე გამოსულმა მათ უთხრას, - პაციენტი კარგად არის და 100 წელი იცხოვრებსო (იღიმის)...

"მითხრა, - ღონისძიების წამყვანი ვარო. ჩემთვის ეს აღმოჩენა იყო"

levan-kochiashvili-w-h-1718612593.jpg

ლევან ყოჩიაშვილი:

- დრო ძალიან სწრაფად გავიდა. შვილს უყურებ და გგონია, გუშინ გაჩნდა, ახლა კი ამხელა კაცია... მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. კარგი ბიჭია, წარმატებას ვუსურვებ. მინდა ყველაფერი კარგად ჰქონდეს. ვეუბნები, რომ ბევრი უნდა იშრომოს, ისწავლოს, იმეცადინოს, ცხოვრებას რომ მერე გემო ჩაატანოს. წლებმა უცბად გაირბინა და მშობელიც აცნობიერებ, რომ ასაკი მოგემატა (იცინის). შერეული განცდები მეუფლება... სხვათა შორის, არ ვიცოდი, ჩემი ვაჟი თუ ასეთი თამამი იყო. "ბოლო ზარისთვის" რეპეტიციებს გადიოდა. მერე მითხრა, - ღონისძიების წამყვანი ვარო. ჩემთვის ეს აღმოჩენა იყო. თურმე, ეს სითამამე ჰქონია, რომ წამყვანი ყოფილიყო...

- მისი "ბოლო ზარის" ღონისძიებას დაესწარით?

- არა, ვერ მოვახერხე, მაგრამ უფროსმა შვილმა - კესუნამ ვიდეო გამომიგზავნა. სასიამოვნო სანახავი იყო, როგორ ემშვიდობებიან სკოლას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან...

- თქვენს "ბოლო ზარზე" რას გვეტყვით?

- მაშინ ასეთი ხალისი არ იყო. სკოლა 90-იან წლებში დავამთავრე... ახლანდელი ბავშვები უფრო ლაღები არიან და ღმერთმა სულ ასე ამყოფოს ამ ქვეყანაში. ჩვენს ბავშვობაში ხვალინდელ დღესთან დაკავშირებული გაურკვევლობა სუფევდა. არც ამდენი სასწავლებელი იყო (სწავლის ხარისხიანი დონით), რამდენიც ახლაა. მართლა ბევრი საშუალებაა უკვე, მოზარდმა რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს.

img-4619-1718612628.jpg

- თქვენმა ვაჟმა უკვე გადაწყვიტა, სწავლას სად გააგრძელებს?

- მეთორმეტე კლასში რომ გადავიდა, ბიზნესის ადმინისტრირების სწავლა გადაწყვიტა. ამისთვის ემზადებოდა. უნდა, "ჯიპაში" ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ჩააბაროს.

- პროფესია დამოუკიდებლად აირჩია?

- ჩემი უფროსი შვილი - კესო წიგნიერი, სწავლული ადამიანია. სკოლაც წარმატებით დაამთავრა და უნივერსიტეტიც. ძალიან მშრომელია. მისი სახით, ჩემს ვაჟს კარგი მაგალითი ჰყავდა. რჩევებსაც იღებდა... ასე რომ, ერთად გადაწყვიტეს.

- მსახიობის პროფესიის არჩევა არც განუხილავს?

- როცა პატარა იყო, ვასიკომ "ჩემი ცოლის დაქალების" რამდენიმე სერიაში ითამაშა. თუ გახსოვთ, ტასუნა მაწანწალა ძაღლებისთვის მოწყალებას რომ ითხოვს, ბავშვები ფულს აგროვებენ... ვასიკო ტასუნას კლასელის როლს თამაშობდა... ცოტა ხნის მერე, ჩემი შვილი სერიალში კიდევ დასჭირდათ, მაგრამ უკვე გაზრდილმა ვასიკომ მონაწილეობაზე უარი მითხრა - აღარ მოუნდა... მას კი არა, ქეთას და გიოსაც არ აურჩევიათ მსახიობის პროფესია, რომლებიც ლამის დაბადებიდან პოპულარულები არიან, სერიალში თამაშობენ (იცინის). მათაც მინდა წარმატება ვუსურვო: ეს ბავშვები ძალიან მიყვარს, რადგან ჩვენს ხელში გაიზარდნენ... საბოლოოდ, სასიამოვნო განცდა მაქვს. ჩემი შვილის მჯერა. სულ ვეუბნები, რომ ახლა მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი წლებია, რომ მომავალი განსაზღვროს. პირადად მე, რასაც ვნანობ, ისაა, რომ მშობლებისთვის უფრო მეტად უნდა დამეჯერებინა, მეტი მესწავლა, რადგან მერე ამის დრო აღარაა...

ეთო ყორღანაშვილი