"მე ვარ ის, ვინც საუბრობს ღმერთზე და ადამიანებს ეხმარება" - გზაპრესი

"მე ვარ ის, ვინც საუბრობს ღმერთზე და ადამიანებს ეხმარება"

მოგეხსენებათ, თითოეული ჩვენგანი, ცხოვრების ყოველ ეტაპზე, ათასგვარ სირთულეს გადის და ამ სულიერი ქარტეხილების ფონზე, უჩვეულოდ მომესმა დამაჯერებელი ტონითა და მთელი თავის შთაგონებებით ნათქვამი სიტყვები: "...კარგი ადამიანობა ის კი არ არის, რომ ცუდად არ გექცეოდე, კარგი შეყვარებულობა ის კი არ არის, რომ შეურაცხმყოფელ სიტყვას არ გეუბნებოდე, კარგი ქმრობა, კარგი შეყვარებულობა, კარგი მეგობრობა, კარგი ადამიანობა - ის არის, რომ იმას ვაკეთებდე, რაც უნდა გავაკეთო, ვზრუნავდე, გიცავდე, პასუხისმგებლობას ვიღებდე, გამხნევებდე. ძალიან მარტივია, ჩუმად ვიყო, როცა დაჩაგრული ხარ, პასუხისმგებლობა სჭირდება, რომ ხმა ავიმაღლო და შენ გვერდით დავდგე - აი, ეს არის კარგი ადამიანობა, რაც საჭიროა, იმას უნდა აკეთებდეს ადამიანი..." - ამბობდა ღომა შალლ, იგივე რომა შალამბერიძე. მერე ვიდეოს ქვეშ გაკეთებულ კომენტარებს ჩავუჯექი და აღმოვაჩინე, რომ ის თავისი კეთილშობილი ქადაგებებით, უამრავი ადამიანის გულში იმედად სახლობს... მერე მეგობრობის თხოვნა გავუგზავნე, უმალვე "დამიდასტურა" და იქვე მივწერე:

- გამარჯობა, რომა, რა ჰქვია შენს ღმერთს?

- იესო ქრისტე!!!

- როგორ დაიწყო შენი "ღვთისადმი მსახურება"?

- მე ღმერთმა თავად მიპოვა - თუ შეიძლება ასე ითქვას, რადგან პირველმა მან შემიყვარა და გამოავლინა ჩემთან სიახლოვის სურვილი; ქრისტე მოკვდა და ცოდვის სასჯელი მან მიიღო ჩემ ნაცვლად, ამის გამო კი ჩემი ცოდვები ნაპატიებად გამოცხადდა. სწორედ ამის გააზრება გახდა ჩემთვის საბაბი ღვთისათვის ცხოვრების დაწყებისა. გავიაზრე რა, რომ ღმერთი თავად მოემსახურა ადამიანს, როცა ის მიწაზე ცხოვრობდა, ადამიანის სხეულში და ამით მეც მასწავლა ადამიანთა და ღვთის სიყვარული - მან მომცა ცხოვრების მოდული, რომელსაც მივყვები.

- როგორ შეძელი ან რა ასაკიდან მიუახლოვდი ღმერთს?

- ყველაფერი ერთი პატარა ნაბიჯით დაიწყო...

17 წლის ვიყავი, როდესაც გულისთქმათა და სხვა შინაგანი ბრძოლების წინააღმდეგ ვიბრძოდი. ერთ დღეს ლოცვაში ასეთი რამ ვთქვი: "ღმერთო, ვიცი, რომ სუსტი ვარ და ცვლილება მჭირდება, თუმცა ისიც ვიცი, რომ შენთან სიახლოვის გარეშე ამას ვერ შევძლებ, ამიტომ გთხოვ, დამეხმარო, რომ მოვიცილო ყველა მანკიერი მინარევი და შევძლო საკუთარი ცხოვრების მართვა შენთან ერთად". მას შემდეგ ყოველდღიურად ვკითხულობდი ბიბლიის თითო მუხლს (მეტი უბრალოდ არ შემეძლო მსჯავრის გამო, რომლითაც სინდისი მასამართლებდა). შინაგანად ვიცოდი, რომ თუ ამას ყოველთვის გავაკეთებდი, ღმერთი ამის მეშვეობით გამათავისუფლებდა.

მახსოვს, როგორ გავიმარჯვე ორი თვის თავზე და როგორ გაიზარდა "1 ბიბლიური მუხლი 1 თავამდე"; მახსოვს სამი თვის თავზე როგორ დავდექი მუხლებზე და როგორ ვლოცულობდი ისე, რომ დროის გასვლასაც ვერ ვგრძნობდი. დრო კი გადიოდა... შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მთლიანი მზარდი გამოცდილება ამ დროს ღმერთთან ერთობას ეფუძნება, რადგან მაშინ მე შევეხე ღმერთს და ის შეეხო ჩემს ცხოვრებას. მე შევიცვალე!

