"დიპლომატია და იუმორი ძალიან დამეხმარა" - გზაპრესი

"დიპლომატია და იუმორი ძალიან დამეხმარა"

რომელიც ბევრი გადაცემის სასურველი სტუმარია. ბევრმა არ იცის, რომ დათო ლიკლიკაძეს მეორე პროფესიაც აქვს - ის მსახიობია და ქუთაისის სამ თეატრში ერთდროულად თამაშობს. თავის ცხოვრებაზე, დათო ლიკლიკაძე მისთვის ჩვეული ხალისითა და იუმორით გვიამბობს.

- ორიგინალური არ ვიქნები და გეტყვით, რომ ძალიან ბედნიერი, ლაღი ბავშვობა მქონდა. ის წლები, როცა მთელი ოჯახი ერთ სახლში ვცხოვრობდით, განუმეორებელია. ბავშვობის წლები ქუთაისის ძირძველ უბანში, საფიჩხიაზე გავატარე მშობლებთან, დასთან ერთად. იმ წლებში ყველაზე ბედნიერი ვიყავი და ეს ბედნიერება დიდხანს გაგრძელდა - მანამ, ვიდრე მამა არ გარდამეცვალა. საფიჩხიის სახლში, რომელიც დედამ და მამამ დიდი რუდუნებით ააშენეს, ახლა მხოლოდ დედაჩემი ცხოვრობს. ჩემი და გათხოვდა, მეც დავოჯახდი.

- თქვენ მიმართ მამა უფრო მკაცრი იყო თუ დედა?

- მამაჩემს ნოდარი ერქვა. ის ძალიან მორიდებული კაცი იყო, რასაც ჩვენს უბანში ყველა დაადასტურებს. მიუხედავად ამისა, სუფრა და მოლხენა, მეგობრები და მათთან ერთად ყოფნა უყვარდა. მუსიკოსი იყო, გიტარაზეც კარგად უკრავდა, მღეროდა და ყველგან სასურველი სტუმარი იყო. მის გარეშე სუფრა არ ჩაივლიდა. უნდოდა სიმღერა და გიტარაზე დაკვრა მეც მესწავლა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა: ვერც გიტარას გავუგე და ვერც სიმღერას. დედაჩემს, თამარ კლდიაშვილს მისგან სრულიად განსხვავებული ხასიათი ჰქონდა და აქვს. ამაზე სულ ვხუმრობ: დედა ძალიან ჰგავს დავით კლდიაშვილის გმირებს, ანუ კუდაბზიკა იმერელ აზნაურებს-მეთქი. საახლობლოში ყველა თამილას ეძახის. ამოიჩემა, იმერელი აზნაურების შთამომავალმა, ჩემმა შვილმა საფიჩხიაზე კი არა, პირველ სკოლაში უნდა ისწავლოსო და შეასრულა. ეს ის სკოლაა, რომელიც უამრავმა ცნობილმა ადამიანმა დაამთავრა: აკაკი წერეთლით, ნიკო ნიკოლაძით და შალვა ნუცუბიძით დაწყებული, აკაკი ხორავამდე და ტიციან ტაბიძემდე... მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რადგან ჩემს სკოლაში სწავლობდა თითქმის ყველა, ვინც ქართული კულტურა, ხელოვნება და სპორტი შექმნა. საფიჩხიაზე ვცხოვრობდი და საფიჩხიის სკოლაში უნდა მესწავლა, რადგან საბჭოთა პერიოდში ასე იყო მიღებული. დედაჩემმა თავი მოიკლა და ყველაფერი იღონა, რომ მე პირველ სკოლაში მესწავლა...

მესამე კლასში ვსწავლობდი, ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო და ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც პიონერის ყელსახვევები მოვიხსენით და ძირს დავყარეთ. მიტინგებზეც დავდიოდით და იმ წყობას ვაპროტესტებდით. ამ ყველაფრის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ვიყავი. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ კლასში ლიდერი გახლდით. არ დაგავიწყდეთ: ეს ისეთი სკოლა იყო, სადაც ყველა თანამდებობის პირის შვილი სწავლობდა და ცოტა რთული გახლდათ იქ თავის გამოჩენა კი არა, თავის გადარჩენაც. მასწავლებლებიც ხშირად, ე.წ. პატრონიანი ბავშვებისკენ იხრებოდნენ, ამიტომ, მე ორმაგი ძალისხმევით მიწევდა თავის დამკვიდრება. რამდენჯერმე დავიჩაგრე, სხვას მიანიჭეს უპირატესობა, რადგან ვიღაცის შვილი იყო. სწორედ მაშინ დავემუქრე ამ ცხოვრებას ან შენ და ან მე-მეთქი.

ojaxii-copy-1718613842.jpg

- დედა როგორ მართავდა თქვენს ონავარ ხასიათს?

