ვიქტორიას საოცნებო "არდაბადების დღე" - გზაპრესი

ვიქტორიას საოცნებო "არდაბადების დღე"

და "პრაიმ ჰაუსის" შემაჯამებელ სეზონშიც შთამბეჭდავი მონაწილე გახლდათ, ზაფხულის თემასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ.

- რა თქმა უნდა, ზაფხული ასოცირდება თავგადასავლებთან, გართობასთან, სილაღესთან, სპონტანურ გადაწყვეტილებებთან... დასვენების პერიოდში ბევრი მოგონება გროვდება...

- გახსოვს, დასასვენებლად მარტო, უფროსების მეთვალყურეობის გარეშე პირველად როდის წახვედი?

- ბავშვობაში სადმე გაშვების პრობლემა არ მქონია - დამოუკიდებელი ვიყავი, მაგრამ განსაკუთრებული არდადეგები არ მახსენდება... შარშანწინდელს უფრო გავიხსენებ, როცა ამსტერდამში მარტო ვიყავი. საერთოდ, გარკვეულ პერიოდებში სადმე მარტო წასვლა და ყველაფრის მარტო შეგრძნება, როცა პატარ-პატარა დეტალებში "მუღამს იჭერ", მომწონს. მეგობრებთან ერთად დასვენებას რა სჯობს, მაგრამ საკუთარ თავთან ერთადაც ისე კომფორტულად, თავისუფლად ვარ, რომ ძალიან კარგი ემოცია იყო: უცხო ქვეყანაში მარტო სიარული, გარკვეული დეტალების დაკვირვება, ხალხის შეცნობა... ასეთი რაღაცები მიყვარს. მარტო სამოგზაუროდ კიდევ წავიდოდი, სიამოვნებით. უბრალოდ, მარტო მოგზაურობის და დასვენების მინუსი ის არის, რომ ფოტოების და ვიდეოების გადამღები არ გყავს, რათა ეს ყველაფერი უფრო მეტად დაიმახსოვრო და შეინახო.

- ზაფხულის არდადეგებს წინასწარ გეგმავ ხოლმე?

- არა. წინასწარ არაფრის დაგეგმვა არ მიყვარს. ყოველთვის სპონტანური გადაწყვეტილებები მახასიათებს, მით უმეტეს - სადმე წასვლასთან დაკავშირებით. წინასწარ დაგეგმვას რომ ვიწყებ, მერე აღარ მიზიდავს...

- ბარგის ჩასალაგებლად რამდენი დრო გჭირდება?

- ბარგის ჩალაგებასთან დაკავშირებით, რაღაც უაზრობა მჭირს: რაიმე სამოსი 1-2 წელი რომ არ ჩამიცვამს, თან უნდა წავიღო, - ვაი და იმ 2 წლის მერე, ამის ჩაცმა იქ მომინდეს?.. მოკლედ, ბევრი გამოუსადეგარი ნივთის, სამოსის წაღება მახასიათებს. ამიტომ 2 დღითაც რომ მივდივარ, დიდი ჩემოდანი მიმაქვს. არის სიტუაციები, როცა საკუთარ თავს შემოვუძახებ, - მოდი, აბა, გამოწვევა მიიღე, ნაკლები არასაჭირო ნივთი, ნაკლები ტანსაცმელი წაიღე და რაღაცნაირად, გადაახარისხე, ზუსტად რის ჩაცმას აპირებ-მეთქი (იღიმის). შესაბამისად, ბარგის ჩასალაგებლად ბევრი დრო მჭირდება, თუმცა პარადოქსია, რომ ყოველთვის გამგზავრების წინ, ბოლო საათებში ვალაგებ.

- ბოლოს სად იმოგზაურე, დაისვენე?

