"შენ აქ ან უნდა ააშენო სახლი, ან ააგო ნავი, ვერტმფრენი..."
მისთვის იოლი არ იყო ახალ გარემოში თავის დამკვიდრება, მაგრამ შრომით, დაუღალავი ბრძოლით ეს მოახერხა და ნელ-ნელა კიდევ უფრო წინ მიიწევს, როგორც ამბობს, იმ სანდო და ერთგული ადამიანების მხარში დგომით, რომლებიც წლებმა გამოცადა...
- არასდროს ვითვლი წლებს. ვფიქრობ, ყოველი გასული წელი არის იმის დამადასტურებელი, რომ შენ იცხოვრე, მაგრამ როგორ იცხოვრე, ეს არის მთავარი... ყველაზე დიდ თემას, რომელიც უნივერსიტეტში დავწერე, ჰქონდა სათაური: "დიდად იამხანაგეს". ცხოვრებაც ეს არის და მნიშვნელოვანია, ადამიანები ერთმანეთთან დიდად ვიამხანაგებთ თუ არა. სამყაროში არასდროს არაფერი სრულდება, ყველაფერი მოძრაობაშია და მთავარია, როგორ აჰყვები მას, რა ღირებულებების მატარებელი იქნები.
ემიგრაცია...
- "ემიგრანტი" ჩემთვის ძალიან სევდიანი სიტყვა, დაუსრულებელი წიგნია. ამ სიტყვაში ვხედავ როგორც მუქ ფერებს, ასევე წარმატებულ, ლამაზ პორტრეტებსაც, რომლებმაც შეძლეს და ისეთი სწორი ნაბიჯები გადადგეს, რასაც სხვა ადამიანები აღტაცებაში მოჰყავს. ზოგადად, ყველაფერი აბსტრაქციაა. სამყაროში ჩვენ ვქნით რაღაცებს, რაღაცები კი ბედისწერით გვეძლევა და ე.წ. თითის გაშვერის პოლიტიკა ქვეცნობიერად გვაძლევს საშუალებას, სადაც უნდა ვცხოვრობდეთ, თავიდან ავირიდოთ შეცდომები. ამერიკაში ცხოვრების თავიდან დაწყება ერთგვარი გამოწვევა იყო: რამდენად ძლიერი ვიყავი საიმისოდ, რომ უცხო ქვეყანაში ჩემი თავი მეპოვა; შევძლებდი კი დიდი ტკივილების ისე გადატანას, რომ სული არ დამმახინჯებოდა. ჰოდა, მე ეს შევძელი. ვფიქრობ, ისიც შევძელი, რომ აქ, ერთ დროს ჩემთვის უცხო მიწაზე ვაჟები მხოლოდ კი არ გავზარდე, არამედ ღირსეულ ადამიანებადაც აღვზარდე და დღეს ჩემი შვილებით ნამდვილად ვამაყობ. ჩემთვის ღირებულებები არ ფასდება ფულით, ქონებით, დიდი ფუფუნებით. ეს ყველაფერი ძალიან ლამაზია, მომხიბვლელი და საჭიროა ვიღაცებისთვის, ჩემთვის კი დიდი ბედნიერება იცით, რა არის? ის, რომ გვერდით მყავს ძალიან ერთგული, ჩემზე შემდგარი და წარმატებული ადამიანები, რომლებიც კედელივით მიმაგრებენ ზურგს. საქართველოში ყოფნისას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ჟურნალისტიკაშიც მყავდა ჩემი გურუები - ადამიანები, რომლებსაც ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით აზრს ვეკითხებოდი, მაგრამ ემიგრაციაში ყოფნისას დგება მომენტი, როცა ხარ სრულიად "ცარიელ ადგილზე" და შენ ან უნდა ააშენო სახლი, ან ააგო ნავი, ვერტმფრენი...
