"გავმელოტდი და სხვისგან რომ თმას ვითხოვ, არ არის კარგი" - გზაპრესი

"გავმელოტდი და სხვისგან რომ თმას ვითხოვ, არ არის კარგი"

სახელი, გვარი: ონისე ცხადაძე.

ასაკი: 28 წლის.

განათლება: სწავლობდა აგრარული მეცნიერებების ფაკულტეტზე.

პროფესია: იუმორისტი, სცენარისტი, მსახიობი.

ამჟამინდელი საქმიანობა: "ახალი შაბათის შოუს" ჯგუფის სცენარისტი და მსახიობი. ასევე, აქტიურობს "იუთუბ" პლატფორმაზე.

ჰობი: ფეხბურთის ყურება და თამაში.

ცხოვრების დევიზი: "არ გაჩერდე!"

- წარმოიდგინეთ, რომ არავინ გიცნობთ. საზოგადოებას საკუთარ თავს როგორ წარუდგენთ?

- ვარ ონისე ცხადაძე, ერთი ჩვეულებრივი, მოკვდავი ადამიანი.

- პოპულარობის განცდა პირველად როდის დაგეუფლათ?

- ალბათ, ტელევიზიაში გამოჩენის შემდეგ. მანამდეც, უნივერსიტეტში "მანსანკანს" რომ ვთამაშობდი, ბევრი ადამიანი მიცნობდა. ტელევიზიაში მუშაობისას, როცა უკვე ქუჩაში ხალხი მაჩერებდა, პოპულარობის განცდა დამეუფლა, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი, მოკვდავი ადამიანი მეგონა თავი.

- კონკრეტული "სკეტჩი" ხომ არ გახსოვთ, რომლის ეთერში გასვლის შემდეგაც იგრძენით, რომ პოპულარული ხართ?

- ეს უფრო თანდათან, ნელ-ნელა მოხდა. ბევრი დრო გავიდა... ახლა არც მახსოვს, თორემ შეიძლება, ასეთი "სკეტჩი" იყო.

- როცა გეფლირტავებიან, როგორი რეაქცია გაქვთ?

- მეც ვეფლირტავები. ჩემ მიმართ როგორი ემოცია და განწყობაც მოდის, მეც ისე ვიქცევი, რასაც შემდეგ ჩემი პირადი ნაბიჯები მოჰყვება ხოლმე.

- თუ არასასურველი ადამიანი გეფლირტავებათ, ამ შემთხვევაში რა ხდება?

- როგორღაც, თავის დაღწევას ვახერხებ (იცინის).

- ცხოვრების ამ ეტაპზე, თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?

- ამ შეკითხვაზე შეიძლება, ცოტათი ფილოსოფიური პასუხი გამომივიდეს: საერთოდ, მიკვირს ხოლმე, როცა ჩემ მიმართ ადამიანები სიყვარულს გამოხატავენ. ალბათ, ყველაზე დიდი მიღწევა ეს არის, რომ პირადად არ მიცნობენ, ვუყვარვარ და ამ სიყვარულს გამოხატავენ. ხალხის დიდ ნაწილს თავი გავაცანი, ჩემ მიმართ ნეგატიურად განწყობილი არ არიან, პირიქით...

- თქვენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევთ?

- გაბრაზება არ შემიძლია, უფრო ზუსტად - ვბრაზდები, მაგრამ სიბრაზეს ვერ გამოვხატავ.

- აბა, ეს ემოცია სად მიგაქვთ?

- როცა სადმე მარტო ვარ, შეიძლება, ერთ დღესაც ცოტათი გავბრაზდე.

- როგორ გამოხატავთ?

- შეიძლება, გიჟი გეგონოთ: საკუთარ თავთან ვლაპარაკობ ხოლმე... ხმამაღლა! ჩემს თავზე უკეთეს ადამიანს ვერც დაველაპარაკები.

- ოქროს თევზის ამბავი რეალური რომ იყოს, რომელი 3 სურვილის ახდენას სთხოვდით?

