"თავდაპირველად, სახეს ვერ ვაჩენდი, ვერ ვბედავდი"... - გზაპრესი

"თავდაპირველად, სახეს ვერ ვაჩენდი, ვერ ვბედავდი"...

მარიამი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, თუმცა უკვე ძლიერი, შემდგარი პიროვნება გახლავთ. ინტერვიუსაც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა და გულახდილად გვესაუბრა თავის ცხოვრებაზე, იშვიათ დიაგნოზზე - ვიტილიგოზე (რომელსაც მის ენაზე "სიყვარული" ჰქვია), წარსულში დარჩენილ კომპლექსებზე, ტრავმებსა და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე...

- "ტიკტოკზე" და საერთოდ, სოციალურ ქსელებში გამოვჩნდი ერთი მთავარი მიზნით - დამემარცხებინა ჩემი კომპლექსები, რომლებიც პატარა ასაკში ძალიან მაწუხებდა და გარემოებიდან გამომდინარე, საკუთარი თავის და სხეულის დამალვა მუდმივად მიწევდა. ვიტილიგო 9-10 წლისას მეწვია. იმ პერიოდში ჩემთვის სხეულზე ასეთი უცხო ლაქების მიღება სტრესული იყო. ამას საზოგადოების ცივი და უტაქტო დამოკიდებულება ემატებოდა, რაც უცოდინaრობის გამო ხდებოდა. ხშირი იყო დაცინვა, ბულინგიც, თუმცა ყველაზე მეტად იმ წესების დაცვა მიჭირდა, რაც მკურნალობას სჭირდებოდა: ზღვაზე, მზეზე გასვლა არ შეიძლებოდა, რის გამოც საკუთარ სურვილებზე უარის თქმა მიწევდა. როცა ჩემი თანატოლები ეზოში თამაშობდნენ, თავად სახლში ვიჯექი, მზეს უნდა მოვრიდებოდი. ამის გამო, გარეთ გვიან საღამოს, 1-2 საათით გავდიოდი, როცა ბავშვები უკვე სახლში იყვნენ. ზაფხულობით, შორტებისა და მოკლემკლავიანი მაისურების ნაცვლად, ჯინსის შარვლით, ქუდით და გაშლილი თმით სიარული მიწევდა, რათა ჩემს კანს მზის ნაკლები სხივი მოხვედროდა. ამ გარემოებამ ის გამოიწვია, რომ უმეტესად შინ ვიყავი და მრავალმხრივ ვიზღუდებოდი, რაც დისკომფორტს მიქმნიდა. საკუთარ თავში ჩავიკეტე, ყველას ჩამოვშორდი და გადავწყვიტე, რომ თუ ადამიანებისაგან თავს შორს დავიჭერდი, ნაკლებ ნეგატიურ დამოკიდებულებას მივიღებდი, მეც უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ ამით მხოლoდ თავს ვიტყუებდი. ეს ყოველივე ჩემს ფსიქოლოგიურ, მენტალურ მდგომარეობაზე ცუდად აისახა. აქვე დავამატებ, რომ მკურნალობა ძალიან ხარჯიანი იყო: ძვირად ღირებული წამლები, ნემსები, ტაბლეტები ჩემთვის დამთრგუნველი გახლდათ, რადგან ეს ყველაფერი რუტინაში გადაიზარდა. მივხვდი, რომ ეს ის ცხოვრება არ იყო, რომლითაც 10 წლის გოგოს მსურდა მეცხოვრა. გადავწყვიტე, ექიმთან დამეზუსტებინა, ჩემი ჯანმრთელობისთვის ვიტილიგო რამდენად სახიფათო იყო, რომ შემდეგ ცხოვრებაში დიდი და მთავარი ნაბიჯი გადამედგა. ექიმმა ამიხსნა, რომ "კოპლებიანი კანი" ჩემი ჯანმრთელობისთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა - უბრალოდ, "კოსმეტიკურ დეფექტად" აღიქმებოდა. ვიტილიგო მარტივად დასაყოლიებელი საკითხი არ არის: შეიძლება, გაქრეს, შეიძლება - არა, თუმცა ყველაფერს წესების დაცვა სჭირდება, რასაც ნაწილობრივ არ ვიცავდი, რადგან ეს პროცესი არ მიყვარდა. წამლებსაც ხშირად ვყრიდი, დალევის ნაცვლად და ა.შ. ექიმთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, მშობლებისთვის ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა, რაც მათთვის მარტივად მისაღები არ იყო, რადგან ფიქრობდნენ, რომ 10 წლის ბავშვი სიტუაციას სწორად ვერ შეაფასებდა. მეუბნებოდნენ, - როცა გაიზრდები, არ გვინდა, დაგვადანაშაულო, რომ მკურნალობის შეწყვეტაზე დაგთანხმდით და არ დაგაძალეთო. ჩემი პოზიცია ისეთი მყარი იყო, რომ მშობლები მკურნალობის შეწყვეტაზე დავითანხმე. იმ დღიდან საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენა, შესწავლა, დაფასება და სიყვარული დავიწყე.

