"თბილისი მძღოლებს შეცდომებს არ პატიობს"
როგორი მძღოლია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოყვარული მსახიობი, როგორ უმკლავდება საცობებსა და უტაქტო მძღოლებსა თუ ფეხით მოსიარულეებს, ამის შესახებ ანა ხაჩიძე თავად გვესაუბრება...
- დაახლოებით თვე-ნახევარია, რაც საკუთარი ავტომობილი მყავს. მართვის მოწმობა ცოტა უფროს ასაკში ავიღე, რადგან ამით დაინტერესებული არ ვიყავი, გამოცდაზე გასვლას ყოველთვის თავს ვარიდებდი. მართვის მოწმობის აღების სურვილი ერთი შემთხვევის გამო გამიჩნდა: ოჯახს ტრადიცია გვაქვს - წმინდა მარიამის ხსენების დღეს ქვაბისხევში, ღვთისმშობლის ტაძარში ვხვდებით. რომელ ქალაქშიც უნდა ვიყოთ, ეს დღე ოჯახის ყველა წევრს გვაერთიანებს და 28 აგვისტოს ვიკრიბებით. მოლოცვის შემდეგ, ეს დღესასწაული ქეიფთანაა დაკავშირებული. ერთხელაც, ქეიფის დასრულებისას აღმოჩნდა, რომ გვყავდა ბევრი ავტომობილი და ასევე, ბევრი არაფხიზელი მძღოლი (იცინის). თან, ტაძარი ქალაქისგან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს. ისე გამოდიოდა, რომ მანქანები ტყეში უნდა დაგვეტოვებინა... მოკლედ, მივხვდი, დრო იყო, მართვის მოწმობა ამეღო, რადგან ოჯახს ვჭირდებოდი (იცინის). თეორიულ კურსს ჩემი მეგობარი ასწავლის. მისი დამსახურებაა, რომ გამოცდა ჩავაბარე, რადგან მთელი წელი სამეცადინოდ დამდევდა (სკოლაში ერთად ვმუშაობთ): სადაც გამომიჭერდა, მეუბნებოდა, - აბა, ახლა 1 ბილეთი მაინც "გავიაროთო"... გამოცდაზეც თავად ჩამწერა და წამიყვანა. პირადად მე საქმის გადადება მიყვარს, მეგობარმა კი ეს საქმე ბოლომდე მიმაყვანინა... 5 წელზე მეტი იქნება, რაც მართვის მოწმობა მაქვს.
- მართვის მოწმობის აღება პირველივე ცდაზე მოახერხე?
- დიახ, დიახ... გამოცდაზე გასვლას კი ვწელავდი - მეზარებოდა, მაგრამ პირველივე ცდაზე ჩავაბარე. საერთოდ, გამოცდაზე მისულებს ყველაზე მეტად პრაქტიკული ნაწილის ეშინიათ, მე კი თეორიულის მეშინოდა. ჩასაბარებლად ნახევარი საათი ხომ არის გამოყოფილი, ალბათ, ეს დრო სრულად არავის გამოუყენებია, მე კი ზუსტად ნახევარი საათი ვიჯექი. ბოლოს მეგობარმა დამკვირვებელს უთხრა, - გთხოვთ, გააფრთხილეთ, რომ დრო გადისო... სხვათა შორის, სამწუხაროდ, 3 შეცდომა დავუშვი, ბოლო კითხვები მქონდა უპასუხოდ დარჩენილი და გულწრფელად ვიტყვი, რომ 2 შეკითხვაზე პასუხი საერთოდ არ მახსოვდა - "გავარტყი". სამაგიეროდ, გამოცდის პრაქტიკულ ნაწილს თავი კარგად გავართვი. მასწავლებელმა გამაფრთხილა, - ავტომობილი ძალიან ნელა ატარე და ნაკლებ შეცდომას დაუშვებო. ალბათ, გამოცდაზე გამყოლი დავტანჯე, ისე ნელა დავდიოდი, მაგრამ ჩავაბარე (იცინის).
- როგორი განცდა იყო, როცა ავტომობილის საჭესთან მჯდომი ქალაქში პირველად გახვედი? ვინმე გახლდა?
