დასახული მიზნებისთვის გამოყოფილი თითო წელი და თიხის თერაპია
საყვავილეებს, სანაყინეებს და ა.შ. როგორც ფეხბურთის დიდმა გულშემატკივარმა, ბოლო პერიოდში ეროვნული ნაკრების წარმატებისადმი მიძღვნილი დეკორატიული თეფშებიც შექმნა და მოხატა. ხელნაკეთი კერამიკული ნივთების ავტორი ნათია ზამთარაძე თავის იმ საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც დღეს მის გატაცებებს შორის უმთავრესია.
- ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, თუმცა, სწავლისა და სამსახურის პარალელურად, ყოველთვის სხვადასხვა რაღაცით ვიყავი დაკავებული, რაც ხელოვნებას მაკავშირებდა. ამ ეტაპზე ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ეიჩარი ვარ და სტაბილური სამსახური მაქვს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და მინდა სულ ახალი შევიმეცნო, კერამიკაზე მუშაობის შესწავლა გადავწყვიტე. ზოგადად ყოველი ახალი წლის დადგომისას ჩავიფიქრებ ხოლმე, თუ რა უნდა გავაკეთო იმ კონკრეტულ წელს. 2024 წლის დასაწყისში ეს იყო კერამიკა, შარშან დრო პროგრამების სწავლას დავუთმე, რამდენიმე წლის წინ საკუთარი ფოტოსტუდია მქონდა და პირადად ვიღებდი ფოტოებს. ასევე, პანდემიის პერიოდში ციფრული გრაფიკის მიმართულებითაც მოვსინჯე ძალები. დღემდე მიღებული გამოცდილება კერამიკაზე მუშაობისას იმ თვალსაზრისით მეხმარება, რომ საკუთარ ნამუშევრებს ფოტოებს თავად ვუღებ და სოციალური გვერდის მართვაშიც აქტიურად ვარ ჩართული. ყოველთვის დავდიოდი გამოფენებზე, ახალ-ახალ ჟურნალებს ვიწერდი და ნანახი გონებაში ილექებოდა. როგორც წიგნის კითხვა ავითარებს წარმოსახვის უნარს, ისევეა ჩემთვის გრაფიკული დიზაინი და ფოტოგრაფია, რომელიც დღევანდელ საქმიანობაში მეხმარება.
- კერამიკის შესწავლა რომ გადაწყვიტეთ, თიხასთან შეხება იყო ამოსავალი თუ ამ მასალით დამზადებული კონკრეტული ნივთები გიზიდავდათ?
- მასალა თავისთავად, მაგრამ ყოველთვის მიზიდავდა ინტერიერში განთავსებული ისეთი ნივთები, როგორიცაა: ქოთნები, საყვავილეები და ა.შ. სახლშიც მაქვს ძველებური, ანტიკვარული ნივთები და როცა რამის ყიდვის ხასიათზე ვარ, ძველ მაღაზიებს მივაშურებ ხოლმე ან მშრალ ხიდზე მივდივარ. თვალი სულ გამირბის ძველებური ფოტოაპარატების, მუსიკალური ინსტრუმენტებისკენ ან ასეთ ჭურჭელს ვათვალიერებ. რამდენიმე ნივთი მაქვს, რომელზეც სხვადასხვა გრავირებაა და სულ მაფიქრებს, საიდან მოდის ის კონკრეტული ჭურჭელი ან ვინ იყო მფლობელი. მაგალითად, ერთ-ერთ მაღაზიაში ნაყიდ ძველებურ ჭურჭელზე ამოტვიფრულია, რომ 1940 წელს ის ერთ-ერთ საფეხბურთო ტურნირზე მოთამაშეს საჩუქრად გადასცეს. ჩემთვის ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ წლების შემდეგ ეს ნივთები ბინას სხვადასხვა ადამიანის სახლში იდებენ.
- კერამიკაზე მუშაობის შესასწავლად პედაგოგი გყავდათ ალბათ...
- "ხელების სკოლაში" კერამიკის შემსწავლელ წრეზე შევედი. თავდაპირველი მიზანი თერაპია იყო. რთული პერიოდი მქონდა, ბევრი საქმე დამიგროვდა, ვღელავდი და დაღლილი ვიყავი. იმდენად მესიამოვნა გარემო, სიმშვიდე, თითქოს მედიტაციაში შევედი. მოგვიანებით ჩარხზე მუშაობის ინდივიდუალური გაკვეთილებიც გავიარე. თავად შევიძინე დანადგარი, რომელიც მოგეხსენებათ, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ თუ მანამდე სხვა რამ იყო პრიორიტეტი, ახლა მაქსიმალურად გადართული ვარ მასალის შეძენაზე. იმდენად ჩამითრია ამ სფერომ, ვგრძნობ, რომ ეს უკვე გატაცება აღარ არის. სამსახურის შემდეგ, შინ რომ ვბრუნდები, ჯერ ჩემს ოთხფეხა მეგობრებს: კატას და ძაღლს უნდა მივხედო, გავასეირნო, მერე ცოტა დრო თავს დავუთმო და დაძინებამდე დარჩენილ საათებში კერამიკაზე ვმუშაობ. შევდივარ სახელოსნოში, კარს გამოვკეტავ და იმ საქმეში ვეფლობი, რომელიც უკვე ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და თან, საკმაოდ სასიამოვნოც...
ანა კალანდაძე