როგორ მიიქცია ყურადღება ქართველმა სტილისტმა ნიუ-იორკში - გზაპრესი

როგორ მიიქცია ყურადღება ქართველმა სტილისტმა ნიუ-იორკში

ამერიკაში ჩასულმა, ცოტა ხანს იმუშავა მოხუცის დამხმარედ, აღებული თანხით ხელსაწყოები შეიძინა და ბინაში, სადაც ცხოვრობს, სალონი მოაწყო... მიუხედავად იმისა, რომ იქ თავს კარგად გრძნობს, მაინც შინ, ქუთაისისკენ მოუწევს გული... სხვათა შორის, სოფო ცნობილი მოკრივე ჯემალ შალამბერიძის დედაა.

- ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, ტყავისა და ფეხსაცმლის მიმართულებით, მერე ჭრა-კერვაზე გადავედი. ბავშვობიდან მიყვარდა ხელსაქმე... 1992 წელს გავთხოვდი მესხეთში, სადაც მეუღლესთან ერთად მცირე ბიზნესი ავაწყვე: თაფლაკვერებს ვაცხობდით და რეალიზაციასაც თავად ვუკეთებდით. როცა მოთხოვნა გაჩნდა, დამხმარეები ავიყვანეთ და ბიზნესი ისე გავზარდეთ, რომ ლამის მთელ დასავლეთ საქართველოს ვამარაგებდით ჩვენი თაფლაკვერით... მერე ქუთაისში გადმოვედით საცხოვრებლად, სადაც ერთთვიანი სწავლება გავიარე და სალონში სტილისტად დავიწყე მუშაობა.

- სტილისტობის სურვილი რატომ გაგიჩნდათ?

- მეექვსე კლასიდან თმას ვჭრიდი ახლობლებს და ვიცოდი, რომ ეს საქმე გამომივიდოდა, თან მაინტერესებდა. ქირით ავიღე სალონი, ქუთაისის ცენტრში და გარშემო ახლობლები შემოვიკრიბე: და, შვილის ნათლია, კურსელი, ყველას ვასწავლე და დავასაქმე. ჩემი შვილიც გვერდით მყავდა, მერე მან კოსმეტოლოგია შეისწავლა. მოკლედ, კარგად მოვეწყვე. 21 წელი ვიმუშავე იქ და ერთგული მომხმარებელიც გავიჩინე...

- თუ ყველაფერი კარგად აგეწყოთ, ემიგრაციაში წასვლა რამ გადაგაწყვეტინათ?

- ემიგრაციაზე არ მიფიქრია. უბრალოდ, მე და ჩემი მეუღლე ისრაელში წავედით, მოსალოცად. ერთ კვირაში უკან უნდა დავბრუნებულიყავით. იქ ახლობლები გვყავდნენ, რომლებმაც გვითხრეს, - აქ რომ ჩამოვიდნენ და დასაქმდნენ, ხალხი ამაში ფულს იხდის, თქვენ რატომ მიდიხართო? მოკლედ, დარჩენაზე დაგვითანხმეს და დაგვასაქმეს კიდეც. მაგრამ 2 წელი რომ გავიდა, ვთქვი: არ არსებობს, სახლში მივდივარ-მეთქი და წამოვედით.

- იქ რას საქმიანობდით?

- მაღაზიაში ვმუშაობდი, პარასკევს და შაბათს სტილისტობას ვითავსებდი (სხვა დღეებში ქართველები ვერ იცლიდნენ საკუთარი თავისთვის)...

მოკლედ, ქუთაისში ჩამოვედით და ისევ ჩემი საქმის კეთებას, ბიზნესის გაფართოებას ვაპირებდი, მაგრამ მერე ჩემი ვაჟი ავარიაში მოყვა, ვალები დაგვედო და მაშინ შემოგვთავაზეს გერმანიაში, შოკოლადის ქარხანაში სამუშაოდ წასვლა. თუ სამივე წამოხვალთ (მე, ჩემი მეუღლე და ვაჟი უნდა წავსულიყავით), მალე იშოვით იმ თანხას, რომელიც ასე გჭირდებათო, მაგრამ მოვტყუვდით, დაპირება არ შეგვისრულეს. თუმცა წვალებით, ვიღაცების დახმარებით გავჩერდით 2 წელი. მერე ჩემი დაქალი წამოვიდა ამერიკაში და მან მირჩია აქ ჩამოსვლა, არადა, მანამდე ვერც წარმომედგინა, ოდესმე ამერიკაში თუ მოვხვდებოდი. დამირეკა: სოფო, მერწმუნე, აქ შენ ძალიან კარგად იქნებიო და ნიუ-იორკში წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. გავაკეთე ვიზა და გერმანიიდან მექსიკით წამოვედი. ცუდი ის იყო, რომ მაშინ ჩემი მეუღლის წამოსვლა ვერ მოხერხდა, ის 5 თვის მერე, გვატემალის გავლით ჩამოვიდა.

