ნატუკა გულისაშვილის სავიზიტო ბარათი, ფობია და დიდი სისუსტე - გზაპრესი

ნატუკა გულისაშვილის სავიზიტო ბარათი, ფობია და დიდი სისუსტე

და აქამდე ეს ცხოვრება სწორად მოვიყვანე", - ამბობს მსახიობი ნატუკა გულისაშვილი. რა დროს შეიძლება გამოვიდეს წონასწორობიდან, კარგავს თუ არა ამ შემთხვევაში კონტროლს საკუთარ თავზე, რის გამო იტირა ბოლოს, რა აკვირვებს ყველაზე მეტად ამ სამყაროში და რა ვერ გაბედა დღემდე?" - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1971 წლის 5 ოქტომბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ვეტერინარი. ცხოველები ძალიან მიყვარდა და დღესაც მიყვარს, მაგრამ ჩავთვალე, რომ ეს ურთულესი პროფესია იქნებოდა და ვერ შევძლებდი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...სულ მხიარულიაო.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ბევრ ადამიანს არ ვენდობოდი. ეს გამოცდილებაა, რომელიც დრომ მასწავლა.

- ძალიან მტკივნეული შემთხვევებიც გქონდათ?

- რა თქმა უნდა, ასეთებიც იყო.

- ასეთ დროს როგორ იქცევით?

- იმ ადამიანთან ურთიერთობას ვკეტავ, აღარ ვურთიერთობ, ის ჩემთვის აღარ არსებობს.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ალბათ შვილის გაჩენა იყო.

- პროფესიულ წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ფილმს "მიდიოდა მატარებელი", ამ ფილმის რეჟისორს და ჩემს პარტნიორებს, რომლებთან ერთადაც ვიმუშავე.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ყოველ დილით ვიღვიძებ და ვიგებ საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნის ამბავს.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ღიმილი და თვალები.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...მოვეფერო ჩემი ოჯახის ოთხფეხა მეგობრებს, ჩემს 2 უსაყვარლეს ძაღლს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მომავლის იმედი სულ მაქვს, ოპტიმისტი ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...უარის თქმა მიჭირს, არადა, ზოგიერთ შემთხვევაში მაინც ძალიან საჭიროა. aრის სიტუაციები, როდესაც ადამიანები ჩემგან "არას" ვერთქმას ცუდად იყენებენ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ცხოვრება და დღეს ამით უკვე ბედნიერი ვარ.

- პატიება შემიძლია თუ...

- ...საქმე ტყუილს და ღალატს არ ეხება. ამ ორი რამის პატიება ძალიან მიჭირს.

- იმ შემთხვევაშიც, თუ სინანული გულწრფელია?

- (ფიქრობს) შეიძლება ვაპატიო, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია და ზუსტად თქმა მიჭირს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მჯერა, ზუსტად ისე იქნება, როგორც მე მინდა.

- ვიბნევი...

- ...როდესაც კომპლიმენტებს მეუბნებიან.

- კომპლიმენტის მოსმენა არ გსიამოვნებთ?

- როგორ არა, სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ ვიბნევი და აღარ ვიცი, მადლიერება როგორ გამოვხატო.

- ვნანობ...

- ...ფუჭად დაკარგულ დროს.

- ბევრი დრო დაკარგეთ?

- დაახლოებით 5-7 წელი.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...20 კილოგრამით ნაკლები.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ადამიანს, რომელიც თვალებში მიყურებს და მატყუებს; ძალიან უზრდელ ადამიანებსაც გამოვყავარ წონასწორობიდან.

- ასეთ შემთხვევებში, საკუთარ თავზე კონტროლი დაგიკარგავთ?

- არასდროს, სამჯერ ჩავისუნთქავ, ამოვისუნთქავ და ვატარებ. საკუთარ თავს და ქცევებს ყოველთვის ვმართავ.

- მეზარება...

- ...როცა რამეს ვალდებულებების გამო და არა საკუთარი ნებით აკეთებ.

- სიყვარული ეს...

- ...არის ღმერთი.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...იმდენად ბევრი წლის წინ იყო, აღარც კი მახსოვს. მთელი ცხოვრება შეყვარებული ვარ, ვინმე X პიროვნება არ მჭირდება.

- მაკვირვებენ...

- ...გაბოროტებული და დაბოღმილი ადამიანები.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ჩემს ოთხფეხა მეგობრებს, მეგობრებს და მუსიკას.

- ვრისკავ...

- ...არასდროს. რისკზე წასვლა ძალიან არ მიყვარს.

3-copy-1719821343.jpg

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- ...თვითმფრინავში ჩაჯდომა. სერიოზული ფობია მაქვს, 2000 წლის შემდეგ თვითმფრინავში არ ვმჯდარვარ.

- შიში რომ დაგეძლიათ, დახმარებისთვის სპეციალისტისთვის არ მიგიმართავთ?

- არა. ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ გაფრენა აუცილებელი ყოფილიყო ან ძალიან მნდომოდა, თორემ ალბათ საკუთარ თავზე ვიმუშავებდი და ამ ფობიას რამეს მოვუხერხებდი.

- ეს შიში როგორ ჩამოგიყალიბდათ, რამე შეგემთხვათ?

