4230-მდე მინიატიურული ფიგურა ერთ სივრცეში
სამხედრო ისტორიული მინიატიურების გალერეაში თავმოყრილია 4 ათასზე მეტი ფიგურა, 40 მმ ფორმატის ჯარისკაცები და ამავდროულად, აქვეა ქართული კოლექცია, რომელმაც ჩანაფიქრის მიხედვით, 2024 წლის ბოლომდე 60 ფიგურა უნდა მოიცვას.
ისტორიკოს და მწერალ გრიგოლ (გრიშა) რობაქიძის კოლექციონერობით გატაცება სათავეს მისი ბავშვობიდან იღებს. აგროვებდა ჯარისკაცებს, მარკებს, იარაღს, მაგრამ მაშინ არ უფიქრია ეს ყველაფერი მუზეუმად ექცია. 2015 წელს, როცა ფიგურებმა იმ რაოდენობას მიაღწია, რომ ჩათვალა, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კოლექციას ფლობდა, გადაწყვიტა დამთვალიერებლისთვის გამოეფინა.
60 წელზე მეტია მისი ოჯახი სოლოლაკში ცხოვრობს და აქვეა "დასახლებული" მინიატიურული სამყაროც, რომელშიც ყველა სტუმარს მისთვის მნიშვნელოვანი პერსონაჟის აღმოჩენაც შეუძლია. დროში მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნისა და ეპოქის მცირე ზომის წარმომადგენელთან ერთად არის შესაძლებელი. აქ მეომრების, მეფეების, რაინდების, ქართული თუ მსოფლიო ზღაპრების გმირების გვერდით, იმ ფიგურებსაც გაიცნობთ, რომლებმაც კინემატოგრაფიაშიც დატოვეს კვალი: სამი მუშკეტერი, გრაფი დრაკულა, ვან ჰელსინგი, რემბო, ინდიანა ჯონსი, ჯეკ ბეღურა, კარიბის ზღვის მეკობრეები, აქვე არიან პოპულარული სერიალის "სამეფო კარის თამაშების" გმირებიც... ექსპოზიცია განლაგებულია მაკეტ-დიორამებზე: ისტორიული ფრანგული სასახლის ფასადზე, ვიადუკზე, "ცაში" თუ "ხმელეთზე", ხოლო "ფლოტის" ქვეშ აკვარიუმში სხვადასხვა ფერის თევზი დაცურავს.
ვფიქრობ, ეს ადგილი ვიზუალური სანახაობის გარდა, სხვა თვალსაზრისითაც დიდ ყურადღებას იმსახურებს, რადგან თითოეული ფიგურა "იტევს" იმ ინფორმაციასა და ისტორიას, რომლითაც ადამიანთა ცნობიერება მდიდრდება. დღესდღეობით ის პირობები, რომელშიც გალერეა ფუნქციონირებს, მისთვის შეუსაბამოა. როგორც მასპინძლებმა მითხრეს, გარშემო ღამის ბარები და მუდმივად ხმაურია, რაც არა მხოლოდ სამუშაო პირობებს უშლის ხელს, არამედ მცხოვრებლებსაც დისკომფორტს უქმნის. და თან, ასეთი მდიდარი და უნიკალური კოლექცია, გაცილებით დიდ მასშტაბსა და შესაფერის სივრცეს საჭიროებს.
გრიშა რობაქიძე:
- ეგვიპტელი ფარაონებიდან მოყოლებული, კაცობრიობის ისტორიაში არც ერთ მნიშვნელოვან ცივილიზაციას სათამაშო ჯარისკაცებისთვის გვერდი არ აუვლია და ამას ვერც შეძლებდა. სამწუხაროა, მაგრამ უამრავი მკვლევარი თანხმდება იმ ტრაგიკულ აზრს, რომ კაცობრიობის ისტორია უმეტესად ომების ისტორიაა.
თავდაპირველად, XVIII საუკუნემდე, ეს ჰობი მხოლოდ არისტოკრატებისთვის წარმოადგენდა "გასართობს", შემდეგ კი ნიურნბერგელმა კალის საქმეთა ოსტატმა იოჰან გოტფილდ ჰილბერტმა ფრიდრიჰ დიდისა და მისი გვარდიელების წარმოება დაიწყო და "მეჯარისკაცეობა" საზოგადოების სხვა ფენის ხალხისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა.
სამგანზომილებიანი "ცოცხალი" ჯარისკაცები პირველად საფრანგეთში, XVIII საუკუნის ბოლოს გამოუშვეს, მაგრამ მათი "ოქროს ხანა" მხოლოდ 100 წლის შემდეგ დადგა - ბრიტანელმა მეწარმე უილიამ ბრიტანმა ჯარისკაცების ჩამოსხმის ახალი ხერხი აღმოაჩინა, რომელმაც ერთიორად შეამცირა წარმოების ხარჯები და ახალი სათამაშო სტანდარტი დააწესა - ფეხოსანი ჯარისკაცი სადგამიდან თვალის დონემდე სიმაღლეში 54 მმ უნდა ყოფილიყო; ეს სტანდარტი დღესაც პოპულარულია და ამაზე უამრავი მსხვილი მწარმოებელი თუ "მარტოხელა" ოსტატი მუშაობს...
