რატომ გააჩერა კრიმინალურმა პოლიციამ მიშო თაბაგარი და რის გამო "გაწირა" მეგობრები იუმორისტმა?
დიდი პოპულარობით სარგებლობს მიშოს ვიდეოები "ტიკტოკზეც". იუმორისტულ სფეროში მუშაობის გარდა, ის ტატუს ოსტატიც გახლავთ...
- "ტიკტოკამდე" ხალხისთვის ცნობილი "ახალი შაბათის შოუდან" გავხდი. ჩემ მიერ განსახიერებული მამედას პერსონაჟი ძალიან შეუყვარდათ. მერე, ერთხელ უბრალოდ, სახლში გადაღებული ვიდეო "ტიკტოკზე" გამოვაქვეყნე და მაშინვე 16 ათასი გამომწერი დამემატა... როცა ვხედავ, ხალხს მოსწონს რასაც ვაკეთებ, თითქოს ვალდებული ვარ, ვიდეო ჩავწერო, თორემ "ტიკტოკის" აქტიური მომხმარებელი არ ვარ. ამ პლატფორმაზე პოპულარული 1 ვიდეოთი გავხდი.
- გვიამბეთ, "ახალი შაბათის შოუში" როგორ მოხვდით?
- მეგობრების - დიტო კუპატაძისა და გოცის (გიორგი გოცირიძის) დახმარებით: მიმიყვანეს, კარგი ბიჭი ხარო, - მითხრეს, დავრჩი და დავრჩი (იცინის). "კავეენშიც" ვთამაშობდით...
- პროფესიით ვინ ხართ?
- პროფესიულ კოლეჯში, კინორეჟისურისა და მონტაჟის კურსი დავამთავრე. სერტიფიკატიც მაქვს, მაგრამ ვერაფერში ვიყენებ. ეს პროფესია აღარც მახსოვს.
- სოციალურ ქსელში, ვიდეოების დამონტაჟებისას არ გადგებათ?
- არა. პროფესიულ დონეზე ვსწავლობდი, რაც კინოს უკავშირდება. ახლა ჩემს პროფესიას ვერ ვიყენებ.
- ვერ იყენებთ თუ არც გაგჩენიათ სურვილი, რომ ამ მიმართულებით გემუშავათ?
- სიმართლე გითხრათ, არც სურვილი გამჩენია. ალბათ, სიზარმაცის ბრალია, არ ვიცი...
- "ახალი შაბათის შოუს" ცნობილი პერსონაჟის - მამედას შექმნის იდეა როგორ გაგიჩნდათ?
- სავალდებულო სამხედრო სამსახური მაქვს მოხდილი. იქ ერთი აზერბაიჯანელი მეგობარი მყავდა. ძალიან საყვარელი ადამიანი გახლდათ. ზუსტად ერთი ერთში, ისე საუბრობდა, როგორც მამედა საუბრობს ხოლმე. პერსონაჟის შექმნის ინსპირაცია იქიდან წამოვიდა. ერთი პერიოდი, სამსახურში სულ მამედასავით ვლაპარაკობდი. ერთხელაც სკეტჩი გავაკეთეთ და, ხალხს მამედა ძალიან შეუყვარდა.
- ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრებისგან უარყოფითი რეაქცია ხომ არ მოჰყოლია?
- არა. ბევრი აზერბაიჯანელი მეგობარი მყავს, რადგან მამედას პერსონაჟის განსახიერების მერე, ყველა მირეკავს და მემეგობრება. ეს გმირი კი არ აღიზიანებთ, პირიქით - უყვართ. ძალიან კარგი აზერბაიჯანელი ხალხი გავიცანი. მოგეხსენებათ, მამედა გამართულად ვერ საუბრობს - პირის ნაცვალსახელები, ქართული ანდაზები ეშლება...
- თქვენი განსახიერებული პერსონაჟებიდან კიდევ რომელი მიგაჩნიათ წარმატებულად?
- კრიმინალური პოლიციელი, რომელიც არც ძალიან კარგი გმირია, არც - ძალიან ცუდი. ისეთი კრიმინალური პოლიციელების კატეგორიას მიეკუთვნება, ბოლომდე რომ არ გაგწირავენ და არც მოგეფერებიან (იცინის). საერთოდ, რაც რეალურ ცხოვრებაში უნახავთ, შემდეგ კი ტელევიზორში ხედავენ, ხალხისთვის უფრო მოსაწონი ხდება. მაგალითად, ადრე ასეთი სკეტჩი - "რიგი სალაროსთან" გავაკეთეთ. სალაროსთან რიგში ხომ ყველა მდგარა, არა? ხალხი ასეთ რეალურ სიტუაციებს უფრო იღებს და ხვდება. მაგალითად, კრიმინალურ პოლიციელთან ვისაც კონტაქტი ჰქონია, მათთვის ჩემი განსახიერებული პოლიციელი უფრო კარგად მისაღები და დასანახია, თუმცა მამედას პერსონაჟის მსგავსი ადამიანი ცხოვრებაში ბევრს არ შეხვედრია - ქუჩაში შემხვედრი აზერბაიჯანელები ქართულ ანდაზებს ხომ არ გეტყვიან, თან - შეცდომით? ამ პერსონაჟისთვის ჩვენ მოვიფიქრეთ, რომ რაღაც სიტყვები ეშლებოდა, ვითომ ქართული ანდაზები უყვარდა და ისიც ეშლებოდა...
