როგორ უპოვა ქართველმა ემიგრანტმა დანიელ ტურისტს 65-ათასევროიანი საათი წყალქვეშ...
და მარკეტინგული საქმიანობის გარდა, აქვს ექსტრემალური ჰობი, რითაც რამდენიმე ხნის წინ თავი გააცნო მთელ მსოფლიოს: ქართველმა ემიგრანტმა მეგობარ გოგონასთან ერთად, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, დანიელ ტურისტს ძვირად ღირებული მაჯის საათი უპოვა, რომელიც საოჯახო რელიკვია იყო და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. რაც ყველაზე მთავარია, გიორგის ურთულესი სამუშაოს შესრულებაში ჰონორარი არ აუღია: "ეს ამბავი მაიორკის კუნძულს, ესპანეთსა და ევროპას შემორჩება როგორც საოცარი ისტორია, თუ როგორ დაუბრუნეს ემიგრანტებმა ოჯახისთვის ძვირფასი ნივთი დანიელ ტურისტს", - წერს ადგილობრივი მედია...
ექსტრიმის მოყვარულ ქართველ ემიგრანტს დაკარგული განძის მოძებნის იდეა გაუჩნდა, მეტალოდეტექტორის საშუალებით, ჩანაფიქრს კი ხორცი შეასხა ემიგრანტ უკრაინელ გოგონასთან ერთად.
წყვილმა დანიელ ტურისტს, რომელსაც ერთი წლის დაკარგული ძვირად ღირებული საათი უპოვა, ჰონორარი არ გამოართვა, მაგრამ სარეკლამო სააგენტო, რომელიც უკრაინელ ქალს ეკუთვნის, მომავალში დანიურ კომპანიებთან ითანამშრომლებს - როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს არის კომპანიის ყველაზე დიდი რეკლამა.
- გერმანიაში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ გერმანული პასპორტის მქონე ქართველი ვარ... ბავშვობაში რამდენიმე წელი საქართველოში გავატარე, შემდეგ ბერლინში ჩამოვედი, სადაც ოჯახთან ერთად ვიცხოვრე და სამრეწველო წარმოების დიზაინი შევისწავლე. შემდეგ, რაღაც დროის განმავლობაში ლატვიაშიც ვიცხოვრეთ, ახლა კი 6 წელზე მეტია, მაიორკაში ვცხოვრობ და სამრეწველო წარმოების დიპლომირებული სპეციალისტი ვარ.
ჩემს უკრაინელ მეგობარ გოგონასთან - კაროსთან ერთად ვმართავ მარკეტინგის სააგენტოს, ასევე ვმუშაობთ სოციალური ქსელების მიმართულებით; ვაკეთებთ კონტენტს, რომელიც შემდეგ ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდება.
- რა შეგიძლიათ გვითხრათ საქართველოზე, ვინ ცხოვრობს თქვენს სამშობლოში - ოჯახი, ახლობლები, ნათესავები?.. ჩამოდიხართ ხოლმე?..
- სამწუხაროდ, მამაჩემი, ვაკო დვალიშვილი, რომელიც გერმანული სკოლის დირექტორი იყო, ჯერ კიდევ მაშინ გარდაიცვალა, როცა მე ბავშვი ვიყავი. ეს ჩემი ბავშვობის ტრავმაა... დედაჩემი ყოველთვის ცდილობდა საქართველოსთან კავშირი არ გაგვეწყვიტა. მისი დამსახურებით, დღეს ჩემი კავშირი სამშობლოსთან იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე იყო. ვცდილობ, ყოველწლიურად ჩავიდე ახლობლებთან, ნათესავებთან. მე და ბიძაჩემს, ჭოლა წულაძეს ძალიან გვიყვარს თეატრში დროის ერთად გატარება.
- დაივინგი თქვენი ჰობია?
- დიახ, ასეა, მე და კარო მოხალისეობრივ საქმიანობას ვეწევით, ვეხმარებით ადამიანებს, რომელთაც ზღვაში ძვირფასი ნივთები დაკარგეს. მათი პოვნით მოგვრილ სიხარულს არაფერი შეედრება.
- ბოლო შემთხვევაზე გვიამბეთ, რომლითაც მთელმა მსოფლიომ გაგიცნოთ.