- სხვათა შორის, არ მახსოვს, თბილისში პირველად ვისი ავტომობილით ვისარგებლე... ბავშვობიდან სასაცილო რაღაცების მეშინოდა: ძალიან პატარას მეგონა, რომ ფეხსაცმელებზე თასმების შეკვრას ვერასოდეს ვისწავლიდი - ეს მძაფრად მახსოვს. კიდევ, მეგონა, რომ ისრებიანი საათის ცნობას ვერ ვისწავლიდი. ვამბობდი, - ყოველთვის ისეთ ფეხსაცმელს ვიყიდი, რომელსაც თასმები არ აქვს და ისეთ საათს, რომელსაც ციფრები აწერია-მეთქი. ასევე, ბავშვობაში შემხვედრი ავტომობილის მეშინოდა - ავტომობილი უნდა გავაჩერო, გაიაროს და მერე წავიდე-მეთქი (იცინის). რა თქმა უნდა, მერე აღარ მეშინოდა. ისედაც ვერ ვიტყვი, რომ მანქანას საშიშად ვმართავ, თუმცა როგორც პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, თბილისი მძღოლებს შეცდომებს არ ჰპატიობსო...
- როგორი მძღოლი ხარ?
- თავს ვერ ვიქებ, რომ კარგი მძღოლი ვარ, მაგრამ ვცდილობ ყურადღებიანი ვიყო, რამე არ გავაფუჭო, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევაში მოვყევი. მეტად დაკვირვებული, ფრთხილი და ნელი რომ ვყოფილიყავი, შეიძლებოდა ეს ამბავი თავიდან ამერიდებინა...
- ავტოსაგზაო შემთხვევაში პირველად მოხვდი?
- არა. ერთხელ მაგისტრალზე დამემართა: მაშინ ავტომობილი ჩემს დას ეკუთვნოდა, საჭესთან თავად ვიჯექი. მანქანა უკნიდან დამეჯახა, ანუ ჯერ იმ ავტომობილს სხვა დაეჯახა, შემდეგ სარკეში დავინახე და მივხვდი, ჩემ უკან მომავალი მანქანა ვეღარ ამუხრუჭებდა... ის საშინელი შეგრძნება მძაფრად გამომყვა... მას მერე, უკანა ხედვის სარკეში ისტერიკულად ვიყურებოდი.
- ჯარიმებს ხშირად იღებ?
- რაც მართვის მოწმობა ავიღე, ერთხელაც არ დავჯარიმებულვარ. თვე-ნახევარია, რაც მანქანა მყავს, მაგრამ ჩემი დის, მამაჩემის, მეგობრების ავტომობილებს ხშირად ვმართავდი, რადგან ალკოჰოლს არ ვსვამ. თავად რომ დალევენ, იციან, მანქანა ვის ჩააბარონ. პატრულს ორჯერ ვყავარ გაჩერებული, ორჯერვე "ჩამაბერინეს", რადგან მაგალითად, ერთხელ ავტომობილში ბევრნი ვისხედით და ისეთი ხმაურით მოვდიოდით, რომ პატრულის თანამშრომლის ადგილას რომ ვყოფილიყავი, მეც გავაჩერებდი. წესები, კანონები არასოდეს დამირღვევია და ავტომობილს ყოველთვის ფხიზელი ვმართავ.
- პოდკასტში აღნიშნე, რომ ავტომობილი შენი დისგან იყიდე...
