თეატრალური უნივერსიტეტისგან სამჯერ უარყოფილი მსახიობი
თუმცა „ოფიციალურად“ მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური პროფესიული დრამატული თეატრისა და ილiაუნის თეატრის მსახიობია. ანდრია ვაჭრიძე თავის პროფესიაზე უზომოდაა შეყვარებული, აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება აქვს და 2016 წლიდან დღემდე, სხვადასხვა თეატრალური ჯილდოს მფლობელი და ნომინანტია. შეკითხვაზე, ნიჭის გარდა, რა აუცილებელი თვისებები უნდა ჰქონდეს მსახიობს? ასე მპასუხობს: „შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, დისციპლინა, ამტანობა, მოთმინებისა და მოცემულ გარემოში მარტივად ადაპტირების უნარი, რაც ამ პროფესიაში ყოფნისას აუცილებელია და რასაკვირველია, სიგიჟემდე სიყვარული, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია“...
- ჩემი თეატრალური ცხოვრება ფაქტობრივად, ილიაუნის თეატრიდან დაიწყო. თუმცა, საინტერესო ის არის, რომ თეატრალური უნივერსიტეტი არ დამიმთავრებია. სამჯერ მქონდა ჩაბარების მცდელობა და არ მიმიღეს. სამჯერ უარყოფის შემდეგ, ბოლოს ილიას უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი დავამთავრე. შემიძლია ვთქვა, რომ თუკი რამეს წარმოვადგენ, როგორც მსახიობი, ეს აბსოლუტურად ოთარ ეგაძისა და დავით კობახიძის დამსახურებაა. მათ საქმე შემასწავლეს და გზა იმ თეატრებისკენ გამიხსნეს, სადაც დღესდღეობით ვმუშაობ. თუმცა, რეჟისურის მხრივ ჯერ მნიშვნელოვანი არაფერი გამიკეთებია, ახლა ვდგამ ერთ სპექტაკლს საპატრიარქოს ეგიდით, უმთავრესად მსახიობის პროფესიას „ვაწვები“ (იღიმის).
- რა იყო ის გადამწყვეტი მომენტი, რომელმაც მსახიობის პროფესია აგარჩევინათ?
- ჩემს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო ადამიანები ფიგურირებენ, რომლებმაც საბოლოო ჯამში, ჩემი პროფესიული არჩევანი განაპირობეს. დავიბადე და გავიზარდე საჩხერის რაიონის სოფელ სავანეში, სკოლაც იქვე დავამთავრე. ჩვენს რეგიონში რბილი „ლასის“ პრობლემაა, მეც ამ კატეგორიას მივეკუთვნებოდი, მაგრამ ფაქტობრივად, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი და საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ სწორედ ამის გამო არ მიმიღეს თეატრალურში. სკოლაში სხვადასხვა ღონისძიებაში ხშირად ვმონაწილეობდი, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი სკოლის დირექტორს, ქალბატონ ვერიკო ტაბატაძეს. შემდეგში მიმყავდა და თავადაც ვმონაწილეობდი საჩხერის კულტურის ცენტრში გამართულ უამრავ ღონისძიებაში, თუმცა აქედან არც ერთი თეატრალური წარმოდგენა არ ყოფილა. თეატრის თვალსაზრისით, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ლია ვეშაპიძეს, საჩხერის კულტურის ცენტრის ღვაწლმოსილ თანამშრომელს, რომელმაც ძალიან დიდი მხარდაჭერა და ნდობა გამომიცხადა, როცა ჩემი თეატრალურ ღონისძიებებში ჩართვა გადაწყვიტა. ჩემს ცხოვრებაში არსებობს კიდევ ერთი ადამიანი, იური კიპაროიძე, რომელიც ჯერ მამაჩემის ქორეოგრაფი იყო, შემდეგ ჩემი და დღემდე აგრძელებს ქორეოგრაფიულ მოღვაწეობას. როგორც ფოლკლორის მოცეკვავე, სცენაზე ამ არაჩვეულებრივი ბატონის წყალობით, 6 წლის ასაკში დავდექი და ყველაფერმა ერთად განაპირობა ის სურვილი, რომ მსახიობი ვყოფილიყავი... ჩარლი ჩაპლინის ფილმებსაც დიდი გავლენა ჰქონდა და ამას ისიც დაერთო, რომ ბავშვობაში ბატონი ლეო ანთაძე არგვეთის სკოლაში მონოსპექტაკლით გვესტუმრა. წარმოდგენამ, მაყურებლებთან მისმა დამოკიდებულებამ ჩემზე ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მეც მაშინ ვიფიქრე, რომ ეს ის საქმე იყო, რომელიც მომავალში მინდოდა მეკეთებინა.
