"აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმოდიოდნენ, ღამით ტყეში იძინებდნენ, რათა ლექციებს დასწრებოდნენ" - გზაპრესი

"აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმოდიოდნენ, ღამით ტყეში იძინებდნენ, რათა ლექციებს დასწრებოდნენ"

ახლახან შოუს შემაჯამებელ სეზონშიც მონაწილეობდა... ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩენიდან დღემდე, მის ცხოვრებაში სხვადასხვა სიახლე მოხდა - კარიერაშიც, პირად ცხოვრებაშიც...

- რეალითი შოუში მეორედ ვმონაწილეობდი - გამოცდილება უკვე მქონდა. როცა პროექტში შევედი, ჩემი მეუღლე ახალი ნამშობიარევი იყო. მარტის ბოლოს ბავშვი დაიბადა, 7 აპრილს კი - "პრაიმ ჰაუსში" შევედი. ამაში მეუღლე, ოჯახი მხარს მიჭერდა. თან, ბევრი გულშემატკივარი მყავდა, რომლებიც რეალითი შოუში პირველად მონაწილეობისას შევიძინე. ამიტომ უფრო გამოცდილი, თავდაჯერებული ვიყავი. თავდაპირველად, ცოტათი მაინც რთული აღმოჩნდა: როდესაც მონაწილეს გინდა, კარგად წარმოჩინდე, კონკურენტი ნებისმიერი გზით უნდა "გააშავო", მაგალითად - ჭორის მოგონებით. ამის მცდელობა ჩემს წინააღმდეგაც იყო, მაგრამ ეს წნეხი მარტივად გავაჩერე, როგორც გამოცდილმა და ისეთი სიტყვა-პასუხით შევუბრუნე, რომ ჩემთვის გამიზნული რაც ჰქონდა, პირიქით - მასზე გადავიდა. ჩემი მხრიდან, ეს თავდაცვა იყო... რეალითი შოუში თვითგადარჩენაზეა საუბარი: ფაქტობრივად, ჯუნგლებში შეიარაღებული შედიხარ. შენი იარაღი სიტყვა-პასუხია. როდესაც ბრძოლა იწყება, შეიძლება ნებისმიერი რამ იკადრონ, რომ სხვა მონაწილეზე უპირატესობა მოიპოვონ: ჭორების მოგონება, "გაშავება", შეურაცხყოფა... შეიძლება რომელიმე ჩაგეხუტოს, გადაგეხვიოს და იმავდროულად, შენს წინააღმდეგ გეგმას აწყობდეს. შოუს გარეთ კიდევ სხვა ომი მიმდინარეობს: ყველა მონაწილეს თავისი გულშემატკივრები ჰყავს, სოციალურ ქსელებში აქვთ ჩატები, ჰყავთ ადმინები, სტრატეგიების, მონახაზების შექმნა მიმდინარეობს, ვის რა სიტყვა-პასუხი გასცენ, ვის რამდენ ხანს დასჭირდება კონკრეტული მონაწილე სამეგობროდ... ეს ყველაფერი ერთმანეთთან ისე აქვთ "დალაგებული", რომ სიტყვებით ვერც გადმოგცემთ... ჩემი აზრით, ამ პროექტში მონაწილეობა ყველამ უნდა გამოცადოს, რადგან შეიძლება, ეკრანზე მარტივად ჩანს, მაგრამ რეალურად, ურთულესია იმ სტრესს და ნეგატიურ ენერგიას გაუძლო. პირადად მე, საკუთარი თავი შოუში მომწონდა იმ თვალსაზრისით, რომ წონასწორობას ვერავინ მაკარგვინებდა. "პრაიმ ჰაუსში" პირველად მონაწილეობისას უფრო ემოციური ვიყავი, ახლა კი - უფრო აკურატული, მეტად ზრდილობიანი, გაწონასწორებული... წარბი არ მიტოკდებოდა (იღიმის)... ისე მოხდა, რომ აუტსაიდერის სკამზე დავჯექი და პროექტი დავტოვე. ამ ეტაპზე, ამ თემაზე საუბარს თავს ავარიდებ, თუმცა გასარკვევია, როგორ და რატომ დამატოვებინეს პროექტი. ალბათ, მიზეზი ის არის, რომ ისეთ რაღაცებს არ ვიკადრებდი, რასაც სხვები კადრულობდნენ... ესაა შოუ. ხალხს სეირი აინტერესებს, რაც გულისხმობს, თუ როგორ ამცირებს, ეპაექრება ვიღაცა ვიღაცას... არ მსურდა ვინმე "გამეშავებინა". პროექტში ჩემი შესვლის მიზანი პატიოსნად მოქცევა იყო და ასევე, გამარჯვებაზეც ვფიქრობდი: თუ გავიმარჯვებდი, ხომ კარგი, თუ - არა, არა უშავს... მოკლედ, ის არ გავაკეთე, რაც თავად პროექტისთვის საინტერესო იქნებოდა. შესაბამისად, რაღაც "მიწერილი" ხმებით გამოვეთიშე.