- ეს ბოლო შემთხვევა მართლაც განსაკუთრებული იყო - დანიელმა გოგონამ, Pატეკ Pჰილიპპე-ის ბრენდის მაჯის საათი დაკარგა. გარდა იმისა, რომ 65 ათასი ევროს ღირებულებისაა, დანიელ ტურისტს ოჯახისგან ის მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული და დაკარგვას ძალიან განიცდიდა. შემთხვევა შარშან, მაიორკაზე, პორტთან ახლოს მოხდა, ქალაქ ბანიალბუფართან რამდენიმე კილომეტრში. გოგონა ზღვაში ბანაობდა, რა დროსაც მაჯიდან საათი მოსძვრა. ეტყობა, წყალქვეშ სამაჯურმა უმტყუნა... მითხრა, რომ შარშანდელი ზაფხულის შემდეგ, მთელი წელი ამაზე დარდობდა, რადგან ის საათი ოჯახის რელიკვია იყო. მისი თქმით, ძალიან უნდოდა საათი შვილისთვის გადაეცა და ძალიან უფრთხილდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, არ გაუმართლა. საათმა ათი მეტრის სიღრმეში, მთელი წელი გაატარა... ანუ იოლი საპოვნი არ იყო. სპეციალური აღჭურვილობით, ამისთვის სამი მცდელობა დაგვჭირდა. 9-საათიანი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა, ვიპოვეთ.
- რა არის ყველაზე დიდი სირთულე ამ საქმიანობაში?
- ხან რა, ხან - რა, სიტუაციას გააჩნია... მაგალითად, დანიელი ტურისტის შემთხვევაში, მხოლოდ წყლის სიღრმე არ ყოფილა პრობლემა. იმ ადგილას, სადაც მან საათი დაკარგა, წყალქვეშ უამრავი წყალმცენარე ხარობს, რაც რა თქმა უნდა, ხილვადობას ართულებს. შესაბამისად, მსგავსი შემთხვევებისთვის გვაქვს მეტალოდეტექტორი, მაგრამ ზოგ სიტუაციაში, როდესაც წყალმცენარეები ხშირია, ისიც არ არის საკმარისი. საათი სადაც ვიპოვეთ, იმ ადგილიდან ნაპირამდე დაახლოებით 500 მეტრია, მაგრამ საკმაოდ რთული ფსკერი აქვს, რაც ძებნას ართულებს.
მე და ჩემმა მეგობარმა გოგონამ იმ ადგილამდე ნავით შესვლა გადავწყვიტეთ, რომელზეც დანიელი ტურისტი გვანიშნებდა. პირველი გასვლა იმდენად რთული იყო, პროექტის გაჩერებაც კი მოვინდომეთ, თუმცა, მისი დახმარების სურვილი იმდენად დიდი იყო, მეორედაც ვცადეთ, ეს თვენახევრის წინ იყო, მაშინ წყლის ქვეშ ურთულესი ხუთი საათი გავატარეთ, შემდეგ იყო მესამე ცდა, რასაც ცხრა საათი დასჭირდა. ყოველ ჯერზე ძებნას შორის შუალედებში სამუშაო სისტემასა და პრინციპებს ვაუმჯობესებდით.
ეს ტურისტი ძალზე მშვიდი და თავდაჭერილი ადამიანი ჩანდა, მაგრამ ნივთი რომ ვიპოვეთ, სიხარულისგან ყვირილი მორთო, მაშინვე თავისი ოჯახის წევრებს დაურეკა და აცნობა - ქართველმა მყვინთავმა და მისმა მეგობარმა რელიკვია გვიპოვესო... ეს ემოცია ალბათ არასდროს დაგვავიწყდება.
როდესაც დაკარგულ ნივთებს ვეძებთ, უამრავი ცრუგანგაშიც გვქონია, ასე მოხდა ახლაც. სამწუხაროდ, წყლის ფსკერზე თუნუქის ქილები და სხვა წვრილმანი ნივთებიც ყრია. მეტალოდეტექტორი ყველას შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.
- ვიცი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მომსახურების თანხა არ აგიღიათ, ხომ?
- დიახ, არ აგვიღია, გვინდოდა, ეს ამბავი ისტორიას დარჩენოდა და ამაზე შემდგომაც ძალიან ბევრი ესაუბრათ.
ლალი პაპასკირი