- რამდენიმე ოცნება მაქვს, ოღონდ - ჩემთვის ვინახავ... საერთოდ, სულ ვფიქრობ, ახლა რა ცხოვრებისეული გამოცდილებაც მაქვს, ამ გამოცდილებით წარსულში რომ დავბრუნდე, მეტი არც არაფერი დამჭირდებოდა - დანარჩენს თავად გავაკეთებდი.

- თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევთ?

- გარკვეულწილად - კი: რაღაცებში უიღბლო ვარ, მაგრამ რაღაცებში - ძალიან იღბლიანი. მაგალითად, ახლა თქვენ რომ მირეკავთ და ინტერვიუს იღებთ, ეგ ვერასდროს წარმომედგინა. ვფიქრობ, ამაში გამიმართლა, რომ რაღაც მხრივ, ვიღაცისთვის საინტერესო ვარ. პოპულარობა მიზნად არასდროს დამისახავს. ამისთვის ბევრი არ მიშრომია - გამიმართლა, თუმცა მერე კი ვიშრომე ბევრი, როცა მივხვდი, რომ ეს საქმე - იუმორის სფერო მომწონდა. პოპულარობაზე არც ვფიქრობდი. უბრალოდ, საქმე მომეწონა.

- უიღბლობის ამსახველ ეპიზოდსაც ხომ არ გაგვიმხელთ?

- სიმართლე გთხრათ, უიღბლობას კი არა, ისევ საკუთარ თავს დავაბრალებ, თუკი ცხოვრებაში რაც მინდოდა, არ გამომივიდა. შესაძლოა, რაღაცებში არ გამიმართლა, მაგრამ ასე არ დავკვირვებივარ. მაგალითად, შეიძლება ტოტალიზატორში ბილეთი მეწერა და ერთმა გუნდმა "გამიფუჭა".

- წარმატების მიღწევაში ხასიათის რომელი თვისება გეხმარებათ?

- ალბათ - თავმდაბლობა. ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემთვის ეს ცუდი თვისებაა, რადგან ზოგიერთ ადამიანთან თავმდაბლობა ცუდია, პირიქით - არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ცოტა სხვანაირად უნდა მოექცე, მაგრამ ეს არ შემიძლია. მერე, საბოლოო ჯამში, ვხვდები, რომ თავმდაბლობა ყველაზე მაგარი რაღაცაა, რადგან სიტუაციებს რომ ვაკვირდები, ყველაზე მეტად ამ თვისებას აფასებენ ხოლმე ჩემშიც და საერთოდ, ადამიანებშიც.

- ადამიანებს თავად რა ნიშნით აფასებთ?

- როცა ვინმეს გავიცნობ, ურთიერთობას დავიწყებ, ვეუბნები ხოლმე, რომ ტყუილი მეზიზღება, საშინლად ვერ ვიტან. ამ კრიტერიუმს თუ აკმაყოფილებს, ე. ი. ჩემთვის მისაღები ადამიანია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის.

- ამ მხრივ, ადამიანში შემცდარხართ?

- კი. საერთოდ, ბევრი იტყუება.

- მეგობარი დაგიკარგავთ?

- არასოდეს. კარგი მეგობრები მყავს.

- ოდესმე საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნიათ?

- კი. მიმაჩნია, რომ ჩემი საქმის კარგად გაკეთება შემიძლია, მაგრამ არის სიტუაციები, როცა რაღაც არ გამომდის. ამ დროს მგონია, რომ ჩემი შესაძლებლობები საკმარისი არ არის.

- ბოლოს შენიშვნა ვისგან, რის გამო მიიღეთ?

- შენიშვნებს არ მაძლევენ. ისეთი ადამიანი ვარ, რომ პატარა ასაკიდან უკვე მშობლებს აღარ ვუჯერებდი იმ კონკრეტულ საკითხებში, რაშიც მართალი ვიყავი, მაგალითად - თუკი ჩემი თავისუფლების რამით შეზღუდვა ხდებოდა, იმას ვაკეთებდი, რაც მომესურვებოდა, რადგან ცუდის გაკეთების სურვილი არასდროს გამჩენია.

