"მგონია, ამქვეყნად რაღაც ვალი მაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გადავიხადო" - გზაპრესი

"მგონია, ამქვეყნად რაღაც ვალი მაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გადავიხადო"

და არა მარტო დადებითს. შესაძლოა ეს ჩემი შინაგანი ენერგეტიკიდან მოდის, რასაც ცეკვის დროს ვგრძნობ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყოველგვარი დადგმის გარეშე ვასრულებ ცეკვას, თვითონ მუსიკა მელაპარაკება რომელ ნოტაზე რა შეგრძნებით ვიმოძრაო..." - ამბობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლ "მამულის" ქორეოგრაფი და ქ. ზუგდიდის ანსამბლ "ჩელას" მოქმედი მსახიობ-მოცეკვავე ანა ჩიქოვანი, რომლის ვიდეოებსაც ასიათასობით ნახვა აქვს...

- ბავშვობა ცხოვრების ის განსაკუთრებული მონაკვეთია, რომლის დაბრუნება შეუძლებელია. მიყვარს და ვნატრობ, მიუხედავად ცხოვრებისეული, დასამახსოვრებელი, წაუშლელი ინციდენტებისა. ეს ის პერიოდია, როდესაც ყველაზე მეტად გამახსოვრდება თითოეული ემოცია, დამოკიდებულება... ბავშვის განცდები და შეგრძნებები ყველაზე გულწრფელი და სათუთია. ოჯახის წევრები ძალიან ხშირად იხსენებენ ჩემს ბავშვობას და მეც ასე მახსოვს, რომ ძალიან ენერგიული, დაუღალავი, ცელქი, გულიანი და თავის გამტანი ვიყავი. სწორედ ჩემზე იყო ნათქვამი, თავს არ დაკარგავსო... ჩვენი ქუჩა არ გამოირჩეოდა ბავშვების სიმრავლით, უმეტესად ბიჭებთან ვმეგობრობდი, ხშირად ბიჭური თამაშებით გართობა მიწევდა.

რაც შეეხება ოჯახს, ჩემი ოჯახის ყველა წევრი თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულებით მახსენდება. იმ დიდი თუ პატარა სიხარულით ლამაზდებოდა ჩემი ბავშვობა. პატარაობისას ყველანაირი ჰობი გიზიდავს, რაც კი გართობის საშუალებას გაძლევს. ძალიან მიყვარდა სამკაულების აწყობა, ხატვა, ჭრა-კერვა. მიუხედავად იმისა, რომ არ გამომდიოდა, მაინც ვცდილობდი, ჩემი თოჯინებისთვის სამოსი შემექმნა და ყველაზე მთავარი რაც მიზიდავდა, ქართული ცეკვა იყო!

არ ვიცი, პატარა ასაკიდანვე რატომ ვიყავი ასე მიჯაჭვული ამაზე, თუმცა, გენეტიკა მაინც თავისას შვრება! თან, გვერდით ისეთი ადამიანი მყავდა, რომელსაც როგორც ცხოვრება, ისე უყვარდა თავისი პროფესია. საქმისადმი ბაბუას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ის თითოეულ დეტალს მიხსნიდა, როგორც პრაქტიკულად, ასევე თეორიულად, რაც ყველა მოცეკვავეს განსაკუთრებულს ხდის და სხვებისგან მკვეთრად გამოარჩევს. დაუღალავად შეგვეძლო გვესაუბრა ქართულ ცეკვაზე, მუდამ ინტერესით ვუსმენდი. როცა ბაბუასთან ვიყავი, ხშირად ვუყურებდი სხვადასხვა აკადემიური ანსამბლის ცეკვებს. ძალიან მომწონდა ყველა კუთხის სამოსი და მინდოდა, მეც მათ მსგავსად მომერგო ის ულამაზესი, ტრადიციული ფორმა და დიდ სცენაზე მეცეკვა.

- როგორ გახსენდებათ სკოლის პერიოდი?

- მახსოვს, სკოლა ისე მომეწონა, შინ დაბრunება არ მინდოდა... საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მქონდა, "საგუნდო სამუსიკო სკოლაში" დავდიოდი, სადაც ფორტეპიანო, გუნდური სიმღერა, სოლფეჯიო და დირიჟორობა ისწავლებოდა. სამწუხაროდ, ვოკალური ნიჭით არ გამოვირჩეოდი, რაც ჩემი ცხოვრების აუხდენელ ოცნებად დარჩება. თუმცა ექვსწლედი დავამთავრე და ესეც ერთგვარი გამოცდილება იყო ჩემთვის.