- სულ ვამბობ, დედაჩემისთვის რომ გეკითხათ, პატარაობიდანვე გენიოსი ვიყავი. მართალია, ყველა დედას თავისი შვილი გამორჩეული და განსაკუთრებული ჰგონია, მაგრამ დედა ამაში დარწმუნებული იყო. მახსოვს, ხაზვის მასწავლებელი ხუთიანს არ მიწერდა. დედა სკოლაში მოვიდა და უსაყვედურა: რატომ არ უწერთ ჩემს შვილს მაღალ ნიშანსო? ამ ნაშრომში ხუთიანს ვერ დავწერ, წრფეები პარალელური არ არისო. დედამ ნახაზს დახედა და მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელი სიმართლეს ამბობდა, თვალიც კი არ დაუხამხამებია, ისე მიახალა: ძალიან კარგი პარალელურია ეს წრფეებიო. ასეთი ჩვევა ჰქონდა, ყოველთვის მამართლებდა და სხვების თანდასწრებით არ გამამტყუნებდა, მაშინაც კი, როცა დამნაშავე ვიყავი. ბევრი იფიქრებს, რომ ეს ცუდია, მაგრამ მე ცუდად არ გამომიყენებია. პირიქით, დედაჩემმა დიდი მოტივაცია მომცა და კინაღამ ისიც დამაჯერა, რომ ქუთაისში ყველაზე ლამაზი მე ვიყავი. მან საკუთარი თავის რწმენა გამიღვივა. სხვათა შორის, მეც ასე ვაპირებ ჩემი შვილის გაზრდას. რატომ? - დედაჩემმა იმდენი მიძახა, კარგი ხარ და ბევრი რამ შეგიძლიაო, რომ ბოლოს ისეთი გავხდი, რაშიც მარწმუნებდა. ამიტომ, შვილს დავაჯერებ, რომ ის საუკეთესოა, რაღაც რომ დააშავოს, მეც მხარს დავუჭერ, რომ არ დაიჩაგროს და დაითრგუნოს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შენიშვნას არ მივცემ, დედაჩემიც ასე იქცეოდა - მე შიშის ზარს მცემდა, მაგრამ სხვების თვალწინ არასდროს მამტყუნებდა.

- პროფესია როგორ აირჩიეთ?

- ერთხელ ვთქვი, თეატრალურში უნდა ჩავაბარო-მეთქი და აღარ გადავთქვი. დედას ჩემი არჩევანი თავიდან არ მოსწონდა. მეუბნებოდა, ამ პროფესიით ფინანსურად გაგიჭირდებაო, მაგრამ რომ შეხედა, რა მოწადინებული ვიყავი, თვითონ წამომიყვანა თბილისში, გამოცდებსაც ესწრებოდა და ჩემსავით განიცდიდა. ის მაშინაც ჩემი პირველი მხარდამჭერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის უნდოდა ბევრი ფული მქონოდა და სიდუხჭირეში არ მეცხოვრა. 1990-იანი წლები იდგა და იმ წლებში მდიდარ ადამიანებს ცუდ კონტექსტში მოიხსენიებდნენ, საზოგადოებაში მათ მიმართ პატივისცემა არ იგრძნობოდა, მაგრამ დედამ სულ სხვანაირად გამზარდა: სიღარიბეა სირცხვილი და არა სიმდიდრეო, ხშირად მეუბნებოდა... ამიტომ, შენც მდიდარი და შეძლებული უნდა იყოო. როცა ვინმე შეძლებულზე მელაპარაკებოდა, სულ ამბობდა, იმიტომაა მდიდარი, რომ თავის დროზე ბევრი იშრომა, კარგად ისწავლა და მიზანს მიაღწიაო. ყველაფრის მიუხედავად, თეატრალურში მაინც ჩავაბარე, მაგრამ ერთ წელიწადში ქუთაისში გადმოვედი - მომავალ პროფესიად ჟურნალისტიკა ავირჩიე.