- საზღვარგარეთ პირველი და ჯერჯერობით, ბოლო მოგზაურობა ამსტერდამში იყო. სხვათა შორის, თავდაპირველად, როცა ჩავედი, ვთქვი, - ეს რა არის, ასეთი ხომ ბათუმიც გვაქვს-მეთქი (იცინის)? მერე და მერე გავიცანი, მომეწონა, მაგრამ იმ მოგზაურობიდან რაღაც მაკლია - მინდოდა, მეტი გამეკეთებინა. 4-5 დღით ვიყავი. აუცილებლად კიდევ ვესტუმრები, რათა რაც დამაკლდა, ავინაზღაურო...

- გარუჯვა გიყვარს?

- გარუჯვა მიყვარს, მაგრამ მზეზე დიდხანს წოლა - არა. ვწუხდები ხოლმე, თუმცა მზე მიყვარს.

- კარგად ცურავ?

- ვერ ვიტყვი, გადასარევად ვცურავ-მეთქი. წყალში ჩასვლა არ მიყვარს, წყლის ყურება მომწონს... რატომღაც, ბავშვობაში ასეთი აზრები მქონდა: წარმოვიდგენდი, რომ ვიღაც იხრჩობოდა. მაშინ ცურვა არ ვიცოდი, მაგრამ ჩემს წარმოსახვაში აუცილებლად წყალში ვხტებოდი და ალბათ, ერთად ვიხრჩობოდით (იცინის). რაღაც ძალის იმედით, მეგონა, რომ მის გადარჩენას შევძლებდი... ეს წარმოსახვა დღესაც თვალწინ მიდგას.

- თუ აქცევ ყურადღებას, როგორი საცურაო კოსტიუმებია მოდური?

- საცურაო კოსტიუმების და საერთოდ, არაფრის მოდურობას ყურადღებას არ ვაქცევ. მთავარია მომწონდეს, ვიხდენდე და "ჩემი" იყოს. შავი, ვარდისფერი, იასამნისფერი საცურაო კოსტიუმები მომწონს, თუმცა ახლა ყველანაირს ვერ მოვიხდენ, რადგან ფეხის მოტეხის მერე, ცოტათი უმოქმედოდ რომ ვიყავი, წონაში მოვიმატე. ჯერჯერობით, ვარჯიშით სხეულის ძლიერი დატვირთვა არ შეიძლება. რეალითი შოუს ამ სეზონში როგორიც შევედი, იმასთან შედარებით, წონაში დაკლებული ვარ. ახლა გარკვეულ პროცედურებსაც ჩავიტარებ, რომ უკეთეს ფორმაში ვიყო და ყველანაირი საცურაო კოსტიუმი უფრო თავისუფლად მოვიხდინო.

- პოპულარობა გარკვეულ დისკომფორტს ხომ არ გიქმნის, როცა დასასვენებლად, განსატვირთად სადმე იმყოფები?

- საერთოდ, ხალხის ყურადღება დისკომფორტს არ მიქმნის. რეალითი შოუში ხომ ამიტომ შევედი, მთელი მიზანი ხომ ეს იყო, რომ გარკვეულწილად, ცნობილი გავმხდარიყავი? საერთოდ, ხალხი ქუჩაში რომ მხვდება, მათგან დიდ სიყვარულს, გულთბილ დამოკიდებულებას ვიღებ. შესაბამისად, დისკომფორტი ნამდვილად არ არის, პირიქით - ეს სასიამოვნოა. უცხო ხალხთან კომუნიკაცია ჩემთვის საინტერესოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უხასიათოდ ვარ.

- საკურორტო რომანი შენთვის რამდენად საინტერესოა?