- ახლა უამრავი ადამიანისთვის შენი სამოტივაციო ფრაზები შეგონების წყაროა...

- ყველა ჩემი პატარა თუ დიდი ვიდეო ან ფრაზა დაფუძნებულია იმ ნაფიქრზე, სადაც ღვთისა და ჩემი ფიქრები თითქოს ერთმანეთს კვეთდა... არ მინდა ქედმაღლობაში ჩამომართვათ, თუმცა ყოველთვის, ვიდრე ქადაგებისთვის მომზადებას ან წერას დავიწყებ, ვლოცულობ, რათა ღმერთმა ის შთამაგონოს და მათქმევინოს, რაც მას სურს, რომ ადამიანებს უთხრას. შედეგი ჩემთვისაც გასაოცარია, რადგან გამოხმაურება აჩვენებს, რომ ღმერთი ნამდვილად საუბრობს ამ გზით.

- შენი ვიდეოქადაგებების საწყისებზეც რომ გვითხრა - "პალიტრა L"-ის კონკურსზე გვიამბე, როგორ აღმოჩნდი და შენი რომანი სპეციალურად კონკურსისთვის დაიწერა? უსახელო იქსის ლაიტმოტივებზეც გვიამბე...

- 17 წლის ასაკში, როდესაც ახლად ავიდგი ფეხი ღვთის გზაზე და ჩემს ნაკლოვანებებზეც გავიმარჯვე, ამის შესახებ სხვებსაც მინდოდა სცოდნოდათ, რადგან უბრალოდ მათი დახმარება მსურდა.

ახალგაზრდებთან დავიწყე ჩემი ახალი გამოცდილების გაზიარება და ისე მოხდა, რომ დღემდე მათ ვემსახურები (უკვე 28 წლის ვარ). პატარა ვიდეოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნება ორი წლის წინ გადავწყვიტე, რადგან შთაგონებული ვიყავი, რომ ჩემი სანაცნობოს გარდა, სხვასაც სჭირდებოდა ამ გამოცდილების მოსმენა. პირველი ვიდეო აგებული იყო ფრაზაზე - "ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის", რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ეს იყო დასტური იმისა, რომ მე არ უნდა გავჩერებულიყავი.

ცოტა რამ წიგნზეც უნდა გითხრათ: ერთი წლის წინ სიზმარი ვნახე, რომ თუ ოდესმე წიგნს დავწერდი, უნდა დამეწერა ადამიანზე, რომელსაც სჭირდებოდა საკუთარი დანიშნულების პოვნა, სათაურიც კი დამესიზმრა და ახალგაღვიძებულმა "ნოუთში" მოვინიშნე. წიგნის გმირი უნდა ყოფილიყო "უსახელო X" და სწორედ ეს გახდა ჩემი წიგნის სათაურიც, რომელიც უკვე დაბეჭდილია და ხელმისაწვდომია "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში.

სიზმრიდან ერთ თვეში "პალიტრა ლ"-ის კონკურსის შესახებ გავიგე, რომელმაც უფრო მეტად ამაჩქარა, რომ სასწრაფოდ დამესრულებინა წერა. კონკურსში ვერ გავიმარჯვე, თუმცა ტოპ 3 პოზიციაში მოვხვდი და ესეც დიდი მიღწევა იყო...

შედეგების გამოცხადების შემდეგ ასეთი რამ ვთქვი: "თუ ამ გზით არ დაიბეჭდა ჩემი წიგნი, ე.ი. ღმერთს რაღაც უკეთესი გზა აქვს". ორ დღეში სრულიად უცხო ადამიანი დამიკავშირდა და მითხრა, რომ პირველი ტირაჟის ნახევარ თანხას გადაიხდიდა...

აბა წარმოიდგინე, რა დამემართებოდა, ოთახში ვხტოდი და ღმერთს მადლობას ვუხდიდი "იმ უკეთესი გზისთვის", რომლის ბილიკებიც უკვე ცხადი იყო... სხვათა შორის, ამ ადამიანის შვილს ორი დღის წინ შევხვდი შემთხვევით და მომიყვა, თუ როგორ შეიცვალა მისი შვილის ცხოვრება ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ...

რამდენიმე კვირაში კიდევ მეორე დამიკავშირდა, შემდეგ კიდევ რამდენიმე ჩემი "გამომწერი" და საბოლოოდ ჩემი წიგნიც დაიბეჭდა... აი, ამ ფაქტების შემდეგ ნამდვილად მივხვდი, რომ ღმერთს სურდა ეს წიგნი დამეწერა. დღემდე, წიგნის მკითხველები შთაბეჭდილებებს ვერ ფარავენ და ადასტურებენ წიგნის დადებით გავლენას მათ ემოციებზე, შეხედულებებსა და ცხოვრებაზე.

- შენი ერთი ჩვეულებრივი დღე როგორია?

- ჩემი დღე იწყება ტელეფონის გარეშე.