რაც შეეხება ქართულ ცეკვას, პატარა ასაკიდან დაზუსტებით მცოდნია, ვინ უნდა ვყოფილიყავი და რა მეკეთებინა! ათი წლის ვიყავი, როცა ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ "იმედში" მიმიყვანეს, რომლის ქორეოგრაფები ლევან ფიფია და სოფო შანავა არიან. ანსამბლი დაარსებიდან დღემდე ღირსეულად იღვწის, შედეგად კი ის ზუგდიდში ერთ-ერთი ვარსკვლავოსანი ანსამბლი გახდა. ვამაყობ, რომ ამ ოჯახის წევრი ვიყავი და მეც პატარა წვლილი მიმიძღვის ანსამბლის ვარსკვლავის გახსნაში. სწორედ აქ შევიძინე ის საუკეთესო რამ, რასაც "მეგობარი" ჰქვია. არა მარტო ცეკვას ვსწავლობდით, არამედ ერთმანეთის სიყვარულს, ურთიერთობას, დამოკიდებულებას. ასევე ბრძოლისუნარიანობას, ჯანსაღ კონკურენციას, შრომით მოპოვებას, ცუდის და კარგის გარჩევას, დაფასებას.

- ამბობთ, რომ ბავშვობაში ნიჭით არ გამოირჩეოდით და ყველაფერს უდიდესი შრომით მიაღწიეთ, ასეა?

- უმთავრესი საქმისადმი სიყვარულია, რომელიც ყველანაირად გაძლიერებს. ვერ ვიტყვი, რომ ცეკვის ნიჭი არ მქონდა, უბრალოდ არ გამოვირჩეოდი სხვა მოსწავლეებისგან. რა თქმა უნდა, ნებისმიერ საქმიანობას გარკვეული შრომა სჭირდება. მეც მუდმივად ვცდილობდი გამეთვალისწინებინა ის შენიშვნები, რომელსაც ქორეოგრაფისგან ვიღებდი. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ მოუთმენლად ველოდი კვირის იმ დღეებს, როდესაც შემეძლო ჩემი საყვარელი საქმიანობით დავკავებულიყავი.

სანამ გავიგებდი ქალბატონ ნინო რამიშვილს ჰქონდა ეს სიტყვები ნათქვამი, ყველაზე წმინდა დამეფიცება, რაც კი გამაჩნია, რომ პატარა ასაკიდანვე მეც მსგავსად ვფიქრობდი: ვინც არ ცეკვავდა და არ იცოდა რა შეგრძნება იყო ეს, მათი ცხოვრება ძალზე უხალისო და მოსაწყენი მეჩვენებოდა! ვინც თავდავიწყებითაა ქართულ ცეკვაზე შეყვარებული, ალბათ ყველა ასე ფიქრობს.

- პირველად დიდ სცენაზე გასვლა როგორ გახსენდებათ?

- როგორც პირველად, დღესაც ვღელავ, სანამ სცენაზე მაყურებლის წინაშე გავალ, ეს ენით აღუწერელი შეგრძნებაა. აი, სცენაზე გასვლის და მაყურებლის დანახვის შემდეგ ქრება ყველაფერი, სრულიად სხვა განზომილებაში გადავდივარ. თუ ერთხელ ეზიარები ამ უდიდეს განცდას, რასაც სცენაზე დგომა ჰქვია, ამას ვეღარასოდეს შეელევი.

- გასტროლებზეც გვიამბეთ რამე.

- გასტროლი განსაკუთრებით აახლოებს ანსამბლს, ერთ დიდ მუშტად კრავს. სწორედ ამ დროს შეიცნობ საყვარელ მეგობრებს, ასევე შენს თავს და ისეთ თვისებებს აღმოაჩენ, რომელიც შეიძლება საერთოდ არ მოგეწონოს ან პირიქით. ძალიან ბევრ რამეს გასწავლის, გინვითარებს შეგრძნებებს და გამოცდილებას გძენს. ამ მხრივ ჩემი პირველი გასტროლი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო. იქ ვისწავლე მეგობრობა, ზრუნვა, ერთობა, განსაკუთრებით მონატრება და გამძაფრებული შეგრძნებით ოჯახის წევრების სიყვარული... გასტროლები ალამაზებს ჩემს მოგონებებს. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს დასვენება და განტვირთვაა ჩემთვის, რადგან თითოეული დღე დაგეგმილია. სრული დღის მონაკვეთში უნდა მოვასწროთ როგორც ექსკურსია, ასევე საკონცერტო სამზადისი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ და ეს არც ისე ბევრია, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი პრაღა.