- როცა საჯაროდ გამოჩნდი, ხალხისგან დიდ გამოხმაურებას ელოდი? ყურადღება მოგწონს?

- პირველი, რითაც კომპლექსებთან ბრძოლა დავიწყე, სოციალური ქსელები და ამ სოციალურ ქსელში აღმოჩენილი, ულამაზესი, უცხოელი, ვიტილიგოიანი მოდელი ჭინნიე Hარლოწ იყო. მიზნად დავისახე, ვიტილიგოს შესახებ ყველასთვის მეცნობებინა, ეს "დაავადება" ხალხამდე დიდ სილამაზედ "მიმეტანა", რადგან ეს თავდაჯერებულობისთვის მჭირდებოდა. ყველანაირ კოსმეტიკურ საშუალებაზე უარი ვთქვი, რაც იმ სიტუაციაში ჩემი მტერი და მაცდური იყო - შენიღბულ სილამაზეზე მიმაჯაჭვებდა და მაშინ, როცა მაკიაჟის მოშორების დრო დადგებოდა, საკუთარ თავს ყველაზე მეტად შემაზიზღებდა. შევცვალე დამოკიდებულება, უარვყავი საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება, მიზნად დავისახე, რომ მათ გავეცანი, როგორც "კოპლებიანი გოგონა" და ეს შევძელი კიდეც. თავდაპირველად ხალხისგან გულთბილ დამოკიდებულებას და სიყვარულს არ ველოდი, პირიქით - მეშინოდა, რადგან სოციალური ქსელი ბევრად რთული საკითხია: აქ ყალბი ანგარიშებიდან ადამიანის დაკნინებას მარტივად შეძლებენ, თუმცა ისეთი მტკიცე ხასიათი გამოვავლინე, რომ მსგავსი ფიქრებიც "გვერდით გადავდე" და კამერით იმ სილამაზის ესთეტიკურად აღბეჭდვა დავიწყე, რომელსაც ვიტილიგო ჰქვია. თავდაპირველად სახეს ვერ ვაჩენდი, ვერ ვბედავდი... ამიტომ ხელების გამოჩენით დავიწყე, თუმცა საბოლოო ჯამში, იმხელა სიმამაცე გამოვიჩინე, რომ საზოგადოების წინაშე მთლიანი სხეულით წარვდექი და ვიდეოს შესაბამისი ჰეშთეგებიც დავაწერე: ("კოპლებიანი გოგო", "კოპლებიანი ხელები" და ა.შ.), რაც საზოგადოებამ მალევე აიტაცა. ხალხისთვის ამოუცნობი და საინტერესო გარეგნობა სილამაზე გახდა. იყო "ჰეითიც", მაგრამ უფრო მეტად პოზიტიურ დამოკიდებულებას ვიღებდი. 10 წლისამ ჩემი გარეგნობა თავაწეულმა, ამაყად ვაღიარე და უკვე 8 წელია, ერთად ვიზრდებით. 18 წლის ვარ, თუმცა ბავშვობის ის ტკივილი და ტრავმა ისევ დარჩენილი მაქვს და ამაზე საუბარი დღემდე მაინც მიჭირს, თუმცა ბევრად თამამი და ბედნიერი ვარ, რომ მაქვს "კოპლები". ჩემი უცხო გარეგნობა ისე შემიყვარდა, რომ უიმისობა ვერ წარმომიდგენია.