თვალს ვახელ, მეუღლესა და ბავშვს ვკოცნი და მადლიერების ლოცვას ვიწყებ, შემდეგ ვემზადები სამსახურში წასასვლელად, სადაც იდეალური ატმოსფერო მელოდება. "ბიბლუსი ჯგუფის", წიგნის კაფეს ქუთაისის ფილიალის მენეჯერი ვარ აგერ უკვე ორი წელია. ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნით ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი და შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი გამორჩეული თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს ჩვენს ფილიალში. დროების გადანაწილებაში ისე დავხელოვნდი, რომ ეს პროცესი არ მღლის. ვაკეთებ საყვარელ საქმეს - ღვთისგან მოცემული ნიჭით, ვემსახურები ადამიანთა საჭიროებებს. კვირაში ერთხელ ახალგაზრდულ შეხვედრებზე მიწევს ქადაგება, თეოლოგიურ და გამამხნევებელ თემებზე, რომელიც ეხმიანება ახალგაზრდებისა და ნებისმიერი ტიპის ადამიანის ცხოვრებას. ამისთვის მზადება კი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. დღის ბოლოს, როცა მეუღლესა და ბავშვთან ერთად ლოცვას დავასრულებ, ბავშვს საბავშვო ბიბლიას ვუკითხავთ და როცა ყველას ჩაეძინება, გრძელდება ჩემი და ღმერთის ურთიერთობა.

fb-img-1718800389523-1719820876.jpg

- ვინც აქამდე არ გიცნობდა, როგორ გაეცნობი?

- მე არ ვარ ის, ვინც თავის თავზე ბევრს საუბრობს... მე ვარ ის, ვინც საუბრობს ღმერთზე და ადამიანებს ეხმარება, რომ მოიპოვონ სულიერი და ცხოვრებისეული გამარჯვებები. მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც საკუთარ ცხოვრებაში გამოცადა წინააღმდეგობა და თავგანწირული ბრძოლით გამარჯვება.

მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც თავად გაოცებულია იმ ფაქტებით, რაც მის ცხოვრებაში ღვთიური ჩარევით ხდება. ჩემი წიგნიდან გავიხსენებ მთავარ სათქმელს, რადგან პერსონაჟი "უსახელო X"-ის სახით, მე ვარ: "მე ვარ "უსახელო", რომელსაც ღმერთმა მისცა დანიშნულება და სახელი - ხმა ცვლილებისთვის". ყველა ის მომენტი მიყვარს, სადაც მაგალითებითა და სათქმელით ვამყარებ კონტაქტს, რადგან ვთვლი, რომ ასე უფრო გასაგები ხდება მსმენელთათვის საკითხის სიღრმე.

ჩემს მსმენელს და მკითხველს ვეტყოდი: არ შეუშინდეს არავითარ გარემოებას, რადგან ამჟამინდელი მდგომარეობა არ განსაზღვრავს მომავალს. შესაძლებელია ახლა რთული მდგომარეობა იყოს, თუმცა მე თავად გამომიცდია, რომ ღმერთის რწმენით ნებისმიერი პრობლემის მთა ამოიძირკვება და გადავა. ღმერთის ყოველდღიური ძიება უნებურად გაახლოებთ მასთან და ეს ამავდროულად გავლენის მატარებელია თქვენს ყოფით საკითხებზეც. როცა პოულობ მთავარს (ღმერთს), მისი მეშვეობით შენ პოულობ ყველაფერ დანარჩენს, რაც ცხოვრებისთვის გჭირდება. ვერასოდეს წარმომედგინა, რომ ერთ დღეს ბიჭი, რომელმაც უნივერსიტეტიც კი ვერ დაამთავრა, ფინანსური სახსრების უქონლობის გამო - უნივერსიტეტებში ლექციებს წაიკითხავდა; ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ბიჭი (მე), რომელიც ცომის მზელავად მუშაობდა - საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის ფილიალის მენეჯერი გახდებოდა; ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ბიჭს, რომელსაც უამრავი კომპლექსი ჰქონდა სასიყვარულო თუ მეგობრულ ურთიერთობებში - ჯანსაღ და მტკიცე ურთიერთობებს შექმნიდა; ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ბიჭი, რომელიც ცხოვრებისგან ოდესღაც დანგრეული აღმოჩნდა - გახდებოდა სხვისი ცხოვრების შენების თანამონაწილე. ამის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელი იყო, თუმცა მე ერთი რამ მქონდა გადაწყვეტილი - ღმერთთან დაახლოება. ასეც მოვიქეცი და სხვა დანარჩენიც სახეზეა.

გაუძელით! და თუ ვინმეს ამ გზაზე გამხნევება და მენტალური მხარდაჭერა დასჭირდება, თქვენ გვერდით მიგულეთ. ღვთისა და ადამიანთა მსახური რომა შალამბერიძე.

ლიკა ჯანანაშვილი