ნანუკა ფორჩხიძის საოცარი წინათგრძნობები და "ცურვა" ორი მიმართულებით - გზაპრესი

ნანუკა ფორჩხიძის საოცარი წინათგრძნობები და "ცურვა" ორი მიმართულებით

საოცარი წინათგრძნობა აქვს. ვინმეს ორგულობაში თუ გამოიჭერს, ერთი შეხედვით სათუთი, უწყინარი არსებიდან შეუძლია შეუბრალებელ შურისმაძიებლად იქცეს. იუმორი ერთ-ერთი საბრძოლო იარაღია; ზოგჯერ ის ხუმრობს, რათა დამალოს ცრემლი. მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეუძლია. პარტნიორს ყოველთვის თავად ირჩევს, ხშირად ეჭვიანია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ თევზებს, ეს კი მომღერალ ნანუკა ფორჩხიძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია მაინტერესებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ღრმად ჩახედული ვარ და ამ მიმართულებით დიდი ცოდნა მაქვს.

- ასტროლოგები თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს 12 ნიშანთაგან ყველაზე რთულად აღსაწერად მიიჩნევენ. როგორ ფიქრობ, რატომ?

- ჩვენი სიმბოლო ხომ სხვადასხვა მიმართულებით მცურავი 2 თევზია. ცვალებადი ხასიათით გამორჩეული ნიშანია, არაპროგნოზირებადი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩემს თავსაც ვგულისხმობ.

- უმნიშვნელო, მცირე დეტალი შეიძლება ხასიათის ცვლილების მიზეზი გახდეს?

- სულ ასე ხდება - ისეთი უმნიშვნელო დეტალის გამო, სხვა ყურადღებას საერთოდ რომ არ მიაქცევს, მე შეიძლება მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიყო.

- "არ არის მებრძოლი. ურჩევნია იტანჯოს, ვიდრე იბრძოლოს. ურჩევნია დინებას მიჰყვეს იმის ნაცვლად, რომ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოს".

- ასე წლების წინ უფრო იყო. რაც გავიზარდე, უფრო მებრძოლი ხასიათი ჩამომიყალიბდა.

- "მუდმივად მერყეობს პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის".

- ვინც კარგად მიცნობს, ყველა ასე მახასიათებს ან ძალიან კარგ განწყობაზე ვარ და ყველაფერი მიხარია, ან ჩემთვის სამყარო იქცევა. რაღაცები მაქვს ტვინში ჩაბეჭდილი, რაც ხშირად რეალური არც არის და ვცდები, მაგრამ მაინც მენერვიულება. კარგ ხასიათზე თუ ვარ, ირგვლივ ყველა კარგ ხასიათზეა, ჩემი ემოცია ძალიან გადამდებია.

- დინებას მიჰყვები თუ საპირისპიროდ ცურვის პერიოდები უფრო ხშირად გაქვს?

- ორივე პერიოდი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება ისეთი რამეები მოხდეს, ყოველთვის ძლიერი ვერ ვიყო, თუმცა ვცდილობ.

- შენთვის რომელი "ცურვაა" უფრო კომფორტული?

- როცა დინებას მივყვები.

- "ის ჯიუტია, ადამიანებს უჭირთ მასთან ურთიერთობა".

- ვინც მიცნობს, ყველა ყველაზე დამთმობ ადამიანად მიხსენიებს. შეიძლება რაღაც არ მესიამოვნოს, მეწყინოს, ძალიან ბევრიც ვინერვიულო, მაგრამ ჩუმად ვიყო (რა თქმა უნდა, საკითხი თუ უმნიშვნელოვანესი არ არის). ვინც ძალიან მიყვარს, მათთან ყოველთვის ვთმობ. იმ შემთხვევაში, თუ საქმე ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ეხება, სრულიად განსხვავებული ადამიანი ვხდები, მათ გამო ყველაფრის გაკეთება შემიძლია.

- "იუმორი ერთ-ერთი საბრძოლო იარაღია; ის ხუმრობს, რათა დამალოს ცრემლი".

- ასეა, როდესაც ცუდ განწყობაზე ვარ, მაგ დროს სულ ვხუმრობ და ჩემი თავი გუნებაზე მომყავს.

- "ოცნებების სამყაროში ცხოვრობს, ქრონიკული მეოცნებეა".

- სულ რაღაცებს წარმოვიდგენ ხოლმე, - ეს რომ ასე იყოს, მერე რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა, რა მოხდებოდა... ასაკის მატებასთან ერთად თანდათან იკლებს მსგავსი ამბები, მაგრამ ოცნებებში ცხოვრებას ჯერ ვერ გადავეჩვიე.

- ეს ცუდია?