როცა ერთი შეხედვით ამ ცარიელ სივრცეში დგახარ, ბოროტიც და კეთილიც გიგზავნის ყველანაირ ენერგეტიკას. აქ შეიძლება დაიკარგო. ჩემთანაც იყო "ჩავარდნები", მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რადგან არასდროს არაფერზე გავიყიდე და არასდროს მითქვამს, რომ ყველაფერში მართალი ვარ. ჰოდა, ალბათ ამიტომაც დამასაჩუქრა სამყარომ კარგი ადამიანების გვერდით ყოფნით. ვფიქრობ, თუ ცხოვრებაში გყავს თუნდაც ერთი ადამიანი, რომლის ნდობაც თვალდახუჭულს შეგიძლია, ეს დიდი მონაპოვარია და უნდა იფიქრო, რომ მიაღწიე სამყაროსგან უდიდეს საჩუქარს; ამაზე დიდსა და ძვირფასს ვერაფერს შეიძენთ... თავიდან ძალიან ცუდი "საჩუქრები" მერგო, დიდი იმედგაცრუება ვიგემე, რომელზე საუბარიც ალბათ ახლა არ იქნება მიზანშეწონილი და თანაც, მე ვარ ადამიანი, რომელსაც პატიება შეუძლია და მერწმუნეთ, ამის გამო სამყაროსგან დადებითი ბონუსები მოდის.
ერთგული ადამიანების თაიგული
- ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა საერთო საქმით ერთიანდება ადამიანთა გარკვეული ჯგუფი. ჩემი უსაყვარლესი სამშობლოდან გამოყოლილი მეგობრის, დიდი ვაჟა-ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილის მხარში დგომა არასდროს დამავიწყდება. სწორედ მისი დახმარებით, 2008 წელს დაფინანსდა ექსპედიცია, რომელიც ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ეს არის ჩემთვის ცხოვრება და ურთიერთობა და არა ის, რასაც დამოუკიდებლად ვაკეთებდი. მე არასდროს ვყვირი ჩემს გაკეთებულ საქმეებზე. ვფიქრობ, შედეგი გუნდურ მუშაობას მოაქვს. როცა რისკიანი ნაბიჯი გადავდგი და რეპორტაჟის მოსამზადებლად ჩეჩნეთში წავედი, მაშინაც ხომ არ ვიყავი მარტო? ექსპედიციაში ყოფნის დროსაც დიდი გურამ გაბიძაშვილი, ხვამლის მთის არქეოლოგი მიმაგრებდა ზურგს, რომელიც ნაადრევად წავიდა ჩვენგან. მანამდე იყო ალიოშა ჯაფარიძე, რომელიც გარდაიცვალა. ახლა არის ხვამლის მთის ლომი დავით სულხანიშვილი, რომელმაც ძალიან დიდი აღმოჩენები გააკეთა და ამ არტეფაქტების შესახებ მხოლოდ მე შემიძლია ვისაუბრო. ეს ცოტაა?
ასეთივე ერთგულებისა და თანამშრომლობის ჯაჭვი მაკავშირებს თამარა მოსიძესთანაც, რომელსაც არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი, არადა, ბევრ კარგ რაღაცას აკეთებს... ამაყი ვარ ამ ადამიანებით, ვისთანაც თანამშრომლობისას გადავიკვეთე და აი, ესაა ჩემთვის ცხოვრება, ურთიერთობები.
