"ვაი, იმ მონაწილის მხარდამჭერებს,ვინც ფინალში დიასას გვერდით იჯდება..."
რომელიც რეალითი შოუს პირველი სეზონის ფინალისტი გახლდათ, პროექტი ახლახან დატოვა. გავრცელებულია მოსაზრება, რომ პროექტი წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც შოუში დიასა (გიორგი დიასამიძე) იმარჯვებს. ამის შესახებ ანიც საუბრობს და იმ ინციდენტის შესახებაც გვიყვება, რომლის გამოც პროექტისგან გაფრთხილება მიიღო...
- რა თქმა უნდა, ცოტათი ნაწყენი ვარ. ჩემი მიზანი მოგება იყო, მაგრამ ისიც ნათქვამი მქონდა, რომ თუ ხმის ლიდერი ვერ გავხდები, პროექტს აუცილებლად დავტოვებ-მეთქი. ჩემი სიტყვა შევასრულე.
- კონკრეტულად, ვინმეზე ხარ ნაწყენი თუ შექმნილი სიტუაციის გამო განაწყენდი?
- არ ვიცი, ჩემ გარშემო ეს რისთვის, რატომ მოხდა: მაგალითად, როცა შოუში რამე თემას განიხილავდნენ და მეც მინდოდა, ჩავრეულიყავი, იყო შემთხვევა, "პრაიმ ჰაუსის" ჟურნალისტი მოვიდა, ხელი ხელზე მომკიდა, - გამოდი, გამოეცალე, საუბარში არ ჩაერიოო, ანუ არ მაფიქსირებდნენ, არ უნდოდათ, შოუში გამოვჩენილიყავი. ყველანაირად ვცდილობდი, გულშემატკივრებისთვის - ჩემი "გვირგვინოსნებისთვის" მეჩვენებინა, მეც აქ ვარ-მეთქი, მეაქტიურა, მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევდნენ. არ ვიცი, შიგნით, სტაფის წევრებიდან ვის რა დავუშავე, ასე რატომ მექცეოდნენ, მაგრამ რაც პროექტში ყოფნისას გადამხდა, იმას მხოლოდ და მხოლოდ შტერი ვერ გაიგებდა. აშკარაა, ვიჩაგრებოდი. იმ პერიოდში ბევრი კარგი, სასაცილო ეპიზოდები მქონდა პროექტის მონაწილეებთან ერთად. მათგან 1-2 ეპიზოდი გადაცემაში რომ "ჩაესვათ", მაყურებლები აუცილებლად დამინახავდნენ... ბოლოს, როცა აუტსაიდერების სკამზე ვიჯექი, ვალდებული იყვნენ, ჩემთვის ლაპარაკის საშუალება მოეცათ, რადგან მერე ხალხი ხომ იტყოდა, ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიაო?!. როგორც კი კამერა ჩემკენ მოტრიალდებოდა, მაშინვე ვცდილობდი, ყველაფერი მეთქვა და ხალხისთვის ინფორმაცია გადამეცა. თუ გახსოვთ, პროექტში ყოფნისას გაფრთხილება მივიღე. სინამდვილეში, ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ მონაწილეებს რამე დავუშვე: გარედან გარკვეული ინფორმაცია მივიღე, რის გამოც სტაფის წევრს შევუვარდი და ვეუბნებოდი, - ნუ მამაიმუნებთ! ვიცი, ეს პროექტი მაინც დიასასია. აქ იქამდე დავრჩები, სანამ სიმართლეს ზუსტად არ გავიგებ. რეალითი შოუში, ფაქტობრივად, სტაფის წევრი მონაწილედ მიზის-მეთქი!.. მას მერე პროექტში უკვე ჩემი "გაშავება" დაიწყეს.
- "გაშავებაში" რას გულისხმობ? შეგიძლია, მაგალითი დაგვისახელო?