- კი. ვხუმრობ ხოლმე - ეს მანქანა ოჯახში მემკვიდრეობით გადმოგვეცემა-მეთქი, რადგან ჯერ ჩემი დეიდაშვილის იყო, შემდეგ - ჩემი დის, ახლა - ჩემია. ალბათ, მერე ჩემს უმცროს დას გადავულოცავ (იცინის). 2016-წლიანი "პრიუსია": გამძლე, საკმაოდ ეკონომიური, პრაქტიკული. თან, ბორჯომში სიარული ხშირად გვიწევს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რამდენს წვავს... მოკლედ, ავტომობილის შეძენისას ჩემთვის ეს ფაქტორები მნიშვნელოვანი იყო, მერე ვიფიქრე - მანქანას ჩემი და ყიდის და ბარემ გადმოვიფორმებ-მეთქი. ეს ავტომობილი ჩემს დეიდაშვილსაც საჭირო დროს ჰყავდა - ორსულად იყო, ბავშვიც ჰყავდა, მანქანა სჭირდებოდა... მერე ჩემი დაც ორსულად იყო. ძირითადად, წოლითი რეჟიმი ჰქონდა... ეს ავტომობილი მასაც გამოადგა. ჩემს შემთხვევაში, ახლა ბორჯომში ხშირად მივემგზავრები, რადგან იქ სარემონტო სამუშაოები გვაქვს - ბავშვებისთვის დასასვენებელ, გასართობ სივრცეს ვაკეთებთ. მოკლედ, ეს მანქანა ახლა მე მადგება. მადლიანი ავტომობილია (იცინის).
- საცობში მოხვედრილს დრო როგორ გაგყავს?
- ტანჯვით. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მიყვარს. ახლა რამდენჯერაც მეტროს ჩავუვლი, სევდიანად გავხედავ ხოლმე, როცა საცობში ვარ. ნუცუბიძეზე ვცხოვრობ, ჩემი ორივე სამსახური კი ისანი-სამგორის რაიონშია. აქამდე მეგობრის მეუღლეს დავცინოდით, რადგან საცობების ეშინოდა. მერე მივხვდი მისი შიშის მიზეზს. ისედაც ვიცოდი, რომ თბილისი საცობებით სავსე ქალაქია, მაგრამ ასეთიც არ მეგონა, თუმცა ბათუმთან შედარებით ეს არაფერია: ბოლოს ისეთი გამოცდილება მივიღე, რომ ამ ქალაქის მიმართ ჩემი სიყვარული კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რადგან Oნე ღეპუბლიც-ის კონცერტზე მიმავალი მეგობრები 3-საათიან საცობში მოვხვდით. შესაბამისად, როცა "ბლექ სი არენაზე" მივედით, კონცერტი უკვე დასრულებული იყო. გაბრაზებული ვიყავი საკუთარ თავზე, სამყაროზე, ბათუმზე... უმეტესად ჩემს დასა და მეგობართან ერთად ვმგზავრობ, თავს ლაპარაკით ვირთობთ, მაგრამ მგონი დროა, რამე თამაშები და ტრადიციები შემოვიღოთ. პრინციპში, 1 ტრადიცია უკვე გვაქვს: საცობში მოხვედრილები გვერდით ავტომობილებში მსხდომ ხალხს ვათვალიერებთ - აბა, თუ აღმოვაჩენთ საინტერესო პიროვნებას, საინტერესო იმიჯით, "ფლეი ლისტით"...
- თავად როგორ მუსიკას უსმენ ავტომობილში?
- საშინელს. ისეთი სევდიანი და დამთრგუნველია, რომ ტირილი მოგინდება. ძირითადად, შემოთავაზებულ ალბომებს ვრთავ: არ ვიცი, "სფოთიფაი" რომ გადმოვწერე, ისე როგორ შევავსე, რომ სულ სევდიან, რომანტიკულ მუსიკას მირთავს... მთელი გზა ტირილი მინდება! რამდენიმე დღის წინ რადიოს ჩართვა გადავწყვიტე - რასაც შემომთავაზებს, იმას მოვუსმენ-მეთქი. იქ უარესი "ფლეი ლისტი" იყო! ისევ ჩემსას დავუბრუნდი... ჩემი და მეუბნება, - ასე მგონია, დაკარგულ სიყვარულს მისტირიო (იცინის).
- ავტომობილის მართვისას ბილწსიტყვაობა გჩვევია?
- არა, ეგ მართლა არ მჩვევია (იცინის). ჩემი სალანძღავი ფრაზაა "იდიოტო, რას შვრები?!." ბილწსიტყვაობის შემთხვევებიც მქონია, მაგრამ ამას ყოველდღიური ხასიათი არ აქვს - ძალიან საშინელი რამ უნდა მოხდეს, რომ ბილწი სიტყვები აღმომხდეს.
