"უღირსი საქციელი რომ ჩავიდინო, ვიცი, დავისჯები და სასჯელს ჯილდო მირჩევნია" - გზაპრესი

"უღირსი საქციელი რომ ჩავიდინო, ვიცი, დავისჯები და სასჯელს ჯილდო მირჩევნია"

განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქათინაურების მიმართ. უთხარით უმნიშვნელო კომპლიმენტი და მისი გული მოგებული გექნებათ. შეუძლია ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკურ ან დიპლომატიურ სარბიელზე. შეყვარებული ცხენი გულის სწორის გამო, ბევრ დათმობაზე წამსვლელია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ მშვილდოსანს, ეს კი ალექსანდრა პაიჭაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ალექსანდრა, ასტროლოგიით ინტერესდები?

- რა თქმა უნდა, პირადი ჰოროსკოპიც მაქვს შედგენილი. სხვადასხვა ასტროლოგთან ვიზიტი არაერთხელ მქონია, მაგრამ ყველა ნიშანზე, ყოველდღიურ პროგნოზს რომ აქვეყნებენ, ეს ნაკლებად მაინტერესებს.

- „მოუსვენარია", - ამბობენ ასტროლოგები, ეთანხმები?

- რა თქმა უნდა, იმ მშვილდოსნებში, ვისაც მე ვიცნობ, იმხელა ენერგია ტრიალებს, ფრთებს პირველი ეგენი შლიან, სამეგობროში, საახლობლოში, ოჯახშიც, ქვეყანაშიც.

- "ის პირდაპირია მანერებით და ლაპარაკით. სიხისტე ხშირად სჩვევია".

- ადამიანი ხომ დროთა განმავლობაში თავის თავში რაღაცების ჩასწორებას, რეგულაციას იწყებ. უფრო კარგად რომ განვითარდე, ზოგჯერ საჭიროა, შენში რაღაცები "მოქლიბო". უკვე სწავლობ, ყოველთვის არ იყო ხისტი, პირდაპირი, ვინმეს გული არ ატკინო. ისე კი სარკაზმი, ირონია, ცინიზმი მშვილდოსნის განუყოფელი ნაწილია, როგორც დიპლომატია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომუნიკაციის უნარები მშვილდოსნებს საინტერესოდ გვაქვს განვითარებული.

- მისი ნატყორცნი სიტყვა მიზანს ისარივით ხვდება".

- შენს გამოცდილებას, დიპლომატიას და ადამიანის ფსიქოლოგიას ერთმანეთში კარგად თუ გამიქსავ, რა თქმა უნდა, ყველა სიტყვა მიზანში მოხვდება. რეალიზებული, განვითარებული ადამიანები სხვის აზროვნებაზე ყოველთვის გავლენას ახდენენ.

- "გულღიაობის მიუხედავად ხშირად ძალიან მარტოსულია, ეს კი მისი იდეალისტურობის შედეგია".

- "მარტოსულობა" ჩემთვის ისეთივე უსიამოვნოა, როგორც ტრაგედია. მარტოსული ვერ იქნები, შენი თავის მეგობარი თუ ხარ. მშვილდოსნები კი ჩვენი თავის მეგობრები ვართ. ჩვენ შეგვიძლია, ვიქცეთ კლოუნებად ისევ ჩვენი თავის გამო, გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ.

- "ადვილად ექცევა ნიჭიერი ადამიანების გავლენის ქვეშ".

- გულწრფელი სიხარულით ვხვდები ნიჭიერ, წარმატებულ, ლაღ და თვითგამოხატვის უნარის მქონე ადამიანებს.

- "შემოქმედებით საქმიანობაში ის ხშირად ვერ ახერხებს, გაექცეს მიმბაძველობას".

- მიმბაძველობა მაქვს იმ ადამიანის მიმართ, ვინც სპორტში ჩემი "კუმირია". პოზიტიური აზროვნების მქონე, უკიდეგანოდ შრომისმოყვარე ადამიანები ძალიან მიზიდავენ და ყოველთვის ვცდილობ, მათ მივბაძო.

- "მისი სურვილია მუდმივად იხეტიალოს".

- მართალია, ეს თვისება თუ არ გაქვს, ე.ი. მშვილდოსანი არ ხარ. ბავშვობაშიც ხელი შემიწყვეს, რომ დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანი ვყოფილიყავი.

- "განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქათინაურების მიმართ. უთხარით უმნიშვნელო კომპლიმენტი და მისი გული მოგებული გექნებათ".

- არა მხოლოდ გულს მოიგებთ, უდიდეს მოტივაციასაც მომცემთ. რა თქმა უნდა, კომპლიმენტი ყოველთვის სასიამოვნო მოსასმენია.