- საერთოდ, კოლექციები მაქვს ჩიბუხების, დანების... ერთ-ერთი ჩიბუხი პროექტში მქონდა შეტანილი. ერთ დღეს, როცა 1 საათში გარეთ უნდა გავსულიყავით, "პრაიმ ჰაუსში" უჯრას ვალაგებდი, რომ კომპანიის წარმომადგენლებს, ვინც იქაურობას ალაგებდნენ, სუფთა დახვედროდათ. ყველაფერი რომ გავშალე, უჯრაში ნაგავი, თუთუნის ნარჩენები იყო. თითებით ხომ არ მოვასუფთავებდი, არა? კოსმეტიკის ფუნჯით მოვასუფთავე, ნაგავი ქაღალდის ფურცელზე გადმოვყარე და სათითეში ჩავყარე. თან, ერთ-ერთ მონაწილეს ვესაუბრებოდი... თურმე იმ დროს "სტრიმი" ყოფილა ჩართული, კამერა - ჩემკენ მომართული. მთელი 8 წუთი კადრში ვჩანდი - როგორ ვყრიდი სათითეში თითქოს, მარიხუანას. შემდეგ, სტაფის წევრები მეუბნებოდნენ, - რომ იცოდე, ეს კადრები, თითქოს მარიხუანას ახვევდი, ინტერნეტში გავრცელდაო. ვუპასუხე, - პრობლემა თავად არ შეგექმნათ, თორემ მე არაფერს ვახვევდი-მეთქი. რეალურად, პროექტში ასეთი რამ აკრძალულია. ასევე, თუ მონაწილე პოლიტიკის, ჰომოფობიის ან ისეთი საკითხის შესახებ საუბრობდა, რაც კონტრაქტით აკრძალული გვქონდა, ეთერში არ ხვდებოდა... გარეთ გამოსულმა კადრები რომ ვნახე, 1 საათში ვიდეო ჩავწერე, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა - უბრალოდ, ეს თუთუნი იყო. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, აუცილებლად ვიტყოდი - არ დავმალავდი, რადგან რაც ვარ, ეს ვარ... სტაფის წევრების ნათქვამს რაც შეეხება, რომ კამერა შემთხვევით გადმოგვერთო და ვერ შევამჩნიეთ, რას აკეთებდიო, თუ ვერ შეამჩნიეს, კამერა ჩემკენ რატომ მოტრიალდა, მომიახლოვდა, რატომ დამყვებოდა, ახლო კადრები რატომ "აიღო"?! ეს ყველაფერი ჩემს "გასაშავებლად" გააკეთეს. მხოლოდ ეს კი არა, კიდევ ბევრი ეპიზოდი იყო... პროექტის 3 მონაწილეს რომ დაემთქნარებინა, იმასაც კი კამერით იღებდნენ, მე კი დღე და ღამე რაღაცას ვაკეთებდი, მაგრამ ეკრანზე არ მაჩენდნენ. თუ დააკვირდით, როცა კვირის "ბოსი" გავხდი, მადლობის გადახდის საშუალებაც არ მომცეს, რომ გიორგი ნაზღაიძე არ მეხსენებინა... ყოველთვის ვამბობდი: როგორ შეიძლება, პროექტის მონაწილეებს შორის თანაბარი ბრძოლა იყოს, როცა მონაწილედ სტაფის წევრი - დიასა მიზის-მეთქი? მას ყველა კარის შეღება, ინფორმაციის მიღება შეუძლია. ამ ფონზე, როგორ შეიძლება, მე, "ვიღაც" ანი ყიფშიძემ ვილაპარაკო, - მოგება მინდა-მეთქი და ხალხი მოვატყუო?!. მოკლედ, პროექტში არავის ვაწყობდი... როგორც კი სიმართლის ლაპარაკი დავიწყე: მაიმუნი არ ვარ, ეს გზა გავლილი მაქვს-მეთქი, უნდოდათ, პროექტიდან მალე გამოვეშვით, ოღონდ - ისე, რომ სიმართლე არ მეთქვა. რა თქმა უნდა, შიდა სამზარეულოს შესახებ კიდევ ბევრი რამე ვიცი. უბრალოდ, ჯერ ამაზე ლაპარაკის დრო არ არის... პროექტის წარმომადგენლებმა ფსიქოლოგიური ზარალი მომაყენეს. დღეს დიდ გაურკვევლობაში ვარ, რადგან ჩემი "გვირგვინოსნები" ძალიან დაიხარჯნენ, ბოლომდე მომყვებოდნენ თავიანთი ოფლით ნაშოვნი "კაპიკებით". ამ ადამიანების მოტყუება არ შემიძლია: ფინალში რომ გადავსულიყავი და ჩემს საგულშემატკივროდ მაგალითად, 40 ათასი ლარი დაეხარჯათ, ბოლოს ამ თანხას დიასა ჩაიდებდა ჯიბეში, რადგან სტაფის წევრია - ლოგიკურია.
- ანუ ფიქრობ, ხმებს მარტივად გააყალბებდნენ თუნდაც, ფინალში დიასას გვერდით მჯდარიყავი?
- რა თქმა უნდა. აი, ამას გეუბნებით და თავად ნახავთ, ფინალში რა მოხდება, "ზღაპარი" როგორ დასრულდება - გადაახარისხებთ, ჩემს ნათქვამსა და სიმართლეს შორის განსხვავება იქნება თუ არა: "პრაიმ ჰაუსის" გამარჯვებული აუცილებლად დიასა გახდება. ვაი, იმ მონაწილის მხარდამჭერებს, ვინც ფინალში დიასას გვერდით იჯდება, რადგან მათი ფული ჰაერში უაზროდ გაიფანტება (მოგეხსენებათ, მხარდასაჭერი ზარები ფასიანია)... ჩემი "გვირგვინოსნების" ნაწვალები ფულით პროექტში უბრალოდ ყოფნა ჩემთვის საამაყო ნამდვილად არ იქნებოდა. ბრძოლა სამართლიანი რომ ყოფილიყო, შოუში დავრჩებოდი. არ შემშინებია, - არიქა, რესურსი არ მაქვს, არ შემიძლია-მეთქი, მაგრამ ჩემს გულშემატკივრებს თანხებს ტყუილად არ გავაფლანგვინებდი... - თუ ხმის ლიდერი არ გავხდი, პროექტს აუცილებლად დავტოვებ-მეთქი, - ეს ამპარტავნულად არ მითქვამს. უბრალოდ, არ მინდოდა, მხარდამჭერები მომეტყუებინა, სულ ესაა.