- თქვენი მეამბოხე ხასიათის გამოხატვა როდის დაიწყეთ?

- სიმართლე გითხრათ, მეამბოხეც არ ვყოფილვარ, ანუ იმას ვაკეთებდი, რისი გაკეთებაც მომწონდა, თუმცა ისეთს - არაფერს, რომ რამე ეთქვათ. მაგალითად, სახლში 8 საათზე რომ უნდა ვყოფილიყავი, ასეთ მოთხოვნებში მშობლებს არ ვუჯერებდი. "მძიმე" თემები არ ყოფილა.

- ბოლოს კინოთეატრში რომელი ფილმი ნახეთ?

- აუ, კინოთეატრში ერთადერთხელ ვარ ნამყოფი - ძალიან ცუდი ქართული ფილმი ვნახე. სახელიც არ მახსოვს. ცნობილი მსახიობები და მომღერლები მონაწილეობდნენ. სიუჟეტი ასეთი იყო: მომღერლები ავტობუსით გასტროლზე სადღაც მიჰყავდათ. ფილმი ისეთ ადგილას გაწყდა, როცა წესით უნდა დაწყებულიყო. მას მერე, კინოთეატრში აღარ წავსულვარ - მგონია, რომ ყველა ფილმი ასე გაწყდება სადღაც...

- ამჟამად, რომელ სერიალს უყურებთ?

- ბოლოს "დრაკონების სახლი" ვნახე. უკვე მეორე სეზონი გამოვიდა. ყურებას ვაპირებ. ჯერ ვერ მოვიცალე.

- თქვენი საყვარელი ტელეგადაცემა რომელია?

- "ახალი შაბათის შოუ".

- დაასახელეთ ადგილი, რომელსაც ზაფხული ისე არ ჩაივლის, რომ არ ესტუმროთ...

- თერჯოლა. დასასვენებლად ხანდახან ბათუმში ჩავდივარ, მაგრამ ისე, მთა მირჩევნია.

- თერჯოლაში როგორ ისვენებთ?

- ვინ მასვენებს (იცინის)?!. უფრო მეტ დროს ძილს ვუთმობ. საღამოობით მეგობრებს ვნახულობ, ვინც იქ არიან და რომელთა ნახვასაც სხვა დროს ხშირად ვერ ვახერხებ.

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდით?

- ადამიანების ფიქრების წაკითხვის უნარს, რადგან ფიქრების გამოცნობა შემიძლია - ამაში 90%-ით დარწმუნებული ვარ, თუმცა ის დარჩენილი 10%-იც მინდა... საერთოდ, ადამიანის ფსიქოლოგიაში ძალიან კარგად ვერკვევი.

- როცა ადამიანს პირადად ხვდებით, თქვენს ყურადღებას პირველად მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს?

- ჩვეულებრივი შეხვედრისას ადამიანის გარეგნობას ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ. გოგოს გარეგნობაში ყველაზე მეტად რა მომწონს, შემიძლია, ამაზე გიპასუხოთ - გრძელი თმა. არაბუნებრივ ფრად (მაგალითად - ცისფრად) შეღებილი არ უნდა ჰქონდეს, დანარჩენი - მისაღებია: ქერა, შავი... ისე, ჩემგან ამის თქმა ცოტათი უხერხული კია - გავმელოტდი და სხვისგან რომ თმას ვითხოვ, არ არის კარგი.

- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს?

- სიკეთე. შეიძლება, ვიღაცამ არ დამიჯეროს, მაგრამ ცხოვრებაში ჩემი მიზანია, იმდენს მივაღწიო, რომ ბევრ ადამიანს დავეხმარო. ჯერ ერთი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, რომ თუ ადამიანისთვის რამის გაკეთება შემიძლია, უნდა გავაკეთო და მეორე, როცა ამას ვაკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ არა მგონია, რამე განსაკუთრებულს ვაკეთებდე, ადამიანებისგან ისეთ კმაყოფილებას ვგრძნობ, რომ რაღაცნაირად, ჩემზე დადებით ზეგავლენას ახდენს, მეტ მოტივაციას მაძლევს...

ეთო ყორღანაშვილი