როგორ ავირიდოთ სახეზე ლაქებისა და "ჩატეხილი" ნაოჭების გაჩენა
რომელიც სახის კანს განსაკუთრებულად, პროფესიულად უვლის და ჩვენც გვიზიარებს სასარგებლო რჩევებს. თუ გაინტერესებთ რომელი ასაკიდან უნდა დაიწყოთ სახის კანის მოვლა, რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება და რომელი ზონა გასცემს ქალის ასაკს, ეს სტატია თქვენთვისაა.
- სოფო, თავდაპირველად შენზე მოგვიყევი, როგორ დაუკავშირე ბედი კოსმეტოლოგიას?
- ბავშვობიდან გამოვირჩეოდი თავის მოვლის კულტურით. პატარა ვიყავი, სკოლაშიც არ დავდიოდი, როცა მანიკიურსა და პედიკიურს ვიკეთებდი, ფრჩხილები სულ მოწესრიგებული მქონდა. ნიღბებსაც კი ვიკეთებდი, რაც ჩემს ასაკს შეეფერებოდა. ასე ძალიან რომ ვზრუნავდი ჩემს თავზე, მშობლებმა ჩემი ექიმობა განიზრახეს. ჩავაბარე კიდეც სამედიცინო უნივერსიტეტში. პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი სფერო, გამოვიტანე საბუთები და ჟურნალისტიკაზე შევიტანე. 20 წელი ვიმუშავე ჩემი პროფესიით, მაგრამ მერე ჩემს ცხოვრებაში ტრაგედია დატრიალდა, დავრჩი მარტო პატარა ბავშვით და ჩემი შემოსავალი არ მაძლევდა საშუალებას, შვილი უზრუნველმეყო. გადავწყვიტე, პროფესია შემეცვალა. ისევ მომიწია სამედიცინო სფეროსთან შეხებამ და 7 წელი სამედიცინო კლინიკაში ვიმუშავე. პარალელურად კრემების მომზადება და კოსმეტოლოგიაში პირველი ნაბიჯების გადადგმა დავიწყე. ჩემი სტიმული ჩემი ოჯახის წევრი იყო, რომელიც ბებიის რეცეპტით მალამოს ამზადებდა. დავინტერესდი, გამოვიყენე, მომეწონა და ერთად დავიწყეთ მომზადება. მერე, როცა მარტო დავრჩი და მინდოდა ეს მალამო შემოსავლის წყაროდ მექცია, მივხვდი, ძველი ფორმით რეალიზებას ვერ შევძლებდი, ამიტომ კოსმეტოლოგიის საფუძვლიანად შესწავლა გადავწყვიტე, რათა თანამედროვე, მრავალფეროვანი, ვიტამინებით გაჯერებული, კანის ტიპზე მორგებული (ცხიმიანი, კომბინირებული) კრემი დამემზადებინა. უამრავი ტრენინგი, კურსი გავიარე და პროფესიულ დონეზე შევისწავლე კრემების დამზადება: ფორმულებით, აქტივებით, დანამატებით, რა ტიპის კანს რა ინგრედიენტი უხდება. მერე შევქმენი ჩემი ბრენდი, სოციალურ ქსელში - ჩემი გვერდი. ძალიან მალე ადამიანების ნდობაც მოვიპოვე, ჩემი გვერდის მომხმარებელთა რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა, ეს კი მაძლევდა სტიმულს, კიდევ უფრო მეტი მესწავლა და ცოდნა გამეღრმავებინა კოსმეტოლოგიაში.
- რომელი ასაკიდან ჯობია სახის კანის მოვლა?