- ბილწსიტყვაობა ხომ არ იყო მიზეზი, რის გამოც კადრში ხშირად არ გაჩენდნენ?
- ერთ-ერთ მიზეზად ამასაც ამბობდნენ, მაგრამ თუ დააკვირდებით, ისინი ჩემ მიერ ნათქვამ "ქლიავსაც" "ტუს" "ადებდნენ" (მაგალითად, როცა ვთქვი, - ბიჭო, ქლიავი ხომ არ ხარ-მეთქი?). დედა არავისთვის მიგინებია. მხოლოდ ერთხელ შევიგინე, ისიც - იმ დროს, როცა სტაფის წევრებს შევუვარდი - პროექტში მაიმუნი არ ვარ-მეთქი. გაფრთხილება იმ დღეს მივიღე. მონაწილეებს ეგონათ, რომ გაფრთხილება მათ გამო მომცეს... კიდევ რამდენიმე კვირა დავაკვირდები, მერე კი იმ ინფორმაციას გავაჟღერებ, რაც დღეს მაქვს, რადგან ზუსტად ვიცი, ბევრ რამეს ფარდას ავხდი, ბევრ ადამიანს სიმართლეს ვაჩვენებ. მოკლედ, სისტემა ასეა აწყობილი: სულ რომ დედამიწა გადატრიალდეს, გიორგი დიასამიძე (დიასა) მოიგებს, რადგან სცენარი დაწერილია.
- როგორ ფიქრობ, პირველ სეზონში გიორგი ნაზღაიძემაც დაწერილი სცენარის მიხედვით გაიმარჯვა თუ რეალური გამარჯვებულია?
- პირველ სეზონში, მხარდამჭერების, ჩემი "გვირგვინოსნების" დიდი არმია მოვიპოვე, მათი დიდი სიყვარული დავიმსახურე - არსაიდან მოსულმა ანი ყიფშიძემ ამხელა კაცს ძლიერი კონკურენცია გავუწიე... არ ვიცი, პირველ სეზონში წავაგე თუ მოვიგე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, დღეს რაც "პრაიმ ჰაუსში" რეალურად ხდება, იმას ნამდვილად ვერავინ გამომაპარებს...
- ახლა რა გეგმები გაქვს, შენს ცხოვრებას როგორ წარმართავ?
- გეგმებზე ვერ ვლაპარაკობ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი შვილი - ნატალი იზრდება და აუცილებლად სჭირდება, რომ თავისი ბინა ჰქონდეს, როცა თავის ცხოვრებას აიწყობს. მიზნებს არ ვცვლი. უბრალოდ, ნაბიჯებს შევცვლი და ჩემს შვილს ბინას აუცილებლად ვაჩუქებ. "პრაიმ ჰაუსით" ჩემი ცხოვრება არ დაწყებულა და არც დასრულდება. საკუთარი თავის, ჩემი "გვირგვინოსნების" წინაშე მართალი, ჩემი სიტყვის შემსრულებელი ადამიანი ვარ. პროექტში კარგი სახელით შევედი და კარგი სახელით გამოვედი. ხალხის სიყვარული მაქვს, ჩემი შვილი ჯანმრთელია...
უბრალოდ, გული მწყდება, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია: თუ "შიგნით" ვიღაც არ გყავს, არავინ ხარ - დიდ კაცთან პატარა კაცს მართალი არ გაგივა. სხვა ქვეყანაში რომ ვცხოვრობდე, დარწმუნებული ვარ, ადამიანთა უმეტეს ნაწილს ვეყვარებოდი და ისეთს მიმიღებდა, როგორიც ვარ, რადგან არავისთვის არაფერი დამიშავებია, მით უმეტეს - იმ ხალხისთვის, ვინც დღეს ჩემი "ჰეითერია"... 3-მილიონიან ქვეყანაში ნახევარ მილიონს თუ ვუყვარვარ, ჩემთვის ესეც კარგია. შეიძლება, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები არიან, ვისაც ჩემ მიმართ აგრესია აქვს. ყოველ შემთხვევაში, ქუჩაში, ჩემთან არავინ მოსულა და არ უთქვამს: არ მიყვარხარო, არ შეუგინებია...
ეთო ყორღანაშვილი