- ამის მიზეზი რა იყო?

- მოგეხსენებათ, 1990-იან წლებში რა მდგომარეობა იყო. ვხედავდი, რომ ოჯახს ბინის დაქირავების და სტუდენტის შენახვის თავი არ ჰქონდა. მახსოვს, მისაღებ გამოცდებზე რომ მივდიოდით, დედამ და მამამ ხურდა ფულები მოაგროვეს და ისე გამიშვეს. ჰოდა, გამოვაცხადე, არ მინდა თეატრალური, ქუთაისში გადმოვალ და ჟურნალისტიკას ვისწავლი-მეთქი. თანაც, მაშინ ამ ფაკულტეტზე ჩემი სამი მეგობარი სწავლობდა, ვისთანაც მთელი ბავშვობა მაკავშირებს. გამოგიტყდებით: მაშინ ეს ჩემთვის ტრაგედია იყო, სცენის დათმობა არ მინდოდა და ვერც დავთმე: ქუთაისში რომ ჩამოვედი, "ახალგაზრდულ თეატრში" მივედი და იმის შემდეგ, თეატრიდან აღარ გამოვსულვარ. ახლაც რეპეტიციიდან მოვედი, რადგან რამდენიმე დღეში პრემიერა მაქვს. ქუთაისის 3 თეატრში ვთამაშობ ერთდროულად.

- ესე იგი, მსახიობობა ჟურნალისტიკას კარგად შეუხამეთ?

- დიახ, ასეა. იყო დრო, როცა ქუთაისის ტელევიზიაში თითქმის ყველა გადაცემა მიმყავდა და ჩემს ქალაქში საკმაოდ პოპულარული ვიყავი. მერე პოპულარულ სატელევიზიო შოუებშიც დამიძახეს და უფრო მეტმა ადამიანმა გამიცნო. ჟურნალისტიკას ახლაც ვერ ვთმობ, წლების განმავლობაში ვზრუნავდი ჩემს კვალიფიკაციაზე: ვარ "დოიჩე ველეს" აკადემიის კურსდამთავრებული, ამერიკაში, ჟურნალისტთა უმაღლეს სკოლაში კურსები მაქვს გავლილი, ხოლო ვაშინგტონში, ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრში, კვალიფიკაცია ავიმაღლე. ასე რომ, არც ჟურნალისტიკას ვღალატობ და არც სცენას. ქუთაისში გვაქვს ძალიან კარგი რადიო - "ძველი ქალაქი", სადაც უკვე 25 წელია ვმუშაობ, ეს ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი რადიოა საქართველოში, სადაც სატირულ-იუმორისტული გადაცემა მიმყავს. ამ გადაცემაში საკმაოდ მწვავე თემებს ვაშუქებთ, ოღონდ, იუმორით. მთელი ცხოვრება ვმუშაობდი ქუთაისის სხვადასხვა რადიოში, რამდენიმე ცნობილი ტელეარხის კორესპონდენტი ვიყავი ქუთაისში, ამავე დროს, როგორც მსახიობს, მსოფლიოს 25 ქვეყნის სცენაზე მაქვს ნათამაშევი, რადგან "ახალგაზრდული თეატრი" საკმაოდ ხშირად დადიოდა გასტროლზე. მე ამ თეატრის "ვერიკო ანჯაფარიძე" ვარ-მეთქი, სულ ვხუმრობ. მიხარია, რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ასე მიყვარდა და დღემდე მიყვარს.

- იუმორი პირად ცხოვრებასა და ოჯახის შექმნაში თუ დაგეხმარათ?

- შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ არა! იუმორი ყველაფერში მეხმარებოდა, მაგრამ ამ საქმეში არ გამომადგა. რატომ? - ჩემი მეუღლე, სალი ფუტკარაძე ძალიან სერიოზული ადამიანია. როცა ვუთხარი, მომწონხარ-მეთქი, ხუმრობა ეგონა და ისე გემრიელად გადაიხარხარა, როგორც ფატიმა იცინის ცნობილი ფილმის მეორე სერიაში. მასზე ცხრა წლით უფროსი ვარ, ლამაზი გოგოა, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, იმათ არ უყურებდა და ჩემზე სერიოზულად რატომ იფიქრებდა? თავიდანვე ვუთხარი, - ისეთი იღბლიანი ვარ, არ არსებობს ოცნება, რომელსაც არ ავისრულებ-მეთქი. სამი წლის შემდეგ მითხრა: მგონი, მართლა შენი იღბალი ჭრისო და ცოლობაზე დამთანხმდა. ოღონდ, ამისთვის რომ მიმეღწია, ყველაფერი გავაკეთე. მისი გულის მოგება მარტივი ნამდვილად არ იყო, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ყველაფერი ღვთის ნებაა. 2016 წლის ნოემბერში დავქორწინდით და მეორე წელს ჩვენი პატარა ეველინი დაიბადა.