ეს ქალაქი ულამაზესი არქიტექტურით გამოირჩევა, ქალაქში მრავალი კულტურული ღირსშესანიშნაობაა: წმინდა ვიტის ტაძარი, რუდოლფინუმი, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზი, ძველი ქალაქის მოედანი, ასტრონომიული საათი, ჩარლზის ხიდი და ა.შ. რაღაცნაირად მყუდრო გარემოა და თან ქაოსური, რომანტიკული და მისტიკური... ისევ სიამოვნებით ვესტუმრებოდი ჩეხეთის დედაქალაქს, რათა უფრო სრულფასოვნად დავათვალიერო მისი ულამაზესი არქიტექტურულ-კულტურული ღირსშესანიშნაობები...

- როგორი იყო პანდემიის პერიოდი თქვენთვის?

- ეს ის წლებია, რომლის გახსნება ყველაზე მეტად არ მინდა. ყველას გვიჭირდა და გვტკიოდა. როცა ამ წლების განმავლობაში სამყარომ ამდენი ადამიანი დაკარგა, არ იქნება სწორი, მე იმ შრომის დანაკარგზე ვსაუბრობდე და ვდარდობდე, რაც კი იყო ჩემს პროფესიაში. პირიქით, მადლობელი ვარ უფლის, რომ პანდემიის შედეგად არც ერთი ახლობელი არ დამიკარგავს და არ განმიცდია ის ტკივილი, რაც ძალიან ბევრმა განიცადა.

- პედაგოგი ხართ...

- ქორეოგრაფობა 2018 წლიდან დავიწყე და სწორედ ამ წლიდან მოყოლებული ვიზრდები და ვვითარდები. როგორც მე ვასწავლიდი და ვზრდიდი ცეკვის "შვილებს", ასევე ისინი მე მზრდიდნენ. დარწმუნებული ვარ, მოსწავლეების უმეტესობას თავი კარგად დავამახსოვრე და მათთვის ვიქნები ადამიანი, რომელმაც ქართული ცეკვა შეაყვარა. კიდევ არაერთ ქართველს გავუზრდი საქართველოს ისე, რომ მათ საკუთარი ქვეყანა და ფესვები უყვარდეთ. არ არსებობს ისეთი ცეკვა, რომელიც არ გაგიღვიძებს თითოეული კუთხის ხასიათს, შეგრძნებები, სიმტკიცე, სიძლიერეს, სილაღეს, სინაზეს... ვამაყობ, რომ ამ პროფესიით ვემსახურები ჩემს ქვეყანას!

img-6994-1718613531.jpg

- სოციალურ ქსელში თქვენს ვიდეოებს ასიათასობით ნახვა აქვს. ამას რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის?

- ბევრჯერ მიფიქრია, რით ვიმსახურებ ხალხისგან ამდენ დადებით შეფასებას და არა მარტო დადებითს?.. შესაძლოა, ეს ჩემი შინაგანი ენერგეტიკიდან მოდის, რასაც ცეკვის დროს ვგრძნობ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყოველგვარი დადგმის გარეშე ვასრულებ ცეკვას და იმ ყველაფერს გადმოვცემ, რასაც შინაგანად ვგრძნობ. თვითონ მუსიკა მელაპარაკება, რომელ ნოტაზე რა შეგრძნებით ვიმოძრაო... არიან ადამიანები, რომლებიც დადებითად ვერ იღებენ ჩემ მიერ შესრულებულ ცეკვებს, თუმცა ეს ბუნებრივია - ყველას მოსაწონი ვერ და არ ვიქნები. თუმცა, იმუნიტეტი მაქვს, რომ უარყოფითი შეფასებები ავიტანო. თანაც, უამრავი დადებითი შეტყობინება შემომდის და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ისინი მოტივაციას მმატებენ, რომ კიდევ უფრო კარგი, ძლიერი და მყარი ვიყო ჩემს პროფესიაში.

ბევრს უთქვამს, რომ მათი მოტივაციის წყარო ვარ და მეტი შრომის სურვილს ვუჩენ. თან მეამაყება და თან არ მინდა, ვინმემ ამპარტავნებაში ჩამითვალოს. უცნობი ხალხისგან სითბოს ვგრძნობ. სადაც უნდა ვიყო, ძალიან ბევრი მცნობს და ხშირად მეუბნებიან, - შენ ხომ ის ანუკა ხარ, ხშირად გიყურებთ და გულშემატკივრობთო. ჩემი ოცნება და უდიდესი სურვილია, უკვალოდ არ დავტოვო ეს სამყარო. არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია, ამქვეყნად რაღაც ვალი მაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გადავიხადო და დავტოვო სახელი.

მანანა გაბრიჭიძე