- ბევრი იფიქრე, ვიდრე ვრცელ ვიდეოს გამოაქვეყნებდი, რომელშიც შენი იშვიათი დიაგნოზის შესახებ საუბრობდი?

- მიუხედავად იმისა, რომ პატარა გახლდით, ძალიან ბევრ რამეს ვიაზრებდი და ვფიქრობდი, რადგან უმეგობროდ, მარტო ვიყავი საკუთარ თავთან და ფიქრის დროც მეტი მქონდა. თავს 2 წელი ვებრძოდი, რომ ხმა ამომეღო, ხმის ამოღება კი მშობლების გამოც გადავწყვიტე, რომლებიც ძალიან განიცდიდნენ, რომ ვნერვიულობდი, მათ თვალწინაც ხშირად მეტირებოდა. ისეთი რთული გზა გავიარე და ისეთი ზეწოლა გადავიტანე, არ მინდოდა, იგივე სხვასაც გადაეტანა. ვიცოდი, ერთადერთი "კოპლებიანი" გოგო არ ვიყავი და ისიც ვიცოდი, ყველა ჩემნაირად ძლიერი ვერ იქნებოდა. ამიტომ მსურდა, ეს სტერეოტიპი დამემსხვრია - "მახინჯი ვიზუალი" ბევრისთვის საოცნებო სილამაზედ მექცია. ეს შევძელი. აქამდე თუ 100-დან 1 დადებითი, დანარჩენი კი უარყოფითი დამოკიდებულება "მოდიოდა", ახლა საზოგადოებისგან 1000 პოზიტიურ რეაქციას ვიღებ. მთხოვენ კიდეც, რომ ვასწავლო, როგორ გაუჩნდეთ "კოპლები", რაზეც ხშირად მეცინება.

- ჟურნალის მკითხველებსაც უთხარი, ვიტილიგო რა ტიპის დიაგნოზია, როდის გამოგივლინდა?..

- ვიტილიგოს კანის დაავადებას ეძახიან, რასაც ექიმები უარყოფენ, რადგან დაავადებად არ მიიჩნევა და მხოლოდ "კოსმეტიკურ დეფექტს" უწოდებენ, რაც უკვე მათზეა დამოკიდებული, ვისთვის დეფექტია, ვისთვის კი - სილამაზე. ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. ეს გახლავთ ვიტამინის ნაკლებობა და მელანინის დეფიციტი: იმ ადგილებში, სადაც ორგანიზმი მელანინს ვერ გამოიმუშავებს, კანი და თმა თეთრდება. მკურნალობას ზოგჯერ ექვემდებარება, ზოგჯერ - არა. ისეთი უცნაურია, რომ არ იცი, როდის მოვა და გაქრება.

- ვიტილიგოს რა იწვევს?

