"ბევრი რამ ოჯახის გამო არ გამიკეთებია, ანგარიში გამიწევია"
არ აღელვებს, ამჩნევენ თუ არა სხვები მის ღირსებებს, ამის გარეშეც დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. ყოველი ნაბიჯი კარგად გათვლილ ტაქტიკას, შორს მიმავალ გეგმებს ეფუძნება და არა სპონტანურად მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჯიუტი, ამაყი და გულჩათხრობილი ადამიანია. მას ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეუძლია, რომელიც არ არის რისკთან დაკავშირებული", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ თხის რქას, ეს კი მსახიობ ეკა მჟავანაძის ზოდიაქოს ნიშანია.
- პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, მაგრამ ამ თემაზე ინფორმაციას თუ ვხვდები, ყოველთვის ვკითხულობ.
- "ჯიუტი, ამაყი და გულჩათხრობილი ადამიანია", - ვკითხულობთ თქვენი ნიშნის დახასიათებაში. ასტროლოგებს ეთანხმებით?
- ვეთანხმები, გაჯიუტება ყოველთვის არა, მაგრამ პერიოდულად მაინც მჩვევია. სხვისი აზრების მოსმენაც ვიცი. ფიქრი მიყვარს, არც ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დაუფიქრებლად არ გადამიდგამს. ხანდახან არის წარუმატებლობაც, ხან წარმატება, ცხოვრება ასეთია.
- გულჩათხრობილი ხართ?
- შეიძლება ასე ითქვას, მარტოობა მიყვარს, ამ დროს გარდა იმისა, რომ ვფიქრობ, ვისვენებ კიდეც. მყავს ძალიან კარგი მეგობრები, გარემოცვა, მაგრამ პერიოდულად განმარტოების სურვილი მიჩნდება.
- "ზოგჯერ პესიმიზმი მოეძალება და ჯუჯღუნა ხდება".
- ზოგჯერ - კი, მაგრამ ვცდილობ, ასეთი საზოგადოებაში არ ვიყო, შინ, ჩემს მეუღლესთან უფრო თამამი ვარ.
- "ის ყველა დეტალს სიფრთხილით ეკიდება, წინდახედულია".
- ეს ჩემი თვისებებია. არ მიყვარს უსიამოვნება, კონფლიქტი, ამიტომ ნაბიჯის გადადგმამდე ყოველთვის ბევრს ვფიქრობ.
- "ენამახვილია, ოღონდ ყოველთვის ირონიული ტონით".
- გურული ვარ და სხვაგვარად არ შეიძლება.
- თქვენს ირონიას სწორად იგებენ?
- ირონიას იმ ადამიანებთან ურთიერთობისას მივმართავ, ვინც ძალიან კარგად მიცნობს და ვიცი, რომ ნათქვამს სწორად გამიგებს. სხვა შემთხვევაში ვერიდები, არ მინდა, ვინმეს გული ვატკინო, ურთიერთობებს ყოველთვის ვუფრთხილდები.
- "არ აღელვებს, ამჩნევენ თუ არა სხვები მის ღირსებებს, ამის გარეშეც დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე".
- დიდ წარმოდგენაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ის არ მაღელვებს, სხვა ამჩნევს თუ არა ჩემს ღირსებებს. მე სულ ვცდილობ, ღირსეულად ვიცხოვრო და სხვა დაინახავს თუ არა, ამისთვის არაფერს ვაკეთებ. ჩემთვის მთავარია, საკუთარ თავთან მარტო რომ დავრჩები, მართალი ვიყო.
- "ეჭვიანია".
- ეჭვით დაავადებული არ ვარ, მაგრამ პერიოდულად რაღაც აზრები გამკრავს ხოლმე.
- ამას გამოხატავთ?
- არა, თითქმის არასდროს.
- "ზოდიაქოს ნიშანთაგან ყველაზე მომთხოვნი და პრეტენზიულია, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ".