- პირველი შვილი ბიჭი ხომ არ გინდოდათ?

- პირიქით, სულ მინდოდა, გოგო მყოლოდა. ძალიან მიკვირს იმ კაცების, რომლებიც ვითომ "ღადაობენ", გოგო შვილი არ არისო. ერთ სუფრასთან მოვხვდი, სადაც თამადამ თქვა: ორი შვილი მყავს და ერთი გოგოო. კინაღამ გადავირიე, ჯერ მეგონა ორი შვილი ჰყავს და ერთ-ერთი გოგოა-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ორი ბიჭი და ერთი გოგო ჰყოლია... ერთი ამბავი დავაწიე - შვილზე ასეთი ხუმრობა როგორ შეიძლება-მეთქი?! ვეკამათე, მერე კი ავდექი და იმ სუფრიდან წამოვედი. ვერ წარმომიდგენია, კაცმა ბიჭი და გოგო შვილები ერთმანეთისგან როგორ უნდა გაარჩიოს? ჩემი გოგონა ჯერ 6 წლისაა, მაგრამ უკვე ვცდილობ დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. იმ პროფესიას აირჩევს, რომელიც თავად ენდომება და მეც მხარში ამოვუდგები. მის პირად ცხოვრებაშიც წინასწარ არაფერს განვსაზღვრავ. როგორც დედაჩემი არ ჩარეულა ჩემს ცხოვრებისეულ არჩევანში, მეც ასე ვიქნები. 40 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი და დედაჩემმა საერთოდ არ იცოდა, რა ხდებოდა ჩემს პირადში. ხშირად ვამბობ, ჩვენი ოჯახი შუაგულ ევროპაში უნდა ცხოვრობდეს-მეთქი, რადგან ჩვენს ჭერქვეშ, გენდერული თანასწორობით დაწყებული, ურთიერთგაგების და შემწყნარებლობის ჩათვლით, უამრავი კარგი მაგალითი მაქვს ნანახი.

jvriswera-copy-1718613831.jpg

- ქართული ტრადიციით მიღებულია, რომ ოჯახში ცოლმა უფრო მეტი უნდა დათმოს, ვიდრე ქმარმა. თქვენს შემთხვევაში როგორ ხდება?

- ჩვენს ოჯახში სულ მე ვთმობ, რადგან ჩემი მეუღლე ძალიან პრინციპული ადამიანია. დათმობაზე რომ მივა საქმე, იმაზეც გული მოსდის, ამიტომ, მე უნდა მოვიფიქრო ისეთი რამ, რომ საქმე ამ დონემდე არ მივიდეს. ამას წინათ მაწყენინა, გავბრაზდი და ესეც გააპროტესტა, - რას ჰქვია და გული მოგივიდაო (იცინის).

- დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, ადამიანის წარმატების საიდუმლო რა არის?

- მე დიპლომატია და იუმორი ძალიან დამეხმარა - სწორედ ამ ორი უნარის წყალობით მივაღწიე ყველაფერს. მეტი საიდუმლო მეთოდი არ მქონია - წარმატებასაც და წარუმატებლობასაც იუმორით შევხვდი, დიპლომატია კი მთავარ იარაღად გამოვიყენე. ზოგი ამ თვისებას "აფერისტობას" უწოდებს, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა. დიპლომატია ოჯახურ ურთიერთობებშიც აუცილებელია და სამსახურშიც. ადამიანს უნდა უთხრა ან აგრძნობინო, - შენ კარგი ხარ, მაგრამ ამავე დროს, მეც კარგი ვარ-თქო. ამის წყალობით ორ ადამიანს შორის ძალიან მტკიცე და კარგი ურთიერთობა ყალიბდება, რომელსაც საუკეთესო შედეგამდე მივყავართ.

ხათუნა ჩიგოგიძე