- ადამიანები ზოგჯერ ვერ მიგებენ, ჩემს სამყაროში რომ ვარ, შეიძლება ვიღაც მოვიდეს, მელაპარაკოს და მე ვერც აღვიქვა. ამ ყველაფერში ერთი კარგი რამ აღმოვაჩინე: ის, რაც გულით ძალიან მინდა და რაზეც ვოცნებობ, ადრე თუ გვიან მისრულდება, ჩემი რეალობა ხდება.

- "მას უანგარო სიყვარული შეუძლია. საყვარელი ადამიანის გამო ყველაფერზე წამსვლელია".

- მართალია, მაქვს თვისება, საკუთარი თავი უკან გადავწიო და წინ ის ადამიანები დავაყენო, რომლებიც მიყვარს. სიმართლე გითხრა, ეს თვისება ჩემში ძალიან არ მომწონს. ვცდილობ ასე არ მოვიქცე, მაგრამ ჩემი ინსტინქტი ასეთია, ჯერ სხვაზე ვიფიქრო და მერე საკუთარ თავზე.

- ამ თვისების გამო, ალბათ გულისტკენა არაერთხელ გქონია, არა?

- ეს გამოცდილებაც მაქვს, მაგრამ ეს თვისება თუ მომშორდება, ასე მგონია, მე მე აღარ ვიქნები.

- "მას საოცარი წინათგრძნობა აქვს".

- საოცარი და ამის გამო სულ დამცინიან. სიზმრად მინახავს კონკრეტული ამბის სცენა, რომელიც მეორე ან იმ დღესვე ასრულებულა. ჩემი ოჯახის წევრების ან ძალიან ახლობლების თავს რაც ხდება, მათ შესახებ უფრო კარგი ინტუიცია მაქვს, ვიდრე - საკუთარ თავზე. არ ვიცი, ასე რატომ ხდება. ვინც მიჯერებს, მათთვის უსიამოვნებებიც ამირიდებია.

- "ძალიან მიმნდობია, ამიტომ მისი მოტყუება ადვილია".

- სამწუხაროდ ასეა, ყველაფრის მჯერა, რასაც მეუბნებიან. რომ მეხუმრებიან, იმისიც მჯერა. თავად ვარ ასეთი: ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ადამიანს ისეთი ტყუილი ვუთხრა, გული ვატკინო. მგონია, სხვებიც ასე ფიქრობენ, მაგრამ თურმე ვცდები.

- მტკივნეული ტყუილებიც უთქვამთ?

- ბავშვობაში უფრო მომისმენია ასეთი ტყუილები, ახლა - ნაკლებად, მაგრამ ახლაც მგონია, ადამიანი თუ გამიღიმებს, ჩემიანია და მერე სულ ვცდილობ, ვასიამოვნო.

- "ის უშეცდომოდ გრძნობს გარშემო მყოფებისგან წამოსულ განწყობას".

- თითქმის ყოველთვის. ზოგჯერ ადამიანს (ნაცნობი რომ შეიძლება ეწოდოს და არა - ახლობელი) რომ დავინახავ, ვხვდები, რა პრობლემა აქვს, რა აწუხებს. ამ დროს საუბარი ძალიან მიყვარს. ვცდილობ, იმ ფიქრებიდან გავიყვანო.

- "ის ვინმეს ორგულობაში თუ გამოიჭერს, ერთი შეხედვით სათუთი, უწყინარი არსებიდან შეუძლია შეუბრალებელ შურისმაძიებლად იქცეს".

- ეს თვისებაც არის ჩემს ხასიათში. ადამიანი შეიძლება ერთხელ, ორჯერ გამოვიჭირო ორგულობაში და საერთოდ არაფერი ვთქვა, მაგრამ ჩემში არსებულ ზღვარს რომ გადავა, მას ისე ვუშვებ ჩემი ცხოვრებიდან, რომ აღარ ვაძლევ დაბრუნების შესაძლებლობას, როგორი ახლობელიც უნდა იყოს. შურისმაძიებელი არასდროს ვყოფილვარ, ეს ჩემს ხასიათში არ არის.

- "ის საკუთარ შეგრძნებებს და შთაბეჭდილებებს უფრო უჯერებს, ვიდრე ფაქტებს, საკუთარ თუ სხვის გამოცდილებას".

- საკუთარი შეგრძნებები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყველას აზრი აინტერესებს. ხანდახან რაღაც შეიძლება ძალიან მომწონდეს, მაგრამ სხვისი გამოცდილების გაზიარებით, უარი ვთქვა.

- "სძულს მარცხი, თუმცა ბუნებით მშვიდია".