- რთული გზა იყო?

- ისეთი სირთულეები არ შემხვედრია, როგორზეც ახლა ჰყვებიან. ეს 2023 წლის სექტემბერში იყო. აქ დამხვდა ნათესავი თავისი ოჯახით, ბინის დაქირავებაშიც დამეხმარნენ და დამაკვალიანეს კიდეც, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა: ჩემი ხელობის წყალობით ყველგან გამეხსნა გზა. ერთხანს ქართველების სალონში ვმუშაობდი, მაგრამ ერთ თვეში წამოვედი იქიდან და პატარა სალონი გავაკეთე იმ ბინაში, სადაც ვცხოვრობ. მადლობა ღმერთს, უკვე ბრუკლინში ჩემი სახელი მაქვს.

- ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?

- ქართველები, რუსები, უზბეკები, ანუ ძირითადად, ემიგრანტები. ამერიკელებთან ჯერ ენობრივი ბარიერი მაქვს.

- ბინაში სალონის მოწყობა იოლი არ იქნებოდა...

- იცით, მექსიკიდან რომ გადმოვედი, ტანზე რაც მეცვა, იმ სამოსის და ჩემი პასპორტის, ტელეფონის, სატენის გარდა არაფერი მქონდა, ყველაფერი მოგვიანებით შევიძინე. თავიდან ბებიასთან ვიმუშავე, თვეში 15 დღე მქონდა დაკავებული და რასაც ვშოულობდი, სახლში ვგზავნიდი ბანკის ვალის დასაფარად და დარჩენილი თანხით ნელ-ნელა რაღაცებს ვყიდულობდი, რომ მომავალში ჩემი საქმის კეთების საშუალება მქონოდა. პირველად მაკრატლები და ფენი ვიყიდე (იღიმის).

სხვათა შორის, ბებიას ცოტა გრძელი თმა ჰქონდა და ძალიან სცვიოდა. შვილმა უფლება მომცა, გამელამაზებინა და მეც მაშინვე ავამუშავე მაკრატელი. ძალიან მოეწონათ. ბებო ქართულ მუსიკაზე ვაცეკვე კიდეც. ძალიან კმაყოფილები იყვნენ, მათთან რომ მოვხვდი, მაგრამ მერე თანხას ვეღარ იხდიდნენ და დედის თავშესაფარში გადაყვანამ მოუწიათ. ასე რომ არ მომხდარიყო, მას ვერ მივატოვებდი და ალბათ, დღემდე იმ ოჯახის გვერდით ვიქნებოდი.

- მეუღლე რას საქმიანობს?

- ხომ გითხარით, რომ ის შემოვლითი გზით, გვატემალიდან ჩამოვიდა. ეს ძალიან საშიში გზაა. კი ამბობს, კარგი ექსკურსია იყოო, მაგრამ 12 საათი გასაბერი კატერით იმგზავრა შუა ოკეანეში. ახლა რომ ვფიქრობ, ასე ვეღარ გავრისკავდით... ის ხელოსანია, მაგრამ ვერ ვიპოვეთ პიროვნება, რომელიც დაასაქმებს. ამიტომ ტაქსიზე მუშაობს. სამწუხაროდ, სხვა შტატშია და კვირაში ერთხელ ჩამოდის, მაგრამ ამას ვუძლებთ (იღიმის).

0670133c-6fae-4e03-89fa-2a2360940407-1718614093.jpg

- შვილებზეც გვიამბეთ.

- ორი შვილი მყავს: გოგონა, როგორც უკვე გითხარით, კოსმეტოლოგია, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ვაჟი კრივით არის დაკავებული. ისიც დაოჯახებული გახლავთ და ერთი შვილი ჰყავს, მეორეს ველოდებით (იღიმის).