- შემდეგ ეტაპზე რა ხდება?
- სტუდენტი რომ გავხდი, პირველი ის ვიფიქრე, რომ სამსახური უნდა მომეძებნა. ჩემი მშობლები ახერხებდნენ ჩემთვის კონკრეტული თანხის გამოგზავნას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო. გარდა ამისა, თავს ვალდებულად ვთვლიდი, სამსახური მქონოდა და მშობლების დაფინანსებას ჩავხსნოდი. ეს აზრი ჩემს პედაგოგ ოთარ ეგაძეს გავანდე და მან საშუალება მომცა, ილიაუნის თეატრში სცენის მემანქანედ დამეწყო მუშაობა. სცენის მუშად ძალიან დიდხანს ვმუშაობდი, 2008-დან 2022 წლამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემივე სპექტაკლებისთვის დეკორაციას ვაწყობდი. გარდა ამისა, შევისწავლე დეკორაციის დამზადება და ილიაუნის თეატრში მას დღემდე მე ვამზადებ. რკინაზე მუშაობაა თუ ხეზე, აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებ.
- და თან, სხვადასხვა თეატრში მუშაობის გამო, მგზავრობა ხშირად გიწევთ...
- დიახ, ასეა. 2015 წლიდან ახალციხის თეატრში ვარ, რეპეტიციების პერიოდში იქ 1-2 თვე ვრჩები და სპექტაკლებზე - თავისთავად. ხშირია ისიც, რომ ახალციხეში თბილისიდან ჩავდივარ, სპექტაკლს ვთამაშობ და იმავე საღამოს ვბრუნდები, რადგან მეორე დილას სხვა თეატრში უნდა ვიყო. კიდევ ერთ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო და ეს გახლავთ ვასიკო ოდიშვილი, რომელმაც 2011 წელს ტელეკომპანიაში „მაესტრო“ წამიყვანა, სადაც 2017 წლამდე ტელეხმად ვმუშაობდი. ადამიანი, რომელსაც თავის დროზე მეტყველების პრობლემა მქონდა და ამის გამო თეატრალურ უნივერსიტეტში არ მიმიღეს, საბოლოოდ საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად ამ მდგომარეობამდე მივედი (იღიმის). აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეტყველების პედაგოგ ნატა ცხადაძეს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემი მეტყველების დახვეწაში... რუსთავის თეატრი, ილიაუნის თეატრი, მიწვევით ვიყავი ჭიათურის თეატრში, ახლახან ქალაქის თეატრშიც მიმიწვიეს - მოკლედ, არაერთ თეატრში მითამაშია და საბოლოო ჯამში, 35 წლის ასაკში 70-ზე მეტი როლი დამიგროვდა.
- ივნისის დასაწყისში, მესხეთის თეატრის გასტროლი შედგა საბერძნეთში. ჯერ ამაზე მიამბეთ და შემდეგ, თქვენი პირველი გასტროლიც გაიხსენეთ...