ახალი გზის დასაწყისი
- ამერიკაში ჩამოსულმა ბაზრის შესწავლა დავიწყე, რათა დამეკმაყოფილებინა შინაგანი მოთხოვნილება, რომ აქაც რაღაც პროფესიასთან მიახლოებული საქმე მეკეთებინა. მიზნად დავისახე, რომ არავის "ბოსტანში" არ უნდა შევსულიყავი. ვიცოდი, რომ შემდგარ ადამიანს ყოველთვის მოსწონს ნიჭიერებთან ურთიერთობა და ის არასდროს გაგიკეთებს ბოროტებას, მაგრამ უღირსებიც ბლომად შეგხვდებიან. წლებია ამერიკაში ვარ და ბევრი ღონისძიების წაყვანა თუ მოწყობა მომიხდა, თუმცა სხვებისთვის ხელის შეშლის ხარჯზე არ მომხდარა ეს. ამით ბედნიერი ვარ, რადგან საყვარელი საქმის კეთება სუფთა ხელებით - ეს სიამოვნებაა... ამჯერად შევჩერდები პროექტზე "სამოსი სამშობლო", რომელიც წელს მესამედ ჩატარდება. უბრალოდ, რაღაც მიზეზების გამო, თარიღი შეიცვალა. ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ნიუ-იორკში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. აქ ლამის ერთი ფილარმონია გაიხსნას, რადგან 60 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს მხოლოდ ნიუ-იორკში და სხვადასხვა შტატში, კიდევ რამდენიმე ათასი... ყველას თავისი მისია და პასუხისმგებლობა აქვს ამ სამყაროში. ზღაპრის ბოლო კეთილია, თუ სიმართლით იცხოვრებ. ჩემი სამშობლო, ჩემი პროფესია და შვილები - ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ასევე, ადამიანთა ის ჯგუფი, რომლებმაც აქამდე მოიყვანეს ჩაფიქრებული პროექტები.
"სამოსი სამშობლო" კვლავ იღებს სტარტს და ეს იქნება გრანდიოზული ღონისძიება. მინდა მადლობა გადავუხადო პირველი ქართული კულტურული ცენტრის დამფუძნებლებს: ბატონ ვიქტორ და ქალბატონ ლიკა სირელსონებს. ქალბატონი ლიკა წელს "სამოსი სამშობლოს" თემის - "ყვავილების ქვეყანა" წარმდგენი და რეჟისორიც იქნება. ყველას გვაინტერესებს, რა ისტორიას გადმოსცემენ სამშობლოდან წლების წინ წამოსული ქალბატონები (და არა მარტო ქალბატონები) თავიანთი სამოსით... ბატონი ვიქტორი იქნება ჟიურის თავმჯდომარე, რომლის ძირითადი შემადგენლობა არ იცვლება. უბრალოდ, მათ 2-3 კაცი ემატება ხოლმე. გვექნება ბევრი პრიზი. მაგალითად, ლევან ბუჯიაშვილი უკვე მუშაობს ბრინჯაოს ქანდაკებებზე. ზევით ვისაუბრე ერთგულ ადამიანებზე და ასეთია ამ პროექტის ყოველწლიური წარმდგენი - ქალბატონი თამარა მოსიძე. პროექტის უცვლელი წამყვანია გიორგი ნიკოლაიშვილი - ნაწილი ქართული ისტორიის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იწერება. ასევე მადლობა ლაშა მძინარაშვილს, ასევე პროექტის წამყვანს და მეუფე საბას, რომელიც დიდსულოვნად, ყოველთვის მხარში უდგას ყველა ქართულ პროექტს. მისი მხარდაჭერა აქ, სამშობლოდან შორს მყოფი ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ხომ რწმენა გვაერთიანებს... დაბოლოს, მინდა გითხრათ, რომ წელს ჩვენს პოდიუმს გახსნიან პროექტის შვილობილები - ნუციკო და ივა, რომლებიც შარშან ღონისძიებას დედების მუცლიდან ესწრებოდნენ.
ცოტა რამ სხვა პროექტებზეც...