- დაბადებიდან. ჩვილს სჭირდება თავისი საცხი. ვიზრდებით და ასაკის შესაფერისი კრემი გვჭირდება მთელი ცხოვრების მანძილზე. განსაკუთრებით გამოვყოფ გარდატეხის ასაკს, როცა ჰორმონალური ცვლილებები იწყება და ამას ახლავს აკნე, კომედონი. ამ პერიოდში მოზარდს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მშობლებმა, რომ არ გართულდეს, სახეზე არ გაუჩნდეს აკნეს შემდგომი ლაქები, ნაწიბურები, ფორები. სასურველია, უკვე ამ ასაკში სახის კანის მოვლა მისი ტიპის მიხედვით. ელემენტარულია, საღამოს სახის დაბანა კოსმეტიკური საპნით და დამატენიანებელი კრემის წასმა. ზაფხულში, მით უმეტეს მზეზე ყოფნისას, სასურველია დამცავის გამოყენება. რაც შეეხება სახის კანის ასაკობრივ მოვლას: 20-22 წლის ასაკში კანი ასრულებს ზრდას და უკვე მეორე დღიდან იწყება დაბერების პროცესი, ნელდება კოლაგენის გამოყოფა და შესაბამისად, კანი იწყებს მოშვებას, რაც შესამჩნევი ხდება 30 წლის ასაკში წვრილი, მიმიკური ნაოჭებთ, ე.წ. ბატის თათების წარმოქმნით. ამ პერიოდიდან უნდა დაიწყოთ კანის მოვლა ასაკის შესაფერისი პროდუქტებით. ყველაზე კარგია კანის მოვლა რუტინულად: ჩვენი კანის ტიპის მიხედვით უნდა შევადგინოთ დილისა და საღამოს მოვლის პროცედურები.
- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრა ამ პროცედურების შესახებ...
- რუტინა საფეხურებად იყოფა. პირველი: თუ მაკიაჟს ვიკეთებთ, აუცილებელია ჰიდროფილური ზეთი, რომელიც დაშლის დეკორატიულ მაკიაჟს; მეორე საფეხურია კოსმეტიკური საპნით ჩამობანა; მესამეა - ტონერი. მისი დანიშნულებაა, იმ მაკიაჟისა თუ ჭუჭყის სახიდან მოშორება, რაც ჰიდროფილურმა ზეთმა და კოსმეტიკურმა საპონმა ვერ შეძლო. როგორც წესი, ტონერი გაჯერებულია ძლიერი აქტივებით (ჩ ვიტამინი, ნიაციამიდით, გლიკოლის მჟავით). აგრეთვე მისი დანიშნულებაა კანის ტონუსში მოყვანა და მისი PH ბალანსის აღდგენა, რადგან კოსმეტიკური საპნის გამოყენების შემდეგ კანი კარგავს ტენიანობას; მეოთხე საფეხურია შრატი, რომელიც ათასნაირი არსებობს და უნდა შეგირჩიოთ კოსმეტოლოგმა თქვენი კანის ტიპისა და ასაკის მიხედვით. შრატის გამოყენების შემდეგ უკვე შესაძლებელია კრემის წასმა. დილის რუტინაში აუცილებლად ვიბანთ სახეს, ვიწმენდთ ტონერით და ვისვამთ დღის დამცავ დამატენიანებელ კრემს.
- გენეტიკის იმედად შეგვიძლია დარჩენა, თუ გარკვეული პროცედურების ჩატარება აუცილებელია?
- გენეტიკა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც, ფორები ავიღოთ, რომელიც არის ხილულიც და უხილავიც. მოდიან ჩემთან პაციენტები სახის გასაწმენდად, ინიექციური პროცედურებისთვის, მაგრამ ფორები გენეტიკის ნაწილია და მას ვერანაირი პროცედურით ვერ გაიქრობთ. თუმცა, სახის კანის მოვლის კარგი პროდუქტებითა და პროცედურებით (კანის ტიპის და ასაკის გათვალისწინებით) ეს ჩვენი გენეტიკური ფორები შეგვიძლია გავხადოთ უხილავი, ხოლო სახის კანი - გლუვი და ძალიან ლამაზი. გენეტიკის იმედად ყოფნა შეიძლება 25-27 წლამდე, მერე ხელი უნდა შევუწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, 40-45 წლის ასაკში მივიღებთ სავალალო შედეგს ასაკობრივ ლაქებისა და "ჩატეხილი" ნაოჭების სახით.
- ადრე ბებიების რჩევებით უვლიდნენ სახის კანს, იქნებოდა ეს მჭადის ფქვილით სახის გაწმენდა თუ კიტრის ნათალის სახეზე წასმა. ახლა რას გვეუბნება თანამედროვე კოსმეტოლოგია?
- თანამედროვე კოსმეტოლოგია სახის კანის შინაურულ მეთოდებს, როგორიცაა მჭადის ფქვილით სახის გაწმენდა, ლიმონის ან კიტრის წასმა და ა.შ. არ აღიარებს. პირიქით, ზოგიერთმა შინაურულმა მეთოდმა შეიძლება გამოიწვიოს ლიპიდური შრის, დამცავი ბარიერის დარღვევა და შესაძლებელია კანზე უამრავი პრობლემა გაჩნდეს. თუმცა, ჩვენი ბებიების თაობა მშვენივრად უვლიდა თავს ერთი კრემით და სახის კანსაც მჭადის ფქვილით იწმენდდა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მაშინ სხვა ეკოლოგია იყო, სხვა პროდუქტები და სხვა გარემო.
- მხოლოდ სახის კანი საჭიროებს მოვლას, თუ ყელი და ხელებიც, რომლებიც გასცემენ ქალის ასაკს?
- ძალიან კარგი კითხვაა და ეს ყველა ქალბატონმა უნდა გაითვალისწინოს, რადგან ალბათ ყველას გინახავთ ასაკიანი ქალბატონები, რომლებსაც მოვლილი, გადაპრიალებული სახის კანი აქვთ, მაგრამ მოუვლელი ყელისა და დეკოლტეს ზონა გასცემს მათ ასაკს. მე ყველა ჩემს პაციენტს ვაფრთხილებ, რაც შედის სახის კანის რუტინაში, აუცილებლად უნდა ჩამოინაწილონ ყელსა და დეკოლტეზე. აგრეთვე, განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს კანი თვალის გარშემო. 28-29 წლის შემდეგ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ თვალის კრემი, რომელიც გაამკვრივებს კანს თვალის გარშემო. რადგან ამ ასაკიდან უკვე იწყება კანის შეშუპება, სიშავე. განსაკუთრებით, თუ კომპიუტერთან, ეკრანთან გიწევთ ყოფნა ან უძილო ღამეები გაქვთ.
- როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულში და ზამთარშიც?..
- ზაფხულის დადგომისთანავე ძალიან კარგია სახის ღრმა წმენდა (ან ზედაპირული, გააჩნია, ვის როგორ სჭირდება); 30 წლის შემდეგ - ინიექციური გზით დატენიანება, განსაკუთრებით, თუ ზღვაზე აპირებთ წასვლას, რომ მიიღოთ ლამაზი ნამზეური და დიდხანს გაგყვეთ, არ მოგემატოთ პიგმენტაცია და მზის სხივების გადამეტებული მიღებისგან არ დაგემატოთ ნაოჭები. ზაფხულში რუტინა უნდა იყოს მსუბუქი, ჰაეროვანი. რაც შეიძლება ნაკლები პროდუქტები უნდა დავიტანოთ კანზე და რასაც დავიტანთ, ის უნდა იყოს მაღალი დამატენიანებელი ეფექტის მქონე. ზაფხულში კანი გვიშრება და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ზამთარში ყინვა და სიცივე ხომ ცუდად აისახება ჩვენს კანზე, აშრობს, მაგრამ ზაფხულში კიდევ უფრო შრება. ამიტომ თუ ზამთარში ჩვენ ვიყენებთ მსუყე, ცხიმის ბაზაზე დამზადებულ კრემებს, ზაფხულში აუცილებლად უნდა გამოვიყენეთ ისეთი, რომელშიც მეტი პროცენტულობით იქნება წყალი ანუ ნაკლები ცხიმი და მეტი წყალი, რათა ტენიანობა შევმატოთ ჩვენი სახის კანს. ძალიან სასარგებლოა ზაფხულში ჩ და ე ვიტამინის პროდუქტების გამოყენება. მზეზე გასვლის წინ აუცილებელია დამცავის წასმა და რაც უნდა დიდი იყოს დაცვის ინდექსი, აუცილებელია, 2 საათში ერთხელ წავისვათ. ხოლო თუ პლაჟზე გადიხართ, ნახევარ საათში ერთხელ გადაისვით, განსაკუთრებით, თუ მიდრეკილ ხართ პიგმენტაციისკენ.
რუსუდან გელაშვილი