- ანუ ფიქრობ, რომ პროექტი ხმების ნაკლები რაოდენობის გამო არ დაგიტოვებია?

- როგორც ვიცი, ცოტა ხმა ნამდვილად არ მქონდა, თუმცა ისე მოხდა, რომ საბოლოო ჯამში, შოუ ცოტა ხმით დავტოვე... დრო მოვა და ამაზე ვისაუბრებ. ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ მინდა.

- "პრაიმ ჰაუსში" პირველად მონაწილეობის შემდეგ, შენი ცხოვრება როგორ წარიმართა?

- პროექტი კულმინაციურ ფაზაში შედიოდა, როცა იქაურობა დავტოვე. რთულია, როცა 2-3 თვე წვალობ, მერე კი შოუს "ეთიშები". ცოტათი გულდასაწყვეტი იყო, თუმცა სიტუაციასთან ადაპტირება მარტივად მოვახერხე... ქალბატონი ეკა მგალობლიშვილისგან შემოთავაზება მივიღე და მსოფლიო კონკურსისთვის - "მისტერ პლანეტა" კასტინგში ვმონაწილეობდი. გავიმარჯვე და მსოფლიო ფინალზე საქართველოს სახელით გავედი. "მის და მისტერ პლანეტაში" 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ჟიური სხვადასხვა ეროვნების წევრებით იყო დაკომპლექტებული. როგორც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელმა, სტუმრებს კარგი დახვედრა მოვუწყვე: ტრადიციული ქართული კერძები გავასინჯე. ძალიან მოეწონათ! ხინკლის ჭამა არ იცოდნენ, ჩანგლით ცდილობდნენ. შემდეგ ვასწავლე და თავდაპირველად ვერ მიხვდნენ, მერე "დაამუღამეს". ჩურჩხელაც გავასინჯე. ეტყობა, ერთ-ერთ სტუმარს მაგარი ჩურჩხელა შეხვდა - ლამის მოკვდა ღეჭვით. საერთოდ, კახური ჩურჩხელა მაგარია... მერე შევუცვალე... მოკლედ, გავაცანით სამზარეულო, ქართული კულტურა, ნაციონალური ცეკვები... ღვინოზე აღარაფერს ვამბობ - ყველას საჩუქრად დავურიგეთ. ძალიან კმაყოფილები იყვნენ. საბოლოო ჯამში, კონკურსის ფინალი საქართველოში ჩატარდა და გამარჯვებული გავხდი. ჟიური ყველაფერს ყურადღებას აქცევდა: გარეგნობას, საუბრის მანერას, ქცევას, ინგლისური ენის ცოდნის დონეს... გამარჯვებულს ევროპის ქვეყნებში საგზურები მაჩუქეს. დუბაიში გავემგზავრეთ, სადაც მოდის კვირეული იმართებოდა. შეიხები, სამეფო ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ისე გამოიყურებიან, ვერ იცნობ, ვერ გაიგებ, რომ გვერდით შეიხმა ჩაგიარა (იცინის). როგორც მითხრეს, პირველ რიგში, ისხდნენ... თან, ქართველები ძალიან უყვართ... "მის და მისტერ პლანეტის" კონკურსზე ქალბატონი ეკა ბესელია გავიცანი, რომელიც საქართველოს სახელით, ჟიურის წევრი გახლდათ. მასთან, "მართლმსაჯულების სახლში" მუშაობა დავიწყე, მოლაპარაკების ხელოვნების კურსი დავამთავრე და "იუესაიდის" ამერიკული დიპლომი ავიღე. მე და ქალბატონი ეკა დავმეგობრდით. მივდიოდით სხვადასხვა რეგიონში: სამეგრელოში, ბათუმში... საუკეთესო ხალხი გამაცნო! საინტერესოა, რომ მოსწავლეებს ქალბატონი ეკა ისე უყვართ, რომ აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმოდიოდნენ, იპარებოდნენ, ღამით ტყეში იძინებდნენ, რათა ლექციებს დასწრებოდნენ. სასწაულებს აკეთებდნენ!.. ქალბატონი ეკა ძალიან კარგ საქმეს აკეთებს... სხვათა შორის, გებჟალია გასინჯული არ მქონდა. ქალბატონმა ეკამ, რომელიც მოგეხსენებათ, სამეგრელოდან არის, დამპატიჟა და გამასინჯა. მოკლედ, სამეგრელო ძალიან კმაყოფილმა დავტოვე. შემდეგ აჭარაში იყო მთელი ამბები, მასპინძლობა, იქაური თავგადასავლები... საბოლოო ჯამში, კარგი გამოცდილება მივიღე... მერე მე და აწ უკვე ჩემმა მეუღლემ დაოჯახება გადავწყვიტეთ. მალევე ჩვენი დანიელი გაჩნდა, რომელიც ცხოვრებას გვილამაზებს.