- გასტროლზე ვიყავით და ბელგრადიდან რომ მოვფრინავდით, ტურბულენტურ ზონაში მოვყევით, თვითმფრინავი ისე ჭრაჭუნებდა, საპირფარეშოს კარი გაიჭედა, აღარ იღებოდა. ამის შემდეგ ეს საშინელი შიში დამჩემდა.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...გემრიელობების სიყვარულია.

- ვამაყობ...

- ...რომ ადამიანებს ვუყვარვარ, რომ კარგი შვილი მყავს და აქამდე ეს ცხოვრება სწორად მოვიყვანე.

- ბოლოს ვიტირე...

- ...ხშირად ვტირი, განსაკუთრებით - კარგი ამბებისას (ფიქრობს). ბოლოს ვიტირე, როცა ჩემმა ძაღლმა შვილი გააჩინა.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მრცხვენია, ძალიან მიხარია, უხერხულობას ვგრძნობ, თან მიყვარს, როცა მაქებენ.

- მეშინია...

- ...ჩემს საყვარელ ადამიანებს ტკივილი არ მივაყენო.

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს იმ ადამიანებთან, რომლებიც 50 წლის შემდეგ შემომრჩნენ და ჩემი ცხოვრების ნაწილები არიან.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...წინ ჩემი საქმე დავაყენო. ვინმეს რამე თუ სჭირდება, სულ ვცდილობ, საკუთარი ინტერესები უკან გადავწიო და მას მხარში ამოვუდგე.

- ვიტყუები...

- ...არასდროს. ტყუილს ვერ ვიტან, ანგრევს ურთიერთობებს, აქრობს ნდობას. ჩემთვის ტყუილი ყველაზე უპატიებელი რამ არის და რაც სხვისგან არ მომწონს, იმას თავად არასდროს ვაკეთებ.

- თავისუფლება არის...

- ...საკუთარ ქცევებზე აღებული პასუხისმგებლობა. მე თავისუფალი ადამიანი ვარ.

- ინტუიცია...

- ...არ მაქვს.

- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს, საერთოდ არაფერს გეუბნებათ?

- არ ვენდობი. უკვე იმ ასაკში ვარ, რომ ბევრს ვფიქრობ, წინასწარ მეტ-ნაკლებად ვხვდები, კონკრეტულ ნაბიჯს მომავალში რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს და გადაწყვეტილებას ისე ვიღებ. სულსწრაფი ვარ, ადრე სულმოუთქმელად ვიღებდი გადაწყვეტილებებს და ცხოვრებამ მიმახვედრა, რომ ეს არასწორი მიდგომა იყო.

- როდესაც გული და გონება სხვადასხვას გეუბნებათ, ასეთ დროს როგორ იქცევით?

- გააჩნია რა სიტუაციაა. ამ ბოლო დროს ვისწავლე 40%-ით გულს დავუჯერო, დანარჩენი 60% გონებას მივანდო.

- როცა მარტო ვარ...

- ...მარტო არასდროს ვარ, ჩემ გვერდით ყოველთვის ჩემი ძაღლები არიან. მარტოობა არც მიყვარს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ძალიან კარგი იქნებოდა. რას გავაკეთებდი? აუცილებლად შევიძენდი კერძო სახლს თბილისთან ახლოს, დიდი ეზოთი და აუცილებლად ავაშენებდი ცხოველთა თავშესაფარს. ჩემ გვერდით მყოფ ადამიანებს თანაგრძნობას გამოვუცხადებდი, დავეხმარებოდი. მეც მქონდა პერიოდი, როდესაც გვერდით მყოფი ადამიანების დახმარება დამჭირდა და ვიცი, ეს რა შეგრძნებაა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ჩემს ძაღლებს ვერ გავყიდი, ადამიანებს ვერ ვუღალატებ.

- მენატრება...

- ...დედა, მამა, ძმა... ის ადამიანები, ვინც ახლა გვერდით აღარ მყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვობა მენატრება.

picture1-1719821330.jpg

- ყველაზე მეტად მახარებს...

- ...როდესაც ჩემი შვილი არის წარმატებული. როდესაც დილიდან სრულიად უცხო ადამიანებისგან, ძალიან ბევრ თბილ სიტყვას ვიღებ. ყოველი დილის გათენება მახარებს.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...აუცილებლად ვცდილობ, მობილიზაცია გავუკეთო საკუთარ თავს. მიყვარს გამოთქმა: "ესეც გაივლის", დეპრესიაში არასდროს ვვარდები.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა მითხრა: "არასოდეს თქვა არასოდეს". ეს დარიგება სულ მახსოვდა, მაგრამ ცხოვრებაში ნაკლებად გამომადგა. მამისგან კი შემდეგი სიტყვები მახსოვს: "გიყვარდეს ყოველი დღე და ყოველი წამი".

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. ყოველთვის იცოდეთ, როცა რაღაც ცუდად არის, მალე ყველაფერი კარგად იქნება, სიბნელეს სინათლე მოსდევს, დაღმართს - აღმართი. გვიყვარდეს სიცოცხლე და ყოველ დილით, მზის დანახვისას, მადლიერების განცდა გვქონდეს!

თამუნა კვინიკაძე