- რეალურ ცხოვრებაში, კრიმინალურ პოლიციასთან თუ "გადაკვეთილხართ"?
- კი. ერთხელ სახლთან ავტომობილი გავაჩერე. კრიმინალური პოლიცია მომადგა - ავტომობილებიდან გადმოხტნენ, საშვს მაჩვენებდნენ... წინათ კრიმინალურს არასდროს გავუჩერებივარ. საშვს დავხედე - ვერ ვხვდებოდი, რას მაჩვენებდნენ, რა ხდებოდა. - კრიმინალურიდან ვართო, - განმიცხადეს. - მეც კრიმინალურიდან ვარ-მეთქი, - ვუპასუხე. მაშინვე გაეცინათ. - ძალიან საყვარელი, კარგი კაცი ხარო, - შემაქეს... გაუკვირდათ, რომ არ შემეშინდა... მიცნეს და ამიტომ გამაჩერეს. "სუფთა" ადამიანი ვარ (იცინის).
- საბოლოოდ, იუმორისტულ გადაცემაში თავს როგორ გრძნობთ?
- ძალიან კარგია, რომ ადამიანს ისეთი სამსახური გაქვს, სადაც მიდიხარ და იცინი. ყველას ჰგონია, - შენ რა გენაღვლება, სიცილში ფულს იღებ, დატვირთული სამუშაო არ გაქვსო. არადა, რეალურად, ძალიან რთულია, როცა სცენარს წერ: დაჯდები, წინ გიდევს კალამი და ფურცელი, რომელზეც არაფერი წერია და რამდენიმე კარგი ხუმრობა უნდა მოიფიქრო... რეალურად, ძალიან ვიღლებით. ასე რომ, დაგვაფასეთ (იღიმის).
- ხომ გაფასებენ?
- კი, კი, ძალიან! ყველასგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. დაწერეთ - მამედამ მოგიკითხათ-თქო... ძალიან გულთბილი ხალხია, რასაც ვაკვირდები.
- როგორც ვიცი, ტატუსაც ხატავთ...
- უბრალოდ, ეს ჩემი ჰობი იყო, რომელიც ცოტათი განვავითარე - გავაპროფესიულე. ახლა სახლში ვმუშაობ. კარგად მოწყობილი ვარ. საკუთარი კლიენტები მყავს. მათ თავიანთი მეგობრებიც მოჰყავთ... განთქმული ოსტატი არ ვარ, მაგრამ კარგად ვმუშაობ, რა.
- ტატუს ხატვით როდის, როგორ დაინტერესდით?
- ძალიან კარგად ვხატავ. თან, ტატუები მიყვარს - ბევრი მაქვს. თავდაპირველად, ტატუების გაკეთება ჩემს ტანზე ვცადე, შემდეგ - მეგობრების, მერე - უცხო ადამიანების... ალბათ, ტატუს ყველა ოსტატი დამეთანხმება, რომ მუშაობა ჯერ საკუთარ სხეულზე უნდა სცადო, შემდეგ - მეგობრები გაწირო, მერე კი უკვე უცხო ადამიანებისთვის იმუშაო...
- თქვენი გაკეთებული პირველი ტატუ რა იყო?
- არათითზე კარდიოგრამა მაქვს დახატული, რომელიც აღარ მომწონს და ვერც ვიშორებ - მოშორება ძალიან მტკივნეულია. ტატუ ზუსტად არათითზე მამაჩემს აქვს, ოღონდ - სხვა რაღაც ახატია. მამას ტატუები არ უყვარს. არათითზე ამიტომ დავიხატე - მამიკო არ მიყვირებს, რადგან ზუსტად იმ თითზე მაქვს, რომელზეც მას-მეთქი. მაშინ პატარა გახლდით. მერე მთლიან ხელზე გავიკეთე ტატუ, ფეხზეც... ახლა მამა უკვე შეეგუა, მეც გავიზარდე... პრეტენზია აღარ ჰქონია.
- შრომატევადი საქმეა?
- ძალიან. იმაზე რთულია, რასაც "ახალი შაბათის შოუში" ვაკეთებ. ორივეს თავისი სირთულე აქვს, მაგრამ ტატუს გაკეთების დროს სხვის სხეულს ეხები, რაც ძალიან საპასუხისმგებლოა. შოუზე მუშაობისას თუ დაწერილი ხუმრობა არ მოგეწონება, წაშლი და გადააგდებ, ტატუს კი რას უზამ, წითელ ხაზს ხომ არ გადაუსვამ?..