რაც შეეხება, 40 მილიმეტრის სტანდარტის კალის ჯარისკაცებს, მათი წარმოება ევროპაში XX საუკუნის 60-იან წლებში სხვადასხვა ადგილას დაიწყო, ხოლო პირველად შოკოლადის კვერცხში ლითონის ჯარისკაცი Kinder Surprise-მა ჩადო. აღსანიშნავია, რომ პირველი ორი სერია ასახავდა ბალერინებსა და კოვბოებს, ეს სერიები დღეს ყველაზე ძვირად ფასობს და მათი შეძენაც რთულია, მაგრამ რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მიუხედავად Kinder Surprise-ის მოდელების შვეიცარიელი ავტორის, ჰენრი როტის უზადო ოსტატობისა და ბავშვების საყვარელი ნუგბარის პოპულარობისა, 40 მმ სტანდარტში ყველაზე ღირებულ ფიგურებად მაინც Balaban Gida Ulker (TOTO)-ს მიერ შექმნილი სულთნების ორი სერია (11 ფიგურა) ითვლება.
საგულისხმოა, რომ 1972-1974 წწ-ებში დაწყებულმა შოკოლადის კვერცხისა და კალის ჯარისკაცის "ტანდემმა", თავისი მრავალფეროვანი პროდუქციით, მილიონობით პატარა თუ დიდი თაყვანისმცემელი გაახარა, მაგრამ 1998 წელს გარკვეული გარემოების გამო არსებობა შეწყვიტა, რომელთა განხილვასაც ახლა არ შევუდგები...
- თქვენს კოლექციაში 40-მილიმეტრიანი ფიგურებია?
- დიახ, დღეისათვის 40 მმ-ია აღსანიშნავი, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ამ კოლექციით არ შემოვიფარგლეთ და ჩვენი ჯარისკაცების სერიის წარმოებაც დავიწყეთ. 10 წლის განმავლობაში გავაკეთე 59 მოდელი. ამ საქმეს თან ახლავს უწმინდესის კურთხევაც. ერთხანს სიონში მორჩილი ვიყავი, ყოველთვის თბილი ურთიერთობა გვქონდა და თავდაპირველად, როცა პირველი სერია გავაკეთე: დავით აღმაშენებელი და მისი სამეფო კარი - უწმინდესს მივართვით. მან ეს პროექტი დალოცა და თქვა, ეგ "ვეფხისტყაოსანივით" ყველას სახლში უნდა იყოსო. ძნელია არ დაეთანხმო (იღიმის)...
დღეს ჩვენი ფიგურები საკმაოდ მრავალფეროვანია. ჩვენთან ხშირი სტუმარია საქართველოს სამეფო ოჯახი და ტახტის მემკვიდრე, ბატონიშვილი გიორგი ბაგრატიონ-გრუზინსკი. ჩვენც მონარქისტები ვართ, მემარჯვენეები და ყველა ინტერვიუსა და საჯარო საუბარში ამას ვუსვამთ ხაზს.
- ალბათ, ძნელია გამორჩევა, მაგრამ პირადად თქვენთვის რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი ფიგურები?
- ქართული კოლექცია. როგორც გითხარით, პირველი ჩვენი ნაკრები არის დავით აღმაშენებელი და მისი სამეფო კარი, რომელშიც შედის: დავით აღმაშენებელი, გიორგი ჭყონდიდელი, კათოლიკოსი იოანე, დედოფალი გურანდუხტი და ამირსპასალარი. შემდეგ ჩვენი ფიგურების შექმნა გაგრძელდა სიკვდილმისჯილი მონარქების თემით: რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე, საფრანგეთის მეფე ლუი მეთექვსმეტე ბურბონი და კარლ პირველი... ასევე ჩვენ გავაკეთეთ 11 ქართველი მეფე, რამდენიმე ლიტერატურული პერსონაჟი, ფიროსმანი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, გენერლები: გიორგი კვინიტაძე და გიორგი მაზნიაშვილი, მარო მაყაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და ა.შ. აქვეა ქართული ზღაპრების პერსონაჟები: დევი, ოჩოპინტრე და ჭინკა. სასიხარულოა, რომ ქართული კულტურა და ისტორია ფაქტობრივად მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე "გავიდა" და ევროპისა და ამერიკის ყველა სახელმწიფოშია. ხაზგასასმელია სტუმრების აქტიურობის ფაქტორიც. ჩვენი ძირითადი დამთვალიერებლები ყოფილი საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები არიან: რუსეთი უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, ლიტვა, ძალიან ბევრი სპეციალურად ჩამოდის სომხეთიდან და 80-ზე მეტი სკოლის ექსკურსიაა ჩვენთან დაფიქსირებული.
მეტი სივრცე გვჭირდება და ამ თემაზე თითქმის ყოველდღიური საუბრები გვაქვს მთავრობასთან. თუ მეტი ადგილი იქნება, ფიგურები ქაოსურად აღარ განლაგდება და მიიღებს სისტემურ ხასიათს: ძველ რომს თავის ადგილი დაეთმობა, ისევე როგორც საბერძნეთს, შუა საუკუნეებს და ა.შ.
აქვე დავძენ, რომ ახლა გალერეაში მხოლოდ თევზები გვყავს, არადა, 7 წლის განმავლობაში გვყავდა 3 ზვიგენიც, ერთ-ერთ ძველ მაკეტში დაცურავდა წყლის კუც. ზოგადად, ეს ნოვატორული ტენდენცია, რომელიც "იოტა როიალმა" დანერგა მაკეტ-მშენებლობაში, არის ცოცხალი კუთხეების არსებობა მაკეტ-დიორამებში. სამომავლოდ, თუ დიდი სივრცე გვექნება, გვეყოლება: თევზები, კუები, სალამანდრები, ხვლიკები, მორიელები და ა.შ.
ანა კალანდაძე