"მისტიფიკაციისკენ მიდრეკილი ვარ"
სახელი, გვარი: მიშა არჯევანიძე.
ასაკი: 51 წლის.
პროფესია: კინოსა და თეატრის მსახიობი.
ამჟამინდელი საქმიანობა: მონაწილეობს სერიალში - "მარჯვენა სანაპიროში", არის თავისუფალი და გრიბოედოვის თეატრების მსახიობი.
ჰობი: კულინარია.
ცხოვრების დევიზი: "არ დაიდარდო".
- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?
- ადამიანს, რომელსაც ვარჯიში სჭირდება (იცინის).
- რატომ არ ვარჯიშობთ?
- მეზარება. მქონდა პერიოდები, როცა ვვარჯიშობდი, მაგრამ ეს საქმე ბოლომდე ვერც ერთხელ ვერ მივიყვანე. თუმცა, ყველას ისეთი ვჭირდები, როგორიც ვარ.
- წონასთან დაკავშირებით, ვინმეს უტაქტო შენიშვნა მოუცია?
- კი, უფრო ბავშვობაში. ჩემი სიმსუქნის გამო მაკომპლექსებდნენ.
- ეს თქვენზე ტრავმის სახით აისახა?
- რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ტრავმაა, როცა ადამიანს მის ნაკლზე მიუთითებენ, მით უმეტეს - ბავშვს.
- როგორი მოსწავლე იყავით?
- ნორმალური, მაგრამ თეატრისკენ მიდრეკილება ყოველთვის მქონდა, საღამოებზე ლექსებს ვკითხულობდი... აქტიური, მოძრავი ბავშვი ვიყავი.
- ადამიანებს ადვილად უმეგობრდებით?
- კი. მეგობრობისთვის ყოველთვის "გახსნილი" ვარ.
- ბავშვობის მეგობრები გყავთ, რომლებსაც დღემდე ეკონტაქტებით?
- კი, კი... ჩემი მეზობელი, რომელთან ერთადაც გავიზარდე. არც მახსოვს, როდის დავმეგობრდით. მგონი, 3 წლიდან ერთად ვართ. ახლა გერმანიაში ცხოვრობს; ასევე - ჩემი კლასელი ეკა, რომელიც ჩემი მეუღლის დიდი მეგობარიც არის. ქალები მაინც უფრო მეტად უგებენ ერთმანეთს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი მეგობარი არ არის - ეს პრობლემა, კომპლექსი არ მაწუხებს. ეკა ჩემი შვილის ნათლიაა. წლებია, ერთად ვართ. ძალიან მიყვარს... კიდევ, ჯგუფელებთანაც დღემდე ვმეგობრობ.
- ემოციური ადამიანი ხართ?
- მიუხედავად იმისა, რომ მშვიდი, წყნარი ადამიანი ვარ, ძალიან ემოციური გახლავართ. ამ ემოციას სხვებს ყოველთვის არ ვაჩვენებ. საერთოდ, ჯობია, ადამიანმა თავისი ემოციები ყველას არ აჩვენო, მაგრამ ზოგჯერ მიჭირს...
- ბოლოს რის გამო იტირეთ?
- როცა ჩვენმა საფეხბურთო გუნდმა გაიმარჯვა. ძალიან ძლიერი ემოცია დამეუფლა. გულის წამლებს ვსვამდი, ისე მიხაროდა (იცინის).
- მეუღლესთან ყველაზე ხშირად რის გამო კამათობთ?
- ვაიმე, ამას აქ ნუ ყრი, იმას აქ ნუ დებო და ა.შ. ჩვეულებრივი ოჯახური კამათი გვაქვს, ამ თემასთან დაკავშირებით.
- როგორ ფიქრობთ, თქვენ შესახებ საზოგადოებას როგორი წარმოდგენა აქვს?
- ვიღაცას მოვწონვარ, ვიღაცას - არა, ვიღაცისთვის კატეგორიულად კარგი მსახიობი ვარ, ვიღაცისთვის - კატეგორიულად ცუდი... ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება მაქვს. იმ საზოგადოებაში, რომელშიც ვტრიალებ, ჩემ მიმართ ყველა გულთბილად არის განწყობილი, ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას... საერთოდ, კარგი რეპუტაცია მაქვს (იღიმის).
- როგორ სიზმრებს ხედავთ?
- სხვადასხვანაირს. ძალიან მიყვარს, როცა მისტიკურ სიზმრებს ვხედავ, თითქოს რაღაცას რომ ნიშნავს. საერთოდ, მისტიფიკაციისკენ მიდრეკილი ვარ. ძალიან მაინტერესებს უცხოპლანეტელები, განსაკუთრებული უნარით დაჯილდოებული ადამიანები, თოვლის კაცი, იდუმალი ამბები, რასაც ვერც ადამიანი, ვერც მეცნიერება ვერ ხსნის. ამ მხრივ ჩემი მოტყუება ძალიან ადვილია. მაგალითად, ტელევიზორში ექსტრასენსებს რომ ვნახავ, ვინტერესდები. მერე, როცა გავიგებ, ტყუილი ყოფილა, გული მწყდება, რადგან მინდა, რომ არსებობდეს ეს რაღაც ჯადოქრობა...