- როგორც ვიცი, თქვენი ვაჟი წარმატებული მოკრივე - ჯემალ შალამბერიძეა.

- დიახ, ასეა. საბედნიეროდ, წარმატებულია თავის საქმეში. ის IBA Intercontinental-ის ქამრის მფლობელია. ახლახან გერმანიაში გახლდათ, სადაც 6-რაუნდიან სარეიტინგო ბრძოლაში დაამარცხა, როგორც ამბობენ, დღემდე დაუმარცხებელი სლოვენიელი მოკრივე ანდრეი ბაკოვიჩი. 6 წლის იყო, როცა ვარჯიში დაიწყო. მე არ მინდოდა კრივზე მისი მიყვანა, მაგრამ ჩემს მეუღლეს გული სწყებოდა, თავის დროზე მშობლებმა სპორტით რომ არ დააკავეს და უნდოდა, ასეთი გულისწყვეტა ჩვენს შვილს არ ჰქონოდა, ამიტომაც მიიყვანა კრივზე. მწვრთნელი გვეუბნებოდა, კარგი ტექნიკური მონაცემები აქვსო და წარმატება უწინასწარმეტყველეს. იმედია, მომავალშიც ყველა ბრძოლიდან გამარჯვებული დამიბრუნდება.

- არ გიჭირთ ოჯახიდან შორს ყოფნა?

- ისრაელში რომ ვიყავი, სწორედ ამ მონატრებამ მიმატოვებინა იქაურობა; გერმანიაში იძულებით წასული უკვე ნაკლებად განვიცდიდი რაღაცებს, რადგან მიზანი მქონდა, რისი მიღწევის შემდეგაც ვიცოდი, შინ დავბრუნდებოდი... ახლაც ვიცი, რის გამო ვარ შვილებისა და შვილიშვილებისგან შორს: მიზანს რომ მივაღწევ, აუცილებლად უკან დავბრუნდები და ამაზე ფიქრი მაძლიერებს.

- თქვენი მიზანი რა არის?

- მინდა, რაც შეიძლება მალე მოვაგროვო თანხა, რომ კი არ ვიქირაო, ჩემი სალონი მქონდეს საქართველოში. იცით, იქ ყოფნის დროს მოვასწარი და 700 მოსწავლე მყავს გაშვებული. არ მიჭირდა სამშობლოში მატერიალურად, იქაც მშვენივრად ვგრძნობდი თავს, მაგრამ როგორც გითხარით, პირველი ემიგრაცია უნებური იყო, მეორედ - საჭიროების გამო დავტოვე ქუთაისი... რას ვიზამთ, ასე აეწყო... შვილიშვილების გამო უფრო მიჭირს აქ ყოფნა. ერთ-ერთმა მითხრა ამას წინათ: რით ვერ მოილიე საქმე, რატომ ვერ ჩამოხვედიო?.. ჩემს ქუთაისს ვერასდროს ვერც ერთ ქალაქში ვერ გავცვლი. აქ შეიძლება მატერიალურად უფრო ძლიერად ვიყო, ვიდრე სამშობლოში, მაგრამ ჩემი საქართველო, ქუთაისი, ოჯახი ყველაფერს მირჩევნია - ფული ყველაფერს ვერ გადაწონის.

- რის გამოა ქუთაისი ასეთი მიმზიდველი?

- ეს არის ქალაქი, სადაც უდიდეს სითბოს გრძნობ ადამიანი. ჩათვალე, რომ იქ დიდი ნათესაური კავშირია ხალხს შორის, ასეთი რამ სხვაგან არ არსებობს: არც ბათუმში, არც თბილისში... ქუთაისში სხვანაირი ურთიერთობებია. იქაური ხალხი ერთი დიდი ოჯახის წევრია.

399a02bf-c53e-4541-a22d-1e1f1f86a4ee-1718614080.jpg

- მინდა იმ დღეზე მიამბოთ, როცა ნიუ-იორკში ერთ-ერთ ჩვენებაზე მოხვდით...