- ფსიქოლოგიურად წინასწარ თუ მომზადებული მყავს საკუთარი თავი, ამ შემთხვევაში, მარცხს მშვიდად ვხვდები, მაგრამ მტკივნეული შემთხვევებიც მახსენდება.

- "მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეუძლია".

- შემიძლია. თუ რაღაც გულით მინდა, წინ ვერავინ და ვერაფერი დამიდგება. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი "ბრძოლების" საჭიროება ჩემს ცხოვრებაში ხშირად ყოფილა.

- "მას არ უყვარს გასესხება, მაგრამ თუ ვინმე მოსწონს, არასდროს ეტყვის უარს დახმარებაზე".

- უარს ვერასდროს ვერავის ვეუბნები. შემიძლია ჩემი საქმე გავაფუჭო და ადამიანს დახმარებაზე უარი ვერ ვუთხრა.

- "ფულის შოვნა არ უჭირს. საჭირო თანხას ყოველთვის ადვილად მოიძიებს".

- არ ვიცი, მგონი, ეს ძალიან ინდივიდუალურია. 13 წლის ვიყავი, როდესაც პირველი ჰონორარი გამოვიმუშავე, მაგრამ შემდეგ მქონდა დიდი ჩავარდნა, სანამ სტაბილური სამსახური მექნებოდა. სხვადასხვა დროს ვიყავი პროექტებში ჩართული, ხან მამას ვეხმარებოდი, ხან ვახმოვანებდი. ყოველდღიური რუტინული სამსახური ჯერ არ მქონია და ძალიან მინდა გამოვცადო, როგორია. ვიცი, მალე მომბეზრდება, მაგრამ ახლა მაინტერესებს.

1-copy-1718612775.jpg

- "მას ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეუძლია, რომელიც არ არის რისკთან დაკავშირებული".

- რისკი არ მიყვარს, მირჩევნია მშვიდად ვიყო. სიახლეებიც არ მიყვარს, არც - ცვლილებები, რადგან რისკთან ასოცირდება. ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა საკუთარ თავს ამ მდგომარეობაში ძალით ვიგდებ, მინდა შევეჩვიო, ამ ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერს ხომ ვერ დაგეგმავ და გამოცდილება მინდა მქონდეს.

- "პარტნიორს ყოველთვის თავად ირჩევს, ხშირად ეჭვიანია".

- ურთიერთობაში პირველი ნაბიჯის გადადგმა არ შემიძლია. ისეთი მორცხვი ვარ, მეორე მხრიდან ინიციატივა თუ არ დავინახე, პირველ ნაბიჯს ვერ გადავდგამ, ჩემში სიმორცხვეს ვერ ვერევი. ადამიანი როცა მომწონს, არ ვიცი, რა მემართება, ვეღარაფერს აღვიქვამ (იცინის). რაც შეეხება ეჭვიანობას, იმ ადამიანის მიმართ არ ვეჭვიანობ, სხვანაირი ეჭვიანი ვარ.

- "სხვანაირი" ეჭვიანობა რა არის?

- სულ მაქვს ეჭვი, ვინმეს რამე ხომ არ ვაწყენინე? რაღაც არასწორად ხომ არ გავაკეთე? საკუთარ ქცევებს სულ ვუკვირდები.

- თავგადასავლების მოყვარული ხარ?

- ექსტრემალი ვარ, ბავშვობიდან მომწონს, როდესაც ორგანიზმში ადრენალინი გამომუშავდება.

- "მას შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს".

- მეტოქედ არავის აღვიქვამ, ეს არ შემიძლია. როცა მეორე ადამიანისგან ვგრძნობ, მეტოქედ აღმიქვამს, ვცდილობ, მისი ჩემდამი დამოკიდებულება პოზიტივის გამოვლენით შევცვალო. ეს მეთოდი ჭრის. ასეთი ადამიანები მერე ჩემი ძალიან ახლო მეგობრები ხდებიან.

- "მას ეხერხება საკუთარი პოზიციის სისწორეში ნებისმიერი ადამიანი ადვილად დაარწმუნოს".

- სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ არის. ჩემი ასაკის ადამიანებთან შეიძლება უფრო გამომდის, მაგრამ როცა მამასთან ვლაპარაკობ, შანსი არ არის იმაში დავარწმუნო, რასაც მე ვფიქრობ. შეიძლება ეს გამოცდილების ამბავია. მშობლებთან ვმეგობრობ, მათთან გახსნილი ვარ და ნებისმიერ თემაზე შეგვიძლია ლაპარაკი. ბევრჯერ შეცდომა იმის გამოც არ დამიშვია, რომ მამას და დედას მოვუყევი ესა თუ ის ამბავი, მათგან რჩევები მოვისმინე და გავითვალისწინე.

თამუნა კვინიკაძე