- მისტიკური, შეუცნობელი ამბავი თავად თუ გადაგხდენიათ?
- მახსოვს, ლაგოდეხში, ჩვენი სახლის გვერდით (ღობე გვყოფდა) მარუსა ბებო ცხოვრობდა, რომელიც პურს აცხობდა. თონეში ცეცხლს რომ ანთებდა, ცხადია, მე და ჩემი დეიდაშვილიც - თამრიკო იქ ვიყავით, საყურებლად. ერთხელ ჩემმა დეიდაშვილმა მარუსა ბებოს ჰკითხა, - ამ თონეში რამდენი პური ეტევაო? - არ დაითვალო, თორემ ყველა ჩამოიყრებაო, - უთხრა მარუსამ. მარუსა გავიდა თუ არა, თამრიკომ პური სულ თითით დაითვალა და დედას გეფიცები, ყველა მათგანი ჩავარდა - არც ერთი პური არ დარჩენილა. დაბრუნებული მარუსა მაშინვე მიხვდა, - ხომ გითხარით, არ დაითვალოთო?!. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ეს ამბავია: ადამიანმა თქვა და მართლა მოხდა...
- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდით?
- ტელეპორტაციას. ადამიანი მგზავრობაში დროს არ დახარჯავ - სადაც გინდა, იქ გაჩნდები. მაგალითად, თუ სადმე ფეხბურთის მატჩი იმართება, ტელეპორტაციით იქ მოხვდები (იღიმის).
- თქვენი საყვარელი კერძი რომელია?
- შემწვარი გოჭი. ამაზე გემრიელი საჭმელი არ არსებობს.
- კულინარიით როდის დაინტერესდით?
- უფროსი კლასების მოსწავლე ვიყავი. ჩვენს ოჯახში ცხობა არ იცოდნენ (არც - ბებიამ, არც - დედამ). ნამცხვრების ცხობა დავიწყე - ძალიან მიყვარს! რეცეპტი გავიგე და გამოვაცხვე. ნელ-ნელა კერძების მომზადებაც ვისწავლე: ხან გამომდიოდა, ხან - არა... ჩემ მიერ მომზადებული პაშტეტი ყველას უყვარს, ნამცხვრებიდან - ჩიტის რძე, იდეალი... ნაპოლეონის გამოცხობაც ვიცი, ნამდვილი ტორტისაც. ხაჭაპურის ჩემი რეცეპტიც მაქვს. მაგალითად, ახალი წლის დღესასწაულისთვის, სუფრის სამზადისში მე და ჩემი მეუღლე ღამეს ერთად ვათენებთ. ეს პროცესი მიყვარს, რადგან ბევრი ემოცია ახლავს: ვიცინით, ვჩხუბობთ... ძალიან ვერთობით.
- ცხოვრებაში თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?
- ჩემს შვილს. რაც უნდა გავაკეთო, შვილზე მთავარი და მნიშვნელოვანი არაფერი არსებობს. ჩემი და ჩემი მეუღლის მთავარი მიზანი შვილის კეთილდღეობაა. მაგალითად, როცა დასასვენებლად წასვლას ვაპირებთ, ადგილს იმის მიხედვით ვარჩევთ, გიორგის თუ მოეწონება, სად უფრო გაერთობა... მისი მეგობრები ძალიან მიყვარს. ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ჩვენს სახლში მოსულიყვნენ. ახლა უკვე დიდი ბიჭები არიან და მაშინაც ჩვეულებრივ მოდიან, როცა გიორგი შინ არ არის. შვილის მეგობრებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მიხარია, რომ ჩემთან თავს კარგად გრძნობენ. თუ რამე კერძი უყვართ, მე და ჩემი მეუღლე ვუმზადებთ, როცა ამის დრო გვაქვს - არასდროს გვეზარება.
- სიამაყის გრძნობა ბოლოს რის გამო დაგეუფლათ?
- ალბათ - მაშინ, როცა თავისუფალ თეატრში პრიზი - "კომედიანტები" მივიღე, როგორც "წლის საუკეთესო კაცმა მსახიობმა".
- ისეთი საქციელი თუ ჩაგიდენიათ, რომლის გახსენებისას დღესაც გრცხვენიათ?
- კი, რა თქმა უნდა. ასე უცებ, კონკრეტული ეპიზოდი არ მახსენდება, მაგრამ ხდება ხოლმე... დიდად სამარცხვინო არაფერი ჩამიდენია, მაგრამ ყველას გვაქვს უმნიშვნელო ეპიზოდები - ვაიმე, ასე რატომ ვთქვი? რა უტაქტოდ გამომივიდაო და ა.შ.
- ახლობლები მოფერებით რა მეტსახელით მოგმართავენ?
- უკვე ყველა "მიშას" მეძახის, მაგრამ იყო დრო, როცა "მიშკას" მეძახდნენ. დედა და დეიდები "მიშიკოთი" მომმართავენ.
