როგორ აფასებს მურთაზ ხურცილავა საქართველოს ნაკრების თამაშს
ქვეყანაში ყველა პროცესი გადაფარა. რამდენიმე კვირაა, საქართველო საფეხბურთო ციებ-ცხელებით ცხოვრობს. ჩემპიონატის დებიუტანტი გუნდი ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალში გავიდა. მართალია, ყველა პროგნოზირებდა, რომ პორტუგალიასთან ბიჭებს მოგება გაუჭირდებოდათ, მაგრამ მათმა თავდადებამ გუნდს გამარჯვება მოუტანა.
ამ გამარჯვების შემდეგ გულშემატკივართა არმია კიდევ უფრო დიდი ემოციებით ელოდა ესპანეთთან თამაშს. მართალია, ყველამ იცოდა, რომ ესპანეთი უძლიერესი გუნდია, მაგრამ მატჩის დასრულებამდე ქართველი ქომაგები შეძახილებით ამხნევებდნენ ჩვენს ფეხბურთელებს. ესპანეთთან წაგების მიუხედავად, ყველა მადლობას უხდის ეროვნული ნაკრების გუნდის წევრებს და ერთხმად აღიარებენ, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გააკეთა ამ ჩემპიონატში და ამით ახალი ისტორია დაიწერა.
ძალიან ღელავდნენ ვეტერანი ფეხბურთელებიც. ისინი აღნიშნავდნენ, რომ მიღწეული შედეგი საკმაოდ კარგია და დღეს ქართულ ფეხბურთს არაერთი კაშკაშა ვარსკვლავი ჰყავს. როგორი სტიმულია ფეხბურთელებისთვის ქომაგების გულშემატკივრობა, ეს ძალიან კარგად იცის გამორჩეულმა ვეტერანმა ფეხბურთელმა მურთაზ ხურცილავამ, რომელიც საფეხბურთო ისტორიაში დიდი ხნის წინ შევიდა და გულშემატკივარიც ბევრჯერ გაუხარებია. ჩემთვის ხშირად უკითხავთ, ხომ არ ვარ ამ დიდი ფეხბურთელის ნათესავი? მართალია, ნათესაური კავშირი არ გვაქვს, მაგრამ ბატონი მურთაზი წლების წინ საგვარეულოს შეკრებაზე გავიცანი. ძალიან თავმდაბალი ადამიანია, რომელსაც საკუთარ თავზე საუბარი დიდად არ უყვარს...
სულ 371 მატჩი აქვს ჩატარებული და ცენტრალური მცველის პოზიციის ფეხბურთელისთვის საკმაოდ ბევრი - 21 გოლი აქვს გატანილი. იცავდა თბილისის "დინამოს", ქუთაისის "ტორპედოსა" და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრებების ღირსებას. 1964 წელი "დინამოს" ისტორიაში ოქროს ასოებით წერია: ამ თაობამ კლუბის ისტორიაში პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოქროს მედლები. ბატონი მურთაზი, ასევე, 1972 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში; 1966 წლის ინგლისისა და 1970 წლის მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილეა. ათჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის, აქედან ხუთჯერ - პირველ ნომრად.
2013 წელს მან მიიღო სპორტის რაინდის წოდება. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ბატონი მურთაზი მწვრთნელი გახლდათ. იყო ზუგდიდის "დინამოს", ლანჩხუთის "გურიის", თბილისის "შევარდენის", "სამტრედიის", თბილისის "დინამოს", თბილისის "ლოკომოტივის", საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 2001-2003 წლებში ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრე ჩივაძის ასისტენტად მუშაობდა. 1997 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოეს. 2003 წლის ნოემბერში, როგორც უკანასკნელი 50 წლის ყველაზე გამოჩენილი ფეხბურთელი, ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს "ოქროს ფეხბურთელად" დაასახელა.
81 წლის ვეტერან ფეხბურთელს დღეს ძალიან ახარებს ქომაგების ის საოცარი ემოციები, რომლებიც ქვეყანაში ტრიალებს; მადლობას უხდის თითოეულ ფეხბურთელს კარგი თამაშისთვის და სჯერა, რომ საქართველოს სახელი ევროპაში კიდევ ბევრჯერ გაისმება და ჩვენი ბიჭები უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევენ.