- თინეიჯერობისას ფილმებს რომ ვუყურებდი, სადაც ამ ტიპის რომანები იყო ასახული - კოლეჯებიდან დასასვენებლად სხვა ქალაქებში რომ მიდიოდნენ, ვინმე შეუყვარდებოდათ, მერე კი შორდებოდნენ, ასეთი რაღაცები სულ მაინტერესებდა. ვფიქრობდი, ნეტავ, როგორია, როცა გარკვეული პერიოდი გაქვს და ყველა კარგი ეპიზოდი იმ დროში უნდა გაატარო-მეთქი? შუმმერ ლოვე სტორყ მინდოდა, მაგრამ არ არის, რა ვქნა (იცინის)?.. ალბათ, საინტერესო იქნება... თითქოს რომანტიკული არ ვარ, მაგრამ გულის სიღრმეში ასეთი რაღაცები მომწონს, თუნდაც მოკლეხნიანი საკურორტო რომანი იყოს... საერთოდ, მიყვარს, როცა ბევრი სასიამოვნო მოგონება გროვდება. შესაბამისად, ასეთი სიგიჟეები მომწონს. შემიძლია, თავქარიანი და "აწყვეტილიც" ვიყო, იმ ეპიზოდებიდან მაქსიმალური მივიღო, რადგან სხვა მართლა რა დაგვრჩენია? გავერთოთ, ვისიამოვნოთ, ლაღები და ხალასები ვიყოთ...

- როგორი ტიპის დასვენება მოგწონს?

- ხასიათის და შინაგანი მდგომარეობის მიხედვით. ძირითადად, აქტიური ტიპი ვარ. მიყვარს ხალხის გაცნობა, მუსიკა, გართობა, დალევა... ადრენალინიც თუა "ჩართული", უფრო მეტად მომწონს, მაგალითად - პარაპლანით ფრენა... ადრენალინის, შიშის შეგრძნება მიყვარს. ისეთ ატრაქციონებს ვეძებ ხოლმე, სადაც ცოტათი შემეშინდება, მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანაში არ არის. დიდწილად ექსტროვერტი ვარ, თუმცა ინტროვერტული "ჩართვებიც" მაქვს ხოლმე. მაგალითად, შარშან თბილისში ვიყავი და შინაგანად თავს ისე ვგრძნობდი, რომ ვერსად ვჩერდებოდი, "კანიდან გამოძრომა" მინდოდა (იღიმის). გრიგოლეთში მარტო გავემგზავრე... მოკლედ, კონკრეტულ სიტუაციაში მარტოსაც შემიძლია, მშვიდად დავისვენო - მარტოობა მიყვარს. ჩემი აქტიური გართობა ასოცირდება მუსიკასთან, ფესტივალებთან, ახალ თავგადასავლებთან, ცეკვა-თამაშთან...

- ლაშქრობები თუ გიზიდავს?

- ვაიმე, ლაშქრობაზე მხოლოდ ერთი ამბავი მახსენდება: ერთ პარასკევს მე და ჩემი დაქალი რაღაც "ივენთზე" ვიყავით. გადავათენეთ - დალევა, გართობა... მახსოვდა, რომ მეორე დილისთვის (8 თუ 9 საათზე) აბუდელაურის ტბებზე ტური მქონდა ნაყიდი. ხომ წარმოგიდგენიათ, გადატვირთული ღამის მერე, მხოლოდ 2 საათი რომ გძინავს და ნაბახუსევზე იღვიძებ, გულს ბაგაბუგი გაუდის. ჩემს დაქალს დაეძინა, მაგრამ არ მოვასვენე, ლოგინიდან მაინც ავაგდე - რადგან ვთქვით და ტური ნაყიდი გვაქვს, წავიდეთ, ვნახოთ-მეთქი. საერთოდ არ ვიცოდი, წინ რა მელოდა. თურმე, ისეთი სიმაღლის და იმდენი სასიარულო მქონია, გზაში მართლა გული მიწუხდებოდა, გადავფითრდი, აღარ შემეძლო... 3 ტბა იყო სანახავი. 16 კმ გავიარეთ. ერთ ტბამდე ძლივს ავაღწიეთ და იქ რომ დავსხედით, ვეღარ "ამფხიკეს" - ტურის ხალხს ჩამოვშორდით (იცინის). სანამ სამივე ტბა არ მოიარეს, იქ ვისხედით... მერე, როგორც იქნა, "ჩამოვგორდით" - კიდევ კარგი, დაღმართი იყო. ასე "გამოგვასვენეს" უკან... აღმართები არ მიყვარს, იქ კი ისეთი სასიარულო დამხვდა და ისეთი ტანჯვა გამოვიარე, რომ არცთუ სასიამოვნოდ მახსენდება, თუმცა ლაშქრობებშიც აუცილებლად წავიდოდი. სულ ვამბობ, - მინდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ულამაზესი ადგილები რამდენიმე ადამიანმა მოვიაროთ, დავათვალიეროთ-მეთქი. ამ ამბავს უნდა შევუდგე - უნდა "ავტეხო" რამდენიმე ქალი და "დავეშვათ" (იღიმის)!..