- კონკურსში გამარჯვებისას უკვე შეყვარებული იყავი?

- არა, მაშინ ერთმანეთს არ ვიცნობდით. კონკურსის დასრულებიდან რამდენიმე თვეში გავიცანი.

- როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- სოციალური ქსელის საშუალებით. მის მიმართ სიმპათია გამოვხატე, დავპატიჟე... არისტოკრატიული ჟესტებით გამოვირჩეოდი (იცინის)...

- "მისტერ პლანეტის" სტატუსის მქონეს დაოჯახება ხომ არ გეკრძალებოდა?

- არა, ასეთი კონტრაქტი არ ყოფილა. ასეთს ხელს არც მოვაწერდი (იცინის). თან, ჩემი მიზანი კონკურსში მონაწილეობა არ ყოფილა. უბრალოდ, შემომთავაზეს და რატომღაც, დავთანხმდი. მოდელობა მიზნად არ მქონია.

- ვინ არის შენი რჩეული?

- ჩემი რჩეული პროფესიით იურისტი, ადვოკატია... იურისტობასთან ერთად, "ბავშვის დასუფთავების და აღზრდის დეპარტამენტის უფროსიც" გახლავთ (იცინის). ჩვენს შვილზე ოჯახთან ერთად ვზრუნავთ, ერთმანეთს კომფორტს ვუქმნით...

- პატარას სახელი როგორ შეურჩიეთ?

- დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა, შვილისთვის დანიელი დამერქმია - ეს სახელი სულ მომწონდა. ვფიქრობდი, როცა შვილი მეყოლებოდა, აუცილებლად დანიელს დავარქმევდი. როცა რეალურად ამის დრო დადგა, თაკო დამთანხმდა: კარგი, რადგან ასე გინდა, დანიელი დავარქვათო (იღიმის)... ძალიან ჭკვიანი, სხარტი ბიჭუნაა. დიდი ზომის ბავშვი გახლავთ: 7 კილომდე იწონის, სიგრძეში კი - 63 სმ-ია. თან, უსაყვარლესი, ლამაზი ბავშვია. კოჭებში ეტყობა, რომ სიმპათიური გაიზრდება.

- მისი მომავალი როგორ გაქვს წარმოდგენილი, ვინ გინდა, რომ გახდეს?

- მინდა კალათბურთელი გამოვიდეს. სპორტზე შევიყვან... კარგ ფორმაშიც ჩადგება. 10 წელი თავადაც კალათბურთს ვთამაშობდი... როცა გაიზრდება, იურიდიულ, პოლიტიკურ თემებში "ჩავრთავ", თუ დაინტერესდება...

image2-copy-1718613684.jpg

- როგორი განცდა დაგეუფლა, როცა მამა გახდი?

- საოცარი განცდა იყო! სანამ ბავშვი დაიბადება, მასზე უკვე ზრუნავ, ყველაფერს ამზადებ, რაც საჭიროა და მასთან შეხვედრას ელოდები... ისე დაემთხვა, რომ ბავშვის დაბადებიდან დაახლოებით 1 კვირაში, რეალითი შოუში შევედი, მაგრამ ისე გავაკეთე, რომ პერიოდულად, პროექტიდან ოჯახის სანახავად გამოსვლის, ასევე - ტელეფონის მეტი დროით გამოყენების უფლება მქონდა. ოჯახთან კომუნიკაციის გარეშე შოუში ყოფნა ურთულესი იქნებოდა. იმ ხნის განმავლობაში, როცა სახლში მივდიოდი, ჩემი შვილი ყოველ ჯერზე გაზრდილი მხვდებოდა. ბავშვი ისე მენატრებოდა, რომ მსურდა, დრო მალე გასულიყო... საბოლოო ჯამში, მიხარია, რომ ჩემს ოჯახს დავუბრუნდი, ჩემს საქმეებსაც ყურადღებას მივაქცევ. როგორც იცით, ბიზნესში ვარ: რამდენიმე მეგობარმა მამაკაცების სალონი გავხსენით, რომელშიც ტატუ სტუდიის დამატებასაც ვაპირებთ... საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლა დავასრულე. ახლა კიდევ სხვა რაღაცების შესწავლას ვაპირებ - კარგი პორტფოლიო მიმზადდება. მოკლედ, ბიზნესსა და სწავლაზე ორიენტირებული ვარ, ყოველდღე ვვითარდები, პერსონალური ბიზნესის წამოწყებასაც ვგეგმავ...

- ბავშვის დაბადების მერე, პროექტში შენი შესვლა მეუღლესთან ურთიერთობაზე როგორ აისახა?

- თავდაპირველად, მეუღლეს ძალიან უჭირდა, ოღონდ - ამის შესახებ არ მეუბნებოდა, რომ არ მენერვიულა. ვხვდებოდი... მეც ძალიან მენატრებოდა... რთული იყო, მაგრამ პროექტში უდრეკად, მყარად ვიდექი, რადგან სხვას შენი სუსტი წერტილი არასდროს უნდა აჩვენო. ძალიან ორგანიზებული, გაწონასწორებული გახლდით, მაგრამ შინაგანად, მონატრებას განვიცდიდი...

- ახლა სად ხარ, ზაფხულს როგორ ატარებ?

- ოჯახთან ერთად, ჩემი ცოლის აგარაკზე ვისვენებ. ზუსტად ახლა ვგეგმავთ, სად დავისვენოთ. გვინდა, წელს მაქსიმალურად კომფორტული, კარგი დასვენება გამოგვივიდეს ჩვენს პატარასთან ერთად...

ეთო ყორღანაშვილი