მურთაზ ხურცილავა:
- საოცარი თავდადება აჩვენეს ბიჭებმა. ძალიან ნიჭიერები არიან და უდავოდ, საუკეთესოები. ჩვენი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მართლა ბრწყინვალეა, სხვას არ ჰყავს ასეთები. ძალიან მომწონს ხვიჩა კვარაცხელია. მართლა დიდი შედეგია, რასაც მიაღწიეს, მაგრამ მეტი შეუძლიათ. ესპანეთი ვიცით, როგორი ძლიერი გუნდია. ისიც ვიცოდი, რომ ძალიან გაუჭირდებოდათ მოგება, მაგრამ გულით მინდოდა, მოეხერხებინათ. კარგი გუნდი გვყავს, კარგი შედეგია, თუმცა მართლა მეტი შეუძლიათ და მჯერა, ბევრჯერ გაახარებენ გულშემატკივრებს. საქართველოში ფეხბურთელების ყველა თაობას ჰყავდა სასწაული გულშემატკივრები, როგორი ქომაგობა იციან ქართველებმა, ამ დღეებშიც ყველამ ნახა. ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს და ჩვენი ფეხბურთელები მადლობას იმსახურებენ. მოგებაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს და დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ მიიღებენ ამ სიამოვნებას და ჩვენც გაგვახარებენ. ყველა და მათი ყველა თამაში მომწონს. ძალიან კარგები არიან და წინ დიდი გამარჯვებები ელოდებათ; იშრომონ და მეტ შედეგს მიიღებენ. უნდა გიყვარდეს საქმე, რასაც აკეთებ და ამაში ყველაფერი უნდა ჩადო. ჩვენი ბიჭები ძალიან ნიჭიერები არიან, კარგად ვარჯიშობენ, შრომისმოყვარეებიც არიან. როცა მე ვთამაშობდი ფეხბურთს, მაშინ ფეხბურთზე დასასწრები ბილეთები არ იშოვებოდა, სტადიონი გადაჭედილი იყო ქომაგებით. არასდროს დამავიწყდება ის ემოციები და ასეა ახლაც. მადლობა ბიჭებს ამისთვის. არც ერთ ქვეყანას იმდენი უმაღლესი დონის ფეხბურთელი არ ჰყოლია, რამდენიც საქართველოს ჰყავდა. მსოფლიოში ისეთი ძლიერი ჩემპიონატი, როგორიც საბჭოთა კავშირის იყო, მაშინ არ არსებობდა და გუნდში 7-8 ფეხბურთელი გახლდათ უმაღლესი დონის. მხოლოდ ერთი პრობლემა იყო, სტადიონის ბილეთი არ იშოვებოდა. ყველა უყურებდა მაშინ ფეხბურთს, ფანატები იყვნენ და ახლაც ბავშვი, ქალი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, ყველა ქომაგობს ჩვენს ნაკრებს.
- რა ასაკში დაიწყეთ თქვენ ფეხბურთის თამაში?
- დავიბადე მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში. სამი და მყავდა, ჩემზე უფროსები იყვნენ. მამაჩემი პედაგოგი გახლდათ, სკოლის დირექტორი და ფეხბურთის გაგონება არ უნდოდა. ბანძაში სკოლა სახლიდან 100 მეტრში მქონდა. ფეხბურთი რომ არ მეთამაშა, სხვა სოფელში, აბედათში გადამიყვანა, სადაც თვითონ სასწავლო ნაწილი და პედაგოგიც იყო. ჩემი სოფლიდან აბედათამდე 3 კილომეტრზე მეტი გახლდათ და ყოველ დილით ფეხით უნდა წავსულიყავი. ამხელა გზის გავლა მიწევდა. რომ წამოვიზარდე, მეზარებოდა კიდეც სიარული. მდინარე აბაშა ჩამოდის ჩვენთან და იმ ადგილას ცხენს ვიჭერდი, იმ ცხენით მივდიოდი სკოლაში. ზოგჯერ ცხენის დაჭერაში დრო მიდიოდა და ყოფილა შემთხვევა, მეოთხე გაკვეთილზე მივსულვარ. ბევრი რამ მაქვს მოსაგონარი და გასახსენებელი. მართლა კარგი ბავშვობა მქონდა. მამას უნდოდა განათლება მიმეღო და ამიტომ, მასთან ფეხბურთს ვერ ახსენებდი. სწავლის გიჟი იყო. ვინ იფიქრებდა, მე რომ "დინამოში" ვითამაშებდი და ასეთი წარმატება მელოდა. რაც თავი მახსოვს, სულ ფეხბურთს ვთამაშობდი. შეიძლება ითქვას, დაბადებიდან. მაშინ მართლა არაფერი გამეგებოდა ტაქტიკის და სამწვრთნელო ამბების. ბანძას ძალიან კარგი გუნდი ჰყავდა. მაშინ სოფელი სოფელს