- საკუთარი თავისადმი ძალიან მომთხოვნი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს მიდგომა, როგორც მე მოგექეცი, შენც ისე უნდა მომექცე. ადამიანებისგან გულნატკენი ვარ ხოლმე. ურთიერთობებში თამაში არ მიყვარს. ადამიანს რომ მივიღებ, ჩემიანად ვთვლი, შემდეგ ბოლომდე გულწრფელი ვარ ამ ურთიერთობებში და როცა მეორე მხრიდან იმავეს ვერ ვიღებ, მერე გული მტკივა, მაგრამ ამ ტკივილს აღარ გამოვხატავ.
- კარგი ინტუიცია გაქვთ?
- ამბობენ.
- თავად ვერ გრძნობთ?
- როგორ არა, არაერთხელ მიგრძნია, თუნდაც - ჩემს საქმეში. კასტინგების დროს ინტუიცია ძალიან მეხმარება. ადამიანების ხასიათებს ჩემებურად ვიკვლევ ხოლმე, საუბრით, მანერებით ბევრი რამის გარკვევაა შესაძლებელი. ინტუიციას ვერ ისწავლი, ის ან გაქვს, ან - არა. შეიძლება მის განვითარებაში ისიც დამეხმარა, რომ ფიქრი მიყვარს და ვა-ბანკზე არასდროს მივდივარ.
- ხშირად საკუთარ შეგრძნებებს და შთაბეჭდილებებს უფრო უჯერებთ, ვიდრე ფაქტებს, საკუთარი თუ სხვისი გამოცდილებიდან?
- ასე ხშირად ხდება, ამ შემთხვევაში ინტუიციაც თავის როლს თამაშობს. ადამიანის გაკიცხვა არ მიყვარს. მე ხომ არ ვიცი, ჩემს ცხოვრებაში რა მოხდება, კონკრეტულ მოცემულობაში როგორ მოვიქცევი, ხვალ შესაძლოა ტვინი გადამიტრიალდეს და სრულიად სხვა ადამიანად ვიქცე. ამიტომ არასდროს ვამბობ: "მე ასეთი ვარ", "მე ამას არ გავაკეთებ"... ცხოვრება მოულოდნელობებით იმდენადაა სავსე, ადამიანმა წინასწარ არაფერზე უნდა დადო თავი, ამის გამოცდილება მაქვს, ცხოვრება მუხთალი რამ არის.
- შეგრძნებები არ გატყუებთ?
- ხანდახან მატყუებს, ვცდები კიდეც, მაგრამ იმ შეცდომებზეც ხომ შეიძლება ისწავლო. ჩემი სიფრთხილე, თავდაჯერებულობა ბევრ რამეში მეხმარება. რომ გადავხტები, "ჰოპას" მერე ვიძახი.
- "მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეუძლია".
- ვერ გეტყვით, ყოველთვის ასეა-მეთქი. ცხოვრებაში მქონია მომენტი, ჩემი ნათქვამი ბოლომდე გამიტანია, მიწვალია, დიდი შეჯახებები, შეფერხებებიც მქონია, მაგრამ ის გამიკეთებია, რაც მინდოდა.
- "სძულს მარცხი, თუმცა ბუნებით მშვიდია".
- არაერთი მარცხი მქონია, მაგრამ იმ მარცხსაც კი ჩემთვის უკეთესი შედეგი მოუტანია, გავუძლიერებივარ. არ შეიძლება ადამიანი მარცხმა პანიკაში ჩაგაგდოს, ეს ხომ გამოცდილებაა.
- "მას არ უყვარს გასესხება, მაგრამ თუ ვინმე მოსწონს, არასდროს ეტყვის უარს დახმარებაზე, ინსტინქტი კარნახობს, გარს შემოეხვიოს მას, ვისი გადარჩენაც სურს".
- მართალია, ადამიანს მხოლოდ ფინანსურად ხომ არ ეხმარები, შეიძლება თანადგომა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, შენი თუ სჯერა, გამოცდილების გაზიარებაც დიდი საქმეა. საამისოდ არც დროს და არც ენერგიას არასდროს ვიშურებ.
- "მას ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეუძლია, რომელიც არ არის რისკთან დაკავშირებული".
- მართალია, რისკი ძალიან არ მიყვარს, მაფორიაქებს და სიმშვიდის შეგრძნებას მიკარგავს.
- "პარტნიორს ყოველთვის თავად ირჩევს, ხშირად ეჭვიანია".
