"ცეკვამ მაპოვნინა საკუთარი თავი..." - გზაპრესი

"ცეკვამ მაპოვნინა საკუთარი თავი..."

მივედი ქალბატონ ნინო სუხიშვილთან და გავესაუბრე. მან სტაჟიორთა ჯგუფში ჩამსვა და მითხრა, რომ ყველაფერი ჩემს შრომასა და მონდომებაზე იქნებოდა დამოკიდებული. სულ რამდენიმე თვეა, რაც "სუხიშვილების" სტაჟიორთა ჯგუფში ვცეკვავ და ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩავდო, ავითვისო და გავითავისო ის განუმეორებელი სტილი, რომელსაც "სუხიშვილები" ქმნიან", - ამბობს კესო ნონიაშვილი...

- ბავშვობა ხაშურში, ჩემს დიდ ოჯახთან ერთად გავატარე. ყოველი ზაფხული მამიდებთან და მამიდაშვილებთან ერთად, საინტერესოდ გადიოდა. საღამოობით ბებიის მონათხრობ ამბებს ვისმენდით და ბევრს ვმხიარულობდით. ნარდის თამაში, აუზში ცურვა, გიტარის ჰანგებზე სიმღერა, საინტერესო საუბრები ყოველთვის ბედნიერების მომგვრელი იყო და ძალიან ტკბილად მახსენდება. ასეთმა გარემომ ჩემს ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა... მთელი ბავშვობა საოჯახო დღესასწაულებზე მუსიკის თანხლებით, დედის რიტმულ მოძრაობებს რომ ვიყურებდი, სულ მინდოდა, მისთვის მიმებაძა. დედას ძალიან ცოტა ხანს მოუწია ცეკვამ და მისი სურვილი იყო, შვილებსაც მოგვესინჯა ჩვენი შესაძლებლობები. სიმართლე გითხრათ, თავიდან არ გამოვირჩეოდი ნიჭით. ყველაფერი მხოლოდ თავდაუზოგავი შრომისა და ქორეოგრაფის უდიდესი ამაგის დამსახურებაა.

- როდის ეზიარეთ ხელოვნებას?

- 7 წლის ასაკში შემიყვანეს ცეკვის სტუდიაში, ქალბატონ ელენე რატიანთან. ხელოვნება აქამდე თუ მხოლოდ ბავშვურ ნახატებსა და მუსიკის ჰანგებს გულისხმობდა, იმ დღიდან ჩემს მაცოცხლებელ ძალად და ცხოვრების წესად იქცა. სტუდიაში მისვლიდან ძალიან მალე, ქორეოგრაფმა ჩემში დიდი მონდომება შენიშნა და დედას დაურეკა თხოვნით, ანსამბლში გადავეყვანე. მოგეხსენებათ, ანსამბლში ცეკვის გაგრძელება დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რისი შესაძლებლობაც იმ პერიოდში ოჯახს არ ჰქონდა და დედა ამის გამო თავს იკავებდა. სწორედ ქორეოგრაფის დაჟინებული თხოვნისა და ყველანაირი ხელშეწყობის (როგორც ფინანსური, ისე მორალური) წყალობით გავხდი ანსამბლ "ფრესკას" წევრი და იმ დღიდან მოყოლებული დაუღალავი შრომა, დისციპლინა, მუდამ პროგრესისკენ სწრაფვა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

- სკოლის პერიოდი როგორ გახსენდებათ?

