ავტობუსის მძღოლის ცხოვრების გზა - გზაპრესი

ავტობუსის მძღოლის ცხოვრების გზა

თუმცა თავად ქალბატონი მედეა ბერაია არ გახლავთ ჩვეულებრივი: დიდი ხანი არ არის, რაც ბავშვობის ოცნება აიხდინა და ავტობუსის მძღოლი გახდა, მანამდე კი საინტერესო გზა გაიარა... ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდის ერთ ინტერვიუში თავმოყრა გამიჭირდა, თუმცა ვეცადე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამბები "გზის" მკითხველებისთვის გამეზიარებინა...

- ბიოლოგიური ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. პლუს, რძის ნაწარმის - ევროპული და ქართული ყველის ტექნოლოგი ვარ. საკუთარი თავი ბევრ სფეროში გამოვცადე, მაგრამ ავტობუსის მძღოლობა ის საქმეა, რაც მიყვარს. თან, ეს ჩემი ბავშვობის ახდენილი ოცნებაა: დაახლოებით მეცხრე-მეათე კლასში ვიყავი. საკონტროლო წერა გვქონდა. ჩვენი ნაწერები თბილისში უნდა გამოეგზავნათ (სოხუმში ვცხოვრობდი). ერთი თემა "შუშანიკის წამებიდან" იყო, მეორე - "ვეფხისტყაოსნიდან", მესამე კი - თავისუფალი თემა გახლდათ, თუ სად ვხედავ ჩემს თავს მომავალში. ნამუშევარი 2 ფურცელს უნდა შეადგენდესო, - გაგვაფრთხილეს, მე კი 2 სიტყვა დავწერე და რვეული მაგიდაზე დავაბრუნე. მასწავლებელმა რომ წაიკითხა, რაც ეწერა, მითხრა, - დედაშენს კი არა, მამაშენს ვიბარებ, რადგან ეს დედაშენმა რომ გაიგოს, ალბათ მოგკლავსო!.. მამა სოხუმში, ფინანსთა სამინისტროს უფროსი რევიზორი იყო. ძალიან ცნობილი ადამიანი გახლდათ. პირადი მძღოლიც ემსახურებოდა. თან, ეკონომიკის ფაკულტეტზე უნდა ჩამებარებინა, მამას თავისი თანამდებობა ჩემთვის უნდა დაეთმო - ამისთვის მზრდიდა, ქალი რევიზორი უნდა ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ჩემი ოცნება სულ სხვა რამ იყო... მოკლედ, მეორე დღეს მამა სკოლაში მივიყვანე. ჩემი ნაწერი რომ წაიკითხა და გაიგო, ავტობუსის მძღოლობა მსურდა, "სასწრაფოს" გამოუძახეს, რადგან ინფარქტი მიიღო. 2 კვირა საავადმყოფოში იწვა... როცა კლინიკიდან გამოწერეს, მითხრა, - ახლავე სკოლაში წადი და ის საკონტროლო ნორმალურად დაწერე, როგორც შეგეფერებაო. ეს ის დრო იყო, როცა ავტობუსის მძღოლობა, მით უმეტეს - ქალისთვის ერთგვარ "გრეხად", დამამცირებლად მიიჩნეოდა. ვუთხარი, - კარგი, მამიკო, არ ინერვიულო. წავალ, ნაწერს შევასწორებ. მართლა შეცდომა მომივიდა-მეთქი... წავედი და დავწერე - უკაცრავად, მაპატიეთ, ავტობუსის კი არა, "გარმოშკის" (გადაბმული ავტობუსის) მძღოლობა მინდა-მეთქი (იცინის)... ამის გამო მამამ დიდი ამბავი ამიტეხა. დავამშვიდე: არ ინერვიულო, მამიკო, მიუხედავად იმისა, რომ სადაც შენ გინდა, იქ ჩავაბარებ და ვისწავლი, ავტობუსის მძღოლი მაინც გავხდები და გვარსაც გაგიგრძელებ-მეთქი... ისე მოხდა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მალე ომიც დაიწყო. მამა აფხაზეთის ომში, 1993 წელს დაიღუპა... ჩვენ იქიდან წამოვედით... ისე მოხდა, რომ 2 ბიჭი გავაჩინე. მეუღლესთან ხელი მოწერილი არ მქონია: ბავშვები რუსეთში დაიბადნენ. მამის გვარი რომ ჰქონოდათ, საქართველოში იოლად არ გამომატანდნენ - საბუთებთან დაკავშირებული რიგი პროცედურების გავლა გახდებოდა საჭირო, მე კი წელიწადში 2-3-ჯერ საქართველოში, ჩემს ნათესავებთან ჩამოვდიოდი. პირველი შვილი დაღუპული მყავს - მის საფლავზე გავდიოდი... მოკლედ, ქმარს გავურიგდი, შვილები ჯერ ჩემს გვარზე იყვნენ, ხოლო როცა საცხოვრებლად საქართველოში გადავალთ, ხელსაც მოვაწერთ და შვილებსაც გვარს გამოვუცვლით, რა პრობლემაა-მეთქი?.. მერე, ისე მოხდა, რომ მე და ჩემი ქმარი დავშორდით, მაგრამ ბავშვები მაინც ჩემს გვარზე დარჩნენ. დღეს მამას ვუგრძელებ გვარს და ავტობუსის მძღოლი ვარ, ანუ პირობა შევასრულე (იღიმის). პლუს, უკვე "გარმოშკის" კატეგორიაც ავიღე - შემოდგომაზე უკვე "გარმოშკის" მძღოლი ვიქნები...