- "მას შეუძლია ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკურ ან დიპლომატიურ სარბიელზე".

- შეუზღუდავ გარემოში, სადაც დაწესებული ლიმიტები ნაკლებია და ადამიანს თავისუფლება აქვს, მშვილდოსანს უდიდესი წარმატების მიღწევა შეუძლია. სხვათა შორის, თინეიჯერობის წლებში, მქონდა სურვილი დიპლომატი გავმხდარიყავი. ვერ ვხვდები, ბიზნესში რა დროს გადავცვალე. დღეს ვფიქრობ, რომ ეს მიმართულება პროფესიად რომ ამერჩია და საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩამებარებინა, ძალიან კარგი იქნებოდა.

- "უყვარს ინტერესების და საქმიანობის სფეროების ცვლა არანაკლებ თუ უფრო მეტად არა, უყვარს საქმიანი პარტნიორების ცვლაც".

- ნამდვილად ასეა. პარტნიორი უნდა გამოცვალო, განვითარებაში ჩამორჩენა თუ ხდება, ძალადობის მსხვერპლი თუ ხარ, შენთვის დამამცირებელი გარემო თუ არის, უპატივცემულობას თუ გრძნობ... შინაგანი კომფორტი, ბედნიერება და თავისუფლება არის პრიორიტეტი და პირველ რიგში დასაყენებელი. არ მაინტერესებს, ვერავის მივეჯაჭვები. ჩემი ნიშნის ადამიანები იმდენად პოზიტიურები ვართ, ღმერთი ახალ შესაძლებლობებს ყოველთვის გვიჩენს. მართალია, სფეროებს ვიცვლი, მაგრამ მიმართულება მაინც ერთი რჩება, ეს არის თვითგამოხატვის და პრეზენტაციის სფერო, სადაც კრეატივია საჭირო.

- იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე კარგად გიცნობენ, უთქვამთ, რომ შენი საქციელის პროგნოზირება უჭირთ?

- არა, მაგრამ უთქვამთ, როგორც არ უნდა მოიქცე, იმდენად გულწრფელი ხარ, შენი გვჯერაო. მშვილდოსნები პატარა ასაკიდან მოყოლებული, ჩვენი ინტერესიანი და მრავალფეროვნებისკენ მიდრეკილი ბუნებიდან გამომდინარე, ძალიან დიდ გამოცდილებას ვაგროვებთ. მერე უკვე მეგობრების წრეში საიმედო საყრდენი ვხდებით, ჩვენს აზრს ინტერესით ისმენენ, რადგან იციან, უკვე დარწმუნდნენ, გამოცდილებამ აჩვენათ, რომ შეიძლება, დიდი დოზით გასათვალისწინებელი რამ ვთქვათ.

- თვლი, რომ იღბლიანი ადამიანი ხარ?

- მშვილდოსნის ხასიათი იზიდავს იღბალს.

- "ტემპერამენტიანი და ფეთქებადი ცხენი კონფლიქტურ სიტუაციაში წყობიდან მარტივად გამოდის, მაგრამ მისი რისხვა ხანმოკლეა".

- კონფლიქტური სიტუაციები, ჩემი წარსულიდან თითქმის არ მახსოვს. ჩემი ტვინი ავტომატურად შლის და ივიწყებს იმ ყველაფერს, რასაც არაპოზიტიური და ცუდი გავლენა აქვს. ესეც თავდაცვის ერთ-ერთი მექანიზმია. სხვათა შორის, ეს ძალიან კარგი თვისებაა, აქამდე ამის გამო არაფერი დამიკარგავს. კონფლიქტის დროს კი ბოლომდე ვიხარჯები, მეორე მხარეს "სახეს ვახევ", მაგრამ მერე ამ ნეგატივს ჩემიდან ვუშვებ.

- "ბევრი ცხენი ხშირად არაკეთილსინდისიერი მეთოდით თამაშსაც არ ერიდება".

- რამდენჯერაც მქონია შანსი, არაკეთილსინდისიერი თამაშით მეთამაშა, ეს იმდენჯერ არ გამიკეთებია. მერე ამ ყველაფრისთვის სამყაროსგან ვჯილდოვდები. უღირსი საქციელი რომ ჩავიდინო, ვიცი, დავისჯები და სასჯელს ჯილდო მირჩევნია. არასდროს არავისთვის ზიანის მომტანი საქციელი არ ჩამიდენია, რაც თავი მახსოვს, კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია.

- "ხშირად უყვარს სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა".

- უი, რას ამბობ, ერთი შემთხვევაც კი არ მახსენდება, მსგავსი რამ მომხდარიყო. შეიძლება ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ არ მაინტერესებს, ვისაც როგორ უნდა, ისე მოიქცეს, ისე იცხოვროს. როგორც მე მინდა ვიყო თავისუფალი და არ აინტერესებდეს მეზობელს ჩემი ამბავი, იგივე დამოკიდებულება მაქვს სხვის მიმართ.

