"ნაკრების გულშემატკივრობის გამო ჩავიცვი კვარას მაისური, თან ზუსტად თამაშის დღეს..." - გზაპრესი

"ნაკრების გულშემატკივრობის გამო ჩავიცვი კვარას მაისური, თან ზუსტად თამაშის დღეს..."

ფეხბურთის დიდი სიყვარულისა და ნაკრების გულშემატკივრობის გამო რეპეტიციაზე ჩავიცვი კვარას მაისური, თან ზუსტად თამაშის დღეს. ჩემი ქისტურის ცეკვის ვიდეოც აქედან გავრცელდა. წარმატებები ჩვენს ბიჭებს, ეს მხოლოდ დასაწყისია და ყველაფერი წინ აქვთ. უფრო ძლიერები დაბრუნდებიან! როგორც თვითონ აღნიშნეს. მადლობა ბრძოლისთვის! მადლობა ზღაპრული თავგადასავლისთვის!" - ამბობს ბარბარე წიბლიაშვილი, რომლის ვიდეოსაც სოციალურ ქსელში აღფრთოვანება მოჰყვა... ბარბარე ჯერ მხოლოდ 15 წლისაა და უკვე სუხიშვილების ანსამბლის დიდი სამყაროს წევრია, ასევე წარმატებულია სიმღერის მიმართულებით... მაისში მალტაში გამართულ კონკურსში გრან-პრით დაჯილდოვდა, საკუთარი ქვეყნის ენაზე შესრულებული სიმღერის ნომინაციიდან.

image4-copy-1721029351.jpg

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ძალიან დიდი ოჯახი, სანათესავო და მეგობრები მყავს... სკოლაში შესვლამდე ბაღის ღონისძიებებში აქტიურად ვმონაწილეობდი და ჩემი მშობლები მიხვდნენ, რომ ხელოვნებისკენ ვიყავი მიდრეკილი... მეუბნებიან, რომ ლაპარაკამდე სიმღერა დავიწყე და ფეხი ავიდგი თუ არა, სულ ვცეკვავდი. ამიტომ სკოლაში შესვლის პარალელურად, ცეკვასა და სიმღერაზეც მიმიყვანეს.

- 15 წლის, ჯერ ისევ სკოლის მოწაფე ხარ...

- 161-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, ახლა კი გრიგოლ კობახიძის სახელობის 77-ე საჯარო სკოლაში ვარ. ცეკვა 6 წლიდან ანსამბლ "ლაშქარში" დავიწყე. მადლობა მათ... როცა გავაანალიზე რომ ცეკვა ჩემთვის ყველაფერი იყო, სუხიშვილები ძალიან მომწონდა, ყველა მოცეკვავეს, ცეკვას ვცნობდი, ძალიან მომინდა ამ დარბაზში მეც მეცეკვა და გადავედი. ვაგრძელებ ცეკვას ჩემს თეონა ენუქიძესთან და საკონცერტო ჯგუფში - ტატა გომელაურთან. ჩემი ოცნება და მიზანია ანსამბლში გადავიდე, ამისთვის ბევრს ვიშრომებ...

- სიმღერაში მოპოვებულ წარმატებაზეც მიამბე...

- სიმღერაც ადრეული ასაკიდან დავიწყე ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში და დღემდე ნინო ჩაჩავასთან (ჩემს ჩაჩიკოსთან) ვაგრძელებ სწავლას. ბევრ კონკურზე მიმიღია მონაწილეობა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ... მაისში მალტაში გამართულ კონკურში ვმონაწილეობდი, საიდანაც გრან-პრით დავბრუნდი.

- როგორი იყო დაჯილდოების ცერემონიალი?

- სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი, რომ დამაჯილდოებდნენ, ყველას მოეწონა ჩემი ნამღერი ქართული სიმღერა, გაფორმებული ცეკვის ელემენტებით, ქართული სამოსით. როცა დამასახელეს, ძალიან გამიხარდა.... ჟიურის წევრებმა სხვა კონკურსების მოსაწვევებიც გადმომცეს. შემოთავაზებები ისევ მაქვს და ნოემბერში გერმანიაში მივდივარ. ყველაფერი, რაც ხელოვნებასთანაა დაკავშირებული, მიყვარს და მაბედნიერებს. დიდი მადლობა ჩემს მშობლებს, ხელს რომ მიწყობენ... მე და ჩემი პედაგოგი ჩაჩიკო ყოველთვის ვცდილობთ, საერთაშორისო კონკურსისთვის ქართული სიმღერა შევარჩიოთ, მასში ქართული ცეკვის ელემენტები ჩავრთოთ და ქართული ნაციონალური სამოსიც მოვირგო, რაშიც ეკატერინე ჯავახიშვილი მეხმარება.

image5-copy-1721029338.jpg

- ფეხბურთთან დაკავშირებულ თქვენს ვიდეოს უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა...

- ფეხბურთი მამამ შემაყვარა, ბავშვობიდან სულ ერთად ვუყურებდით. ახალგაზრდობაში თამაშობდა ფეხბურთს, ძალიან უყვარდა, არ გაჰყვა, მაგრამ დიდ გულშემატკივრად კი დარჩა... რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებს სულ ვუყურებთ და ვგულშემატკივრობთ. ახლაც მახსოვს ის ემოცია, ევროპაზე რომ გავედით. ეს საოცრება იყო და რეპეტიციის დღეს მაისურის ჩაცმა ამიტომაც გადავწყვიტე. მადლობა ბიჭებს და იმედია, მომავალშიც გაგვახარებენ.

მანანა გაბრიჭიძე