- ამ პერიოდში იყო მრავალი წარმატება, უსაზღვრო სიყვარულით სავსე დღეები, თავგადასვლები, გამოწვევები და ბევრი მიღწევა. ხაშურის #2 საჯარო სკოლა ჩემთვის ის ადგილია, სადაც განსაკუთრებულ სითბოს ვიღებდი თითოეულ მასწავლებელთან ურთიერთობით. ახლაც, როდესაც ჩემს რაიონში ჩასვლა და სკოლის გვერდით ჩავლა მიწევს, გული სიამაყით მევსება და ემოციები მძლავრობს ჩემში. იქ ხომ ყველაზე ბედნიერი და დაუვიწყარი წლები გავატარე. ძალიან გამიმართლა მასწავლებლებში. ჩვენი ურთიერთობა დღემდე გრძელდება. წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, განსაკუთრებით ლიტერატურა მიყვარდა, რაც დამრიგებლის, ნანა მაისურაძის დამსახურებაა. ლიტერატურის გაკვეთილზე არა მარტო პროზასა თუ პოეზიას ვსწვალობდი, არამედ ცხოვრებისეულ ღირებულებებს. პასუხისმგებლობის განცდა მუდამ მავალდებულებდა ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომევლინა და მასწავლებლებისთვის იმედი არ გამეცრუებინა, რამაც გამოიღო ის შედეგი, რომ სკოლა წარჩინებით, ოქროს მედალზე დავამთავრე და ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით ჩავირიცხე.

- სცენაზე პირველად გასვლა რამდენად ემოციური იყო თქვენთვის?

- სცენაზე პირველად 10 წლისამ დავდგი ფეხი. მახსოვს, რამხელა მღელვარებასთან იყო დაკავშირებული. ნერვიულობა ქორეოგრაფის იმედების გამართლების უდიდესი სურვილით იყო გამოწვეული. სცენაზე გასვლისთანავე განცდები კულისებში დავტოვე და მაყურებლით სავსე პარტერის შემხედვარე ლაღად და თავისუფალად ვასრულებდი აჭარულის საცეკვაო კომპოზიციას. ეს დღე მუდამ მძაფრ მოგონად დარჩება ჩემში. დღე, როდესაც ჩემი სასცენო დებიუტი შედგა და გზა გამიკვალა დიდი მიზნებისკენ.

- როგორ აღმოჩნდით ანსამბლ "სუხიშვილებში"?

- ქართული ნაციონალური ბალეტი ეპოქალური მოვლენაა, ქართული კულტურის მწვერვალი და იდენტობის ნაწილია. ამ გენიალური ანსამბლის ისტორიას ხომ კორიფეები ქმნიდნენ, რომელთა ცეკვა დღემდე უმაღლესი სტანდარტია. "სუხიშვილებში" ცეკვის ბედნიერება ჩემს ქორეოგრაფს, ელენე რატიანსაც ხვდა წილად. იქ მიღებული გამოცდილების შედეგად ყოველ რეპეტიციაზე მაგალითად მოჰყავდა დიდი ნინო რამიშვილის საშემსრულებლო მანერა, მისი ხასიათი. "სუხიშვილების" წარმატებულ მოღვაწეობას ხშირად უსვამდა ხაზს, რამაც ჩემში აღძრა სურვილი, მეც მეცადა ბედი ამ ლეგენდარულ ანსამბლში. როგორც კი სკოლა დავამთავრე და სასწავლებლად თბილისში გადმოვედი, ქალბატონ ნინო სუხიშვილთან მივედი და გავესაუბრე. მან სტაჟიორთა ჯგუფში ჩამსვა და მითხრა, რომ ყველაფერი ჩემს შრომასა და მონდომებაზე იქნებოდა დამოკიდებული. ჩემთვის დიდი პატივია ასეთი მოცეკვავეების გვერდით ყოფნა. თითოეული წევრისგან თანდგომას, პოზიტიურ დამოკიდებულებას და ყურადღებას ვგრძნობ, რასაც ძალიან ვაფასებ. ეს ჩემთვის, როგორც ჯგუფის ახალი წევრისთვის, დიდი კომფორტია. ყოველ რეპეტიციაზე იგრძნობა დისციპლინა, პედაგოგთა პროფესიონალიზმი, საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რაც ქმნის უმაღლეს შედეგზე ორიენტირებულ გარემოს.

- გასტროლებზე თუ იმყოფებოდით?