e6e50ded-be29-43db-9e56-af375d1d5d68-1721143084.jfif

- ყველაზე სასიამოვნოდ ზაფხულის რომელი არდადეგები გახსენდება?

- იმ ზაფხულს გავიხსენებ, როცა მე და ჩემი დაქალი დავდაქალდით, რომელსაც მანამდე გულზე არ ვეხატებოდი. ერთ დღეს საერთო დაქალის დაბადების დღეზე "გადავიკვეთეთ". მეორე დღეს ბათუმში წასვლას ვაპირებდი. ვიცოდი, ისიც აპირებდა და სპონტანურად მივწერე - ერთად წავიდეთ-მეთქი. იმ დღეს ხელი რომ ჩავკიდეთ, მას მერე სულ ერთად ვართ - იმხელა ემოციური კავშირი დავამყარეთ, მივხვდი, ძალიან "ჩემი" იყო. ის ზაფხული ერთად გავატარეთ. დღეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი ადამიანია. სხვათა შორის, ეს ის დაქალია, "ტიკტოკის" ცნობილ ვიდეოში, ფეხზე რომ "დავიგდე" და რომ მომტეხა (იცინის)...

- შენი ოცნების არდადეგები როგორია?

- ალბათ, აზიის ქვეყნებსა და კუნძულებზე დასვენება. მგონია, იქაურობა ულამაზესია და დიდი სიმშვიდე სუფევს. რამდენიმე მეგობართან ერთად, აზიის ტურში სიამოვნებით წავიდოდი, იქაურობას დავათვალიერებდი და იმ სიმშვიდეს მოვიპოვებდი, როგორიც ჩემი წარმოსახვით, იქ არსებობს. ბუნება ძალიან მიყვარს. მგონია, ამ მხრივ აზია განსაკუთრებულად ლამაზი და ესთეტიკურია.

- ამ ზაფხულს რას აპირებ?

- ახლახან ჩემმა ერთმა მეგობარმა დამირეკა - აგვისტოში ათენში გამგზავრებას ვაპირებ და გამიხარდება, ჩემთან ერთად შენც თუ იქნებიო. თან, საზღვარგარეთ არასოდეს ყოფილა... მოკლედ, არ არის გამორიცხული, ამ ზაფხულს 2 გოგონა ათენში წავიდეთ და ახალი თავგადასავალი გვქონდეს... ბევრგან რომ არ ვყოფილვარ, სხვადასხვა ქვეყანა სულ მაინტერესებს... კიდევ იმას გეტყვით, რომ ახლა ასეთი აკვიატება მაქვს: დაბადების დღე 14 იანვარს მაქვს. ზამთრის პერიოდი არ მიყვარს. სულ მინდოდა, დაბადების დღე გაზაფხულზე ან ზაფხულში მქონოდა, რომ უფრო სხვანაირად აღმენიშნა. ჰოდა, ახლა გადავწყვიტე, 13 ან 14 ივლისს "არდაბადების დღე" მქონდეს და გრანდიოზულად გადავიხადო. წვეულებისთვის ლამაზ ადგილს ვეძებ. მინდა გარე სივრცეში, ბუნებაში, ყვავილებით მორთულ გარემოში აღვნიშნო, ყველა ლაღი და "ფერადი" იყოს, რომ ბედნიერი ვიყო ჩემი ოცნების „არდაბადების დღეზე“ (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი