"მუსიკასთან ჩემი პირველი შეხება მამას უკავშირდება" - გზაპრესი

"მუსიკასთან ჩემი პირველი შეხება მამას უკავშირდება"

მალე კლიპის გადაღებასაც აპირებს... მართალია, დიდი ხანია, რაც ბეა სიმღერებს წერს, მაგრამ ქართულენოვანი სიმღერა პირველად შექმნა. ტექსტით თუ ვიმსჯელებთ, "ერთ დღეს" მუსიკოსის პირად ცხოვრებას უკავშირდება, თუმცა უფრო დეტალურად თავად გვესაუბრება:

- სიმღერების წერა 2018 წლიდან დავიწყე, ოღონდ - ყოველთვის ინგლისურად ვწერდი. მინდოდა ხარისხიანი, ქართულენოვანი სიმღერა დამეწერა. წერა თებერვალში დავიწყე. ჯერ მელოდია შევქმენი, მაგრამ ტექსტზე ბევრად მეტი მუშაობა მომიხდა. თავდაპირველად ამ სიმღერას სულ სხვა აზრი ჰქონდა, ტექსტიც უფრო სენტიმენტალური, წარსულთან მიჯაჭვული იყო. შემდეგ ის ვერსია აღარ მომინდა და ყველაფერი შევცვალე. ძირითადად, ამ სიმღერის აზრი ახალ ეტაპზე გადასვლა და თავისუფლებაა. ტექსტი ავტობიოგრაფიულია - ჩემი ცხოვრების, ჩემი თავისუფალი არჩევaნის შესახებაა, რომ თავდაჯერებული, ძლიერი ქალი ვარ (იღიმის), არაფრის მეშინია, ჩემთვის პრობლემას არაფერი წარმოადგენს და იმას გავაკეთებ, რაც მომინდება... თავდაპირველად, მთელი სიმღერის საფუძველი მხოლოდ ეს 2 სიტყვა - "ერთ დღეს" - იყო, ანუ უეჭველად მინდოდა, რომ სიმღერას ეს სათაური ჰქონოდა. თინეიჯერობისას ამ სიტყვებს - One day - ხშირად ვიყენებდი და ჩემთვის "იმედს" ნიშნავდა, რომ ერთ დღეს ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მსურდა. პანდემიის პერიოდში, ინგლისურენოვანი სიმღერაც დავწერე და One Day დავარქვი. რა თქმა უნდა, მას სხვა აზრი ჰქონდა... მოკლედ ამ სიმღერის ტექსტიც, მუსიკაც ჩემია.

- ინგლისურენოვანი სიმღერები გამოქვეყნებული გაქვს?

- არა. ჩემს ცხოვრებაში რაღაცები მოხდა, ძალიან რთული პერიოდი მქონდა, მეც ძალიან შევიცვალე, გავძლიერდი... ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ახლა სიმღერას გამოვუშვებდი. საერთოდ, რა თქმა უნდა, ვფიქრობდი, რომ სიმღერა გამომეშვა, მაგრამ ამის ასე უცებ გაკეთება ვერც კი წარმომედგინა. ძალიან მიხარია, რომ შევძელი, ჩემი შიშები დავძლიე. ბევრი ვიმუშავე. კმაყოფილი და ამაყი ვარ.

- შენს ცხოვრებაში რა ცვლილებები მოხდა? პირად ურთიერთობას უკავშირდება?

- რა თქმა უნდა, პირადს უკავშირდება, მაგრამ ახლა პირადზე ლაპარაკი დიდად არ მინდა, რადგან ეს შეცდომა ერთხელ უკვე დავუშვი, თუმცა ჩემი სიმღერის ტექსტიდან გამომდინარე, ეს ჩანს და ნათელია... ამ სიმღერაზე აკუსტიკური ვერსიის ჩაწერას ვაპირებ. მგონია, რომ სიმღერაა, მერე კი უკვე ცოტათი სენტიმენტალურ ვერსიას "გავაკეთებ". სექტემბრიდან ალბომზე მუშაობას ვაპირებ - რა თქმა უნდა, მასში ქართულენოვანი სიმღერები იქნება. ვგეგმავ, გაისად თბილისი Open Air-ზე, მთავარ სცენაზე ვიმღერო. ძალიან ამბიციური ვარ, მაგრამ ამას ტყუილად არ ვამბობ - ვიცი, რომ შევძლებ. ახლა ჩემი მთავარი მიზანი ეს არის.

- შენს პირველ სიმღერაზე, რომელიც გამოუშვი, როგორ გამოხმაურებას ელოდი და რეალობა როგორია?

- სხვათა შორის, ამხელა გამოხმაურებას არ ველოდი. უფრო მაგარია, ვიდრე მეგონა! სოციალურ ქსელებში კარგი შედეგი "დადო". ასევე, "სფოთიფაიზე" არტისტის ვერიფიკაცია მივიღე. იქაც უკვე საკმაო რაოდენობის "მოსმენა" აქვს...

- პროფესიით მუსიკოსი ხარ?

- 6 წლიდან მუსიკით ვარ დაკავებული. პიანისტი ვარ - მუსიკალური სასწავლებელი ამ მიმართულებით დავამთავრე. ასევე, გუნდში ვმღეროდი. ელექტროგიტარაზე, ჰარმონიკასა და უკულელეზე ვუკრავ, მაგრამ ჩემთვის ძირითადი მუსიკალური ინსტრუმენტი პიანინოა...

- შენთვის ქართულენოვან სიმღერებზე მუშაობა უფრო რთული რატომ იყო, ვიდრე ინგლისურზე? სიმღერებს ინგლისურად რატომ წერდი?

- ქართველი, სვანი ვარ (ლენტეხიდან), მაგრამ უცხოეთში გავიზარდე. ლოს-ანჯელესიდან 2013 წელს ჩამოვედი. ამიტომ ინგლისური ჩემთვის ყოველთვის უფრო "ახლოა", ვიდრე ქართული. წიგნებსაც მხოლოდ ინგლისურად ვკითხულობდი. წინათ, ქართულად წერის გამოცდილება არ მქონია, ინგლისურად კი მოთხრობებსაც ვწერდი, ვიცოდი ფრაზების დალაგება... ქართულად ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო. თავდაპირველად, გარკვეული სიტყვების თარგმანში დაქალი დამეხმარა - მას ვეკითხებოდი, აზრი სწორად როგორ მეთქვა. დამეხმარა ჩემი პროდიუსერი - კეკე ბეღაშვილი: სწორ გზაზეც დამაყენა და სიმღერის ტექსტი შემაცვლევინა. ამისთვის მადლობელი ვარ. სიმღერა "ბრავო რექორდსში" ჩავწერე. ქართულად კარგი გამოთქმა არ მაქვს. ამიტომ რამდენიმე ფრაზის ხელახლა ჩაწერა მოგვიხდა, მაგალითად - "ვარსკვლავებს" სწორად ვერ გამოვთქვამდი.

- ამერიკაში რატომ გაემგზავრე? სკოლა იქ რატომ დამთავრე?

- ჩემი ოჯახის, ჩემი მამინაცვლის გამო: ჰილარი კლინტონის ადვოკატი გახლდათ. ამჟამად, ლოს-ანჯელესში თავისი საადვოკატო ბიურო აქვს. თავად საქართველოში ცხოვრება ძალიან მინდოდა. აქ დაბრუნებაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ მამინაცვლის სამსახურის გამო, ჩემი ჩამოსვლა ვერ მოხერხდა, თუმცა როცა ჩამოვედი, მივხვდი - აღარ უნდა წავიდე.

- მამაზე რას გვეტყვი?

- მამა მინისტრი გახლდათ. სანამ გარდაიცვლებოდა, საქართველოში ვცხოვრობდით. მახსოვს, გიტარაზე როგორ უკრავდა... ისიც მახსოვს, რომ სახლში "იამაჰას" პიანინო გვქონდა, რომელიც ძალიან მომწონდა. დაკვრა არ ვიცოდი, მაგრამ მე და მამა ერთად ვსხდებოდით და რაღაცებს ვუკრავდით. ეს ძალიან თბილი მოგონებაა. მუსიკასთან ჩემი პირველი შეხება სწორედ მამას უკავშირდება...

- როგორც მახსოვს, სხვა პროფესიასაც ეუფლებოდი, არა?

- ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაგრამ რეალითი შოუში მონაწილეობის გამო, თავი დავანებე, მერე კი აღარც მივუბრუნდი. თუმცა, შეიძლება სწავლა გავაგრძელო, ოღონდ - სამსახიობო ფაკულტეტზე. მსურს, მსახიობიც გავხდე. მამინაცვალი მეუბნება, - ლოს-ანჯელესში ჩამოდი, აქ ისწავლე, ყველაფერში დაგეხმარებიო, მაგრამ მაინც მინდა, მაქსიმუმი აქ გავაკეთო, ამერიკაში კი მერე წავიდე, თუმცა სამუდამოდ იქ მაინც არ დავრჩები.

- მსახიობობაც ბავშვობიდან გინდოდა თუ ახლა დაინტერესდი?

- ამაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. საერთოდ, ყურადღების ცენტში ყოფნა მიყვარს. სცენაზე დგომა ჩემთვის ძალიან ორგანულია. ასეთ დროს თავდაჯერებული ვარ. ჩემთვის სიმღერის ჩაწერის პროცესიც ძალიან ბუნებრივი იყო: გამოცდილება არ მქონია, მაგრამ თავი ისე ვიგრძენი, თითქოს მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებდი... მახსოვს, სკოლაში რაღაც სპექტაკლებში ვთამაშობდი და კარგად გამომდიოდა. მგონია, რომ ეს ნიჭი დღემდე მაქვს და მინდა განვავითარო.

- სოციალურ ქსელში "სიცრუის დეტექტორის" ანონსი ვნახე, შენი მონაწილეობით... გადაცემა ეთერში რატომ არ გავიდა?

- თავად აღარ გავუშვი, რადგან კითხვები ჩემი ურთიერთობის შესახებ იყო, რომელიც ჩემთვის სენსიტიური თემა გახლდათ. გადაცემაში რაღაცები ვილაპარაკე, მაგრამ მერე საჭიროდ აღარ მივიჩნიე, ეთერში გამეშვა და ეს ყველაფერი ხალხს გაეგო.

- გადაცემის წარმომადგენლების დათანხმება არ გაგიჭირდა, რომ ჩაწერილი მასალა ეთერში არ გაეშვათ?

- არც ისე... გამიგეს და აღარ გავუშვით. შეიძლება, სამომავლოდ კიდევ ჩავწეროთ (იღიმის)...

- როგორც ვიცი, მოდელიც ხარ. ამ სფეროში აქტიურობ?

- სექტემბერში მოდის კვირეულზე მილანში გამგზავრებას ვაპირებ. ამ სფეროში საკუთარი თავი ისევ უნდა გამოვცადო. მგონია, ეს ჩემი დიდი დებიუტი იქნება, რადგან 3 წელი მოდელობისთვის თავი დანებებული მქონდა.

facetune-12-02-2024-22-30-30-copy-1719052407.jpg

- ამის მიზეზი რა იყო?

- აღარ მაინტერესებდა, მომბეზრდა... 14 წლიდან მოდელობით ვიყავი დაკავებული და ამ ასაკში საქართველოში "ელიტ მოდელ ლუქის" კონკურსში გავიმარჯვე, მერე. პორტუგალიაში გავემგზავრე და საქართველო წარვადგინე. შემდეგ ჩემი სამოდელო კარიერა დაიწყო, მილანსა და პარიზში... 16 წლისას "ვოგის" გადაღება მქონდა, ბევრ ჩვენებაზე გამოვსულვარ, ბევრ რამეს მივაღწიე... თბილისში მოდის კვირეულებზეც გამოვდიოდი - არც ერთი სეზონი არ გამომიტოვებია...

- ალბათ, მცირე ასაკიდან დამოუკიდებლად ცხოვრებასაც შეეჩვიე...

- კი, რადგან ფაქტობრივად, ბავშვი უცხო ქვეყანაში, ევროპაში მარტო ვიყავი. ინგლისური ვიცოდი. ამიტომ იქ ყოფნა ძალიან არ მიჭირდა, მაგრამ ოჯახი მენატრებოდა. საკუთარ თავს ვუვლიდი, დილით ვიღვიძებდი, საუზმეს ვიმზადებდი, გადაღებაზე თავად მივდიოდი... საკუთარი თავის პატრონი თავად გახლდით (იღიმის).

- ახლა მარტო ცხოვრობ?

- დიდი ხანია, მაქვს შესაძლებლობა, რომ მარტო ვიცხოვრო, მაგრამ არ მინდა. მირჩევნია, ოჯახთან ვიყო, ჩემს უმცროს ძმას მივხედო, რაღაცებში მივეხმარო, რადგან ძირითადად, მარტო მოწყენილი ვარ. დედასa და ძმასთან ვცხოვრობ, მამინაცვალი ლოს-ანჯელესშია. კიდევ, კატა, სახელად გობლინი მყავს. სხვა სახელი ერქვა, მაგრამ კნუტობისას ძალიან უშნო იყო. ამიტომ გობლინი დავარქვი (იცინის). ძალიან მიყვარს!.. ჩემი ძმა - ალფრედი ძალიან პირდაპირი, კრიტიკული ადამიანია - რასაც ფიქრობს, მაშინვე მეუბნება. 13 წლისაა. როცა ჩემს სიმღერას - "ერთ დღეს" ვწერდი, ალფრედის აზრით ვინტერესდებოდი. როცა რაღაც არ მოსწონდა, ვცვლიდი. ალბათ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი აზრი იყო. ამ სიმღერაზე ერთად ვმუშაობდით. საბოლოოდ რაც გამოვიდა, მოსწონს. თავად არც ერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე არ უკრავს. ძალიან უყვარს მუსიკა - როკი და მეტალი. სხვათა შორის, მთხოვს, გიტარაზე დაკვრა ვასწავლო... დედაჩემი მწერალია. 3 წიგნი აქვს დაწერილი, სხვათა შორის, ერთ-ერთი - ლექსების კრებულია. მგონია, წერის ნიჭი დედისგან მაქვს, მუსიკის სიყვარული კი - მამისგან.

- უახლოეს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

- ჩემს სიმღერაზე კლიპის გადაღებას ვაპირებ. სავარაუდოდ, კლიპი აგვისტოში გამოვა. ალბათ, ვიდეოში მარტო ვიქნები - სადმე მინდორში გადავიღებ, რადგან მინდორი ჩემთვის თავისუფლებასთან ასოცირდება (იღიმის)... კიდევ, "ოქროს დაბადების დღე" მაქვს - 23 ივლისს 23 წლის გავხდები.

- გრანდიოზული წვეულების მოწყობას ხომ არ აპირებ?

- კი, ძალიან გრანდიოზული წვეულება უნდა მოვაწყო და ყველა დავპატიჟო, რადგან დაბადების დღე არასოდეს გადამიხდია: ბევრი მეგობარი არ მყავდა. ვინც მყავდა, ზაფხულის გამო, ქალაქში არავინ იყო ხოლმე. ამიტომ დაბადების დღე ბევრ ხალხთან ერთად არ აღმინიშნავს. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, ვოცნებობდი, როდის გავხდები 23 წლის 23-ში, ოღონდ - ყველაფერს სხვანაირად ვგეგმავდი: რატომღაც მეგონა, უკვე ქმარი მეყოლებოდა (იცინის) და ორივე ძალიან ცნობილი ვიქნებოდით, მაგრამ ახლა მაინც მინდა დიდი წვეულება მოვაწყო - საქართველოში უამრავი მეგობარი შევიძინე...

ეთო ყორღანაშვილი