- ვერ გეტყვით, რომ ჩემს მეუღლესთან ურთიერთობის აწყობაში ძალიან ვიაქტიურე, ეს ურთიერთობა ორმხრივად, ბუნებრივად აეწყო.
- "მას შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს".
- არა, ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია.
- საჭიროება არ ყოფილა?
- ყოფილა, მაგრამ ასე არ მოვქცეულვარ.
- "მას ეხერხება საკუთარი პოზიციის სისწორეში ნებისმიერი ადამიანი ადვილად დაარწმუნოს".
- არც ამას ვცდილობ. მე ჩემი პოზიცია მაქვს და იმ პოზიციას თავად ვიცავ, მაგრამ დღეს ისეთი ცხოვრებაა, ათასი რამ არის საფიქრალი, საზრუნავი და სხვა რომ რამეში დავარწმუნო, ამით თავს არ ვიღლი. არც მოკამათე ვარ. მოგისმენ, შენს აზრს გავატარებ ან მივიღებ. თავისუფლების მოყვარე გახლავართ და ადამიანებსაც თავისუფლებას ვაძლევ.
- საქმეზე კონცენტრირებაში, მიზნების მიღწევაში რამდენად გეხმარებათ, რამდენად მნიშვნელოვანია, გქონდეთ აწყობილი პირადი ცხოვრება, დალაგებული ოჯახი?
- ოჯახი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. შეიძლება ითქვას, ბევრი რამ ოჯახის გამო არ გამიკეთებია, რადგან ანგარიში გამიწევია, რაღაც დეტალები გამითვალისწინებია. ადრეც ასე იყო და დღესაც ასეა.
- თავგადასავლების მოყვარული ხართ?
- რომ გითხრათ, თავგადასავლებს ვეძებ-მეთქი, ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩემს ცხოვრებას რომ გადახედავ, თავგადასავლებით სავსეა. ბევრ ადამიანთან მქონია ურთიერთობა და ვფიქრობ, ეს წლები საინტერესოდ გავიარე. ჯერ არ მაქვს ამის უფლება, მაგრამ ცოტა დრო რომ გავა, ამ ყველაფერზე აუცილებლად ვილაპარაკებ ან დავწერ.
- ცნობისმოყვარეობით გამოირჩევით?
- როგორ არა, ცნობისმოყვარე ვარ, მაგრამ არასდროს განვიკითხავ. ამბავს გავიგებ, მაგრამ იმ ამბავს სხვა ადგილზე არ მოვყვები, ჭორაობა არ მიყვარს.
- შრომისმოყვარე ხართ?
- უზომოდ შრომისმოყვარე ვარ, ეს ჩემი გამორჩეული თვისებაა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს საქმე პროფესიასთანაა კავშირში თუ ყოველდღიური ოჯახური ამბავია. შრომა მიყვარს და სანამ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, ვიშრომებ.
- "მისი ყოველი ნაბიჯი კარგად გათვლილ ტაქტიკას, შორს მიმავალ გეგმებს ეფუძნება და არა სპონტანურად მიღებულ გადაწყვეტილებებს".
- სპონტანურობა ჩემს ხასიათში ნამდვილად არ არის, ასეთი გადაწყვეტილებებისგან ძალიან შორს ვარ.
- "მტრები იშვიათად ჰყავს, მაგრამ მის მიმართ შურის გრძნობა ბევრს უჩნდება".
- სამწუხაროდ, შურს ნამდვილად ვგრძნობ. რაღაც წყენა რომ მაქვს, დავფიქრდები ხოლმე, ნეტავ რა მოხდა? მერე ვხვდები, ვიღაცას შეშურდა, ეს ჩვეულებრივი ამბავია.
- შეიძლება წარმატებული ადამიანების თანმდევი განცდაცაა, არა?
- შეიძლება. მტრები არ მყავს, არც მინდა, ჩემთან ეს შეგრძნება ახლოს მოვუშვა. იმ ადამიანებთან ყოფნა და იმათზე ფიქრი მირჩევნია, ვინც მიყვარს და ვიცი, რომ მათაც ვუყვარვარ.
თამუნა კვინიკაძე