- ავტომობილის შეძენის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით აღარ გისარგებლია?
- კი, როგორ არა?! რამდენჯერ მითქვამს, - მანქანას დავტოვებ და მეტროთი წამოვალ-მეთქი, მაგრამ დამცინიან და მერე ისევ ავტომობილით მივდივარ... ცურვაზე დავდივარ. იქ "დაპარკინგებაზე" ისეთი ამბებია, მირჩევნია, იქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდე...
- შენი ოცნების ავტომობილი რომელია?
- უსაფრთხოების თვალსაზრისით - "ვოლვო". ისე, მერსედესის" რამდენიმე კონკრეტული მოდელი ჩემი ფავორიტია.
- ქალი მძღოლების მიმართ მამაკაცებისგან აგდებულ დამოკიდებულებას თუ გადასწყდომიხარ?
- სხვათა შორის, წლების განმავლობაში რასაც დავკვირვებივარ, ქალი მძღოლები უფრო ხისტები არიან თავად ქალების მიმართ. თუნდაც, გზის დათმობისას მამაკაცები უფრო ლოიალურები არიან, ვიდრე ქალები. რატომღაც, ქალს არ აინტერესებს, არ უნდა, რომ გზა დაგითმოს. ეს ცოტა ამპარტავნულად, სიამაყით მოსდით თუ რა ხდება, არ ვიცი... აი, კაცებს რაც შეეხებათ, თუ ისეთი მანევრირება გააკეთე, რაც არ მოსწონთ, სულ რომ სწორად იქცეოდე ან ხელს დაგიქნევენ, ან დაგიყვირებენ. ბოლოს სააკაძის მოედანზე, წყვეტილ ხაზზე გადავუხვიე, რაც კანონით შემეძლო. ვერ ვიტყვი, ციმციმა გვიან ავანთე და ისე გადავედი-მეთქი. მცირე საცობი იყო, მარჯვნივ გადავედი და კაცმა მომაყვირა, - სად გადადიხარო?!. ფანჯრიდან თავი გადავყავი და მივაყვირე, - უფლება მაქვს და ამიტომ გადავდივარ-მეთქი!.. როცა არც საავარიო სიტუაციას ქმნი, არც კანონს არღვევ, რატომღაც მაინც ჰგონიათ, რომ შეუძლიათ გიყვირონ... საერთოდ, არავინაა ვალდებული, ვიღაცის ყვირილი ითმინოს. ნუცუბიძეზე, გზაზე მამაკაცი მოდიოდა - ნაგავი უნდა გადაეყარა. გზა დავუთმე, ნაგავი ურნაში ჩააგდო, გზა განვაგრძე. რაღაც მომაყვირა... ანუ მისი აზრით, უნდა დავლოდებოდი, ნაგავს ურნაში როდის ჩააგდებდა და უკანა გზაც დამეთმო. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მომთმენი ვარ და საქციელი მივუტევე. უბრალოდ, უკან ავტომობილები მომადგნენ და მომერიდა, რომ გავჩერებულიყავი, გადმოვსულიყავი და პასუხი მომეთხოვა, - რა დავუშავე, რომ მიყვირა? მგონი, ასეთ ადამიანებს უნდა მივუთითოთ, რომ არასწორად იქცევიან. რაკი არავინ უთითებს, თავი ყველას მართალი ჰგონია და იმავეს აგრძელებენ. თან, რატომღაც, ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ ქალი მძღოლების მიმართ აქვთ, რადგან ქალები პასუხს არ დაუბრუნებენ. არა მგონია, კაცებთანაც იმავენაირად მოიქცნენ, რადგან ის ავტომობილიდან გადმოვა და თავს გაუხეთქავს... შეიძლება, თავი ვერ გავუხეთქო, მაგრამ ერთხელ აუცილებლად გადმოვალ და ახსნა-განმარტებას მშვიდად მოვთხოვ - რატომ მიყვირის?..
ეთო ყორღანაშვილი