- მისი გამომწვევი მიზეზი არის სტრესი, ნერვიულობა, შიში და ძლიერი ემოციები, რაც მოქმედებს ჰორმონებზე. შეიძლება, უეცრად გაგვიჩნდეს და მთელი ცხოვრება გვქონდეს. შეიძლება არ ვიმკურნალოთ და უბრალოდ, ერთ დღეს გავიღვიძოთ ან ვიმკურნალოთ და ამით გაქრეს, ან - მკურნალობას არ დაექვემდებაროს. ყოფილა შემთხვევა, ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ, ვიტილიგო სრულიად გამქრალა. შეიძლება, ყოველ გაღვიძებაზე "კოპლები" სხეულის სხვადასხვა ადგილას გაჩნდეს ანუ სხეულის ზედაპირზე იმოძრაოს, რაც საინტერესოა და უცნაურიც. მკურნალობის ხალხური მეთოდები საკმაოდ ეფექტურია და ამის შესახებაც მათთვის ხშირად ვსაუბრობ... მზე სხეულზე ლაქებს ადიდებს. ვისაც ეს არ სურს, მზეს უნდა მოერიდოს. პირადად მე, პირიქით - მინდა, რომ მთელ სხეულზე მომედოს. "კოპლების" გაზრდის მიზნით, ზღვაზეც დიდი სიამოვნებით დავდივარ. ექიმებმა ხილის ჭამა მირჩიეს, განსაკუთრებით - გოგრის. კანის მოსაფრთხილებლად, მზის დამცავი კრემის გამოყენება აუცილებელია. ეს მხოლოდ "კოპლებიან" ადამიანებს არ გვეხება - საერთოდ, მზისგან დამცავი კარგი კრემი ყველასთვის აუცილებელია, რადგან ნაოჭების ნაადრევად წარმოქმნის რისკს ამცირებს და ახალგაზრდულობის შესანარჩუნებლად საჭიროა, თუმცა ჩვენი, ვისაც ვიტილიგო გვაქვს, თეთრი კანი შედარებით ფაქიზია და მზისგან დამცავთან დაკავშირებით, ყურადღების გამახვილებას უფრო მეტად საჭიროებს. ამიკრძალეს ნერვიულობა, შიში... რაც ნაკლები სტრესი გვექნება, მით უკეთესია.

img-1380-copy-1721637937.jpg

- 9-10 წლისამ ძლიერი სტრესი გადაიტანე? აღნიშნე, რომ ვიტილიგოს ძლიერი სტრესი, ნერვიულობა იწვევსო...

- კი, სტრესი და შიში გადავიტანე, რის შემდეგაც სხეულზე წერტილები შევნიშნე: სამზარეულოში ყოფნისას, მიწისძვრის შედეგად, რაც კედლის მთელ სიგრძეზე კარადები ეკიდა (ჭურჭლიანად), უეცრად კედელს მოსწყდა, მე კი შუაში მოვყევი. ძლიერი ხმის, მსხვრევის გამო შემეშინდა. ჩემს სხეულზე სისხლი რომ დავინახე, სტრესი მივიღე. მომხდარს ვერ ვიაზრებდი. ვიტილიგო ამ ემოციურობის ფონზე შეviძინe...

- ხალხის დამოკიდებულება გასაგებია, მაგრამ თავად საკუთარი თავი ყოველთვის მოგწონდა თუ ცხოვრებაში სხვაგვარი ეპიზოდებიც გქონია?

- ჩვენზეა დამოკიდებული თუ როგორ მივუდგებით საკუთარი თავის მოწონება-არმოწონების საკითხს, რას დავაჯერებთ ჩვენს თავს, თუმცა საზოგადოების მოსაზრებაც დიდ ზეგავლენას ახდენს. "კოპლები" ხან მომწონდა, ხან - პირიქით, ტონალური კრემით კანის ერთ ფერზე "დაყენებას" ვცდილობდი. გონებაში საკუთარ თავთან მუდმივად ომი და ჭიდილი მქონდა, თუმცა როგორღაც, საკუთარი თავის დამაკნინებელ მხარეს ვაჯობე და იმ აზრზე ჩამოვყალიბდი, რომ ჩემი ბუნებრივი გარეგნობა მომწონდა.

- როგორ გარემოში გაიზარდე, როგორი მოსწავლე იყავი, რა ინტერესები გქონდა?..