61d5eb32-fe6e-446c-9840-b11a7c9b366d-1720439657.jpg

- შვილი როდის, რატომ დაგეღუპათ?

- პირველი შვილი, ჩემი გოგონა 3 თვე-ნახევრის იყო, როცა დამეღუპა. ეს წყალტუბოში მოხდა. იმ პერიოდში რაღაც ახალი, ექსპერიმენტული აცრა გამოიგონეს. ახლა 3 თვის ბავშვებს რომ უკეთებენ, მაშინ 2 თვის პატარებს გაუკეთეს - გადაიტანდნენ თუ არა. 20 ბავშვიდან 18 დაიღუპა. ერთ-ერთი დაღუპული ჩემი შვილი იყო. 3 კვირა იავადმყოფა და ხელში ჩამაკვდა.. ჩემთვის ეს უძლიერესი სტრესი იყო... 8 წლის განმავლობაში შავი სამოსი მეცვა, სასაფლაოზე დავდიოდი... ერთხელ მოძღვარმა მითხრა, - შენი შვილი ანგელოზი იყო, წლამდე ბავშვები ანგელოზები არიან. როცა იღუპებიან, გლოვა, შავის ჩაცმა არ შეიძლება. თუ გინდა, შენს ცხოვრებაში ბედნიერება მოვიდეს და ისევ შვილით გაიხარო, ეგ შავი სამოსი გაიხადე. ტანსაცმლის ფერს გლოვისთვის მნიშვნელობა ხომ არ აქვს? გულში იგლოვე და გაუშვიო... დავუჯერე... შემდეგ ჩემი ცხოვრება ისე შეიცვალა, რომ წყალტუბოში აღარ ვცხოვრობდი, იქ ბევრი ტკივილი განვიცადე: მამის გარდაცვალებაც იქ გავიგე, გამზრდელი ბებიისაც, მერე შვილი დამეღუპა... მოკლედ, იქ ცხოვრება აღარ შემეძლო. ისე მოხდა, რომ 8 წლის შემდეგ შვილი შემეძინა, ოღონდ - ამჯერად ბიჭი, 5 წლის მერე კი - მეორე ბიჭი...

- აფხაზეთიდან წყალტუბოში როგორ მოხვდით?