- როდესაც სხვა ჰყოფს ცხვირს შენს ცხოვრებაში, ამ დროს როგორ იქცევი?

- ამის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. უარესებს ვაჩვენებ, ვიდრე ელოდება.

- "სხვის აზრს იშვიათად ითვალისწინებს".

- მეგობრის აზრს, რომელსაც ვუყვარვარ და ვიცი, ჩემთვის კარგი უნდა, ხშირად ვითვალისწინებ. ვიღაცის აზრს არ ვითვალისწინებ. მაგალითად სახლს რომ ვაშენებდე, აუცილებლად ყველაფერში გავითვალისწინებ ჩემი არქიტექტორი დაქალის აზრს.

- "შეყვარებული ცხენი, გულის სწორის გამო, ბევრ დათმობაზე წამსვლელია".

- ქართველი ქალები ისედაც ასეთები ვართ. ხშირად გვესმის, გვასწავლიან "უნდა დაუთმო". მერე კი შეიძლება ვიღაცამ თავზე გადაგიაროს, ვიღაცამ გიღალატოს, "გაჩხერა" გამჯობინოს, არასასურველ ჩვევებს ვერ მოეშვას... ამ შემთხვევაში ურთიერთობა უნდა დასრულდეს, მაგრამ სანამ ამ უკიდურეს წერტილამდე მივალთ, ყველა ქალი ვთმობთ.

- "ამ ადამიანის ვნება ძალზე ძლიერია, ამას ემატება ჟინიანობა და პრინციპული ხასიათი, აქედან გამომდინარე, მისთვის სასიყვარულო ფრონტზე წაგება იშვიათი მოვლენაა".

- შეიძლება ასე რომ ითქვას. როდესაც არ გაქვს მიჯაჭვულობა უკვე მოგებული ხარ. ადამიანს ჯერ ხომ შენი თავი უნდა გიყვარდეს და მერე სხვა. როცა შენს საქმეს ჟინით აკეთებ, შენს აზრს და პრინციპებს იცავ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვნება, ჟინიანობა და პრინციპული ხასიათი საქმეშიც და პირად ცხოვრებაშიც ძალიან მნიშვნელოვანია.

- ამბიციური ხარ?

- ამის გარეშე ძნელია მოძრაობაში იყო. შენს ამბიციებს უნდა შეესატყვისებოდე. კარგია, როცა თან შრომობ და კარგი "ტიპი იჩითები", მაგრამ როცა ამბიცია გაქვს და არ იცი, რა გინდა ცხოვრებაში, ეს სხვა თემაა. ზოგს იმდენი ალტერნატივა აქვს, უჭირს საკუთარი თავის პოვნა. ჩემი აზრით, ამბიცია ფოკუსის და საქმის გარეშე, ცოტათი შტერობაა.

- "მგრძნობიარეა, სიცოცხლით ტკბობის გასაოცარი უნარი გააჩნია".

- მართალია. ახლაც ამ ინტერვიუში ბოლომდე ვარ ჩართული, მინდა ბოლომდე დავიხარჯო და სათქმელი გასაგებად ჩამოვაყალიბო, თან ეს მსიამოვნებს.

- დიდი მადლობა. ბოლოს შემოქმედებით სიახლეებზეც გკითხავ, რა ხდება?

- სერიალის "მარჯვენა სანაპირო" სეზონი უკვე სრულდება, ეს პერიოდი კარგ და ნიჭიერ ადამიანებთან ერთად ძალიან სასიამოვნოდ გავატარე. არ ვიცი, შემდეგში რა და როგორ იქნება. ჩემი ხასიათიდან და სპონტანურობიდან გამომდინარე, მართლა არ ვიცი, სექტემბრიდან სად ვიქნები. რაღაც მიზნები მაქვს, მაგრამ ჭკუა ვისწავლე, ენას კბილი დავაჭირო და მივენდო დაგეგმილ მანიფესტაციებს. სექტემბერში უკვე მეცოდინება, სად ვიქნები, როგორ ვიქნები და რამდენი ვიქნები. სამყაროსადმი ბოლომდე კეთილგანწყობილი ვარ, ვიცი, არანაირი მდგომარეობა მუდმივი არ არის, არც უკიდურესი გაჭირვება და არც უკიდურესი ბედნიერება. ყველაფერი იცვლება, მე კი ყოველთვის მაქვს სამყაროს და ღმერთის იმედი. ოპტიმიზმი რა არის? როცა უკეთესის გჯერა, როდესაც შენში ღმერთის გჯერა.

თამუნა კვინიკაძე