- საუკეთესო მშობლები და ოჯახის წევრები მყავს. მათი დამსახურებაა, რომ დღეს ასე ვაზროვნებ, არ დავეცი... ყველაფერში გვერდით მიდგანან. რა გადაწყვეტილებაც უნდა მივიღო, სრულ თავისუფლებას მაძლევენ, მენდობიან, ჩემი სჯერათ და მეც მაქსიმალურად ვცდილობ, არ დავაღალატო ისინი... საკმაოდ კარგი მოსწავლე ვიყავი. ამის შესახებ პირველი კლასიდან ხშირად აღნიშნავდნენ. განსაკუთრებით სხარტი აზროვნებით და საკუთარი აზრის საჭიროზე კარგად ჩამოყალიბების უნარით გამომარჩევდნენ. უსამართლობას არ ვეგუებოდი და საკუთარ აზრს ყოველთვის ვიცავდი, მიუხედავად იმისა, ეს სხვებს მოსწონდათ თუ არა. სწავლას რაც შეეხება, ზარმაცი ვიყავი, მაგრამ ყველაფერს მარტივად ვითვისებდი. შემეძლო, მასწავლებლისთვის მომესმინა და მეორე დღის გაკვეთილები იქვე, შინ მეცადინეობის გარეშე ჩამებარებინა. გართობისკენ და სხვა საინტერესო საქმეებისკენ უფრო მიმიწევდა გული. ჩემს მშობლებს სკოლაში ხშირად იბარებდნენ, რადგან ბიჭებთან ვჩხუბობდი. ამის მიზეზი ან საკუთარი თავის, ან - თანაკლასელი გოგონების, ან - პარალელური კლასელი ბიჭებისგან ჩემი კლასელი ბიჭების დაცვა იყო. სხვა მხრივ, წყნარი და ჩუმი ვიყავი. კლასელებთან არც ვკონტაქტობდი, არც დერეფანში ვსეირნობდი, არც პარალელურ კლასელებს ვიცნობდი. საჭმლის საყიდლად ბუფეტშიც თითქმის არასოდეს გავსულვარ. ჩემებური ვიყავი, თანატოლებში ბევრი რამ არ მომწონდა. ამიტომ მარტო ყოფნას ვამჯობინებდი. ინტროვერტი გავხდი, რის გადალახვასაც ახლა ვცდილობ - მინდა ის ყველაფერი ავინაზღაურო, რაც მოზარდობის ასაკში თანატოლებთან ურთიერთობისას მაკლდა... მიზნებს რაც შეეხება, მსურდა "დიდი", ცნობილი ადამიანი გავმხდარიყავი, ბევრ ადამიანს ფინანსურად დავხმარებოდი. ბავშვობის ეს ოცნება წარსულისთვის არ ჩამიბარებია. ამ მიმართულებით დღემდე ვაქტიურობ... საკმაოდ ხელმარჯვე ვიყავი ხელსაქმეში, სპორტში... ტაეკვანდოისტი გახლდით, პირველი-მეორე ადგილის მედლებიც ავიღე, მაგრამ იმის გამო, რომ ბიჭური აღნაგობა მიყალიბდებოდა, სპორტის ეს სახეობა მივატოვე... ფეხბურთში შემოთავაზება მქონდა (სანაკრებოდ), მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ამ სახეობაზე არ დავდიოდი, რადგან ფოთში გოგონების ფეხბურთი არ იყო, მაგრამ ისე მიყვარდა, მთელი ზაფხული სტადიონზე მარტო ვვარჯიშობდი. მუდმივად ბიჭებთან თამაშით, ფეხბურთი კარგად ავითვისე, ჩემი ასაკის კვალობაზე. სასკოლო შეჯიბრებებზე ბევრი თასი და მედალი მომიგია... შემდეგ იყო ხელბურთით დაინტერესება, სადაც მალევე დიდ ასაკობრივ კატეგორიაში გადამიყვანეს და 6 წელი ფოთის ქალთა უმაღლეს გუნდშიც წარმატებით ვთამაშობდი. გუნდის კაპიტანიც გახლდით, ჩემპიონებიც გავხდით... მალევე ნაკრებში სავარჯიშოდ შემოთავაზება მივიღე, თუმცა არჩევaნის წინაშე