- როგორი განცდა დაგეუფლათ, როცა საკუთარი თავი ეკრანზე პირველად იხილეთ?
- ვაიმე, ჩემს თავს ეკრანზე ვერ ვიტან, ვერ ვუყურებ! მგონია, რომ საშინელი ხმა მაქვს, საშინლად გამოვიყურები... ახლაც, გადაღების მერე, იმის ნახვა, თუ რა გადაიღეს, ჩემთვის სტრესია. სხვათა შორის, არიან დიდი მსახიობები, რომლებსაც თავიანთი მონაწილეობით გადაღებული ფილმები არ უნახავთ, რადგან მსგავსი განცდა ეუფლებათ.
- თქვენი მონაწილეობით გადაღებული ეპიზოდები თუ გინახავთ?
- კი, კი. ფილმი - "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2" დიდ ეკრანზე ვნახე - პრემიერაზე გახლდით. რა თქმა უნდა, ვიჯექი და ვფიქრობდი - ეს ასე კი არა, ასე უნდა გამეკეთებინა-მეთქი. პრემიერაზე წასვლა, ფილმის ნახვა ჩემთვის სტრესი იყო, პირდაპირი მნიშვნელობით.
- ოდესმე ფსიქოლოგის დახმარება თუ გამოგიყენებიათ?
- არა. ჩემი მეუღლე მშვენიერი ფსიქოლოგია (პროფესიით მსახიობი გახლავთ). როდესაც ადამიანს მეგობრები ჰყავს, ფსიქოლოგი ნაკლებად სჭირდება. ეს უფრო მარტოხელა ადამიანების პრობლემა მგონია, თუმცა ჩემს მოსაზრებას თავს არავის ვახვევ.
- თქვენი ხასიათის რომელი თვისება გეამაყებათ?
- რომ შურის გრძნობა ნაკლებად მაქვს. სხვისი, მით უმეტეს - ახლობლების წარმატება ძალიან მიხარია. მოკლედ, ადამიანების მიმართ ჩემი დამოკიდებულება მეამაყება და კიდევ - ის, რომ ჩემი შვილი კარგად გავზარდე: ზრდილობიანი, ადამიანურია.
- თქვენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევთ?
- ძალიან ზარმაცი ვარ, თუმცა ბევრს ვმუშაობ. სულ ვამბობ, - არ შეიძლება, ჩემნაირმა ზარმაცმა ადამიანმა ამდენი იმუშაოს-მეთქი. სიზარმაცის გამოა, რომ ინგლისური ენა არ ვიცი, რაც ძალიან მაწუხებს. რუსული გადასარევად ვიცი - "საბჭოთა ბავშვი" ვარ. ინგლისურის უცოდინარობა ჩემთვის კომპლექსია. საკუთარ თავს ვეუბნები, - დაჯექი, ისწავლე-მეთქი, მაგრამ - არა! კიდევ, ავტომობილის მართვა არ ვიცი. ჩემმა მეუღლემ იცის: ყველაფერი გავაკეთე, რომ ესწავლა - ოჯახში 1 მძღოლი მაინც გვჭირდება-მეთქი (იღიმის). საჭესთან ჯდომის მეშინია - ასე მგონია, მანქანას ვერ ვმართავ.
- გიცდიათ?
- ჩემი ცოლი მეუბნება, დაჯექიო. ვჯდები, მაგრამ 7 ლიტრი ოფლი გამომდის. ეზოში მანქანა 20 მ-ის მანძილზე გამიტარებია, მერე კი მითქვამს, - თავი გამანებე-მეთქი. სხვათა შორის, გამოკვლეულია, რომ 40 წლის მერე, პრაქტიკულად შეუძლებელია, მამაკაცმა ავტომობილის მართვა ისწავლოს, ქალს კი ეს 70 წლის ასაკშიც შეუძლია. გრიბოედოვის თეატრში გვყავს მსახიობი - ირინა კვიჟინაძე, რომელმაც ავტომობილის მართვა 73 წლისამ ისწავლა და ახლა მანქანით დადის.
- წლების მერე, როგორ გინდათ, რომ ხალხს დაამახსოვრდეთ?
- მინდა სიყვარულით მიხსენებდნენ - რა კარგი პიროვნება, გულთბილი ადამიანი იყოო. რა თქმა უნდა, მსურს, რომ მაყურებელს დავამახსოვრდე, როგორც მსახიობი, მაგრამ ჩემთვის პიროვნული თვისებები უფრო მნიშვნელოვანია.
- თავს წარმატებულ ადამიანად მიიჩნევთ?
- გარკვეულწილად - კი. მაგალითად, თქვენ მირეკავთ და ინტერვიუს იღებთ, ეს უბრალო საქმე ხომ არ არის? ვინც გაინტერესებთ, ინტერვიუს მისგან იღებთ...
- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს?
- ოჯახი. ყველაფერს ოჯახისთვის ვაკეთებ: ჩემი პროფესიული წარმატება შვილს უხარია, მეუღლეს სიამოვნებს... მიმაჩნია, რომ ოჯახი უმნიშვნელოვანესია.
ეთო ყორღანაშვილი