- როდესაც ომმა სერიოზული სახე მიიღო, მამაჩემი გააფრთხილეს (იქ ყველანი ვმეგობრობდით), - ეს ომი ისე მალე არ დასრულდება, როგორც თქვენ გგონიათ. იქნებ, გოგონები მაინც გახიზნო აქედანო... დედაჩემი და 3 და გამოგვიშვეს, მამაჩემი და ჩემი ძმა დარჩნენ (მერე, მამა დაბომბვისას დამეღუპა, ძმა გადარჩა). იქიდან რომ მოვდიოდით, მამამ ნაცნობობით ვერტმფრენი გვიქირავა. თქვა, - მაქსიმუმ 2 კვირით წახვიდეთ. ბევრი ტანსაცმელი არ წაიღოთო. მხოლოდ სკოლის ჩანთა, მეგობრობის დღიური, სურათების ალბომი ავიღე და ჩვენი თვე-ნახევრის ლეკვი, ფრანგული ბალონკა ჩანთაში ჩავისვი - მზად ვარ-მეთქი!.. აეროპორტში რომ მივედით, პილოტმა გვითხრა, - ბორტზე შინაური ცხოველების ყოფნა არ შეიძლება, არ აიყვანოთ. ლეკვი წაიყვანე, სადმე დასვიო. - ვაიმე, ასეთი პაწაწინა როგორ დავსვა, ხომ მოკვდება-მეთქი? - მაშინ ვერ გაფრინდებითო... - კარგი-მეთქი, - ვუპასუხე. აეროპორტის შენობას მოვეფარე - თითქოს ლეკვი იქ უნდა დამესვა, ჩემი ოთხფეხა მეგობარი ქურთუკის სახელოში ჩავისვი და ვუთხარი, - ჩუმად უნდა იყო. ხმას თუ ამოიღებ, იცოდე, ჩამოგსვამენ-მეთქი... მოკლედ, გავფრინდით... ლეკვი ჩუმად რამდენ ხანს იქნებოდა? დაახლოებით ქუთაისის ტერიტორიაზე ვიყავით, როცა წკმუტუნი დაიწყო. ხან ჩუმად ამოვიყვანე, ხან მგზავრებმა აჭამეს (სულ ახლობლები ვიყავით - ჩემი დები და გათხოვილი დის ქმრის ნათესავები). პილოტის დამხმარემ ლეკვი რომ დაინახა, პილოტთან შევიდა, - ძაღლი მოჰყავთ, უნდა ჩამოვსვათო. ქუთაისის აეროპორტში ჩამოგვსხეს. მერე, სადაც ადგილები იყო, იქ გაგვანაწილეს - წყალტუბოში გაგვგზავნეს. სანატორიუმი "სავანე" შეგვხვდა. იქ ბევრი დევნილი იყო. როგორც "მთავრობის კაცის" ოჯახს, საუკეთესო ოთახები მოგვცეს, მაგრამ წყალტუბოში ჩვენი ძაღლის "დახმარებით" აღმოვჩნდით, თორემ მამაჩემს ნათესავებისთვის სასტუმრო "ივერიაში" მთლიანი სართული ჰქონდა აღებული, მაგრამ იქამდე ვერ მივაღწიეთ. ამის გამო ყველა მეჩხუბებოდა, მაგრამ რა ვქნა? ასეთი გული მაქვს, ძაღლს ვერ დავტოვებდი...

c597ca95-635f-4d1a-88d3-894baf1015ea-1720439671.jpg

- თქვენი ცხოვრება, საქმიანობა როგორ წარიმართა?

- ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ იტალიაში, სერიოზულ საწარმოში მიმიწვიეს სამუშაოდ, როგორც ქართული და ევროპული ყველის უმაღლესი დონის ტექნოლოგი (ეს საქმე დედისგან ვისწავლე), მაგრამ უარი ვთქვი. სწორად გამიგეთ: შეიძლება უხეშად ნათქვამია, რომ ემიგრანტებს პატივს არ ვცემ, მაგრამ ვფიქრობ, უნდა გერჩივნოს, შენი შვილების გვერდით იყო და მათხოვრული 300 ლარი გქონდეს ხელფასი, ვიდრე სხვის ქვეყანაში ვიღაცის მონა იყო და 1.000 ევროს გიხდიდნენ, ამ დროს კი შვილს შენი სიყვარული აკლდეს - ბავშვს დედამთილი, დედა ან ვინმე სხვა გიზრდიდეს... ამისთვის ვერ გავიმეტე ჩემი შვილები. ბავშვს შენი ფული კი არა, შენი გული და სიყვარული უნდა. როდესაც ქმარს გავცილდი, 3 და 8 წლის ბავშვები მყავდა. 1-2 წელი თავად ვზრდიდი, რა თქმა უნდა. მერე უკვე, როცა უფროსი ვაჟი 10 წლის გახდა, ვთხოვე და დავავალე, რომ 5 წლის ძმისთვის მიეხედა, როცა მე ვმუშაობდი. ცოტათი რთული პერიოდი გამოვიარეთ. ბავშვის გაზრდაში შვილი მეხმარებოდა, თავად ვმუშაობდი... სამკერვალო ატელიეში მენეჯერი გახლდით... ჩემს ოჯახში ყველის ტექნოლოგების მესამე თაობის წარმომადგენელი ვარ. როგორც გითხარით, ეს საქმე დედამ მასწავლა, მაგრამ მე უკეთ გამომდის, ვიდრე მის რომელიმე მოსწავლესა თუ თანამშრომელს. ჯერ ერთ-ერთ საწარმოში დამხმარედ ამიყვანეს, შემდეგ სხვა საწარმოში მიმიწვიეს. იქაც 1-2 წელი ვიმუშავე და სხვაგან გადავედი, სადაც მხოლოდ 3-4 თვე ვიყავი - სიტუაცია არ მომეწონა: ვირთხა ყველს ცოტათი რომ შეჭამდა, ის ყველი ხომ უნდა გადაგეგდო, არა? ჯერ საერთოდ, ყველის საწარმოში ვირთხას რა უნდა?! იმ საწარმოში, ყველს ვირთხისგან მოჭმულ ადგილს აჭრიდნენ, ფუთავდნენ და მაღაზიებში არა, მაგრამ საბავშვო ბაღში, ციხეებში და ა.შ. გზავნიდნენ. ეს ძალიან არ მესიამოვნა, მაგრამ გაჩუმება არ მჩვევია. საწარმოში ლოკოკინები და რა აღარ იყო მოკლედ, ავდექი და წამოვედი... ისე დაემთხვა, რომ ერთ-ერთ საწარმოში მუშაობისას, მოსკოვში 3 თვით მიმიწვიეს. უფროსი არ მიშვებდა, - შენ რომ წახვიდე, რა მეშველებაო? ვუთხარი, - მეორე წელია, თქვენთან ვმუშაობ. შვებულება არასოდეს ამიღია. მიმიწვიეს, ამაზე უარს ვერ ვიტყვი. ეს შანსია - 1.000 დოლარი ჩემი შვილებისთვის მნიშვნელოვანია-მეთქი. - თუ წახვალ, უკან არ მიგიღებთო... მაინც წამოვედი ისე, რომ უფროსობა გავაბრაზე, რადგან ყველაზე მნიშვნელოვან დროს მივატოვე: უამრავი შეკვეთა ჰქონდათ ამერიკიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან...

- კი, მაგრამ უკეთესი ანაზღაურება მაინც არ შემოგთავაზეს, მათთან დარჩენის სანაცვლოდ?

- გავიზრდებით, გავფართოვდებით და მერეო, მაგრამ ხომ ვიცი, რომ ტექნოლოგის ხელფასი 2.500 ლარიდან იწყება, მე კი 800 ლარს მიხდიდნენ, რაც არ მყოფნიდა, რა თქმა უნდა. ვუთხარი, - თქვენს საწარმოზე მნიშვნელოვანი ჩემი შვილები არიან. 2 ბიჭი მყავს. პატიოსნად, წესიერად უნდა გავზარდო-მეთქი. ოჯახში ბავშვს რამე რომ მოაკლდება, შეიძლება მან მოიპაროს. არ მინდოდა, ჩემს შვილებზე ვინმეს ეთქვა, - აი, დედამ უმამოდ რომ გაზარდა, ასეთები იმიტომ არიანო. დღეს ჩემი შვილები თითით საჩვენებელი, 18 და 22 წლის ვაჟკაცები არიან. უფროსმა შვილმა უნივერსიტეტში ისე ჩააბარა და სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა, რომ მის მომზადებაში თეთრიც არ გადამიხდია. სურსათის ტექნოლოგიას სწავლობს. სწავლას წელს ამთავრებს, თან მუშაობს. სპორტდარბაზში დადის და უნიკალურ ფორმაშია... როცა სრულწლოვანი გახდა, ჩემი მანქანა ვაჩუქე, თავად სხვა ვიყიდე. შემდეგ, როცა უმცროსი გახდა სრულწლოვანი, უფროსმა თავისი ავტომობილი მას აჩუქა, თავად სხვა იყიდა...