დავდექი: ან ჩემი მომავალი საქმიანობის სფერო, ან - სპორტი. სპორტი იმდენ დროს მოითხოვდა, რომ ჩემს ოცნებებზე უარის თქმა მომიწევდა. ამიტომ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი და ჩემი ახალი ხელსაქმე დავიწყე, რომელიც საზოგადოებამ მალევე აიტაცა, რადგან საქართველოში მსგავს დიზაინებს მგონი, 1-2 ადამიანი თუ ამზადებდა. თუმცა საავტორო ნამუშევრები შევქმენი, რამაც დიდი აღიარება მოიპოვა და სულ რაღაც 4 თვეში დიდ აუდიტორიაზე გავედი (რაოდენობა ყოველდღე მატულობს). ამ შემთხვევაშიც, ის ფაქტი დომინირებდა, რომ ნამუშევრებს "კოპლებიანი" გოგო თავისი "კოპლებიანი" ხელებით ამზადებდა. ეს მცირე და ყველაზე პატარა მიზანია, რაც დავისახე და უფრო დიდი წინ მელოდება... დღეს აქსესუარების თვითნასწავლი დიზაინერი ვარ. საქმე მარტივად ავითვისე, რადგან ხელსაქმე ბავშვობიდან გამომდის. ბევრს გაუკვირდება, მაგრამ პირველი ინვესტიცია, რაც ამ საქმეში ჩავდე, 10 ლარი იყო, რომლითაც ან ტკბილეული უნდა მეყიდა, ან - ბისერები და მათი გაყიდვის მერე, ჩემი ფულით ორჯერ მეტი "გემრიელობა". ჩემთვის სამყოფ ფულს მშობლები სულ მაძლევდნენ და მის ფასსაც მასწავლიდნენ. არ ვხარჯავდი, ვაგროვებდი... პატარ-პატარა სურვილებს თავად ვიხდენდი. მშობლებისთვის ჩემი ერთი სიტყვაც საკმარისი იქნებოდა, რომ ჩემთვის ნებისმიერი რამ ეყიდათ. ხშირად მეუბნებოდნენ, - ფულს რომ გაძლევთ, შეინახე და რაც გინდა, თავად გიყიდითო. საკუთარი ფულის ქონას მიმაჩვიეს, რის შედეგადაც, პრეტენზია გამიჩნდა, რომ რაღაც ღირებული ჩემი შრომით შემექმნა და ჩემთვის სამყოფი ყოველდღიური თანხა ასე მქონოდა. რაკი სკოლის მოსწავლე ვიყავი და თან, სპორტშიც ვაქტიურობდი, მუშაობას ვერსად დავიწყებდი. ამიტომ ვიფიქრე, რომ ჩემი ნამუშევრები გამეყიდა, რომლებსაც მაშინ დავამზადებდი, როცა დრო მექნებოდა. ბევრი დაცემის შედეგად, გამოცდილებაც მივიღე და თავდაუზოგავმა შრომამ შედეგიც გამოიღო. ახლა ჩემი შექმნილი დიზაინების მოდელები და ნამუშევრები მაქვს, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერ ნახავთ. საავტორო ნამუშევრებს ვგულისხმობ. არიან მომხმარებლები, რომლებიც "პინტერესტიდან" აღებულ დიზაინს ითხოვენ, თუმცა ამასაც საკუთარი, გადაკეთებული ვერსიით ვუმზადებ ხოლმე - როცა ვიცი, რომ ამის უფლება მაქვს და სხვის ნაშრომს არ ვიპარავ, რადგან ეს აპლიკაცია ზუსტად ამისთვისაა... მინდა იმ უცხო ადამიანებს მადლობა გადავუხადო, ვინც პატარა გოგონას გვერდSი მაშინ მედგნენ, როცა პაწაწინა ფოთში, ნამუშევრების დასამზადებლად საჭირო მასალებს ვერ ვშოულობდი და თავიანთ სამუშაო მასალებს მინაწილებდნენ, მჩუქნიდნენ, რომ ამ საქმეში მეტად გავზრდილიყავი. ისინი ჩემთვის დიდი იმედი და მოტივაციის წყარო იყვნენ და დღემდე არიან!..

ეთო ყორღანაშვილი