- საკონსულო და გენერალური კონსული მაკა ბართაია მუდმივად გვეხმარებიან ახალი პროექტების წარდგენაში და 19 ივლისს სწორედ მათთან ერთად ვაწყობ ყოფილი და მოქმედი სპორტსმენების შეკრებას. ჩემმა კომპანიამ "ლელანი კორპორეიშენმა" მოახერხა 30 ადამიანის თავმოყრა, რომლებიც შტატებში ცხოვრობენ. მოეწყობა გენერალურ საკონსულოში მათი მიღება, გაცნობითი საღამო... ასევე, ცოტა ხნის წინ დიდი სიყვარულით ვუმასპინძლეთ ნონა გაფრინდაშვილს. მისი ორი ისტორიული ჭადრაკი გამოიფინა ამერიკაში, სხვადასხვა შტატში და ეს ჩვენთვის დიდი პატივი იყო. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ექსპრომტად, 2 დღეში დაგეგმილ საღამოზე მობრძანდნენ. მადლობა ჟურნალ "გზას" და მთლიანად თქვენს ჰოლდინგს, რომ სულ ჩემ გვერდით ხართ.
დაბოლოს...
- მე აქ, შორეულ ქვეყანაში ბევრი ადამიანი მაძლიერებს. მათ შორის არის ადვოკატი ნონა თილეი, რომელიც ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს მხარში უდგას. რომ არ ყოფილიყო მეცენატი ქართველი ქალბატონი თამარა მოსიძე, რომელიც წლებია ამერიკაში ცხოვრობს, ბევრ კარგ იდეას არ შეესხმებოდა ფრთები. მისნაირი პატრიოტი ქალი იშვიათობაა ამ სამყაროში. მან ჩემი ცხოვრება, ჩემი პროექტები და მსოფლმხედველობა უკეთესობისკენ შეცვალა... ალბათ იცით, რომ უკვე ერთი თვეა ვმუშაობ საემიგრაციო საადვოკატო ოფისში ოფის მენეჯერად. შემოთავაზება მივიღე ადვოკატისგან Julia A. Lowenfeld. ეს ახალი გამოწვევაა ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც დავთანხმდი. ძალიან საინტერესო სამუშაოა. ლამის ყოველდღე იცვლება კანონები და საემიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით ქართველებთან მიწევს მუშაობა, რომლებსაც ენის ბარიერი აქვთ. ჩემი პროფესია მეხმარება მათთან ურთიერთობის დამყარებაში, ვისმენ ადამიანების ცხოვრებისეულ ამბებს და მათ ვეხმარები, რომ მიიღონ თავშესაფარი...
დიდი მადლობა შორენა ხუბერიშვილს და ჩვენს პირველ ქართულ კლინიკას, რომელმაც ჩაიხუტა ჩემი ლაზარე და მისგან მომავალ კარგ პერსონას წვრთნიან სამედიცინო კუთხით. ის ამჟამად 2 კლინიკაში მუშაობს და ემსახურება ქართველ ემიგრანტებს. ჩვენ აქ გვაქვს შექმნილი ჩვენი პატარა სამშობლო. ადამიანებო, ერთმანეთის გვერდით დგომით, ერთმანეთით უკეთესები უნდა გავხადოთ ჩვენი ყოველდღიურობა. უნდა ვეცადოთ და ერთმანეთის მიტევება ვისწავლოთ, სხვანაირად სამყარო არაფერს გვაპატიებს. მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, უნდა ვიაროთ წინ და ვთქვათ ჩვენი სათქმელი იქ, სადაც ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია. მეც ბევრი ბარიერი შემხვდა გზაზე, რაც არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ესეც უნდა გადამხდენოდა, რათა გამეგო ღირსეული ადამიანებისა და სიკეთის ფასი.
მადლობა ჩემს ორ შვილს იმისთვის, რომ ღირსეულად მიდგანან მხარში და იციან, რომ ამქვეყნად სამშობლო ყველაზე დიდია. ჩვენ ვართ ქართველები და სადაც უნდა ვიყოთ, ყოველთვის ვიტყვით ქართულ სიტყვას, გავაკეთებთ ქართულ საქმეს, ეს ზუსტად ვიცი.
ლიკა ქაჯაია