ეჯიბრებოდა, რაიონი - რაიონს. ბანძიდან მარტვილის გუნდში 6 კაცი ვიყავით და რაიონს ძლიერი ნაკრები ჰყავდა. მახსოვს, ბანძაში კვირაობით ტარდებოდა თამაშები, სოფელი სოფელს ეთამაშებოდა და ბევრი მაყურებელი გვყავდა. მთელი ბანძა იქ იყო ხოლმე. კვირას ისვენებდა ხალხი და სტადიონზე მოდიოდა ფეხბურთის საყურებლად. რაიონის პირველობაზეც ვთამაშობდით და გამარჯვება დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული. ჯერ კიდევ სკოლაში ვიყავი, რაიონის პირველობა რომ ჩატარდა და მასში ვმონაწილეობდი. ჩვენს სოფელში ებრაელი ბიჭი ცხოვრობდა, ბიჭიკო შალელაშვილი. ვინც მარტვილის "სალხინოს" მწვრთნელიც გახლდათ და კაპიტანიც. მარტვილის გუნდი მაშინ საქართველოს პირველობისთვის იბრძოდა. ბიჭიკომ მომკიდა ხელი და მარტვილის გუნდში წამიყვანა. სკოლის მოსწავლეს ის ჩამისვამდა თავის "მოსკვიჩში" და მივყავდი გეგეჭკორის (ასე ერქვა მაშინ მარტვილს) "სალხინოს" ვარჯიშებზე. ცოტა ხანს ამ გუნდში ვითამაშე. ჩემს კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს დეიდაშვილებს, მიშა ჯოჯუას და მის ძმას, შოთას. მიშა მაშინ "დინამოში" თამაშობდა, წამყვანი ფეხბურთელი იყო პაიჭაძის დროს და დიდი როლი ითამაშა მან, რომ მე საფეხბურთო სკოლაში მოვხვედრილიყავი. შოთა კომპოზიტორი იყო. ორივემ დაარწმუნა მამაჩემი, რომ ჯობდა ფეხბურთს გავყოლოდი, - გაუშვი ბავშვი, ნიჭი აქვს, კარგად თამაშობსო. მეცხრე კლასში ვიყავი, როცა თბილისში, მე-15 საფეხბურთო სკოლაში მიმიყვანეს. მარჯანიშვილზე იყო ეს სკოლა. კარგად მახსოვს მამაჩემის სიტყვები: რა პროფესიასაც ხელს მოჰკიდებ, უნდა ეცადო, პირველი იყო. რადგან ასე ძალიან გინდა თამაში, მე ხელს არ შეგიშლი, ოღონდ პირობა მომეცი, რომ შენს საქმეში ლიდერი იქნებიო. ვიყავი კიდეც პირველი, ოღონდ თავისუფლება მოეცათ და ყველაფერზე თანახმა გახლდით. მე გავამართლე იმედები. მეათე კლასიდან უკვე მოვხვდი "დინამოში". წავიდა და წავიდა წინ ყველაფერი. ჯერ იყო ახალგაზრდული სპარტაკიადები და ასე დაიწყო ჩემი საფეხბურთო კარიერა.
- წარმატებას რომ მიაღწიოს ფეხბურთელმა, რა არის ამისთვის საჭირო?
- პირველ რიგში, ღმერთმა უნდა დაგაჯილდოოს ამ ნიჭით, ტალანტი უნდა გქონდეს, ასევე საჭიროა ბევრი შრომა და წარმატებაც მოვა. "დინამოს" მიმართ ისეთი სიყვარული იყო გულშემატკივრების მხრიდან, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ძალიან ძლიერი გუნდი გახლდათ და ფეხბურთელებს შორისაც საოცარი ურთიერთობები იყო. ერთი ოჯახივით ვიყავით. სასწაული დამოკიდებულება და მეგობრობა გვაკავშირებდა... წლების მანძილზე მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი მქონდა მიღებული, ვის წინააღმდეგაც თამაში მიწევდა, მათ თამაშს ვსწავლობდი. მაშინ არ იყო ამხელა ფუფუნება, რომ მეტოქის თამაშები გენახა. ქართველი მსაჯები მოსკოვში რომ დადიოდნენ, ვეხვეწებოდი, - ჩამომიტანეთ ვიდეოკასეტები-მეთქი. მერე დავჯდებოდი სახლში, ვუყურებდი ამ თამაშს, ვინ როგორ მოძრაობდა, საით აგდებდა ბურთს... ჩემი აზრით, "დინამოს" რომ ჰყავდა უმაღლესი დონის ფეხბურთელები, ისეთი არც ერთ ქვეყანას არ ჰყოლია, ამიტომაც საოცრად ლამაზი სანახაობა იყო ეს თამაშები და სტადიონის ბილეთის შოვნაც ამიტომ გახლდათ პრობლემა. დაფასებაც არ აკლდათ საქართველოში სპორტსმენებს. ყოველთვის ვგრძნობდით პატივისცემასა და სიყვარულს. ქართველი გულშემატკივარი დიდ სტიმულს გვაძლევდა.