- ანსამბლ "ფრესკაში" ცეკვისას ბევრი წარმატება მქონდა, არაერთ გასტროლზე მომიწია წასვლამ. პირველი გასტროლი ბულგარეთში იყო, სადაც პირველად შევასრულე სოლო პარტია. მახსოვს ის ემოციები, საზღვრის გადაკვეთისთანავე რომ ვიგრძენი. ერთგვარი კულტურული შოკი იყო, რომელიც 12 წლის ასაკში მივიღე. ყველაფერს სხვაგვარი ელფერი ჰქონდა. 10 დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად გვიწევდა კონცერტების გამართვა. თითოეული გასტროლი განვითარებასთან არის დაკავშირებული, ყველა ჩვენს თავზე ვართ პასუხისმგებელნი, რაც დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებია. იმის გარდა, რომ სხვადასხვა კონცერტსა და ფესტივალში ვმონაწილეობთ, გვაქვს საშუალება ქვეყნის დათვალიერების, ვეცნობით უცხო კულტურას, ტრადიციებს, ღირსშესანიშნაობებს, სამზარეულოს...

img-4060-1719752488.jpg

- თანამედროვე ცეკვებში უფრო კარგად გრძნობთ თავს თუ კლასიკურში?

- თანამედროვე ცეკვა პროგრესის, გემოვნების, თავისუფლებისა და ახლებური ხედვის ნაყოფია. ის არ სცდება ეროვნულობის ჩარჩოებს, ძველზე დაფუძნებით იქმნება. ახალი ცეკვები თავიდან ბოლომდე ქართული სულით არის გაჟღენთილი, ოღონდ იმ სულით, რომელიც დღევანდელ ქართველს აქვს. თანამედროვეს კლასიკად ქცეული ძველი ქართულ ცეკვა ასაზრდოებს. აქედან გამომდინარე, რთულია რომელიმეს მიანიჭო უპირატესობა. ამიტომაც ამბობს ბატონი ილიკო სუხიშვილი, რომ ძველიც უნდა გააგრძელო და ახალიც აკეთო. მე, როგორც მოცეკვავე, ძველისა თუ ახლის შესრულებისას ერთნაირ სიამოვნებას, თავისუფლებასა და სიყვარულს ვგრძნობ. ორივე პროგრამა მეტად განსხვავებული ხასიათით შესრულებას მოითხოვს, მაგრამ რაც აერთიანებთ, ეს სილაღე და თავისუფლებაა.

- რას იტყოდით ნინო და ილიკო სუხიშვილების შესახებ?

- ქალბატონი ნინოს და ბატონი ილიკოს, ისევე როგორც მათი წინაპრების, მოღვაწეობის მთავარი დამსახურება ქართული კულტურის პოპულარიზაციაა. მათი მეოხებით ქართულმა ცეკვამ მსოფლიოს სცენები დაიპყრო. არასდროს განელებულა "სუხიშვილების" პოპულარობა, პირიქით, სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, რაც ტრადიციასთან შერწყმული ინოვაციის დამსახურებაა. არ უშინდებიან სიახლეებს, მუდამ გვანებივრებენ ახალი პროექტებით, მოცეკვავეებს თავისუფალი იმპროვიზაციის საშუალებას აძლევენ, რაც პროგრესისკენ სწრაფვის მთავარი პირობაა. ისინი ხელოვნების განვითარებაზე განუწყვეტლივ ფიქრობენ, რათა იყოს ცოცხალი ორგანიზმი და არა სამუზეუმო ექსპონატი.

- როგორც უკვე ახსენეთ, სხვა პროფესიასაც ეუფლებით...

- ცეკვამ მაპოვნინა საკუთარი თავი და ჩემი პიროვნების ფორმირებაში უდიდესი როლი ითამაშა. თუმცა, ბავშვობიდან მიყვარდა წერა და გადავწყვიტე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება. ეს ის სფეროა, რომელიც ცხოვრების ასპექტებთან და რეალობასთან ყველაზე მეტად გვაახლოვებს; გვაძლებს საშუალებას, ვემსახუროთ საზოგადოებას. რაოდენ წარმოუდგენლადაც უნდა ჟღერდეს, ხელოვნებასთანაც ვხედავ საერთოს, ორივე მათგანი რეალობას ასახავს და ორივეს შინაარსი დღევანდელი მდგომარეობით არის ნაკარნახევი.

მანანა გაბრიჭიძე