- "გაწირული" მეგობრების სხეულზე ტატუ წარუმატებლად თუ დაგიხატავთ?
- თითქმის ყველა წარუმატებელი იყო, რაც მეგობრებს ახატიათ. თავდაპირველად, როცა სწავლობ, რას იზამ? მეგობრებზე უნდა ისწავლო. მერე გადავაკეთ-გადმოვაკეთეთ და საბოლოოდ, კარგი გამოვიდა... კი, მეგობრების გაწირვა გამოდის, აბა, რა, როცა მათ სხეულზე სისულელეებს ხატავ, მაგრამ მეგობარს უყვარხარ და შენ გამო რისკავს (იცინის).
- თქვენი საქმიანობისთვის უფრო სერიოზული იერის მიცემას ხომ არ აპირებთ?
- უბრალოდ, ამის დრო მართლა არ მაქვს. ჩემი კლიენტები მყავს, როგორც გითხარით. კმაყოფილები რომ მიდიან, თავიანთი მეგობრებიც მოჰყავთ და ა.შ. სალონის გასახსნელად და იქ მუშაობისთვის ვერ მოვიცლი.
- სოციალურ ქსელს თქვენი საქმის პოპულარიზაციისთვის თუ იყენებთ?
- არა. ასეთი ტიპის ადამიანი არ ვარ, ვინმეს რამე რომ მოვუწოდო. პატარ-პატარა რეკლამით ნებისმიერს ვეხმარები, მაგრამ ჩემთვის ამას ვერ ვაკეთებ. საერთოდ, სოციალურ ქსელში ძალიან ჩართული არ ვარ.
- ფაქტია, "ტიკტოკზე" ბევრი გამომწერი და "ნახვები" გაქვთ...
- დილით რომ ვიღვიძებ, თითქოს ვალდებული ვარ, ხუმრობა ჩავწერო, ვიდეო ავტვირთო, რომ ჩემს გამომწერებს დილიდან კარგი, პოზიტიური განწყობა ჰქონდეთ. ჩემი ინტერესი არაა, რომ სოციალურ ქსელში რაღაცას მივაღწიო. ისიც არ ვიცი, "ტიკტოკი" ფულს როგორ უხდის მომხმარებელს. მოკლედ, იქ ფულის შოვნაზე არც მიფიქრია.
- გქონიათ შემთხვევა, როცა "ტიკტოკისთვის" ხუმრობა ჩაგიწერიათ და ისე გაუმართლებია, რომ გული დაგწყვეტიათ - ნეტავ, შოუში გამომეყენებინაო?
- არა. შოუში ბევრი ხალხი მუშაობს და შეიძლება, უკეთესი ხუმრობაც დაწერონ. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ არსებობენ გვერდები, რომლებიც კარგ ხუმრობებს იპარავენ. ცოტათი ვღიზიანდები. ერთხელ "ფეისბუკზე" ისეთი კარგი ხუმრობა მომპარეს, რომელმაც 2 მილიონამდე "ნახვა" "დადო". გვერდს მივწერე კიდეც - ვიდეო პირდაპირ გააზიარე, სახელს რატომ აქრობ-მეთქი?! თან, ბევრგამომწერიანი, "მოხოდილი" გვერდია...
- ახლა თქვენს ყოველდღიურობაზე, ოჯახზეც გვითხარით...
- ძალიან კარგ ადგილზე, თემქაზე ვცხოვრობ. საკუთარი სახლი და ეზო მაქვს, რაც ყველაზე მეტად მომწონს. ბუნებასთან, მიწასთან კონტაქტი მიყვარს. თავისუფალ დროს რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე... მეუღლე და 8 წლის გოგონა მყავს. ჩემი შვილი ძალიან საყვარელი, გულთბილი და მოსიყვარულეა. თეატრალურ სტუდიაში დამყავს. ახლახან სპექტაკლში ითამაშა. გახარებული იყო. ეს მისთვის პირველი სპექტაკლი გახლდათ. საერთოდ, უყვარს, როცა ჩემთან ერთად ვიღაც ფოტოს იღებს - იცის, რომ მამიკო არის ცნობილი და ამით ბედნიერია. ამბობს, - მეც მინდა, რომ ჩემთან ერთად ფოტოები გადაიღონო... ამჟამად, მეუღლე დიასახლისია: რადგან მარტო ვცხოვრობთ, მუშაობას ვერ ახერხებს - ბავშვი უამრავ წრეზე დაჰყავს, თორემ ისე ბანკში მუშაობდა - ოქროს ექსპერტ-შემფასებელი გახლავთ.
- თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?
- ოჯახთან ერთად ბუნებაში, პიკნიკზე წასვლა ძალიან მიყვარს. თიანეთში მიწა გვაქვს. საბადურისკენ წასვლა ხშირად გვიწევს. ჩემთვის ეს ყველაფერია!..
ეთო ყორღანაშვილი