- წლების მანძილზე თქვენ "დინამოს" კაპიტანი იყავით. რა ნიშნით შეგარჩიეს მაშინ?
- წარმოდგენაც არ მქონდა, კაპიტნად თუ ამირჩევდნენ. საბჭოთა პერიოდში სსრკ-ის ნაკრებს სულ ორი ქართველი კაპიტანი ჰყავდა. 10 წელი ვიყავი კაპიტანი, მერე იყო ბატონი საშა ჩივაძე. ჩემთვისაც წარმოუდგენელი გახლდათ ეს ამბავი. მოხდა ისე, რომ ალიკა შეშელევმა ფეხბურთს თავი დაანება. ჩეხეთთან ოლიმპიური თამაში გვქონდა და ამის წინ დაგვიბარეს. რომ ჩავედით, მთელი რუსეთის მთავრობა, 6 ხელმძღვანელი დაგვხვდა. მაშინ ცეკა, კომკავშირი იყო. ფეხბურთელები ერთმანეთს ვუყურებდით და ვფიქრობდით, ვინმემ რამე ხომ არ დავაშავეთო? ადგა სპორტის მინისტრი და თქვა, - აირჩიეთ გუნდის თავიო. მთელი გუნდი ფეხზე ადგა და მე დამასახელეს კაპიტნად. მათ წინააღმდეგ ვერ წავიდოდი, თორემ არ მინდოდა კაპიტნობა... ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა, სამი ჩემპიონატი ვითამაშე, ბრინჯაოს მედლები მაქვს, ოლიმპიური მედალიც, ევროპის მედალიც და მსოფლიოს ჩემპიონატის მედალიც... პორტუგალიასთან 11-მეტრიანი "გავაკეთე". მწვრთნელებმა მითხრეს, ტორეsის წინააღმდეგ უნდა ითამაშოო. ის ყოფილი კალათბურთელი იყო, 2 მეტრზე მეტი სიმაღლის, მე კი ტანად პატარა ვიყავი და მის წინააღმდეგ მიწევდა თამაში. არადა, ლეგენდარული ეუსებიოს წინააღმდეგ სათამაშოდ ვემზადებოდი. თამაშამდე ცოტა ხნით ადრე მწვრთნელმა პორტუგალიელთა ახმახი ფორვარდის, ჟოზე ტორესის "ამოკეტვა" დამავალა. წინაღამეს მესიზმრა, თითქოს საკუთარ საჯარიმოში ხელით ვითამაშე და ეს სიზმარი მაშინ ჟორა სიჭინავას მოვუყევი. მეგრულად მითხრა, - შე ამოწყვეტილო, ეს არ გააკეთო, ამაზე აღარ იფიქროო! არადა, მართლა ამიხდა იმ დღეს ეს სიზმარი, ხელით ვითამაშე საჯარიმოში და მე-12 წუთზე ეუსებიომ პენალტით გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმი არცთუ დიდი ხნის დაწყებული იყო, ჩვენს საჯარიმოში რომ ჩააწოდეს ბურთი, ავხტი და უნებლიეთ ხელზე მომხვდა. ასეთი ჩვევა მქონდა - როცა მაღალ ბურთზე ვხტებოდი, ხელებს ზევით ვწევდი და როგორც ჩანს, ამის ბრალი იყო ყველაფერი. მსაჯმა 11-მეტრიანი დანიშნა და ეუსებიომაც დააწინაურა პორტუგალია. საშინლად დავითრგუნე, საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი ამას. შესვენებამდე ძლივს მივიტანე თავი. გუნდის კაპიტანმა იაშინმა გვერდზე გამიხმო და მითხრა, ეს ვის არ მოსვლიაო?.. მოკლედ, ყველანაირად შეეცადა ჩემს გამხნევებას და ეს მართლაც მოახერხა. მეორე ტაიმში თავს უკვე მხნედ ვგრძნობდი, რიხიანად შევუტიეთ პორტუგალიას. ეუსებიო უკან ხშირად იხევდა, სულ იმას ცდილობდა, ბურთი მიეღო და თამაშში ჩართულიყო. მაგარი გახლდათ, მარჯვენა ფეხით ძალიან ძლიერი დარტყმა ჰქონდა. კორნეევმა მის წინააღმდეგ მაინცდამაინც კარგად ვერ ითამაშა. ანგარიში გავათანაბრეთ - გოლი სლავამ გაიტანა. საბოლოოდ, პორტუგალიასთან 1:2 წავაგეთ და ბრინჯაოს მედლებს დავჯერდით. რომ არა ის პენალტი, ალბათ დავამარცხებდით მეტოქეს. ჩემპიონი კი ინგლისი გახდა...