- საბერძნეთში წარმოვადგინეთ გიორგი შალუტაშვილის სპექტაკლი „მშვიდი ღამე“, რომლის მოქმედება მოხუცთა თავშესაფარში ვითარდება. იქ შვილს დედა ჰყავს მიბარებული და ამბავიც მათ ირგვლივ ტრიალებს. საბერძნეთში ძალიან სენტიმენტალური გასტროლი გვქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ შევხვდით უამრავ ქართველს, გვიმასპინძლა იქაურმა ემიგრაციამ, გავიცანით ბევრი საინტერესო ადამიანი. მინდა გითხრათ, როცა 2015 წელს ახალციხეში ჩავედი, სწორედ ამ სპექტაკლში ვითამაშე და ამ ხნის განმავლობაში, ის ერთადერთია, რომელსაც დღემდე წარმოვადგენთ. ჩემი პარტნიორი გახლავთ ქალბატონი ლია სულუაშვილი, უნიჭიერესი მსახიობი და მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. სხვათა შორის, ბევრი სპექტაკლი დამიგროვდა, რომელმაც საზღვარგარეთის სცენები „მოინახულა“. რაც შეეხება პირველ გასტროლს, 2016 წელს ილიაუნის თეატრიდან საფრანგეთში ვიყავი, იქ გაგა გოშაძის „ჩეხოვი. რეპეტიცია“ წარმოვადგინეთ. პრემიერა იქვე gaimarTa და ამ სპექტაკლში 5 პერსონაჟს ერთდროულად ვასახიერებდი.
- ბევრ ადამიანს და განსაკუთრებით მათ, ვინც ხელოვნებას ირჩევს, სხვადასხვა მიზეზით უწევს პროფესიის შეცვლა და ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავებულ გზაზე დადგომა. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი ფიქრები ან სხვა არჩევანის წინაშე დამდგარხართ?
- არა და არც ისე ყოფილა ჩემი საქმე, რომ ამ პროფესიიდან წასვლაზე მეფიქრა. მეტიც, ჩემი აზრით, მთელი ცხოვრება ეს უნდა ვაკეთო და თან, ჩემს შვილს მინდა რაღაცნაირად მაგალითად ჰქონდეს, თუ როგორია არჩეული პროფესიის ცხოვრების ბოლომდე მსახური. როცა ჩემი შვილი თავის პროფესიას აირჩევს, მინდა ხედავდეს და ღრმად ჰქონდეს გააზრებული, რომ მისი დედ-მამა თავიანთი პროფესიით ცხოვრობს. ჩემი მეუღლე თამთა გაბუნია ქუთაისის თეატრის მსახიობია. ერთმანეთი ახალციხის თეატრში გავიცანით და დაახლოებით 1 წლის თავზე, არტისტული ოჯახი შევქმენით. დღეს უკვე გვყავს 6 წლის ემილი, რომელიც წელს სკოლაში შედის.
- დაგყავთ თეატრში? აჩვევთ ამ სფეროს?
- ეს უნებურად ხდება, ესწრება რეპეტიციებს, სპექტაკლებს და ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როცა თეატრში სიარული დაიწყო. არ ვიცი, ეს პატარა ბავშვი რანაირად ახერხებს, მაგრამ შეუძლია სრულ, საათნახევრიან წარმოდგენას ისე უყუროს, რომ ერთხელ არ გაუჩნდეს ხმამაღლა სიტყვის თქმის ან შინ წასვლის სურვილი.
- თეატრში ქცევის წესებზე ესაუბრებით თუ თავად ტიპაჟია ასეთი?
- ალბათ, ასეთი ბუნება აქვს, მაგრამ ჩემი შვილის აღზრდაში ჩემს მეუღლეს უდიდესი წვლილი აქვს, ეს თავიდანვე ყოველგვარი დამხმარის გარეშე, საკუთარ თავზე აიღო და დღემდე ღირსეულად უმკლავდება ამ საქმეს.
- დაბოლოს, თეატრების სეზონის დახურვამდე რა შედის თქვენს გეგმებში?
- რუსთავის თეატრში პრემიერა გაიმართება, სადაც სოსო ნემსაძე სტუდენტებთან სპექტაკლს დგამს და მასში მეც ვმონაწილეობ. ასევე გაიმართება ჩემი რეჟისორული ნამუშევრის პრემიერაც „ისტორიის გაკვეთილი“. პიესა სპეციალურად ამ პროექტისთვის ვალერი ოთხოზორიამ დაწერა და ამ შემეცნებით სპექტაკლს სხვადასხვა სკოლაში წარმოვადგენთ. ასევე მთელი ზაფხული მუშაობა მომიწევს სხვადასხვა პროექტისთვის, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩემი საქმე მიყვარს და მინდა მთელი ცხოვრება ეს ვაკეთო.
ანა კალანდაძე