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

- ჯერ უმცროსი შვილი დაბადებული არ იყო, როცა გარკვეული პერიოდი, ქმარმა მიგვატოვა - სხვა ქალთან გააბა ურთიერთობა. ის ქალი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. გაგეცინებათ, ქმრის საყვარელს როგორ აქებსო?! უშვილობის დიაგნოზი ჰქონდა. 14 წელი გათხოვილი იყო, მაგრამ შვილი არ ჰყავდა. როცა ჩემი მეუღლის ღალატის ამბავი გავიგე, ქმარს ვუთხარი, - ან ოჯახის ერთგულება, ან თავისუფლება-მეთქი და ბარგი ჩავულაგე. 1 წლის მერე გავიგე, რომ ის ქალი 7 თვის ორსული იყო. ქმარს ვუთხარი: ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობას არ დავუშლი. ამიტომ იმ ქალის გაცნობა მინდა-მეთქი. გავიცანი და არაჩვეულებრივი პიროვნება აღმოჩნდა. ჩემს ქმარს მისთვის უთქვამს, - ცოლს გაცილებული ვარ. 3 თვეა, ავტომობილში ვცხოვრობო.... მოკლედ, ძალიან დავახლოვდით. მერე ისე მოხდა, რომ მშობიარობა ვერ გადაიტანა, ნარკოზიდან ვერ გამოვიდა და დაიღუპა. ბავშვი გადარჩა... თან, იმ ქალს ჩემი გარდაცვლილი შვილის - თამუნას სახელი ერქვა. ბავშვზე უარს ვერ ვიტყოდი. ქმარს ვუთხარი, - მოიყვანე, მე გავზრდი, მაგრამ შენ არ დაბრუნდე, შენთან ცხოვრება არ მინდა-მეთქი (მაგრამ ისე მოხდა, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ მაინც შევრიგდით). ის ბავშვი და ჩემი შვილი ჩემი რძით გავზარდე - წამითაც არ შემიხედავს, როგორც საყვარლის შვილისთვის. თავიდანვე ვასწავლიდი და დღემდე არ ვუმალავ, რომ მისი დედა არ ვარ - იცის, რომ უბრალოდ, გავზარდე. დღეს მისი ნათლია გახლავართ... ბავშვი უკვე 2 წლის რომ იყო, ჩემმა ქმარმა თავის უშვილო დას მისცა. ბავშვის წართმევის გამო ნერვიულობისგან საშვილოსნოში რაღაც გამიჩნდა, რომელზეც ექიმმა მითხრა, - ან უნდა ამოვიღოთ, ან ბავშვი უნდა გააჩინოო. - როგორ? ბავშვი არ მიჩნდება-მეთქი... მაშინ ოპერაცია უნდა გავაკეთოთო... საოპერაციოდ რომ მამზადებდნენ, მაშინ გაირკვა, რომ ორსულად ვიყავი, ანუ ჩემი უმცროსი ვაჟი მაშინ დაიბადა, როცა საჭირო იყო და ჩემი ორგანიზმიდან გამოიტანა, თუ რამე ცუდი მქონდა...

- მეუღლეს მეორედ რატომ დაშორდით?

- კიდევ ქალები... რუსეთში ცხოვრებისას სხვა გზა არ მქონდა - უნდა მომეთმინა, ამეტანა... ადრე ამ პრინციპით ვცხოვრობდი - "გათხოვდი, მოითმინე". თბილისში 3-ოთახიანი ბინა მაქვს. დევნილების კომპენსაცია რომ მომცეს, იმ ფულით ჩემს შვილს ბინა ვუყიდე, რის გამოც მეუღლე წელიწადზე მეტხანს არ მელაპარაკებოდა - ბინა რატომ იყიდე? მოგეცა, საქმეში დავაბანდებდი (ავტომობილების ბიზნესი ჰქონდა), სამივე ბიჭისთვის ბინას "გავაჩალიჩებდიო". - არა, შენი ჭირიმე, მაგ ფულს ისევე "შეჭამ", როგორც ორჯერ ორი ოთხია, სულ ქალები გყავს. საქართველოში რომ ჩავალთ, იქაც თუ ვინმე გაიჩინე, შენთან წამითაც არ გავჩერდები-მეთქი... საქართველოში ჩამოვედით, ჩემმა ძმამ თავისთან დააწყებინა მუშაობა და მართლა მაშინვე საყვარელი არ გაიჩინა? - ერთი, შენი ჭირიმე, კარგად იყავი, ჩემს ბავშვებს უშენოდაც კარგად გავზრდი, ასე ვერ ვიცხოვრებ-მეთქი, - ვუთხარი და დავშორდი. 14 წელი მარტო ვიყავი. წელიწადი და 1 თვის წინ, ახალი ოჯახი შევქმენი. ჩემი კოლეგა - ავტობუსის მძღოლი გახლავთ, ჩემზე 13 წლით უფროსია. ძალიან გულთბილი, საყვარელი ადამიანია.

- ავტობუსის მძღოლი როგორ გახდით?