საქართველოს ყოველთვის საოცარი ფეხბურთელები ჰყავდა. მსოფლიოს საფეხბურთო ქვეყნებში არავის ჰყოლია ერთდროულად ორი ისეთი გარემარდი, როგორებიც იყვნენ მიშა მესხი და სლავა მეტრეველი. მიშა განუმეორებელი იყო თავისი ფინტით. მინახავს ყველა ქვეყნის გარემარbები, მაგრამ მიშასნაირი მარცხენა, არ მინახავს. ნახევარმცველები ჟორა სიჭინავას ბურთს ვერ ართმევდნენ. ჟორას მოედანზე ყველაფერი შეეძლო, ბურთის შენარჩუნებაც. იყო შემთხვევა, როცა დრო უნდა მოგვეგო, ანგარიში რომ შეგვენარჩუნებინა, მეტოქე კი ზეწოლას აძლიერებდა - ასეთ დროს თანაგუნდელები სიჭინავას ვეძებდით და ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ ბურთი როგორმე მისთვის მიგვეწოდებინა, ჟორა კი ბურთს არ დაკარგავდა და გუნდს ამოასუნთქებდა. რომელი ერთი ფეხბურთელი ჩამოვთვალო, საზოგადოებამ მათი სახელები კარგად იცის. მეტოქეებს შორისაც კარგი ურთიერთობა იყო ხოლმე. ერევნის "არარატთან" თამაშის შემდეგ სუფრაც აუცილებლად იშლებოდა.
- პელესთანაც გითამაშიათ, ხომ არ გაიხსენებთ ამ თამაშს?
- ერთ-ერთი გამორჩეული იყო პელესთან და ბრაზილიის ნაკრებთან შეხვედრა. მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ნაკრებში პირველად ამიყვანეს. მთელი ყურადღება პელეsken იყო მიპყრობილი, რომ მოედანზე გვენახა. ღამითაც ამაზე ვფიქრობდი. შემდეგ მწვრთნელებმა ოთახში დამიძახეს და მის თვისებებს, ძლიერ მხარეებს მიხსნიდნენ. ჩემი აზრით, მას ნაკლi არ ჰქონდა, ყველაფერში ძლიერი იყო: სისწრაფე, ორივე ფეხით და თავით თამაში, მოედნის ხედვა... ყოველთვის, როცა ბურთით იყო და თავისზე უკეთეს პოზიციაში მყოფ პარტნიორს დაინახავდა, არ არსებობდა, ბურთი არ მიეცა. გსიამოვნებდა, როცა პელეს წინააღმდეგ თამაშობდი. იყო ერთი მომენტი, როცა პელეზე გადაცემა გააკეთეს და მე მისკენ წავედი, მინდოდა დამესწრო, ბურთი თავზე დამაგდო, მე დავტრიალდი და სანამ ბურთი დავარდებოდა, ჰაერიდან მაკრატელათი დავაგდე... ეს დაუვიწყარი მომენტი იყო. ნებისმიერი ქვეყნის თავდამსხმელის წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ მსგავსი არავინ შემხვედრია. მე ასეთი მახსოვს პელე, მასზე წინ ვერავის დავაყენებ.
- ბევრჯერ დაგასახელეს საუკეთესო ფეხბურთელად, ამაზე როგორი რეაქცია გქონდათ?
- ეს დიდი სტიმულია ფეხბურთელისთვის. ადამიანს ნებისმიერი აღიარება გსიამოვნებს.
- ამჟამად ბანძაში დადიხართ? ცოტა რამ თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.
- მყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი, სამი შვილიშვილი, რომლებიც უკვე დიდები არიან და შვილთაშვილიც მყავს. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა... რაც შეეხება ჩემს მშობლიურ სოფელ ბანძას, იქ მაქვს სახლ-კარი, კარგი ეზო, ხეხილით სავსე. ადრე უფრო ხშირად დავდიოდით. ისე კი, სოფლის ფასი მართლა არაფერია. ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს ამ ძვირფას ადგილთან.
თეა ხურცილავა