- დიახ, სტუმრად ვიყავი მისული. ვიცოდი, ქართველი დიზაინერიც მონაწილეობდა და ჩანთაში ჩემი ინსტრუმენტები ჩავაწყვე, იქნებ რამეში დასჭირდეთ ჩემი დახმარება-მეთქი. იქ 7 სტილისტი მუშაობდა. ხელები საქმისკენ იწევდა, შინაგანად ამაკანკალა. დავინახე, ერთი გოგო რიგში იდგა. მეგობარს ვუთხარი: ჰკითხე, თმის მოსაწესრიგებლად თუ დგას რიგში, დავეხმარები-მეთქი. - ვარცხნილობა გამიკეთეს, მაგრამ არ მომწონს და ხელახლა ჩავდექი რიგშიო. მეტი რა მინდოდა? გავხსენი ჩემი ჩანთა. სულ არ მაინტერესებდა, სად, რა პირობებში ვიმუშავებდი. მოვუწესრიგე ვარცხნილობა და, ძალიან მოეწონა, მერე "ლაივიც" ჩართო, - ქართველმა სტილისტმა გამალამაზაო. ამასობაში მეორე გოგონამ მოიხსნა უკვე გაკეთებული "კოსა" და ჩემთან გადმოვიდა. უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ როგორ არ დავხმარებოდი?! ერთი ქართველი მონაწილეც მოვიდა: ოთხჯერ გამისწორა დეტალები და მაინც არ მომწონსო. იმ სტილისტს ბოდიში მოუხადა და ჩემთან გადმოჯდა. ერთი სიტყვით, იმ დღეს 4 მოდელს მოვემსახურე და ამისთვის მხოლოდ 40 წუთი დამჭირდა. ეს ყველაფერი გაუცნობიერებლად გავაკეთე და უდიდესი რეკლამა აღმოჩნდა ჩემთვის, მას მერე ტელეფონზე ზარები არ წყდება (იღიმის).

- ქართველ ემიგრანტებზე რას გვეტყვით?

- თითოეულს ჯილდო ეკუთვნის იმისთვის, რომ ასე რისკავენ სამშობლოდან შორს წამოსვლას. თქვენ არ იცით, უმეტესობა რას უძლებს. ჩაწოლილ ბებიებთან რომ მუშაობენ, ის ქალბატონები ლამის თვეების მანძილზე ვერ გამოდიან სახლიდან და მათ მართალია, არ უჭირთ ფული, ჩაცმა, საჭმელი, მაგრამ ფსიქოლოგიურად უძნელდებათ. შორიდან ყველაფერი ლამაზად ჩანს და მეც ასე მეგონა, რომ აქ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ... იმდენად დაღლილი ვიყავი ფენისგან, მინდოდა ბებიასთვის მომევლო და ტვინი დამესვენებინა, მაგრამ თურმე რაზე ვფიქრობდი, ჯობია ორი ფენი გეჭიროს და მთელი დღე იმუშაო. ყველას ვურჩევ, რაიმე ხელობა შეისწავლონ. სადაც წახვალ, შენი საქმე აუცილებლად გამოგადგება. ნასწავლი ადამიანები, დოცენტები, პედაგოგები, ექიმები - აქ ყველა მომვლელია. ერთი პიროვნება, რომელსაც უნივერსიტეტში დიდი თანამდებობა ჰქონდა, დღეს აქ მოხუცებს უვლის. მიჭირს ამის ყურება, თორემ მატერიალური აქ ნამდვილად არავის არაფერი აკლია. თუმცა, ზოგიერთს მერე მოთხოვნები ეზრდება და მთელ ცხოვრებას ქონების დაგროვებაში ისე ატარებს, ვერ აცნობიერებს, რამდენი დრო დაკარგა სხვების მოვლაში. 9-10 სახლს იყიდიან და შინ დაბრუნებაზე მაინც არ ფიქრობენ, მე-11 სახლი უნდა იყიდონ, არადა, უკვე თვითონ არიან ასაკში... ფულზე დამოკიდებული არ უნდა გახდე, ამის მეშინია ყველაზე მეტად. ფული ყველას გვჭირდება, ამისთვის ვართ წამოსულები, მაგრამ მასზე დამოკიდებული არ უნდა გავხდეთ, ეს ფსიქოლოგიაზეც ცუდად მოქმედებს... 21 წელი ქუთაისში ერთსა და იმავე ადგილზე ვიმუშავე და რასაც აქ ვუყურებ, ასეთი რამ აქამდე არ მინახავს: თმის ცვენის პრობლემა აქვს ემიგრანტების უმრავლესობას, რაც აქაური წყლის, სტრესის ბრალია. მინდა ყველა ქალი ბედნიერი და ლამაზი იყოს.

ლიკა ქაჯაია