- როდესაც რუსეთიდან ჩამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ ბინა მქონდა, 1 წელი ქირით ვცხოვრობდი, ქმართან ერთად. შემდეგ, როცა მეუღლემ სხვა ქალი გაიჩინა და დავშორდით, მცირე ასაკის ბავშვებთან ერთად მარტო ვერ ვიცხოვრებდი. ამიტომ დაახლოებით 1 წელი დედასთან, ბაგების სტუდქალაქში ვიცხოვრე, რამდენიმე თვე - ჩემს დასთან. მერე, ახალ წელს ბავშვებს თოვლის ბაბუისთვის წერილის მიწერა რომ ვთხოვე, უფროსმა მისწერა: თოვლის ბაბუა, მინდა დავრწმუნდე, რომ არსებობ: ხომ ამბობენ, ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელი წელი ისეთი გექნებაო? ამიტომაც მინდა ახალ წელს ჩემს ბინაში შევხვდე. მაშინ ხომ სულ იქ ვიცხოვრებთო?.. მე და ჩემმა დამ წერილი რომ წავიკითხეთ, ტირილი აგვიტყდა... დამ მითხრა, - კონტეინერში ჩაგილაგებ საკვებს, რაც მოვამზადეთ, თქვენს ბინაში წადით, - ვითომ, უნდა დაალაგოთ და შემოგაღამდათო... ასეც მოვიქეცით და ახალ წელს ჩვენს ბინაში, თითქოს შემთხვევით შევხვდით. ბავშვს რომ შევხედე, გახარებული მუშტს კრავდა, - სურვილი ამიხდაო! შემდეგ კიდევ 1 დღეს დავრჩით, კიდევ ერთ დღეს და აი, უკვე მეცამეტე წელია, იქ ვცხოვრობთ... მერე გავარემონტეთ. 20 წლის გამოკეტილი ბინა იყო, იქაურობა - მომსპარი, სახურავი - გაუმართავი... კორპუსის თავმჯდომარედ ამირჩიეს. სახურავიც გადავხურე, ელექტროგაყვანილობა, წყალგაყვანილობა მოვაწესრიგე... იმ დროს ავტობუსით ხშირად ვმგზავრობდი - ბინაში საჭირო ნივთები გადამქონდა. ერთ მძღოლთან დავახლოვდი. მითხრა, - მაგარი გოგო ხარ. კატეგორიის მართვის მოწმობა აიღე, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ ავტობუსის მძღოლების 25% ქალი უნდა იყოს. მეც დაგეხმარები, თუ ვარჯიში დაგჭირდება და სიტყვასაც შეგაწევო. ეს ამბავი დედას რომ ვუთხარი, მიპასუხა, - მამაშენი საფლავში გადაბრუნდება, ავტობუსზე როგორ უნდა იმუშაოო?! - ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა-მეთქი. ფული მომცა, რომ საბუთებთან დაკავშირებული საკითხი დაჩქარებულად მომეგვარებინა. წავედი და პირველივე ცდაზე გამოცდები წარმატებით ჩავაბარე... 2 კვირაში ავტობუსის მძღოლად ამიყვანეს.

- თქვენი რჩეული როგორ გაიცანით?

- აქ ყველა ერთმანეთთან ახლობლობს. მით უმეტეს, თუ აფხაზეთიდან არიან, ერთმანეთს უფრო მეტად უკავშირდებიან. ჩვენს სამეგობროში სულ სოხუმელები, ოჩამჩირელები, გაგრელები ვიყავით... ჩემი მეუღლე ჩემი კოლეგა გახლდათ, ოღონდ - სხვა ხაზზე მუშაობდა. ვმეგობრობდით. სულ მეპრანჭებოდა. ვუარობდი, - არა, რას ლაპარაკობ? ამხელა შვილები მყავს, რა დროს ჩემი გათხოვებაა-მეთქი?! მთელი წელი არ გამანება თავი. მერე ისე მოხდა, რომ შევუღლდით... ჩემთვის კარგის მსურველს ვუსურვებ ჩემი მეუღლისნაირი ადამიანის გვერდში ყოლას და ჩემი შვილების მსგავს შვილებს. საოცარი ოჯახი მაქვს. ვამაყობ ჩემი სამსახურითაც, შვილებითაც და ყველაზე მეტად იმით, რომ ჩემს ყოფილ ქმარს ის 10.000-დოლარიანი კომპენსაცია არ მივუტანე, თორემ დღეს ბინა არ მექნებოდა და ქირით ვიცხოვრებდი...

ეთო ყორღანაშვილი